ალიაქსანდრ ლუკაშენკამ პატიმრობიდან გაათავისუფლა პოლიტპატიმრების ნაწილი, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერი სიარჰეი ციხანოუსკი, რომელსაც მისჯილი 18 წლიდან მხოლოდ 5 წელი ჰქონდა მოხდილი. გათავისუფლებას წინ უსწრებდა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის შეხვედრა კიტ კელოგთან, ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან.
მინსკის ვერსია
ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ პატიმართა გათავისუფლების გადაწყვეტილება ჰუმანური მოსაზრებების გამო მიიღო, - ასეთია ოფიციალური მინსკის პოზიცია, რომელიც საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის მიხედვით, ლუკაშენკას პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა გაახმოვანა.
„დიახ, პრეზიდენტმა 14 მსჯავრდადებული შეიწყალა. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თხოვნა. შეწყალებულები ძირითადად უცხოელები არიან: იაპონიის ორი მოქალაქე, პოლონეთის სამი მოქალაქე, ლატვიის ორი მოქალაქე, ასევე ესტონეთის, შვედეთისა და აშშ-ის მოქალაქეები. სიაში ასევეა რამდენიმე ბელარუსელი - ექსტრემისტული და ტერორისტული საქმიანობისთვის მსჯავრდადებული პირები, მათ შორის სიარჰეი ციხანოუსკი, რომლის გათავისუფლების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მხოლოდ ჰუმანიტარული მოსაზრებების გამო, ოჯახის გამთლიანების მიზნით მიიღო“.
ასევე ნახეთ სიარჰეი ციხანოუსკი და კიდევ 13 პოლიტპატიმარი ციხიდან გაათავისუფლეს კელოგის მინსკში ვიზიტის შემდეგპროპაგანდა ამტკიცებს, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ გამოიჩინა ჰუმანურობა და გაათავისუფლა პატიმრები ოჯახების გამთლიანების მიზნით, თუმცა ლუკაშენკას პროპაგანდა ასევე ავრცელებს გათავისუფლების ე.წ. ჯაშუშურ ვერსიას. ბელარუსის კგბ-ს თავმჯდომარის ივან ტერტელის თქმით, პატიმრობიდან გაათავისუფლეს ჯაშუშები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბელარუსის წინააღმდეგ დივერსიულ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი. შესაბამისად, მათი გათავისუფლება სიტუაციის განმუხტვის, ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობის მცდელობაა.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სიარჰეი ციხანოუსკი მართლაც გაათავისუფლეს 21 ივნისს 13 სხვა პოლიტპატიმართან ერთად. გათავისუფლებულთა შორის ასევე არიან: რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ყოფილი ჟურნალისტი იჰარ კარნი და მასწავლებელი, მინსკის ლინგვისტური უნივერსიტეტის ყოფილი ასოცირებული პროფესორი ნატალია დულინა. ყოფილი პატიმრები ციხეებიდან ლიეტუვაში, თავზე ჩამოცმული ტომრებით გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი ერთმანეთს შეხვდნენ მინსკში.
სიარჰეი ციხანოუსკის თქმით, მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ საუბრები ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში დაიწყო, როცა მას შესთავაზეს ალიაქსანდრ ლუკაშენკას სახელზე განცხადების დაწერა და შეწყალების თხოვნა. ყოფილი პოლიტპატიმრის თქმით, მასთან მივიდა პროსამთავრობო ბლოგერი რომან პრატასევიჩი, რათა დაერწმუნებინა შეწყალების თხოვნის საჭიროებაში. მოგვიანებით, კგბ-ს თანამშრომლებმაც შესთავაზეს დაეწერა განცხადება, რომ გათავისუფლების შემთხვევაში საზღვარგარეთ წასვლის წინააღმდეგი არ იქნებოდა.
ასევე ნახეთ „საკანი დაახლოებით იმავე ზომისაა, როგორც თავად ციხანოუსკი“. როგორ ცხოვრობს უკვე ორი წელი ციხეში ბლოგერი სიარჰეი ციხანოუსკისიარჰეი ციხანოუსკის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე დაიწყეს მისი კვება: აძლევდნენ კარაქს, ხაჭოს, ხილის წვენს. მანამდე პოლიტპატიმარი ახლანდელზე ბევრად უარესად გამოიყურებოდა. თავად ყოფილმა პოლიტპატიმარმა ასე აღწერა სამარტოო საკანში გატარებული თავისი ხუთწლიანი პატიმრობის პირობები:
„არ მქონდა უფლება კბილის ჯაგრისი და საპონი მეყიდა. ამას ყველაზე მკაცრ რეჟიმს უწოდებენ. არაფერია ნებადართული: ადვოკატებს არ უშვებენ, საჩივრებს არ იღებენ. მიმოწერა აკრძალულია. მხოლოდ ამ საკანში ზიხარ, რომელსაც დღეში ოთხჯერ ალაგებ. თუ გამუდმებით არ ხეხავ იატაკს - საჯარიმო საკანში გაგზავნიან. რა საჭიროა მუდმივი მოხეხვა, როცა ისედაც ყველაფერი პრიალებს“.
სიარჰეი ტიხანოუსკი გათავისუფლების შემდეგ პრესკონფერენციაზე ვილნიუსში, 2025 წლის 22 ივნისს:
პოლიტიკოსმა ხუთი წელი გაატარა სამარტოო საკანში და ამ ხნის განმავლობაში თითქმის არავისთან ჰქონია კავშირი. როგორც ბელარუსელი უფლებადამცველები ამბობენ, პოლიტპატიმარი მთელი 2,5 წელი ე.წ. ინკომუნიკადო (სრულად იზოლირებულ) რეჟიმში იყო: მას ჩამორთმეული ჰქონდა მიმოწერის, ტელეფონზე დარეკვის, პაემნის, ამანათების მიღებისა და სამედიცინო მომსახურების უფლება. ამ პირობებს პოლიტიკოსმა წამება უწოდა და იქვე შენიშნა, რომ ასეთ პირობებში იმყოფებიან ახლა სხვა პოლიტპატიმრები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ.
სერგეი ციხანოუსკიმ ისაუბრა იმაზე, თუ რას აპირებს სამომავლოდ: ჯანმრთელობის აღდგენის გარდა, პოლიტიკოსი YouTube-ზე არხების გახსნას გეგმავს და არ აპირებს სვიატლანა ციხანოუსკაიას ოფისის მუშაობაში ჩარევას.
„ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაიაა, ჩემი მეუღლე და არანაირი პრეტენზია ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. თუ ფიქრობთ, რომ ლიდერი ის ადამიანია, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში იზოლაციაში იყო, შემდეგ გამოვიდა და ახლა ლიდერობა შეუძლია?! მაშინ კიდევ 1100 ასეთი ლიდერი გვყოლია“, - განაცხადა სერგეი ციხანოუსკიმ გათავისუფლების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე.
რა დგას ლუკაშენკას "ჰუმანურობის" უკან?
ბელარუსი ექსპერტი და სვიატლანა ციხანოუსკაიას საერთაშორისო მრჩევლის, ფრანაკ ვიაჩორკას თქმით, ლუკაშენკა დიდი ხანია გრძნობდა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა, რაღაც დათმობებზე უნდა წასულიყო, მაგრამ საკუთარი ეგო არ აძლევდა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საშუალებას.
„როგორც ჩანს, ბოლო თვეებში ძალიან გაუჭირდა: სანქციები, იზოლაცია, რუსეთ-უკრაინის ომის ბუნდოვანი ვითარება და ირანი - ეს ყველაფერი ქმნის ისეთ ზეწოლას, განცდას, რომ ყველაფერი შეიცვლება, ლუკაშენკა კი ამ დროს იზოლირებულია, პუტინის მარიონეტად აღიქმება. ამიტომ რაღაც უნდა გაკეთებინა“, - უთხრა ფრანაკ ვიაჩორკამ რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის, The Current Time-ის რედაქციას.
ვიაჩორკა დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია აიძულოს ლუკაშენკა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი:
„უნდა გვესმოდეს, რომ ლუკაშენკას ტრამპის ეშინია, პატივს სცემს მას და, რომ ლუკაშენკასთვის ტრამპის სიტყვას შეიძლება უზარმაზარი წონა ჰქონდეს. მაგალითად, თუ ტრამპი ნათლად იტყვის, რომ ყველა პოლიტპატიმარი ხვალ უნდა გაათავისუფლონ, თორემ პრობლემები შეექმნება, ეს ლუკაშენკასა და მთელი მისი გარემოცვისთვის უზარმაზარი დარტყმა იქნება. რა თქმა უნდა, ლუკაშენკა ცდილობს როგორმე დაალაგოს, შეარბილოს ურთიერთობები ამერიკასთან. ლუკაშენკამ უკვე ისწავლა ევროკავშირთან მანევრირება და თამაში, მაგრამ ტრამპი მისთვის რაღაც დიდი, უცნობი და საშიშია“.
ფრანაკ ვიაჩორკა
ფრანაკ ვიაჩორკას თქმით, ბელარუსელი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა საბოლოო სია მათ გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი:
„ბოლო მომენტში მინსკმა გადაწყვიტა, იჰარ ლოსიკი არ გაეთავისუფლებინა. შესაძლოა, ლუკაშენკას ეშინია ყველა მძევლის დათმობის. მისთვის პოლიტიკური პატიმრები ვაჭრობის საგანია. მან ასევე დაიტოვა პოჩობუტი (ანდჟეი პოჩობუტი პოლონელი და ბელარუსელი ჟურნალისტი), რათა ზეწოლა მოახდინოს პოლონეთზე და დააშანტაჟოს ვარშავა. <…> მინსკში ვარაუდობენ, რომ რუსეთისთვის ზოგიერთი სანქცია შემსუბუქდება (თუ რუსეთ-უკრაინული სამშვიდობო შეთანხმება დაიდება), მაგრამ ლუკაშენკა სანქციების ქვეშ დარჩება. ლუკაშენკა ცდილობს, როგორმე თავი დააღწიოს ამ ვითარებას პოლიტპატიმრების ნაწილ-ნაწილ გათავისუფლებით. ჯერ მხოლოდ 1,5%-ია გათავისუფლებული. 1150 ადამიანი ციხეში რჩება“.
ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის და ევროატლანტიკური თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ვალერი კოვალევსკის თქმით, ლუკაშენკასა და კელოგის შეხვედრა თავად ბელარუსის ლიდერისთვის სერიოზული მიღწევაა და წარმოადგენს მინსკსა და ვაშინგტონს შორის კომუნიკაციის ახალ დონეს.
რადიო თავისუფლების ბელარუსული რედაქციის ვარაუდით, ვაშინგტონი ლუკაშენკასთან თანამშრომლობით რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობს:
- უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამერიკულმა დიპლომატიამ შესაძლოა ლუკაშენკას გამოყენება სცადოს ჩიხიდან გამოსასვლელად.
- ტრამპის პოლიტიკური სტილია არატრივიალური, ზოგჯერ სარისკო გზების ძიება ჩიხიდან გამოსასვლელად. კიტ კელოგის მინსკში ვიზიტი შესაძლოა ამ სტილის ნაბიჯი იყოს.
უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ვიზიტის ფონზე ბელარუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი დიპლომატის სტუმრობის მთავარი საკითხი საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებაა.
რა შეუძლია შესთავაზოს ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დონალდ ტრამპს ამ საკითხში?
„რა თქმა უნდა, ლუკაშენკა ძალიან არის დამოკიდებული კრემლზე. თუმცა ის ვასალია და არა მონა. ლუკაშენკას პუტინთან ძალიან ახლო პირადი ურთიერთობები აქვს. ბელარუსის არმიაც არ მონაწილეობს რუსეთ-უკრაინის ომში. ბელარუსში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მრავალი წლის განმავლობაში (2015-2022) მიმდინარეობდა მინსკის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში. ლუკაშენკამ, რომლის ტერიტორიაზეც ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, იცის ამ ურთიერთქმედების მრავალი დეტალი, რომელიც სხვებისთვის ნაკლებად ცნობილია. თუ სიტუაცია ჩიხში შევიდა, მაშინ მისი იქიდან გამოყვანა შეუძლია იმპულსს, მოძრაობას, რომელიც შეიძლება გარანტირებულად ვერ გააუმჯობესებს ვითარებას, მაგრამ ბიძგს მიცემს გარკვეულ პროცესებს. შესაძლოა გაიზარდოს გაურკვევლობა და რისკები, მაგრამ ასევე შესაძლოა გამოჩნდეს გარკვეული შესაძლებლობები. ვაშინგტონი შესაძლოა მოელის, რომ ლუკაშენკა გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებიც რაღაც სახით დააახლოებს მოსკოვსა და კიევს“, - წერს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური.
ალიაქსანდრ ლუკაშენკა
ბელარუსი ექსპერტების თქმით, თუ არაფერმა იმუშავა, ვაშინგტონის მცდელობით დიდად არც არაფერი დაშავდება, რადგან პოზიტიური შედეგი, გათავისუფლებული პოლიტპატიმრების სახით, ხომ უკვე სახეზეა. „თუ პუტინთან საუბარი შეიძლება, რატომ არ შეიძლება საუბარი ლუკაშენკასთან?“ - კითხულობენ ისინი.
„თავისუფალი ბელარუსის“ მოძრაობის წარმომადგენელი, პოლიტოლოგი პაველ ვუსოვი მიიჩნევს, რომ ციხანოუსკის გაშვება ლუკაშენკას მიერ გაცემული პოლიტიკური ავანსია:
„ეს არის ტრამპის მინსკში მისაწვევი ერთგვარი რევერანსი. რაც მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ლუკაშენკა, სულ მცირე, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აღიარებულია მოლაპარაკებების სუბიექტად. პირადად ლუკაშენკასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მისთვის ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს ტრამპის ადმინისტრაცია. მოუხსნის თუ არა აშშ გარკვეულ სანქციებს, სულ მცირე, „ბელარუსკალიუმს“ მაინც, როგორც ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ თვითონ ტრამპი ლაპარაკობდა“.
რა სურს ლუკაშენკას?
პოლიტოლოგ ანდრეი კაზაკევიჩის თქმით, რთული არაა ლუკაშენკას მოლოდინების გამოცნობა.
„მინსკისთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი: სანქციების მოხსნა და პოლიტიკური იზოლაციის დასრულება", - ამბობს კაზაკევიჩი, - "ვფიქრობ, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ახლა მზადაა, დაეხმაროს მინსკს პოლიტიკური იზოლაციის დასრულებაში. რაც შეეხება სანქციებს. აქ ყველაფერი გაცილებით რთულადაა. როგორც იცით, სანქციების ძირითადი პაკეტი შემოღებული იყო არა პოლიტიკური რეპრესიების, არამედ უკრაინაში ომის გამო. ამიტომ, ძალიან რთულია სანქციების სწრაფ მოხსნაზე საუბარი. მით უფრო, რომ მათი უმეტესობა ევროპულ სანქციებთან არის გადაჯაჭვული და კოორდინაციის გარეშე, გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად რთული იქნება“.
ასევე ნახეთ ბელარუსმა 11,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 20 ანალიტიკოსს. მათ შორისაა რადიო თავისუფლების მიმომხილველი იური დრაკოხრუსტიიური დრაკოხრუსტის, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველის თქმით, ოფიციალურ მინსკის სურვილია, სანქციების შემსუბუქება, აღიარების მიღება და რუსეთის გავლენის დაბალანსება:
I - სანქციების შესუსტება, იდეალურ შემთხვევაში, მოხსნა, და ამერიკის დახმარება ევროკავშირის სანქციების შესუსტებაში (იდეალურ შემთხვევაში, მოხსნაში). ბელარუსის რეჟიმი არ არის ისეთ ვითარებაში, რომ გადარჩენის მიზნით რაიმე არსებითი დათმოს, თუმცა პრინციპში მზადაა გარკვეული დათმობებისთვის. ყველაზე მგრძნობიარე და მტკივნეული ევროკავშირის ქვეყნების სანქციებია. ბელარუსის ეკონომიკური ურთიერთქმედება ევროპასთან გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ამერიკასთან. ამერიკული სანქციების შემსუბუქება პირდაპირ არ წყვეტს ევროპული სანქციების პრობლემას. თუმცა ოფიციალურ მინსკს შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ ვაშინგტონი ამ საკითხში ევროპელ მოკავშირეებზე გავლენას მოახდენს.
II - პოლიტიკური აღიარება. ამ მხრივ, ვითარება სანქციებთან დაკავშირებული ვითარების მსგავსია. ბელარუსის რეჟიმის არაღიარების პოლიტიკამ და მისმა იზოლაციამ ლუკაშანკას ხელისუფლება ვერ დაანგრია. თუმცა, ეს პოლიტიკა ლუკაშენკას გარკვეულ პრობლემებს ნამდვილად უქმნის, მათ შორის როგორც პოლიტიკურს, ასევე ფსიქოლოგიურს. ამიტომ ლუკაშენკას პრინციპულად სურს მათი გადაჭრა. მსოფლიოში ბევრი არადემოკრატიული, რეპრესიული რეჟიმია, თუმცა, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი ექვემდებარება სანქციებსა და არაღიარებას. ლუკაშენკას ცხადია არ აქვს პრეტენზია დემოკრატიის შუქურობაზე, მაგრამ მისთვის ძალიან არაკომფორტულია ირანელი აიათოლების სტატუსით ყოფნა. გაცილებით კომფორტულია, ვთქვათ, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ეგვიპტისა და ვიეტნამის ლიდერების გარემოცვაში ტრიალი. კიტ კელოგის ვიზიტი მინსკში შესაძლოა ამ ახალი ტენდენციის დასაწყისი იყოს.
III - რუსეთის გავლენის დაბალანსება - საქმე არ ეხება აშშ-ის პოლიტიკურ ან სამხედრო მოკავშირედ გახდომას და არც 2010-იანი წლების ბოლოს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის დაბრუნებას, როდესაც სახელმწიფო მდივანი პომპეო და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი მინსკს ეწვივნენ. საქმე ეხება საერთაშორისო ურთიერთობების გარკვეულ დივერსიფიკაციას, რუსეთის ფაქტობრივი მონოპოლიური გავლენის კორექტირებას. ამასთან ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს, რადგან რუსეთის მონოპოლიური გავლენის შემცირება გააძლიერებს არა მხოლოდ ლუკაშენკას, არამედ ბელარუსის სუვერენიტეტსაც. ვაჭრობის დივერსიფიკაციაც გააძლიერებს როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე ბელარუსის კავშირებს დასავლეთთან.
იური დრაკოხრუსტის თქმით, რეჟიმისა და მისი ლიდერის აღიარებამაც კი შეიძლება გაზარდოს მისი დამოუკიდებლობა, რადგან დამოუკიდებელი დიქტატორი უარესია, ვიდრე დამოუკიდებელი დემოკრატი ლიდერი, მაგრამ, გარკვეული თვალსაზრისით, უკეთესია, ვიდრე დიქტატორი, რომელიც მეზობელი სახელმწიფოს ვასალია.
„უფრო მეტიც, ამ ფაქტორების ერთობლიობამ შესაძლოა გამოიწვიოს რეპრესიების დონის შემცირებაც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეპრესიები საერთოდ გაუქმდება. ლაპარაკია არა დიქტატურის დემოკრატიად გარდაქმნაზე, არამედ ამჟამინდელი სასტიკი დიქტატურის ნაკლებად სასტიკ დიქტატურად ტრანსფორმაციაზე“, - ამბობს იური დრაკოხრუსტი, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველი.