ძალადობა, შანტაჟი, მუქარა - როგორ დევნის პოლიცია დაღესტანში გეებს

დაღესტანში ძალოვნები აკავებენ ყველას, ვისზეც ეჭვი აქვთ, რომ ჰომოსექსუალია. სცემენ და ფულს ართმევენ ან თანამშრომლობას აიძულებენ. „ნადირობენ“ კაფეებში. ხალხი განყოფილებაში პოლიციის მიერ მოწყობილი ყალბი პაემნებიდან ან პირდაპირ ქუჩიდან მიჰყავთ, იმის გამო, რომ მათ „ჭყეტელა“ ტანსაცმელი აცვიათ. „კავკაზ.რეალიი“ დაზარალებულებსა და უფლებადამცველებს გაესაუბრა.

შარშან ივლისში მაჰაჩყალის მკვიდრი ელდარი (აქაც და შემდეგ სახელები შეცვლილია) მეგობრებთან ერთად პატარა კაფეში იჯდა. ამ კაფეში, ადგილობრივი შეხედულებებით, „არაფორმალური“ ახალგაზრდობა იკრიბება. „არაფორმალად“ რომ ჩაგთვალონ, აუცილებელი არ არის რომელიმე სუბკულტურას ეკუთვნოდე. ჭრელი პერანგი, მაისური განსხვავებული ნახატით, დახეული ჯინსი ან მოდური ვარცხნილობა - ეს ყველაფერი არაფორმალურობაა. ასე უწოდებენ დაღესტანში ყველას, ვინც უმრავლესობისგან ასე თუ ისე გამოირჩევა.

როდესაც ელდარი კაფედან გამოვიდა, მას სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული რამდენიმე კაცი მიუახლოვდა. თავი პოლიციელებად გააცნეს და უთხრეს, განყოფილებაში უნდა წაგიყვანოთ, თუ არა და ნარკოტიკებს „გიპოვითო“.

ელდარი იხსენებს, რომ განყოფილებაში რიგ-რიგობით ელაპარაკებოდნენ. „უცნაურ კითხვებს მისვამდნენ მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობებზე. რომ ჩავეკითხე, რად გინდათ ამის ცოდნა, თავადაც გეები ხომ არ ხართ-მეთქი, ცემა დამიწყეს. პერანგი გამიხიეს“.

დილამდე გააჩერეს და გაუშვეს. ბრალი არ წაუყენებიათ. ელდარმა უკანონო დაკავებისა და ცემის გამო პროკურატურას მიმართა, მაგრამ მერვე თვეა პასუხი არ ჩანს.

დეკემბერში მსგავსი რამ კაფეს კიდევ ერთ სტუმარს შეემთხვა. მაჰაჩყალელი ადამი საღამოს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულებმა ქუჩაში გააჩერეს. შუშებდაბურულ მანქანაში მუქარით ჩასვეს და განყოფილებაში მიიყვანეს. გზად რამდენჯერმე ჩაარტყეს ზურგში, თირკმელებთან. ცარიელ კაბინეტში შეიყვანეს და დაკითხვა დაიწყეს. ძალოვნებს მისი სექსუალური ორიენტაცია აინტერესებდათ, ასევე ისიც, ჰქონდა თუ არა ტატუები ინტიმურ ადგილებში. ადამმა საყურის გამო გაფრთხილება მიიღო. თითქმის მთელი დღე და ღამე იქ ჰყავდათ და ისე გამოუშვეს, არავითარი პრეტენზია არ წაუყენებიათ. მან თავიდან უფლებადამცველებს მიმართა, მაგრამ შემდეგ უარი თქვა პროკურატურაში ეჩივლა.

დაღესტანში მომუშავე იურისტი მ. მ. მომხდარს „ბავშვურ თამაშს“ უწოდებს.

„რაც მათ დაემართათ, რა თქმა უნდა, უკანონობაა, მაგრამ ისინი გაუშვეს, „ფულზე არ დასვეს“. ჩემს პრაქტიკაში ოთხი შემთხვევა მქონდა, როდესაც ხალხს იჭერდნენ იმის გამო, რომ მათ ჰომოსექსუალობაზე ჰქონდათ ეჭვი. ვისზეც დანამდვილებით იცოდნენ, რომ გეია, ასე ადვილად არ უშვებდნენ. აიძულებდნენ ასეთივე ორიენტაციის მეგობრები ჩაეშვა. ფულის მოტანას სთხოვდნენ. თანხა როგორია? 10 ათიდან ხუთასი ათას რუბლამდე. ეს რაც ვიცი“. - ჰყვება იურისტი. ის ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

2024 წლის დეკემბერში 28 წლის რაშიდს ძალოვნებმა პაემანი მოუწყვეს. მან პაემნების აპლიკაციით სანქტ-პეტერბურგელი ტურისტი, მიხაილი გაიცნო. ურთიერთობა ტელეგრამში გააგრძელეს. მესინჯერში ინტიმური ფოტოები გაცვალეს, სახეების ფოტოებიც. „მიხაილმა“, როგორც ჩანს, ფოტოები ინტერნეტიდან ამოიღო.

როდესაც რაშიდი დათქმულ ადგილას მივიდა, სადარბაზოდან 5-6 კაცი გამოვიდა. ზოგი სამოქალაქო ტანსაცმელში, ზოგი - ფორმაში. არავითარი მიხაილი იქ არ აღმოჩნდა. რაშიდი ალყაში მოაქციეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში წაიყვანეს. იმის შიშით ყურადღება არ მიექცია, არ გასძალიანებია, არც საშველად დაუძახია ვინმესთვის. ძალოვნებმა ამით ისარგებლეს. მოსთხოვეს სხვა გეებიც ჩაეშვა. თუ არადა დაემუქრნენ, რომ მის ფოტოს ინტერნეტში ატვირთავდნენ. ქალაქის ცენტრშივე რამდენჯერმე დაარტყეს, წაართვეს მობილური და აიძულეს კოდი მოეხსნა.

„რაშიდს ცემაზე და წამებაზე მეტად ის აშინებდა, რომ ნათესავები მისი ორიენტაციის შესახებ გაიგებდნენ“, - განმარტა იურისტმა, - „ამიტომაც ტელეფონი წინააღმდეგობის გარეშე მისცა“.

მის აიფონში იპოვეს მიმოწერები სხვა ჰომოსექსუალებთან. ძალოვნებმა ეს ჩანაწერები დაიმახსოვრეს. ასევე ჩაწერეს ვიდეო რაშიდთან: აიძულეს ეთქვა, რომ „პიდარასტია“, რომ „ტრა..ში ტ....ობს“. მიმოწერების ნაწილიც აჩვენეს კამერაში.

შემდეგ რაშიდს უთხრეს, რომ გაუშვებენ და თუკი ასი ათას რუბლს მისცემდა, არც საქმეს აღძრავენ პორნოგრაფიის გავრცელებაზე ან „ლგბტ ექსტრემისტული მოძრაობის“ წევრობაზე. ბანკომატიდან ფული გამოიტანა და გადასცა. დამშვიდობებისას ძალოვანმა გააფრთხილა, კავშირზე ყოფილიყო, „თორემ მიწიდან ამოთხრიდნენ“.

მეორე დღეს რაშიდს „ვოტსაპზე“ რამდენიმე შეტყობინება მიუვიდა. ძალოვნებიდან ერთ-ერთმა მას ორი მამაკაცის ფოტო ჩაუგდო და ჰკითხა, იცნობდა თუ არა მათ. რაშიდი არ იცნობდა, მაგრამ ძალოვანს ეს პასუხი არ მოეწონა. მისწერა: „ერთი საათი გაქვს, რომ მათზე ინფორმაცია მოიძიო“. რაშიდი მიხვდა, რომ მოსვენებას არ მისცემდნენ და უფლებადამცველებს მიმართა. ის ახლა უსაფრთხო ადგილსაა, მაგრამ პოლიციელებმა მისი ვიდეო და მიმოწერის ფოტოები ახლობლებს ჩაუყარეს, რის გამოც ძმა და ნათესავები მოკვლით ემუქრებიან, თუკი დაღესტანში ჩავა.

„რაშიდის განცხადება პროკურატურაში რამდენიმე თვეა რეაგირების გარეშე დევს. ახლა საჩივარსაც დავწერთ“, - ამბობს მ.მ.

„კავკაზ. რეალიიმ“ აპრილის დასაწყისში დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კომენტარი მოითხოვა, მაგრამ ვერაფერი მიიღო. არც ტელეფონისთვის უპასუხიათ.

ჩეჩნური ვარიანტი დაღესტნისთვის?

ამბავი დაღესტანში გეებზე ნადირობაზე შარშან მაისში გავრცელდა, მას შემდეგ, რაც პორნობლოგერი მატვეი ვოლოდინი დააკავეს. მისი ტელეფონის საშუალებით ძალოვნები ადგილობრივ მამაკაცებს ყალბ პაემნებზე პატიჟებდნენ, აკავებდნენ, სცემდნენ და ლანძღავდნენ. ემუქრებოდნენ, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ და მათი ჰომოსექსუალობის შესახებ ინფორმაციას ქვეყანას მოსდებდნენ.

ზოგიერთი ტელეფონით გადაიღეს. ზოგის წინააღმდეგ საქმე პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით აღძრეს - ჰომოსექსუალების დაკავებისას ამ მუხლს ყველაზე ხშირად იყენებენ. 2024 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ვოლოდინი გაათავისუფლეს. პირობითი სასჯელით გამოვიდა თუ ბრალი მთლიანად მოუხსნეს უცნობია.

ორგანიზაცია „СК SOS“, რომელიც ქვიარ ადამიანებს იცავს, ამბობს, რომ გეებს ახლაც დევნიან. „ძირითადად იმ კონტაქტების მიხედვით იჭერენ, რომელიც უკვე დაკავებულის ტელეფონშია“, - ამბობს ალექსანდრა მირისნიკოვა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, - „ისეთი შემთხვევებიცაა, როცა პოლიცია კაფეებს უთვალთვალებს და საეჭვო ხალხს აკავებს. ასეთი დაკავებების შესახებ დაკავებულთა მეგობრებისგან ან მოწმეებისგან უფრო ვიგებთ, ვიდრე თავად მათგან“.

დაკავებულების დიდ ნაწილს ურჩევნია თავი გამოისყიდოს და დაღესტნიდან წავიდეს: „ამასთან უფრო ფულზე კი არ არის საუბარი, არამედ პოლიციასთან თანამშრომლობაზე, ანუ სთხოვენ, რომ ვინმეს შეხვდეს და რომელიმე ბინაში შეიტყუოს“.

ალექსანდრა ამბობს, რომ ჩეჩნეთისგან განსხვავებით დაღესტანში ლგბტ+ თემის წარმომადგენლების წამებისა და მკვლელობის სისტემური პრაქტიკა არ არსებობს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციაში წლების წინ დაღესტნიდან შესული განცხადებების უმეტესობა ე.წ. რეაბილიტაციებსა და კონვერსიულ თერაპიას ეხებოდა.

„ბევრი რამ, რაც ადრე მხოლოდ ჩეჩნეთში ხდებოდა ახლა დაღესტანშიც ხდება. ყალბი პაემნები, გამოძალვა პოლიციის მხრიდან. დაკავებულების ტელეფონებში კონტაქტების ძებნა - ასე პოულობენ შემდეგ მსხვერპლს. ადრე ამ რეგიონში ასეთი რამ მასობრივად არ ხდებოდა, ახლა ხდება. ამიტომ დიდი ალბათობით სხვა პრაქტიკებიც, რაც ახლა ჩეჩნეთშია და დაღესტანში ჯერ არა, ნორმა გახდება“, - ალექსანდრა მირისნიკოვა.

იურისტი მ.მ. ჰყვება, რომ პოლიციელები ხანდახან ყურადღებას აქცევენ იმ კაცებს, რომლებსაც ზედმეტად კვასკვასა ტანსაცმელი აცვიათ. ასე მოხდა ამირის შემთხვევაშიც, ის მაჰაჩყალაში, რომდომსკის ბულვარში სეირნობდა. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ეს პარკი ჰომოსექსუალების გაცნობის ადგილია.

ამირი ჰყვება, რომ მას გასაცნობად ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა. ამირმა უარი უთხრა და გზა განაგრძო. ცოტა ხანში მოცვივდნენ პოლიციელები, ხელები გადაუგრიხეს, სცემეს, მერე მანქანაში ჩასვეს და შსს-ის განყოფილებაში გადაიყვანეს. ტელეფონი გამოართვეს, ფოტოებს ნახულობდნენ და ეკითხებოდნენ, ვინ ვინ იყო. ცემა განყოფილებაშიც გაგრძელდა. მისგან ითხოვდნენ აღიარებას, რომ სხვა მამაკაცებთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. ძალოვნების აზრით, ამირი გეი იყო, რადგან მოტმასნილი შარვალი და ქალის სანდლები ეცვა (თავად ეს უარყო). ბოლოს შუაღამისას გაუშვეს და თან დაემუქრნენ, თუ იჩივლებ, მოგძებნით და დაგსჯითო.

კიდევ ერთი, ახალგაზრდებში პოპულარული კაფეს თანამშრომელი შამილი, თებერვალში უფლებადამცველებთან მივიდა და დახმარება სთხოვა. ის ჰყვებოდა, რომ კაფეს დახურვამდე ნახევარი საათით ადრე ძალოვნები შემოვიდნენ და ვიღაც უცხო ხალხის შესახებ ეკითხებოდნენ. მისი პასუხი, რომ უამრავ მომხმარებელს სახეზე ვერ დაიმახსოვრებდა, პოლიციას არ მოეწონა. შამილი განყოფილებაში გადაიყვანეს. მეორე დღის შუადღემდე იქ ჰყავდათ. მთელი ამ დროის განმავლობაში უცხო ადამიანების ფოტოებს უჩვენებდნენ და ეკითხებოდნენ, დადიოდნენ თუ არა ისინი კაფეში. არც ერთი არ ახსოვდა. თავად როცა შეეკითხა, რაში სჭირდებოდათ ინფორმაცია, ხეირიანი პასუხი არ მიუღია.

სანამ გაუშვებდნენ ერთი პოლიციელი შამილს დაემუქრა, თუ ვინმეს მოუყვები, სხვა დროს ნარკოტიკებს გიპოვითო. საჩივარი არ დაუწერია, შემდეგ კი საერთოდ სხვა რეგიონში გადავიდა.

სამ სხვა დაღესტნელს, რომელთა შესახებაც რედაქციამ შეიტყო, მოუწიათ რუსეთი სასწრაფოდ დაეტოვებინათ. ორი მათგანი იმ ყალბ პაემანს „შეეწირა“, რომელიც მატვეი ვოლოდინს მოუწყვეს.

გეების გაცნობის აპლიკაციის Hornet-ით პოლიციელებმა, რომელთაც ბლოგერის ტელეფონი ჰქონდათ, ალი და ომარი სექს-პაემანზე მოიწვიეს. ბინაში მათ ვოლოდინი დახვდათ. ის უკვე ძალოვნების ტყვეობაში იყო და მათი მითითებებით მოქმედებდა. სტუმრებს შესთავაზა, გაიხადეთო. ალიმ შარვალი გაიხადა, ომარი კი ტუალეტში შევიდა. ამ დროს ბინაში პოლიცია შემოვარდა და ისინი ძირს დაყარა. ალი ჰყვება, რომ მას და მის მეგობარს აიძულეს კამერების წინ ეღიარებინათ, რომ გეები არიან და „თავიანთი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შეხვდნენ“. განყოფილებაში თავზე ტომრით მიიყვანეს და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

კასპიისკის მკვიდრმა 24 წლის დაუდმა უფლებადამცველებს არ მიმართა, მაშინვე ქვეყანა დატოვა. ფიქრობდა, რომ პოლიციელების წინააღმდეგ ჩივილს აზრი არ ჰქონდა, შესაძლოა მის ოჯახს ყველაფერი შეეტყო. თუმცა მოგვიანებით ძალოვნებმა მათ მაინც ყველაფერი უთხრეს.

„ჩემი ოჯახი ძალიან რელიგიურია. დები და სხვა ნათესავები ჰიჯაბებით დადიან. უფრო ძმის ცოლი, საერთოდ ნიქაბს ატარებს. მეც ნამაზს ვაკეთებდი, ოღონდ სხვების დასანახად. არ მინდა იმ რელიგიის ნაწილი ვიყო, რომელიც ჩემისთანებს სიკვდილს უსჯის. დიდი ხანია წასვლაზე ვფიქრობ, მაგრამ ხელსაყრელ შემთხვევას ვეძებდი. ფული უნდა შემეგროვებინა, გადამეწყვიტა, საით წავსულიყავი. მერე, როცა ყალბ პაემანზე მცემეს და გადამიღეს, მივხვდი, რომ ხელსაყრელ მომენტს არ უნდა დავლოდებოდი“, - ამბობს დაუდი.

პოლიციის თანამშრომელი მან „ვკონტაკტში“ გაიცნო, ჯგუფში სახელწოდებით „რაზე დუმან მთები“. რა თქმა უნდა, ის თავის პროფესიასაც მალავდა და სახელსაც. თავი ხალხს ისლამად გააცნო. დაუდი ამბობს, რომ „ისლამი“ ხშირად წერდა კომენტარებს, შემდეგ კი მეგობრად დაემატა. სხვადასხვა თემაზე საუბარში ბევრ დროს ატარებდნენ.

„ხანდახან მეგონა, რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე, რომ გამიგებს ისეთი. ორი კვირის შემდეგ მოვილაპარაკეთ რუსულ თეატრთან შევხვედროდით. გული ცუდს არაფერს მიგრძნობდა. თავისი ფოტო გამომიგზავნა. ჩვენი საუბარი გარკვეულ ჩარჩოებს არ ცდებოდა. გეი თემებსაც კი დიდად არ ვეხებოდით. მივედი თეატრთან. „ისლამი“ აგვიანებდა. მერე ორი ზორბა მამაკაცი მომიახლოვდა, ერთმა სახელით მომმართა და ეგრევე მივხვდი. თეატრის შენობიდან კიდევ სამი გამოვარდა, პოლიციის ფორმაში. მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი და განყოფილებაში წამიყვანეს“, - ჰყვება დაუდი.

განყოფილებაში ყველაფერი სცენარის მიხედვით განვითარდა, ცემა, ლანძღვა, კამერის წინაშე აღსარება, ტელეფონის ჩხრეკა. დაუდის შემთხვევა განსხვავდებოდა იმით, რომ მან პოლიციელებს 150 ათასი რუბლი მისცა, უბრალოდ გადაურიცხა ანგარიშზე.

„ჩემი ამოცანა იყო განყოფილებიდან ცოცხალი და აშკარა ტრავმის გარეშე გამოვსულიყავი, რომ სახლში არაფერი ეკითხათ. დავთანხმდი თანამშრომლობას, სხვა გეებთან შეხვედრებს და მათ ჩაშვებასაც. რომ გამოვდიოდი ერთმა, სავარაუდოდ „ისლამმა“, გამაფრთხილა, არაფერი შემშლოდა, რადგან მითვალთვალებდნენ. შინისკენ მიმავალი უკვე იმას ვფიქრობდი, როგორ მოვხვედრილიყავი არგენტინაში. ორიოდე საათში ბილეთები ვიყიდე, რამდენიმე ნივთი სპორტულ ჩანთაში ჩავალაგე და დილით სახლიდან წავედი. დავიბარე, სპორტდარბაზში მივდივარ-მეთქი. არავის გადავხვევივარ, არავის გამოვმშვიდობებივარ. ყველაზე მეტად დედის წინაშე მრცხვენია. კარს ვიდექი, როცა მომიახლოვდა და მკითხა, ყველაფერი კარგადაა, შეშინებული ჩანხარ, რაღაცას მიგრძნობს გულიო“.

ახალ ქვეყანაში ის უკვე გაშინაურდა. სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებს. ენას სწავლობს.

„არჩევანი არ მაქვს, სახლში ვერ დავბრუნდები. ჩემს შესახებ უკვე უთხრეს ნათესაობას. ტელეფონში უამრავი შეტყობინება მაქვს, მუქარა და წყევლა. მხოლოდ დედასთან ვურთიერთობ, ისიც იშვიათად. ხან მტუქსავს, ხან ტირის. ჩამოდიო, მეუბნება. მპირდება, არაფერი მოგივაო. რა თქმა უნდა, არსად წასვლას არ ვაპირებ“.

დაღესტნელი იურისტი მ.მ. ამბობს, რომ პოლიციელებისთვის გეებზე ნადირობა დამატებითი შემოსავალია:

„მასობრივი სახე ამას არა აქვს. შეუდარებლად მეტია იმ ხალხის რაოდენობა, რომლებსაც ნარკოტიკებს უდებენ და შემდეგ შანტაჟირებას უწევენ. ნარკომანებისგან უფრო მეტის გამოძალვა შეიძლება, თან მუდმივად. გეები კი შეიძლება გაიქცნენ. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმით ქვეყნიდან გაქცევა რთულია, მაგრამ უფლებადამცველები აქაც პოულობენ გამოსავალს. ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებ. ზოგი რჩება - ისინი ან დიდ თანხას იხდიან, ან ნაცნობობით აგვარებენ პრობლემას“.

ერთადერთი გამოსავალი მართლაც გაქცევაა?

ალექსანდრა მიროშნიკოვა ამბობს, რომ: „ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ჩეჩნეთში, და ეს პრაქტიკა შესაძლოა დაღესტანშიც დაინერგოს, შანტაჟი მუდმივი ხდება. ადამიანს რამდენჯერმე აკავებენ და ყოველ ჯერზე ფულს სთხოვენ. ასე მშვიდად ვერ იცხოვრებ. სხვა რეგიონში გადასვლა უკეთესია, მაგრამ ჯობს აქაც უფლებადამცველებს დაეკითხო. მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც სხვა რეგიონში გადასულს უფლებადამცველებთან კავშირი გქონდეს“.

მ.მ. ამბობს, რომ ყველაზე გამართლებული საშუალებაა რუსეთიდან წასვლა.

„ევროპაში ასე ადვილად ვერ მოხვდები, მაგრამ შესაძლებელია დროებით იმ ქვეყანაში წახვიდე, სადაც ვიზა საჭირო არ არის, იქიდან კი, თუ შესაძლებელია სხვა ქვეყანაში. ხშირად ასეც აკეთებენ“.