კოოპერატივი "22 კარატი". როგორ მოეწყო სერგეი ჩემეზოვი დუბაიში

„როსტეხის“ ხელმძღვანელი სერგეი ჩემეზოვი ხშირად ისვენებს დუბაიში, საკუთარ მდიდრულ ვილაში, ხელოვნური კუნძულის სანაპიროზე, თავისი თანამშრომელი ამხანაგების ასევე მდიდრული ვილების უბანში.

რუს სახელმწიფო მოხელეებს ერთად დასახლების დიდი ხნის ტრადიცია აქვთ. ამის ცნობილი მაგალითია კოოპერატივი „ოზერო“, რომელიც ვლადიმირ პუტინმა და მისმა მეგობრებმა 1996 წელს დააარსეს. რუსეთში ასობით - თუ ათასობით არა - ასეთი „კლანური“ დასახლება არსებობს. თუმცა არის ადამიანი, რომელმაც ეს ტრადიცია ახალ სიმაღლეზე აიყვანა - ეს არის "როსტეხის" ხელმძღვანელი სერგეი ჩემეზოვი.

პუტინის "კაგებეს" დროინდელი კოლეგა რუსეთის ფარგლებს გარეთაც ძველ მეგობრებთან ერთად დასახლებას ამჯობინებს. ესპანეთის კოსტა-ბრავას სანაპიროზე ერთ-ერთი ასეთი დასახლების შესახებ 2019 წელს გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, ეს არ არის ერთადერთი „აგარაკების კოოპერატივი“, რომელიც რუსეთის შეიარაღების სახელმწიფო მენეჯერმა საზღვარგარეთ მოაწყო. ჩვენ დუბაიში ჩემეზოვისა და მისი თანამეინახეების რეზიდენციები აღმოვაჩინეთ.

თანამგზავრები

2023 წლის ნოემბერში მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკა დანაღმულ ველს ჰგავდა. რუსეთ-უკრაინის ომს დასასრული არ უჩანდა, აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაცია ჩაატარა მთიან ყარაბაღში, ახლო აღმოსავლეთში ომი დაიწყო. ის, რამაც მილიონობით ადამიანს ტანჯვა და განადგურება მოუტანა, ჩემეზოვის ხელმძღვანელობით მოქმედ იარაღის სახელმწიფო კორპორაციას კარგ მოსავალს ჰპირდებოდა. „როსტეხი“ შეკვეთების სიის შევსებას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს აეროკოსმოსურ გამოფენაზე, Dubai Airshow 2023-ზე გეგმავდა.

ჩემეზოვი და მისი დიდი ხნის მეგობრები „როსტეხში“ - „როსობორონექსპორტის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრ მიხეევი და „რუსეთის შვეულმფრენების“ უფროსი ნიკოლაი კოლესოვი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 10 ნოემბერს გაფრინდნენ - Dubai Airshow-ს ოფიციალურ გახსნამდე სამი დღით ადრე. მათ მხოლოდ გამოფენა არ აინტერესებდათ - დროის გატარება სხვაგანაც შეეძლოთ. სამივე სახელმწიფო მოხელეს ვილები აქვს დუბაიში - ამის შესახებ „სისტემას“ ჩემეზოვის გარემოცვასთან დაახლოებულმა ორმა წყარომ უთხრა. მათი თქმით, საუბარია ვილების დასახლებაზე სახელწოდებით „22 კარატი“, დუბაის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ არეალში - პალმა ჯუმეირას ხელოვნურ კუნძულზე.

პალმა ჯუმეირა და „22 კარატი.“ ხედი ზღვიდან. ფოტო სარეკლამო ბროშურიდან

„22 კარატი“ დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მოიცავს საკუთარ 200-მეტრიან პლაჟს, სასტუმროს და ოცდაორ „ზემდიდრულ“ ვილას იტალიური პალაცოს სტილში. თითოეულ ვილას აქვს მინიმუმ შვიდი საძინებელი, თურქული აბანო და ღვინის მარანი ტემპერატურის დაცვის საკუთარი სისტემით. გარედან ყველა რეზიდენციას აქვს საკუთარი ბაღი საცურაო აუზით და ცოცხალი ღობეებით, რომლებშიც ხმის შთამნთქმელი პანელებია ჩაშენებული.

კომპლექსი „22 კარატი” ააშენა რუსულმა სამშენებლო კომპანია Forum Group-მა, რომლის შტაბ-ბინა ეკატერინბურგშია. Forum Group-ის ერთ-ერთი პროექტი ეკატერინბურგში იყო ყინულის არენა, რომელიც კომპანია ჰოლდინგ UMMC-ის (ურალის სამთო-მეტალურგიული კომპანია) შეკვეთით ააშენა. მისი აქციონერია მილიარდერი ანდრეი ბოკარევი, რომელიც ჩემეზოვის მეგობარია და, მის მსგავსად, სავარაუდოდ, „22 კარატში” უძრავ ქონებას ფლობს.

Forum Group-ი ბიზნესმენმა ოლეგ ჩერეპანოვმა დააარსა. მას ეკატერინბურგში „ჩერეპის“ მეტსახელით იცნობენ. კომპრომატების მაძიებელი რესურსები ჩერეპანოვს მიაწერენ „ურალმაშის“ ჯგუფში მონაწილეობას, რომელიც 1990-იან წლებში ეკატერინბურგში „ყველაზე გავლენიან კრიმინალურ დაჯგუფებად“ ითვლებოდა. ჩერეპანოვის ადვოკატებმა უარყვეს მისი კავშირი დანაშაულებრივ ჯგუფებთან და რუსეთის სასამართლოში ინტერნეტში შესაბამისი ინფორმაციის ნაწილობრივ წაშლას მიაღწიეს.

2014 წლიდან ჩერეპანოვი დუბაიში ცხოვრობს, სადაც კომპანია Forum Group Dubai-ს ხელმძღვანელობს. ბიზნესმენმა რუსეთის Forum Group-ის ხელმძღვანელის თანამდებობა 2021 წელს დატოვა. კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელი ამჟამად 77 წლის ტამარა ჩერეპანოვაა.

კომპლექს „22 კარატის“ მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დასრულდა. იმ დროისთვის ბევრი ვილა უკვე გაყიდული იყო. რეზიდენციების ღირებულება 10-დან 25,5 მილიონ დოლარამდე მერყეობდა და სამ კატეგორიად იყო წარმოდგენილი: „ზურმუხტი“, „ლალი“ ან „საფირონი“. ყველაზე ძვირადღირებული იყო „საფირონის“ ვილები - ყველაზე დიდი ნაკვეთებით, პლაჟზე თავისი გასასვლელით. მას მოჰყვებოდა საჩუქარი - 1 მილიონი დოლარის ღირებულების აბაზანის სახით, რომელიც 10 ტონა ბროლის ან კვარცისგანაა (ვარდისფერი ან მწვანე) დამზადებული. 2020 წელს „საფირონის“ კატეგორიის რეზიდენციები 25,8 მილიონი დოლარი ღირდა და დუბაიში სამ ყველაზე ძვირადღირებულ ვილას შორის იყო. ამჟამად „საფირონის“ ვილა 2,4 მილიარდ რუბლზე (30 მილიონი დოლარი) მეტი ღირს.

წყაროების თქმით, სწორედ ასეთი ვილები შეარჩიეს თავიანთათვის ჩემეზოვმა და მისმა მეგობრებმა "როსტეხიდან".

უფროსი

„რუსები სწრაფად და ყველაფერს ყიდულობენ", - ასე აღწერა დუბაის უძრავი ქონების ექსპერტმა ბაზარზე არსებული ვითარება 2023 წელს. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ - რომელსაც დასავლეთის სანქციები მოჰყვა - მდიდარი რუსები არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქისკენ გაემართნენ. ჩემეზოვმა, რომელსაც ჯერ კიდევ 2014-ში შეეხო სანქციები, დუბაი გაცილებით უფრო ადრე შეიყვარა - განუცხადა „სისტემას“ ორმა წყარომ, რომლებიც იცნობენ „როსტეხის“ ხელმძღვანელის გარემოცვას.

სერგეი ჩემეზოვი პუტინის გარემოცვაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია. „როსტეხის“ დიდი ხნის ხელმძღვანელი და პრეზიდენტის ძველი ახლობელი დრეზდენში მსახურობის დროიდან.

საზღვრის გადაკვეთის შესახებ გაჟონილი მონაცემების თანახმად, 2015 წლიდან ჩემეზოვი ყოველწლიურად, ზოგჯერ წელიწადში რამდენჯერმეც კი, სტუმრობს საამიროებს. „როსტეხის“ ხელმძღვანელთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ის თითქმის ყველა შვებულებას დუბაიში ატარებს.

ამავე წყაროს თქმით, თავდაპირველად, ჩემეზოვი და მისი მეგობრები ვილებს ხუთვარსკვლავიან კურორტ One&Only-ში ქირაობდნენ, პალმა ჯუმეირას პირველ სანაპირო ზოლში. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა საკუთარ ვილებზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყეს, რაც One&Only-ს გვერდით „22კარატის“ მშენებლობა დაიწყო. ქონება კომპლექსის დასრულებამდე რამდენიმე წლით ადრე შეიძინეს და მის კეთილმოწყობას სრული სერიოზულობით მოეკიდნენ, აღნიშნავს ერთ-ერთი წყარო: „მათ ბევრი ჩადეს, [ვილებს] მეორე სახლად თვლიდნენ“. წყაროს ცნობით, „როსტეხის“ ხელმძღვანელმა და მისმა ცოლმა პირადად შეარჩიეს ინტერიერი ახალი ვილისთვის და ზედამხედველობას უწევდნენ რემონტს: „წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩადიოდნენ იქ და მშენებლობას აკონტროლებდნენ“.

ჩემეზოვი ფლობს ორსართულიან სახლს შვიდი საძინებლით და 2170 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთით. ეს ვილა კომპლექსის ყველაზე შორეულ და განმარტოებულ კუთხეში, პირველ სანაპირო ზოლზე მდებარეობს და მეექვსე ნომრად ირიცხება.

კომპლექს „22 კარატის“ ვილები იმის მიხედვით, თუ როგორ არის დაშორებული ზღვის ნაპირიდან, სამ კატეგორიად იყოფა. პირველ ზოლში „საფირონის“ რეზიდენციებია, შემდეგ „ლალის“ და მერე „ზურმუხტის“. სურათი კომპლექსის სარეკლამო ბროშურიდან

არაკომერციული ორგანიზაცია C4ADS-ის მონაცემთა ბაზის თანახმად, რომელმაც დუბაიში უძრავი ქონების შესახებ 2020 და 2022 წლების მონაცემები გამოაქვეყნა, ოფიციალურად „მეექვსე“ ვილა Neve Limited-ის საკუთრებაა. ფირმის შესახებ ინფორმაციის მოძიება ვერ მოხერხდა, მაგრამ ვილის ბარათზე მისი წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაციაა მითითებული - ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი.

გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ისინი ადვოკატ ნატალია აგაპოვას ეკუთვნის. ის და მისი თანმხლები ანტონ აგაფონოვი, სავარაუდოდ, კარგად იცნობენ ჩემეზოვს და მის ოჯახს. აგაპოვა და აგაფონოვი არაერთხელ მონაწილეობდნენ მათ ბიზნესპროექტებში და, ალბათ „როსტეხის“ ხელმძღვანელის ოჯახის ფინანსები ებარათ.

1990-იანი წლების ბოლოდან და სულ მცირე, 2000-იანი წლების შუა პერიოდამდე, აგაპოვა საინვესტიციო კომპანია „ტროიკა დიალოგის“ VIP-კლიენტებთან მუშაობდა. ეს ფირმა მართავდა ჩემეზოვების ოჯახის ფულს. მას შემდეგ, რაც „ტროიკა“ „სბერბანკმა“ შეიძინა, ჩემეზოვების კაპიტალი სამართავად ჩაბარდა Quinta Capital Partners-ს, სადაც აგაპოვას კომპანიონი ანტონ აგაფონოვი სპეციალური პროექტების განყოფილების უფროსად მუშაობდა.

აგაპოვა და აგაფონოვი ჩემეზოვების ოჯახს ბიზნესის მართვაშიც ეხმარებოდნენ. 2004 წელს აგაპოვა გახდა კომპანია „ინტერბიზნესჯგუფის“ თანადამფუძნებელი, რომელიც ერთი წლის შემდეგ ჩემეზოვის ვაჟს, სტანისლავს, გადაეცა. 2018 წელს აგაპოვა კომპანია „რ.დ.ს.-ის" პარტნიორი გახდა, რომელიც ადრე ჩემეზოვის ცოლს, ეკატერინა იგნატოვას ეკუთვნოდა. 2022 წელს აგაპოვა იგნატოვას პარტნიორი გახდა კომპანია „ნიკა დეველოპმენტში“.

იგნატოვას პროექტებში აგაფონოვიც მონაწილეობდა - 2015-2019 წლებში ის ხელმძღვანელობდა მის ორ კომპანიას („ჭკვიანი მართვის ლაბორატორია“ და „სისტემური გადაწყვეტილებები“). გარდა ამისა, აგაფონოვი ხელმძღვანელობდა შპს „ტექნოლოგია გრუპს", რომელიც კვიპროსის კომპანიის მეშვეობით ესპანეთის მოქალაქე მარია ბაერ პახომოვას ეკუთვნოდა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, დაკავშირებულია „როსტეხთან“ და ზედამხედველობდა ჩემეზოვების ოჯახის მიერ ესპანეთში ვილის შესყიდვის შეთანხმებას.

აგაპოვამ არ ისურვა „22 კარატზე“ - როგორც უძრავ ქონების თემაზე საუბარი და ჟურნალისტს შესთავაზა, რომ ინფორმაცია დამოუკიდებლად მოეძიებინა. თუმცა ადვოკატმა პირობა დადო, რომ „დაფიქრდებოდა ამაზე“, თუ ჟურნალისტის „პასპორტის მონაცემებს, ან უკეთეს შემთხვევაში, პასპორტის სკანირებულ ვერსიას“ მიიღებდა. აგაპოვამ უარი თქვა სანაცვლოდ პრესბარათზე. „როსტეხმა“ კითხვებს არ უპასუხა.

მეზობლები

ჩემეზოვის მეგობრებთან შეკრებები, როგორც წესი, ერთი და იგივე სქემით მიმდინარეობს, ამბობს მათი წრის ერთი წევრი: „ღვინო, ვისკი, სიგარები და კარაოკე“. ეს სცენარი ნაცნობია ბევრი რუსი დამსვენებლისთვის. ზოგჯერ თავად ვარსკვლავი-შემსრულებლები მღერიან „როსტეხის“ მაღალი მენეჯმენტისთვის. წყაროს ცნობით, მათ შორის არიან ოლეგ გაზმანოვი, ლეონიდ აგუტინი, გრიგორი ლეპსი. თავად მუსიკოსებმა უგულებელყვეს ამ თემაზე დასმული კითხვები. მეგობრულ შეკრებებზე ჩემეზოვს უყვარს მიხაილ შუფუტინსკის „ნაკოლოჩკას“ სიმღერა, ხოლო საგუნდო სიმღერის აბსოლუტური ფავორიტი გაზმანოვის „ოფიცრებია“, ამბობს თანამოსაუბრე: „ყველა ზეპირად გაჰყვირის ყველა სიტყვას“.

ჩემეზოვი დუბაიში, როგორც წესი, ისვენებს „22 კარატის” უახლოესი მეზობლების - ალექსანდრ მიხეევის და ნიკოლაი კოლესოვის - გარემოცვაში. „როსტეხის“ ტრიო საამიროებში ყოველწლიურად, სულ მცირე, 2017 წლიდან ერთსა და იმავე დროს იმყოფება, რაც საზღვრის გადაკვეთის შესახებ გაჟონილი ინფორმაციიდან ჩანს.

ამხანაგების ვილები ერთ რიგშია განლაგებული, ერთმანეთის მიყოლებით. „როსტეხის“ ხელმძღვანელის ვილა კომპლექსის ცენტრიდან ყველაზე განაპირა და მოშორებულია. შუაში კოლესოვის ორსართულიანი რეზიდენციაა, რომლის ფართობი 1757 კვადრატული მეტრია. ეს ვილა რიგით მეხუთე ნომერია და ოფიციალურად ეკუთვნის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულ Veles Electronics-ს. ამ კომპანიის კავშირი „რუსეთის შვეულმფრენების“ ხელმძღვანელთან ალექსეი ნავალნის გუნდმა ივნისის დასაწყისში დაადგინა. „რუსულმა შვეულმფრენებმა“ „სისტემის“ შეკითხვებს არ უპასუხა.

ყველაზე ნაკლებად დამალული რუსეთის იარაღის მთავარი ექსპორტიორი ალექსანდრ მიხეევი იყო. მისი ვილა, მეოთხე ნომერი, რომლის საერთო ფართობი 1788 კვადრატული მეტრია, ესაზღვრება დიდ საერთო აუზს და, C4ADS-ისა და დუბაის მიწის მართვის უწყების ცნობით, მიხეევის ვაჟის, ალექსეის სახელზეა რეგისტრირებული. მიხეევ უმცროსმა კომენტარზე უარი თქვა, „როსობორონექსპორტმა“ ასევე არ ისურვა ჟურნალისტებთან საუბარი.

უფროსი მიხეევი აქტივებს ხშირად ნათესავების სახელზე აფორმებს. მაგალითად, „როსობორონექსპორტის“ ხელმძღვანელმა მოსკოვის ოლქში, რუბლიოვსკოეს გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი სასახლე შვილიშვილის (უმცროსი მიხეევის ქალიშვილის) სახელზე დაარეგისტრირა. ქუჩის გადაღმა ჩემეზოვების ოჯახისა და მისი ბავშვობის მეგობრის, ვიტალი მაშჩიცკის მამულებია. მიხეევი და ჩემეზოვი მეზობლები არიან მოსკოვის ოლქში, აკულინინოში, სადაც „როსტეხის“ სხვა თანამშრომლები ცხოვრობენ.

ამასობაში, „22 კარატში” არა მხოლოდ „როსტეხის“ მაღალი რანგის მენეჯერებს შეხვდებით. იქ რამდენიმე ვილა ჩემეზოვის ძველ ნაცნობებს ან მათ გარემოცვას ეკუთვნით. თანაც, „ფორბსის“ სიაში შეტანილ მილიარდერებთან დაკავშირებული უძრავი ქონება უფრო მოკრძალებული აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელებისა.

ვილის კატეგორია: „ლალი“

მდებარეობა: მეორე რიგი

საერთო ფართობი: 1820 კვ.მ.

სხვა მახასიათებლები: 3 სართული, 7 საძინებელი

ანდრეი ბოკარევი რუსული Forbes-ის სიაში 42-ე ადგილზეა. ის 3,2 მილიარდი დოლარის ქონების მფლობელია. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, მას აშშ-მა, დიდი ბრიტანეთმა, ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ დაუწესეს სანქციები. მილიარდერი „როსტეხთან“ იარაღის ბიზნესს მართავდა და კარგად იცნობს თავად ჩემეზოვს. „როსტეხის“ ხელმძღვანელმა ბოკარევს არა მხოლოდ მიულოცა იუბილე, არამედ პირადად დაესწრო მის დაბადების დღეს, ხოლო ჩემეზოვის მეუღლემ მილიარდერის თვითმფრინავი გამოიყენა.

„სისტემის“ ორი წყარო იუწყება, რომ ბოკარევს უძრავი ქონება აქვს „22 კარატში“. მილიარდერის მეგობარი ადგილობრივ აპარტ-სასტუმროში 660 კვადრატული მეტრი ფართობის, ხუთსაძინებლიანი ბინის მფლობელად იყო მითითებული, მაგრამ ახლა ის ვინმე ეკატერინა მაკაროვას ეკუთვნის. თუმცა ბოკარევს აქვს თავისი კავშირი „22 კარატთან“.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მილიარდერი 29 წლის დიანა მაჯიტოვასთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 20-ზე მეტჯერ გაფრინდა. მათ არაერთხელ იმოგზაურეს ერთად ევროპაში და ეგზოტიკურ ქვეყნებში, როგორიცაა კაბო-ვერდე და კოსტა-რიკა. ბოკარევს და მაჯიტოვას სხვა კავშირებიც აქვთ. მაგალითად, ამ ახალგაზრდა ქალის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები საშვი ბოკარევის ასისტენტმა გააფორმა.

C4ADS-ის მონაცემთა ბაზის თანახმად, მაჯიტოვას სახელზე ორი „ლალის“ კლასის ვილა გაფორმდა. შემდგომში, ერთ-ერთი ჩემეზოვის კიდევ ერთი დიდი ხნის ნაცნობის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის ოჯახს გადაეცა.

ბოკარევმა და მაჯიტოვამ მათთან დაკავშირების მცდელობებს არ უპასუხეს.

ვილის კატეგორია: „ლალი“

მდებარეობა: მეორე რიგი

საერთო ფართობი: 1,448 კვ.მ.

სხვა მახასიათებლები: 4 სართული, 7 საძინებელი

უსმანოვი რუსული Forbes-ის სიაში მე-9 ადგილზეა 16,7 მილიარდი დოლარის ქონებით. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ისიც აშშ-ს, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, შვეიცარიისა და უკრაინის სანქციების სამიზნე გახდა.

„როსტეხის“ ხელმძღვანელთან დაახლოებული პირის თქმით, უსმანოვი, ბოკარევის მსგავსად, ჩემეზოვთან დიდი ხნის დაახლოებული ადამიანია. ჩემეზოვმა უსმანოვს „ნიჭიერი მეწარმე“ უწოდა. „როსტეხი“ არაერთხელ მონაწილეობდა მილიარდერის პროექტებში. უსმანოვმა, თავის მხრივ, ჩემეზოვი მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე მიიწვია და, The Wall Street Journal-ის ცნობით, ის იმავე ოფშორულ ქსელს იყენებდა, რასაც „როსტეხის“ ხელმძღვანელის ოჯახი.

უსმანოვს ასევე აქვს კავშირი „22 კარატთან“ ნათესავების მეშვეობით. მილიარდერის დისშვილი, გულნოზ კოჩაროვა და მისი მეუღლე ერთდროულად “ლალის“ ორი ვილის მფლობელები არიან დუბაის მიწის მართვის დეპარტამენტის მონაცემებით. უფრო მეტიც, ერთ-ერთი ქონება კოჩაროვებს ბოკარევის სავარაუდო კომპანიონისგან გადაეცათ.

ორივე კოჩაროვი უსმანოვის ბიზნესში იყო ჩართული და მილიარდერის სტრუქტურებთან კავშირის გამო აშშ-მა მათ სანქციები დაუწესა.

უსმანოვის წარმომადგენლებმა და ადვოკატებმა ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. გულნოზ კოჩაროვამ ტელეფონი გათიშა, როდესაც გაიგო, რომ ჟურნალისტი ურეკავდა. არც მან და არც მისმა მეუღლემ გაგზავნილ კითხვებს პასუხი არ გასცეს.

ვილის კატეგორია: „ზურმუხტი“

მდებარეობა: მესამე რიგი

საერთო ფართობი: 2188 კვ.მ.

სხვა მახასიათებლები: 2 სართული, 7 საძინებელი

მაკაროვი, რომლის ქონებაც 2,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ჩემეზოვს დიდი ხანია იცნობს, ამბობს ამ უკანასკნელთან დაახლოებული პირი. ბიზნესმენი და სახელმწიფო მოხელე 1990-იანი წლების ბოლოს შეხვდნენ ერთმანეთს და „მაშინვე დამეგობრდნენ“. შემდეგ ჩემეზოვის ვაჟმა მაკაროვთან სამსახური მიიღო, ხოლო „როსტეხის“ ხელმძღვანელის ცოლი მისი გაზის ბიზნესის აქციონერებს შორის გამოჩნდა. მოგვიანებით ჩემეზოვის მეუღლემ თანდათან გაყიდა მაკაროვის კომპანიის აქციები, რამაც „როსტეხის“ ხელმძღვანელის ოჯახის ბიუჯეტი 130 მილიონი დოლარით შეავსო.

მაკაროვს ჩემეზოვთან სხვა სფეროშიც ჰქონდა ურთიერთობა. 2007-2010 წლებში ბიზნესმენი იყო „როსტეხის“ ხელმძღვანელის მოადგილე რუსეთის ველოსპორტის ფედერაციის (RCF) სამეურვეო საბჭოში, შემდეგ ექვსი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას და დღემდე მის საპატიო პრეზიდენტად არის მოხსენიებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემეზოვს მუდმივად ეჭირა RCF-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა.

მაკაროვს 2016 წელს RCF-ის პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, კონტაქტები ჩემეზოვთან აღარ ჰქონია, განაცხადა ბიზნესმენის წარმომადგენელმა: „თითქმის ათი წლის განმავლობაში ბატონი მაკაროვი არ ურთიერთობდა ბატონ ჩემეზოვთან - არც დუბაიში და არც სხვაგან - და არ აქვს ინფორმაცია მისი ადგილსამყოფლისა და საქმიანობის შესახებ“. მაკაროვმა „22 კარატში“ ქონება 2021 წელს შეიძინა საინვესტიციო მიზნებისთვის, ბიზნესმენის შვილი პერიოდულად იყენებს მას საცხოვრებლად, განაცხადა მაკაროვის წარმომადგენელმა.

2022 წელს ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ მაკაროვს სანქციები დაუწესეს. ამის შემდეგ, კვიპროსის პასპორტის მქონე მილიარდერმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. შედეგად, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ მაკაროვის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები გააუქმეს.

პარტნიორები

დუბაიში „როსტეხის“ თანამშრომელი მოაგარაკეებისთვის დასმული მთავარი კითხვა ასეთია: რა თანხები გამოიყენეს თავიანთი მდიდრული ვილების შესაძენად? სამი სახელმწიფო მმართველიდან მიხეევს ყველაზე არაცხადი სიტუაცია აქვს - მას არასდროს გაუმხელია თავისი შემოსავალი. მიხეევი ამასთან, 2001 წლიდან მხოლოდ სახელმწიფო კომპანიებში მუშაობდა და მისი ოჯახის უძრავი ქონება მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში 3,9 მილიარდ რუბლად იყო შეფასებული. დუბაიში იახტასა და ვილასთან ერთად, „როსობორონექსპორტის“ ხელმძღვანელთან დაკავშირებული აქტივები 87 მილიონ დოლარად შეიძლება შეფასდეს.

მიხეევის უფროსი - ჩემეზოვი - პირიქით, რეგულარულად ამზეურებდა ოჯახის შემოსავლის შესახებ მონაცემებს. თითქმის იმავე სიხშირით შედიოდა ის ყველაზე მდიდარი საჯარო მოხელეების სიაში. თუმცა „როსტეხის“ ხელმძღვანელის ოჯახის სიმდიდრის მთავარი წყარო ცოლია. ჩემეზოვის მეუღლე შემოსავალს „როსტეხის“ სტრუქტურებთან დადებული კონტრაქტებიდან და სახელმწიფო კორპორაციის პარტნიორებთან გარიგებებიდან შოულობს. ოფიციალური მონაცემებით, 2009 წლიდან 2021 წლამდე (ამის შემდეგ ჩემეზოვების დეკლარაციები არ გამოქვეყნებულა), ჩემეზოვების ოჯახმა 16,8 მილიარდი რუბლი (306 მილიონი აშშ დოლარი) გამოიმუშავა. თუმცა ეს თანხა მაინც ნაკლებია იმ აქტივების ღირებულებაზე, რომლებიც გამომძიებლებმა ჩემეზოვების ოფშორულ ანგარიშებზე აღმოაჩინეს.

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები გამარჯვების აღლუმზე მოსკოვში (არქივის ფოტო)

ყველაზე ნაკლები კითხვა ჩნდება ნიკოლაი კოლესოვთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს, ის არა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეა, არამედ კერძო თავდაცვის იმპერიის მფლობელიც, რომლის საფინანსო ბრუნვაც 2018 წელს 1 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ამ საქმიანობას კოლესოვების ოჯახისთვის მილიარდობით რუბლის მოგება მოაქვს. ნიუანსი ის არის, რომ კოლესოვის პარტნიორია „როსტეხი“, რომელსაც მართავს მისი მეზობელი დუბაიში: სახელმწიფო კორპორაცია კოლესოვის საწარმოების თანამფლობელი იყო და მათ მილიარდი დოლარის შეკვეთებს აძლევდა.

სქემას, რომლითაც კოლესოვი „22 კარატში“ თავისი მეზობლების დახმარებით მდიდრდება, შეგიძლიათ გაჰყვეთ რამენსკოეს ხელსაწყოთა საწარმო დიზაინის ბიუროს (RPKB) მაგალითზე, რომელიც „როსტეხის“ ნაწილია.

2013 წელს კოლესოვი საწარმოს დირექტორთა საბჭოს შეუერთდა, ხოლო მიხეევი „რუსულ შვეულმფრენებს“ ხელმძღვანელობდა, რომელიც RPKB-ის მთავარი მომხმარებელია. ამის შემდეგ, ჩემეზოვის გარემოცვაში მოღვაწე ბიზნესმენთან დაკავშირებულმა კომპანიამ კონტროლი მოიპოვა RPKB-ზე და კოლესოვის ორბიტის კომპანიები RPKB-ის აქციონერები გახდნენ. საქმე იმით დასრულდა, რომ RPKB-მ საკუთარი აქციები აქციონერებისგან გამოისყიდა გაბერილ ფასად. ოპერაციამ კოლესოვთან დაკავშირებულ აქციონერ კომპანიებს მინიმუმ 19 მილიარდი რუბლის (259 მილიონი აშშ დოლარი) მოგება მოუტანა.

ამ თანხით „საფირონის“ ექვსივე ვილის შეძენა შეიძლებოდა „22 კარატში“ და ის მათი დასრულებისთვისაც საკმარისი იქნებოდა.

1947 წელს დაარსებული რამენსკოეს ხელსაწყოთა საწარმო დიზაინის ბიურო (RPKB) ავითარებს საავიაციო აღჭურვილობას, რომელიც ხმარდება რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების უმეტესობას. 2013 წელს RPKB გადავიდა კონცერნ რადიოელექტრონული ტექნოლოგიების (KRET) მართვის ქვეშ, რომელიც „როსტეხის“ ნაწილი იყო და რომელსაც იმ დროს ნიკოლაი კოლესოვი ხელმძღვანელობდა. ალექსანდრე მიხეევი მართავდა ამ დროს RPKB-ის მთავარ მომხმარებელს, „როსტეხის“ კიდევ ერთ ჰოლდინგს, „რუსეთის შვეულმფრენებს.“ კოლესოვი და მიხეევი ისხდნენ ასევე RPKB-ის დირექტორთა საბჭოში.

2014 წელს RPKB-ზე კონტროლი გადაეცა კომპანია Aeroprominvest-ს. ის დაკავშირებულია ჩემეზოვთან დაახლოებულ პირთან, ბიზნესმენ ვიქტორ გრიგორიევთან. ხოლო ერთი წლის შემდეგ, კოლესოვთან ასოცირებული კომპანია გახდა Aeroprominvest-ის (და შესაბამისად, RPKB-ის) თანამფლობელი. ამის შემდეგ, RPKB-მ თავის აქციონერებს უპრეცედენტო დივიდენდები გადაუხადა - სულ 6,3 მილიარდი რუბლი (110 მილიონი აშშ დოლარი). გარდა ამისა, RPKB-მ კოლესოვის ერთ-ერთი სტრუქტურა 520 მილიონ რუბლად (8,6 მილიონი აშშ დოლარი) შეიძინა და მასთან დაკავშირებულ ბანკში 1,5 მილიარდი რუბლის (25,9 მილიონი აშშ დოლარი) საკრედიტო ხაზი გახსნა.

RPKB-დან თანხის ამოღების კიდევ ერთი სქემა გულისხმობდა კომპანიის აქციების თვითონვე გაყიდვას. 2018-2020 წლებში RPKB-მ თავისი შვილობილი კომპანიის, Master Max-ის მეშვეობით აქციების უკან გამოსყიდვაზე სულ 28,7 მილიარდი რუბლი (413 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯა. აქედან კოლესოვთან ასოცირებულ ფირმებს, Vysokie Tekhnologii-სა და Star-ს, სულ მცირე, 19 მილიარდი რუბლი გადაეცა.