"მათი საშიში სამყარო" - როგორ ამზადებს კრემლი მოსახლეობას ნატოსთან ომისთვის

ვლადიმირ პუტინი, სამხედრო აღლუმი, 2024 წ. 9 მაისი

კრემლი რუსეთის მოქალაქეებს გრძელვადიანი მილიტარიზაციისა და ნატოსთან შესაძლო ომისთვის ამზადებს. რუსეთის ხელისუფლების მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები ძალიან ჰგავს იმ ბრალდებებს, რომლებსაც კრემლი უკრაინაში შეჭრის წინ კიევს უყენებდა.

დიდი ომისათვის სამზადისზე შეიძლება მიუთითებს ისიც, რომ რუსეთი აფართოებს სამხედრო ბაზებისა და რკინიგზის ქსელს ფინეთის, ნორვეგიის და ესტონეთის საზღვრების მახლობლად.

რუსი ჩინოვნიკებისა და პროპაგანდისტების ბრალდებები "კიევის რეჟიმის" დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის შესახებ, რომლებიც წინ უძღოდა უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას, ახლა უკვე ევროკავშირის ლიდერების მისამართით კეთდება, რაც ომის შესწავლის აშშ-ის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებს აფიქრებინებთ, რომ კრემლი რუსეთის მოსახლეობას გრძელვადიანი მილიტარიზაციისა და ნატოსთან დაპირისპირებისთვის ამზადებს.

2025 წლის 20 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირი „ნაციზმის ევროპული იდეოლოგიის“ განახლების დაგეგმვაში დაადანაშაულა.

„ჩვენ ამას არ შევეგუებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ იდეოლოგიამ თავი ვერ წამოყოს, რომ ის ერთხელ და სამუდამოდ განადგურდეს და ევროპა საბოლოოდ დაუბრუნდეს თავის ღირებულებებს“, - განაცხადა ლავროვმა ტელეარხ „როსია-1“-თან ინტერვიუში.

ასევე ნახეთ ლავროვი ტრამპს მიიჩნევს მსოფლიოში ერთადერთ ლიდერად, რომელიც რუსეთის ნარატივს იზიარებს

როგორც ISW აღნიშნავს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ეს და მსგავსი განცხადებები კარგად ჯდება კრემლის სტრატეგიაში - საბჭოთა კავშირის ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვება და ე.წ.დიდი სამამულო ომის მითები გამოიყენოს როგორც ევროპისა და ნატოს დასაკნინებლად, ასევე მილიტარიზაციისადმი საზოგადოების მხარდაჭერის გასაზრდელად.

„კრემლმა არაერთხელ გაავლო ისტორიული პარალელები დიდ სამამულო ომთან, რათა დაერწმუნებინა მოსახლეობა, რომ უკრაინაში სამხედრო მიზნების მისაღწევად გაღებული მსხვერპლი გამართლებული იყო. ვლადიმირ პუტინი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები რეგულარულად იყენებენ ტერმინს „დენაციფიკაცია“, რაც გულისხმობს უკრაინაში ხელისუფლების მოსკოვისადმი ლოიალური რეჟიმით ჩანაცვლებას. სწორედ ეს რიტორიკა (უკრაინის „ნაცისტური“ მთავრობის შესახებ) დაედო საფუძვლად 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას“, - ამბობენ ISW-ის ექსპერტები, რომელთა თქმით, რუსული პროპაგანდა ახლა მსგავს სქემებს ავრცელებს სხვა ქვეყნებზეც - ფინეთზე, ესტონეთსა და მოლდოვაზე.

2024 წლის იანვარში, ლენინგრადის ბლოკადის მოხსნის 80-ე წლისთავის აღნიშვნისას, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი „თანამედროვე ნაციზმთან ეგზისტენციალური გეოპოლიტიკური კონფლიქტის“ მდგომარეობაში იმყოფება და, რომ ეს მდგომარეობა სცილდება უკრაინის კრიზისს. პუტინმა ბალტიის ქვეყნები დაადანაშაულა „ნაციზმში“. რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა კი განაცხადა, რომ ნატოს ხელმძღვანელობისთვის „ფაშისტური იდეოლოგია ნორმად იქცევა“. ISW-ის აზრით, ეს ნარატივი მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნას ბალტიის ქვეყნებში ან ფინეთში შესაძლო შეჭრის („რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის“ საბაბით) გასამართლებლად.

ასევე ნახეთ რუსეთი და ბელარუსი ბალტიის ქვეყნებსაც ემუქრებიან ერთობლივი წვრთნებით

2025 წლის იანვარში, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, ევროპული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა სცადოს ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაზე თავდასხმა უკვე 2028 წელს. კალასის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავდაცვის ხარჯების გაზრდა, არამედ მზადყოფნა შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტისთვის.

2025 წლის თებერვალში დანიის სამხედრო დაზვერვამ გამოთქვა ვარაუდი, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში მაღალია იმის ალბათობა, რომ ევროპაში „ფართომასშტაბიანი ომი“ დაიწყება. მარტში კი, გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა, ბრუნო კალმა, განაცხადა, რომ მოსკოვი ცდილობს გამოცადოს დასავლეთის ერთიანობა, კერძოდ, ნატოს მზადყოფნა, იმოქმედოს კოლექტიური თავდაცვის შესახებ მე-5 მუხლის ფარგლებში.

პატრუშევი vs ნატო

სამხედრო ანალიტიკოსების ყურადღება მიიპყრო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ და ფსბ-ს ყოფილმა უფროსმა, ნიკოლაი პატრუშევმა, რომელმაც 29 აპრილს ბრალი დასდო ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წევრ ქვეყნებს კალინინგრადის ოლქის ხელში ჩაგდებისა და რუსეთზე მასშტაბური თავდასხმის გეგმის მომზადებაში, რაც, მისი თქმით, გამოიხატა ბალტიის ზღვაზე ალიანსის გრანდიოზული სამხედრო წვრთნების გამართვაში. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი წერს, პატრუშევმა ახსენა თავდასხმა რუსეთის ბირთვული შეკავების ძალებზე:

„ნატო რუსეთის საზღვრის მახლობლად წვრთნების გამართვისას აგრესიულ სცენარებს ამზადებს, მათ შორის, კალინინგრადის ოლქის ანექსიას და რუსეთის ბირთვული ძალების წინააღმდეგ დარტყმებს. მანევრების დროს ამუშავებენ შეტევით ოპერაციებს უზარმაზარ ფრონტზე - ვილნიუსიდან ოდესამდე, მათ შორის როგორც კალინინგრადის ოლქის დაკავებისა და ბალტიისა და შავი ზღვების საზღვაო კომუნიკაციების ბლოკადის, ასევე რუსეთის ბირთვული ძალების დისლოკაციის ადგილებზე პრევენციული დარტყმების სცენარებს“.

ასევე ნახეთ ნიკოლაი პატრუშევი: "უკრაინა გაქრება, მოლდოვა დაიშლება..."


2025 წლის 13 მარტს ნიკოლაი პატრუშევმა ისიც თქვა, რომ ფინეთის ტერიტორიას კვლავ ამზადებენ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის პლაცდარმად. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ პარალელი გაავლო მიმდინარე ვითარებასა და სსრკ-ფინეთის ომს შორის.

ბალტიის ქვეყნები რუსეთის სამიზნეში

რუსეთის ხელისუფლების შორს მიმავალ მილიტარისტულ გეგმებზე მიუთითებს ბოლო წლების განმავლობაში ფინეთისა და ნორვეგიის საზღვრებთან რუსეთის არმიის სამხედრო დანაყოფების რაოდენობის ზარდა, რომლის შესახებაც 28 აპრილს გამოცემა The Wall Street Journal-მა დაწერა ამერიკული კომპანიის Planet-ის მიერ გაკეთებულ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით.

გაზეთმა გამოაქვეყნა ორი სამხედრო ნაწილის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები: პირველი ნაწილი დისლოცირებულია ფინეთის საზღვართან, ლენინგრადის ოლქის ვიბორგის რაიონის დაბა კამენკაში, ხოლო მეორე ნორვეგიის საზღვართან, მურმანსკის ოლქის პეჩენგის რაიონის სოფელ სპუტნიკში.

ფოტოების თანახმად, “კამენკის სამხედრო ნაწილში ჯარისკაცებისთვის ახალი საცხოვრებელი შენობები აშენდა“, - იტყობინება ფინური კვლევითი ორგანიზაცია „Black Bird Group“. გამოცემა წერს, რომ სპუტნიკში განთავსებულმა დანაყოფმა სამხედრო ტექნიკის საცავი ობიექტები გააფართოვა.

„რუსეთი აპირებს ახალი ყაზარმებისა და საწვრთნელი პოლიგონების აშენებას, არსენალებისა და რკინიგზის მოდერნიზებას კარელიის პეტროზავოდსკის რაიონში, სადაც, გეგმის მიხედვით, თავდაცვის სამინისტრო ასევე აპირებს ათიათასობით ჯარისკაცის სამართავად ახალი არმიის შტაბის შექმნას“, - წერს The Wall Street Journal. ფინური ორგანიზაციის, Black Bird Group-ის OSINT ანალიტიკოსი, ემილ კასტელმიც ამტკიცებს, რომ რუსეთი სამხედროებისთვის ახალ საწყობებსა და საცხოვრებლებს აშენებს: რკინიგზის ახალი ხაზები იგება ფინეთისა და ნორვეგიის საზღვრების გასწვრივ, ასევე სანქტ-პეტერბურგის სამხრეთით ესტონეთის საზღვრამდე. ასევე მიმდინარეობს არსებული რკინიგზის ხაზების გაფართოება.

ასევე ნახეთ ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენას უკრძალავს

„რუსეთ-ფინეთის საზღვარზე ათეულობით პუნქტია, სადაც მექანიზებულ სამხედრო ნაწილებს შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა. თუ ხედავთ, რომ ისინი ახალ რკინიგზის სადგურებს აშენებენ ან ძველებს არემონტებენ, ღირს ამისთვის ყურადღების მიქცევა“, - ამბობს ჰელსინკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის შეიარაღებული ძალების ექსპერტი იუჰა კუკოლა.

2024 წელს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთის არმიის რაოდენობა 1,5 მილიონამდე უნდა გაიზარდოს (შედარებისთვის: უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ რუსეთის ცოცხალი ძალის რაოდენობა დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს შეადგენდა). დასავლეთის სამხედრო წრეებში მიაჩნიათ, რომ სწორედ უკრაინაში ნაომარმა სამხედრო ნაწილებმა უნდა შექმნან რუსეთის ახალი არმიის ბირთვი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაუპირდაპირდეს ნატოს ჯარებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახალი სამხედრო ნაწილების უმეტესობას განათავსებენ ლენინგრადის სამხედრო ოლქში, რომელიც ფინეთს, ლატვიასა და ესტონეთს ესაზღვრება. დასავლური სამხედრო და სადაზვერვო წყაროების ცნობით, რუსეთი მნიშვნელოვნად ზრდის მცირე ბრიგადების პირად შემადგენლობას 10 000-კაციან დივიზიებამდე.

ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 400 ათასი საკონტრაქტო მოსამსახურის გაწვევას გეგმავს

ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსი პროკრემლისტური სამხედრო ექსპერტები ფინეთის საზღვარზე აქტივობას განიხილავენ ნატოსთან პოტენციური კონფლიქტისთვის მზადების ნაწილად. „როდესაც ჯარები უკრაინიდან დაბრუნდებიან, ისინი საზღვრის გადაღმა დააკვირდებიან ქვეყანას, რომელსაც მტრად მიიჩნევენ. ბოლო ათწლეულის ლოგიკა აჩვენებს, რომ ჩვენ ველოდებით კონფლიქტს ნატოსთან“, - უთხრა ამერიკულ გამოცემას პროსამთავრობო რუსმა სამხედრო ექსპერტმა და სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორმა რუსლან პუხოვმა.

ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვის ინკოგნიტო წარმომადგენელმა WSJ-ს განუცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა ნატოს ერთიანობის გამოცდა სცადოს ალიანსის ისეთ პატარა ქვეყანაში შეჭრით, როგორიც ესტონეთია. კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის უფროსი მკვლევრის, მაიკლ კოფმანის ვარაუდით, რუსეთს შეუძლია „ძალიან მალე“ ჩაატაროს „შეზღუდული (მცირე) ოპერაცია ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ“. ბალტიის ქვეყნების ოფიციალური პირები შესაძლო ვადად განიხილავენ ორ-სამ წელს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებიდან. „ხოლო თუ ვისაუბრებთ ფართომასშტაბიან ომზე სავარაუდოდ ნატოსთან, მაშინ ვადები შეიძლება იყოს შვიდიდან ათ წლამდე, სცენარიდან გამომდინარე“, - უთხრა მაიკლ კოფმანმა WSJ-ს.

ასევე ნახეთ ლიეტუვა თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 5-6%-მდე გაზრდის

დანიის დაზვერვამ 2025 წლის თებერვალში გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთს შეუძლია ხუთი წლის განმავლობაში დაიწყოს სრულმასშტაბიანი ომი ევროპაში, თუ ის ნატო-ს დასუსტებულად და დაქსაქსულად ჩათვლის, ან თუ გადაწყვეტს, რომ აშშ ევროპას არ დაეხმარება.

სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა რუს სამხედროებს უფრო სწრაფად მომზადების საშუალებას მისცემს.

2025 წელს წელს რუსეთმა თავისი სამხედრო ხარჯები კიდევ უფრო მეტად გაზარდა. ახლა რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი მთლიანი შიგა პროდუქტის 6%-ია, რაც თითქმის 2-ჯერ აღემატება 2022 წლის ბიუჯეტს. ბოლო წლებში რუსეთმა ასევე გაზარდა T-90M საბრძოლო ტანკების წარმოება: თუ 2021 წელს დაახლოებით 40 მანქანას აწარმოებდა წელიწადში, ახლა ის თითქმის 300-ს უშვებს. სამხედრო ექსპერტების თქმით, ახალი ტანკები თითქმის არასდროს იგზავნება უკრაინის ფრონტის ხაზზე. ვარაუდობენ, რომ რუსეთი 2025 წელს საარტილერიო იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებასაც გაზრდის (დაახლოებით 20%-ით). ახალი შეიარაღების უმეტეს ნაწილს ის სამხედრო დანაყოფები მიიღებენ, რომლებიც ნატოს საზღვრის გასწვრივ განლაგდებიან. სავარაუდოდ, უკრაინაში საბჭოთა დროიდან შემორჩენილი ძველი და შეკეთებული შეიარაღება იგზავნება.

ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ, 2025 წლის აპრილში აშშ-ის სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ „რუსეთის შეიარაღებული ძალების აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ანალიტიკოსების უმეტესობა ვარაუდობდა“.

დასავლელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ყოველთვიურად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კონტრაქტს აფორმებს 30 000 - 40 000 ადამიანთან. 2024 წლის ზაფხულში ეს მაჩვენებელი თვეში 25 000 იყო. ცოცხალი ძალის რაოდენობის გაზრდამ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მისცა როგორც როტაციის, ასევე ახალი დანაყოფების შექმნისა და გაწვრთნის შესაძლებლობა.

დმიტრი მედვედევი: წარმოიდგინეთ გლობუსი რუსეთის დროშის ფერებში

რუსეთის მოსაზღვრე ბალტიის ქვეყნებთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის შესახებ ღიად და პირდაპირ ლაპარაკობს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის (ვლადიმირ პუტინის) მოადგილე, დმიტრი მედვედევი.

„ისინი იმყოფებიან ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილ ბლოკში. ეს იმას ნიშნავს, რომ სინი ავტომატურად წარმოადგენენ ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის სამიზნეებს, მათ შორის შურისგების ბირთვული კომპონენტითაც“, - ეს განაცხადა დმიტრი მედვედევმა გააკეთა საგანმანათლებლო მარათონის ფარგლებში წაკითხულ ლექციაზე „ჩვენი საშიში სამყარო: ვინ არის დამნაშავე და რა უნდა ვაკეთოთ?“

როგორც რუსული მედია წერს, ღონისძიება ორგანიზებული იყო რუსეთის საზოგადოება „ცოდნის“ მიერ დიდი სამამულო ომის დასრულების 80 წლისთავის აღსანიშნავად. ორგანიზაციის ვებსაიტის მიხედვით, დმიტრი მედვედევმა „ახალგაზრდებს უამბო, თუ როგორ შეცვალა „დიადმა გამარჯვებამ“ მსოფლიო და რა გავლენა მოახდინა მან გლობალურ მომავალზე“. მედვედევმა ასევე ილაპარაკა „რუსეთის ურთიერთობაზე ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან დიდი სამამულო ომისა და მომავლის მშენებლობის კონტექსტში“.

მედვედევის გამოსვლას თან ახლდა პრეზენტაცია, რომელშიც გამოყენებული იყო შეურაცხმყოფელი მემები და მედვედევისავე რჩეული ციტატები. დიდ ეკრანზე ჩნდებოდა სლაიდები შემდეგი ფრაზებით: „ატლანტიკური იმპოტენტები“, „ბნელეთის მბრძანებლების გაუპატიურებულები“ და ა.შ.

რუსულმა გამოცემამ РБК-მა შეაგროვა ყველა ციტატა, რომლითაც მედვედევმა გააფორმა თავისი გამოსვლა:

„ატლანტიკური იმპოტენტები“ (იგულისხმება ნატოს ლიდერები);

„ვიგინდარები“ (პოლონელები, ბულგარელები და ბალტიისპირელები);

„ფუტურო მსოფლიო წესრიგი“, „მომაკვდავი სამყარო“, „დასავლურ საძაღლიდან მყეფარე ძაღლების დიდი ხროვა“, „გიჟი ნაცისტი ნარკომანების ხროვა“, „მოღრუტუნე ბურვაკების კოლტი“, „ბეჩავი ლაქიები“, „სისხლისმსმელი ადეპტები“, „უშნოდ დაბერებული ევროპა“.

„ზოოლოგიური დეგენერატები“ (ისინი, ვისაც ნატო აწვდის იარაღს);

„ინსექტარიუმში გამრავლებული ტარაკნები“ და „მოათვინიერეთ მწერები“ (უკრაინელები, რომლებიც ყირიმის დაბრუნებას მოითხოვენ);

ციტატებით მონიშნულ სლაიდზე ილუსტრირებული იყო მედვედევის სიტყვები იმის შესახებ, რომ „სწორედ დასავლეთის წარმომადგენლები არიან დამნაშავეები იმაში, რომ ომისშემდგომი მსოფლიო წესრიგის - სამართლიანი, უსაფრთხო და დაბალანსებული სამყაროს - იდეალები ოცნებად დარჩა“, რომ „ჩაიშალა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობები“ და „პოლიტიკურ ლექსიკონში კვლავ გაჩნდა ტერმინები „ცივი ომი“ და „რკინის ფარდა“.

როდესაც დმიტრი მედვედევი ლაპარაკობდა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამარჯვებით დასრულების“ გარდაუვალობაზე, ეკრანზე გამოჩნდა პლაკატი წარწერით „ტილი - სიკვდილი“ და მოწოდება ტილების განადგურებისკენ.

დმიტრი მედვედევი

დმიტრი მედვედევის თქმით, უკრაინის დამარცხების შემდეგ რუსეთი ევროპის დენაციფიკაციასაც აპირებს, რადგან, მისი თქმით, კოლექტიური დასავლეთი რუსოფობიაში იხრჩობა:

„კოლექტიური დასავლეთის ამჟამინდელი იდეოლოგები რუსოფობიაში იხრჩობიან. ბევრ მათგანს ვიცნობ და შევხვედრივარ, მაგრამ ხანდახან, როცა საუბარს იწყებენ, მაინც გაოცებული ვარ, საიდან მოდის ეს? <...> ჩვენ გვჭირდება რეალური დენაციფიკაცია. ნაციზმი უნდა აღმოიფხვრას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ ევროპაში და ეს სამუშაო უნდა განხორციელდეს გადაჭრით, სხვადასხვა სახელმწიფოების ერთობლივი ქმედებებით, ხოლო მათ ვისაც არ სურს ამის გაკეთება, პირდაპირ უნდა მივაკუთვნოთ ნაციზმის თანამონაწილეთა რიგებს. მათ უბრალოდ უნდა გაიგონ, რომ ჩვენთვის ისინი ნეონაციზმის თანამზრახველები არიან.“

ასევე ნახეთ დიმიტრი მედვედევი: „საქართველო არ არის ჯორჯია, შავი ზღვა კი - ატლანტის ოკეანე“

ნიშანდობლივი იყო დმიტრი მედვედევის პასუხი აუდიტორიიდან დასმულ კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია მას მსოფლიო რუკა ათი წლის შემდეგ?

„წარმოიდგინეთ სამფეროვანი გლობუსი - ჩვენი დროშის ფერებში“, - ასეთი იყო მისი პასუხი.

„ეს ხუმრობაა, რა თქმა უნდა, და ჩვენ გვესმის, რა დგას ამ ყველაფრის უკან. ისე, არავის გაუუქმებია ერების თვითგამორკვევის უფლება. ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაშია გათვალისწინებული“, - თქვა დმიტრი მედვედევმა და აუდიტორიას საკუთარი დასკვნების გამოტანისკენ მოუწოდა.