„მემუქრებოდა, ბიჭებს გადაგცემ და გცემენო“ - როგორ ასამართლებენ 2 სექტემბერს დაკავებულებს

2 სექტემბრის აქცია

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 სექტემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 24 აქტივისტის სასამართლო სხდომები 4 სექტემბერს დაიწყო. რამდენიმეს ჯარიმა დაეკისრა, უმეტესობის საქმეების განხილვა კი გადაიდო.

დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში 200-მდე ადამიანი შეიკრიბა. 2 სექტემბერს დაკავებულ აქტივისტებს იქ მიიყვანდნენ, თუმცა ვისი სასამართლო სხდომა რომელ საათზე გაიმართებოდა, წინასწარ არ იყო ცნობილი. ეს ინფორმაცია არც სასამართლოს ციფრულ დაფაზე არ ეწერა. ხალხი დერეფანში ერთმანეთთან არკვევდა: „ვისი პროცესია?“ „აქ შევიდა ვინმე?“

დაკავებამდე, 2 სექტემბერს აქტივისტები რუსთაველზე „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი, სადავო მანდატის მქონე კომისიის ანგარიშის მოსმენას აპროტესტებდნენ. პარლამენტისკენ ისინი დაიძრნენ საქალაქო სასამართლოდან, სადაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა იმ დღეს რვა დემონსტრანტის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა.

ასევე ნახეთ 8 დემონსტრანტის საქმეზე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენი გამოაცხადა

განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოში ხმაური იყო, შემდეგ კი ხალხი პარლამენტისკენ წავიდა. პოლიციამ რუსთაველზე 24 ადამიანი დააკავა, უმეტესობას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას ედავებიან.

დაკავებულებისთვის ბრალი 4 სექტემბრის 5 საათამდე უნდა წარედგინათ. უკვე „ტრადიციად“ იქცა, რომ მასობრივი დაჭერებისას ადვოკატი და დაკავებული ერთმანეთს პირველად სასამართლოს დარბაზში ნახულობენ და ადვოკატსაც საქმის შესწავლა სახელდახელოდ უწევს. ახლაც ასე მოხდა, დაკავებულები იქვე მყოფმა რამდენიმე იურისტმა „გადაინაწილა“ - ზოგს ოთხი კაცის დაცვა მოუხდა, ზოგს ხუთის. მაგალითად, ეკა ქობესაშვილს ერთი დღის განმავლობაში ექვსი დაკავებულის ადვოკატობა უწევდა, დარბაზიდან დარბაზში გადარბოდა და გზადაგზა არკვევდა, ვინ მოწმე იყო და ვინ მომჩივანი.

რადგან სასამართლო სხდომები ერთდროულად იმართება, ყველაზე დასწრებას ჟურნალისტებიც ვერ ახერხებენ. სხდომებზე, რომლებსაც რადიო თავისუფლება დაესწრო, ბრალდების მხარის მტკიცებულებები ძირითადად მხოლოდ იმ პოლიციელების ჩვენებები იყო, რომლებმაც ესა თუ ის აქტივისტი დააკავეს. დაკავებულმა დავით გუნაშვილმა, მაგალითად, მოწმედ მოსული ერთი პოლიციელი საერთოდ ვერ იცნო, ეს იქ არ ყოფილაო.

„იქ ვიყავი, მაგრამ კადრებში არ ვჩანვარ", - თქვა მოწმე პოლიციელმა გიორგი იაკობიძემ.

- რომელ კადრებში, თქვენ ნახეთ კადრები? - ჩაეკითხა ადვოკატი.

- არა.

- აბა, რა იცით, რომ არ ჩანხართ?

პოლიციელმა დამიწყო ყვირილი, გადაეთრიე აქედან, ხმა ჩაიგდეო. ვუთხარი, შეურაცხყოფას ნუ მაყენებთ-მეთქი. მეორე პოლიციელმა ხელი კისერში წამავლო. სამი კაცი მტენიდა მანქანაში.

აქ იაკობიძე აშკარად დაიბნა და რაღაც გაუგებრად ჩაილაპარაკა. სასამართლოს სხდომების კიდევ ერთი პრობლემა სუსტი მიკროფონებია, თან თითქმის არცერთი გამომსვლელი არ ზრუნავს, რომ მკაფიოდ და ხმამაღლა ილაპარაკოს.

ამ საქმეზე დაკითხული ორი სამართალდამცავიდან ერთმა თქვა, რომ გუნაშვილი ოპერასთან დააკავა, მეორემ - "მარიოტთანო". თავად დაკავებული კი ამტკიცებდა, რომ თეატრთან, ტროტუარზე იდგა.

„სამ პოლიციელს მოწინააღმდეგე მხრიდან გადმოჰყავდათ გოგონა. მე ტროტუარიდანვე მივმართე, შევეკითხე, რად გინდა ახლა ამ გოგოს რომ აკავებთ-მეთქი. ამ დროს პოლიციელმა დამიწყო ყვირილი, გადაეთრიე აქედან, ხმა ჩაიგდეო. ვუთხარი, შეურაცხყოფას ნუ მაყენებთ-მეთქი. მეორე პოლიციელმა ხელი კისერში წამავლო. სამი კაცი მტენიდა მანქანაში. ერთმა თავში და მუცელში ჩამარტყა, თან მემუქრებოდა, ბიჭებს გადაგცემ და გცემენო“, - თქვა დავით გუნაშვილმა სასამართლოზე.

სხდომის დაწყებისას ადვოკატმა მოსამზადებლად პროცესის გადადება ითხოვა, მაგრამ ბრალდების მხარე არ დათანხმდა, ბევრი არაფერია, აქვე შეუძლია გაეცნოსო. პროცესზე ადვოკატს გადაუგზავნეს ვიდეო, რომელზეც გუნაშვილის დაკავება იყო გადაღებული. ვიდეოს ნივთმტკიცებად დართვა რომ მოეხერხებინათ, მოსამართლემ 15 წუთით შესვენება გამოაცხადა.

„ვინმეს ლეპტოპი გაქვთ? ლეპტოპი გვჭირდება“, - დაიძახა დარბაზიდან გამოსვლისთანავე ადვოკატმა. ყველამ აქეთ-იქით სირბილი დაიწყო, რომ მასალის ჩასაწერად ლეპტოპი, გადამყვანი და დისკები ეშოვათ. შემდეგ ეს ლეპტოპი ხან ფანჯრის რაფაზე იყო გაშლილი, ხან პირდაპირ იატაკზე - სასამართლოში არც სკამებია სამყოფი - და მასალის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას ასე ცდილობდნენ. როგორც ჩანს, არ გამოუვიდათ, რადგან შესვენების შემდეგ ადვოკატის წარდგენილი დისკი ცარიელი აღმოჩნდა და მოსამართლეს ისევ მოუწია შესვენების გამოცხადება.

ასევე ნახეთ „პოლიციელი ყოველთვის მართალია“ - სამართალი „ქარხნული წესით“

საბოლოოდ მასალა წარადგინეს. ადვოკატის თქმით, ვიდეოზე ჩანდა, რომ დავით გუნაშვილი გზას არ კეტავდა და ტროტუარზე იდგა, მაგრამ მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მას მაინც 5 000 ლარის გადახდა დააკისრა.

სამართალდამცავები იყვნენ მოწმეებად ალბინა კორძაიას პროცესზეც. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ალბინა პოლიციის მანქანას წინ გადაუდგა და აქციის უკვე დაკავებული მონაწილეების წაყვანაში ხელს უშლიდა.

„ოლე ოლას ამბობდა, ქოცების მიმართულებით იგინებოდა, იწყევლებოდა, მიწაში ჩაგდეო“, - განაცხადა მოწმედ მოსულმა ლევან ოდიშვილმა.

კორძაიას ადვოკატმა ორივე მოწმეს ჰკითხა, რატომ არ გადაიღეს დაკავება სამხრე კამერებით, რაზეც ერთმა უპასუხა, რომ ჩართვა ვერ მოასწრო, მეორემ კი თქვა, დამიჯდაო.

რადგან უკვე ექვსი საათი იყო, ალბინა კორძაიას საქმის განხილვაც გადაიდო.

ასევე ნახეთ ძალადობს, ცრუ ჩვენებებს იძლევა, მეტ პრემიას იღებს, ნაკლებს სთხოვენ - ქართული პოლიციის პორტრეტი

ალიაქოთი სასამართლოს დერეფანში საღამომდე არ დასრულებულა, ერთი-ორჯერ ყვირილიც გაისმა - მანდატურებმა რამდენიმე ადამიანი ძალით გაყარეს ეზოში, თან შეურაცხმყოფელ გამოთქმებსაც არ აკლებდნენ: „შე ქათამო“, „სახლს მიხედე“, „ნუ იქცევი ისე, რომ ხელით შეგეხონ“, „მართლა დასაჭერი ხარ“.

„ერთი ბიჭი გააძევეს. მე და დათი დანელიას გვეცინებოდა და ნუ გვეკაცებითო, დაგვიწყეს ჭიდაობა. არავითარი გაფრთხილება, პირდაპირ შემეხნენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მანდატურების მიერ ეზოში გაგდებულმა ცოტნე მირცხულავამ.

2 სექტემბერს დაკავებულების სასამართლო სხდომები მომდევნო დღეებში გაიმართება.