Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმეზე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენი გამოაცხადა


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა განაჩენი რვა დემონსტრანტის საქმეზე [ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ინსაფ ალიევის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის], რომლებსაც გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავებოდა.

თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით:

  • ზვიად ცეცხლაძე მუხლის გადაკვალიფიცირების შემდეგ დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის 226-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას. მას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ეს დანაშაული სასჯელის უმაღლეს ზომად 3-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
  • ამავე მუხლით გადაუკვალიფიცირდათ დანაშაული ვეფხია კასრაძეს და ვასილ კარძელაშვილს და მათაც 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.
  • ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, გიორგი გორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და ირაკლი მიმინოშვილს 2-2-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. მათ შემთხვევაშიც ბრალი 226-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა.


პროკურატურა ამ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

მოსამართლის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქმეში ჯგუფური მოქმედების პრინციპი კვლავ დარჩა, თუმცა დაკავებულ დემონსტრანტებს არ დაუმტკიცდათ ამ მოქმედების წინასწარ ორგანიზებულობა და არც იმგვარი ჯგუფური ძალადობა, რომელსაც თან ახლავს „ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა“.

225-ე მუხლი, რომელიც თამარ მჭედლიშვილმა 226-ე მუხლად გადააკვალიფიცირა, უფრო დიდ სასჯელს ითვალისწინებს - 6-დან 9 წლამდე პატიმრობას.

"უხეშად რომ ითქვას, ერთი და იმავეზეა საუბარი. კი გააკეთა მოსამართლემ 225 მუხლს ძალიან ბევრი ელემენტი სჭირდებაო, თითქოს 226-ე მუხლს არ სჭირდება რაღაც ელემენტები და იმის მტკიცება, რომ შენ ჩართული ხარ მოქმედებაში. 225-ე მუხლის შემთხვევაში საჭიროა წინასწარ ორგანიზებული ჯგუფი, სტრუქტურული და როგორც ჩანს, დაინახეს, რომ ამ ადამიანებს შორის ნამდვილად არანაირი კავშირი არ იყო, ვერაფერს ვერ ჩაწერდნენ განაჩენში და ისეთ მუხლზე გადაიტანეს, სადაც ასეთი სტრუქტურული, წინასწარ ორგანიზებული, როლებგადანაწილებული ჯგუფი არ იყო საჭირო.

ამით პირდაპირ ამბობს სასამართლო ფაქტობრივად, რომ არანაირი ჯგუფი [არ არსებობს - რ.თ.], რომელიც ქვეყანაში საბოტაჟს, დესტაბილიზაციას აწყობს, რასაც გენერალური პროკურატურა ამტკიცებდა და არსებობს რაღაც ჯგუფი, რომელიც სპონტანურად შეიკრიბა", - უთხრა რადიო თავისუფლებას განაჩენის გამოცხადების შემდეგ რევაზ აჭარაძემ, ვასილ კარძელაშვილის ადვოკატმა. მისივე განმარტებით, გადაკვალიფიცირებულ მუხლში მოსამართლეს შეეძლო გაცილებით პატარა სასჯელიც გამოეყენებინა, რადგან ეს მუხლი შინაპატიმრობის და 6-თვიანი პატიმრობის გამოყენების საშუალებასაც იძლეოდა.

ასევე, შეცვლილ მუხლში წაშლილია ზღვარი ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის, რაც 225-ე მუხლის შემთხვევაში განსხვავებული ოდენობის სასჯელს ითვალისწინებდა.

ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ ჯგუფური ძალადობის მუხლით გამოძიება 2025 წლის 3 დეკემბერს დაიწყო.

ამ საქმეზე პროკურატურა ამტკიცებს, რომ პარტია „ლელოს“ წევრები, 51 წლის ვასილ კაძელაშვილი და 53 წლის ვეფხია კასრაძე, 20 წლის სტუდენტ ზვიად ცეცხლაძესთან ერთად ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორები არიან. ეს ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის ვერსიით, ამ სამი ორგანიზატორის მიერ შემუშავებული ჯგუფური ძალადობის გეგმის მონაწილეები და განმახორციელებლები იყვნენ ბრალდებულები: 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი, 20 წლის გიორგი გორგაძე, 25 წლის თორნიკე გოშაძე, 20 წლის ირაკლი მიმინოშვილი და 34 წლის ინსაფ ალიევი. მათ საქმეებს სასამართლო ერთად განიხილავს.

გამოძიება იმავე ჯგუფში მოიაზრებს ჯგუფური ძალადობის მეორე საქმეზე დაკავებულ 11 პირსაც. „პარალელური კლასის” - როგორც ადვოკატები უწოდებენ - ბრალდებულებს შორის არიან: 29 წლის ანდრო ჭიჭინაძე, 28 წლის ონისე ცხადაძე, 34 წლის გურამ მირცხულავა, 21 წლის ლუკა ჯაბუა, 50 წლის ჯანო არჩაია, 27 წლის რუსლან სივაკოვი, 26 წლის რევაზ კიკნაძე, 54 წლის გიორგი ტერიშვილი, 27 წლის ვალერი თეთრაშვილი, 27 წლის სერგეი კუხარჩუკი და 30 წლის ირაკლი ქერაშვილი.

არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს - სასამართლოში განხილვებისას არ ჩანდა კავშირი დაკავებულ დემონსტრანტებს შორის, რაც ჯგუფური ძალადობის შემთხვევაში აუცილებელი გარემოებაა და ვერც მოწმედ გამოცხადებული პოლიციელები ვერ ასახელებდნენ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც მათ აქციებზე ზიანი მიაყენეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG