ვინ აგზავნის კუბელებს უკრაინაში საბრძოლველად? - მაგალითად, ტურისტული აგენტი რუსეთის პროვინციიდან

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ დაუთარიღებელ ფოტოზე, ელენა სმირნოვაა მანქანის წინ, რომელზეც გამოსახულია კუბის დროშა და ასო „Z“ - რუსეთის მიერ უკრაინასთან ომის სიმბოლო.

უკრაინაში დაჭრილი კუბელები – ორი 19 წლის ახალგაზრდა, ალექს ვეგასი და ანდორფ ველასკესი – ჰყვებიან, როდის აღმოჩნდნენ რუსების მხარეს საბრძოლველად და როგორ.

მათ თქვეს, რომ რუსეთის კალინინგრადის ოლქის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ და რომ რუსეთში "ფულის საშოვნელად" ჩავიდნენ. როგორც თავად ჰყვებიან, ეს მგზავრობა სამმა ქალმა (ორმა რუსმა და ერთმა კუბელმა) მოაწყო და დააფინანსა.

მოსკოვში ჩასვლისას, როგორც პოპულარულ კუბელ ვიდეობლოგერს განუცხადეს, ისინი აიძულეს, ხელი მოეწერათ რუსულენოვან კონტრაქტზე, რომლის შინაარსიც არ ესმოდათ, შემდეგ კი პროვინციულ ქალაქ რიაზანში გაგზავნეს, სადაც სკოლის საერთო საცხოვრებელში დააბინავეს.

2023 წლის აგვისტოს ვიდეოში მათ თქვეს, რომ საბოლოოდ უკრაინაში, ფრონტის ხაზზე აღმოჩნდნენ, სადაც თხრილებს თხრიდნენ, და ბოლოს დაიჭრნენ.

უკრაინული და დასავლური შეფასებებით, უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის თითქმის 44 თვის თავზე, რუსეთმა თავისი ომის საწარმოებლად 700 000-მდე კაცი გააგზავნა ფრონტზე. მოსკოვმა ფართოდ გაშალა ბადე, რათა პერსონალის ნაკადი არ შეწყდეს: სავარაუდოდ, დაახლოებით 12 000 ჩრდილოკორეელი იბრძვის რუსულ ძალებთან ერთად.

უცხოელებს შორის მეორე ადგილზე კუბელები არიან.

უკრაინის დაზვერვის შეფასებით, რამდენიმე ათასი კუბელია გადაბირებული, რომელთაგან ბევრი მოტყუებით ჩართეს რუსულ დანაყოფებში. „როიტერსის“ მიერ ნანახი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა გზავნილის მიხედვით, უკრაინაში მებრძოლი კუბელების რაოდენობა 5 000-ს შეადგენს. აშშ-ის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ კუბის მთავრობა აქტიურად უჭერს მათ მხარს.

უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, რომლებიც გასულ თვეს ვაშინგტონში ჩავიდნენ კონგრესის ლიდერებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, სულ მცირე 20 000 კუბელი "ელოდება მგზავრობასა და განთავსებას" რუსეთში.

ასობით, შესაძლოა ათასობით, კუბელიც კი, სავარაუდოდ, გადაიბირა 41 წლის, ტურისტულმა აგენტმა რიაზანიდან - მისი ადვოკატის მიერ დაწერილი წერილის თანახმად, რომელიც ექსკლუზიურად მოიპოვა რადიო თავისუფლების რუსულენოვანმა საგამოძიებო სამსახურმა, „Systema“-მ. რეალურად მათი რაოდენობა შეიძლება 3 000-ს აჭარბებდეს.

და ის მარტო არ ყოფილა.

უფრო და უფრო მეტი კუბელი აპროტესტებს საჯაროდ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მოტყუებით მოხვედრას, მათ შორის, ეს ორი მამაკაცი, რომლებიც 2023 წლის აგვისტოში პოპულარული კუბელი ვიდეობლოგერის შოუში მონაწილეობდნენ.

„კუბელები მოსკოვში“

რუსეთის შეჭრის დაწყებისთანავე ჩამოყალიბდა გადაბირების სქემების ქსელი, ზოგჯერ სახელმწიფოს ფორმალური თანხმობით, ზოგჯერ კი - ნაკლებად ოფიციალური მხარდაჭერით. კერძო დაქირავებულთა კომპანიებმა, როგორიცაა „ვაგნერის ჯგუფი“, მაგალითად, შექმნეს საკუთარი გადაბირების არხი, რომელიც რუსეთის ციხეების პატიმრებზე მუშაობდა.

დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდნენ ვეგასი და ველასკესი უკრაინაში, ბუნდოვანია; დამატებითი კომენტარებისათვის მათი მოძებნა ვეღარ მოხერხდა.

თუმცა მათი მგზავრობის დეტალები ემთხვევა ელენა სმირნოვას მიერ ორკესტრირებულ სქემას. ის რუსი ქალია, რომელსაც საკუთარი ტურისტული სააგენტო ჰქონდა რიაზანში, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარე ქალაქში.

მათი ისტორია ასევე წააგავს ფრენკ მანფუგას, 36 წლის კუბელი მამაკაცის ამბავს, რომელიც უკრაინულმა ჯარებმა 2024 წლის მარტში, რუსეთის სამხედრო ძალებში გაწევრიანებიდან სამი თვის შემდეგ, დაატყვევეს. „Schemes“-ისთვის (რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო სამსახური) მიცემულ ინტერვიუებში ის ამტკიცებდა, რომ მოტყუებით აიყვანეს რუსეთისკენ მიმავალ თვითმფრინავში - მას მშენებლობაზე მუშაობას დაჰპირდნენ.

2023 წლის დასაწყისში სმირნოვამ „ფეისბუკზე“ და მის რუსულ ეკვივალენტ VK-ზე, ესპანურენოვან ჯგუფში სახელწოდებით "კუბელები მოსკოვში", ესპანურენოვანი განცხადებების გამოქვეყნება დაიწყო.

განცხადებები, რომლებიც შემდეგ წაიშალა, მსურველს სთავაზობდა გაწევრიანების ბონუსს, ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით 200 000 რუბლის ($2 000) ოდენობით, და საბოლოოდ რუსეთის მოქალაქეობას. ეს თანხები გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე კუბაში საშუალო ხელფასია.

სმირნოვამ და მისმა თანამშრომლებმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს სამუშაოს შესახებ განცხადებები ესპანურ ენაზე და კუბელებს სამუშაოდ იწვევდნენ.

„Systema“-ს მიერ მოპოვებულ ადვოკატის წერილში დეტალურად აღწერილი კონტრაქტების პირობების მიხედვით, სმირნოვა აანაზღაურებდა მგზავრობის ხარჯებს ჰავანიდან მოსკოვამდე, რუსეთში განთავსებას და სხვა ხარჯებს. რუსეთში ჩასვლის შემდეგ კი პირი ამ ხარჯებს მას კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დაუბრუნებდა. სმირნოვა ან მისი თანამშრომლები გადაიღებდნენ პირის საბანკო ბარათის ასლს და მასზე საწყის თანხას ჩარიცხავდნენ ხარჯების დასაფარად.

2023 წლის მაისის სტატიაში გაზეთი „რიაზანსკიე ვედომოსტი“ დეტალურად აღწერდა, თუ როგორ მოაწერა ხელი კონტრაქტებს ახალწვეულთა ჯგუფმა როგორც რუსეთიდან, ისე კუბიდან. „მთავარი მოტივაცია არის ჩვენი სამშობლოს დახმარება ამ რთულ დროს, ხოლო ფინანსური კომპონენტი სასიამოვნო ბონუსია,“ - ციტირებდა გაზეთი ადგილობრივ სამხედრო რეკრუტერს.

რიაზანის ერთ-ერთ გაზეთში 2023 წლის მაისში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღწერილი იყო რუსეთის შეიარაღებულ ძალებში უკრაინაში საბრძოლველად ჩაწერილი ახალწვეულების ჯგუფი. მათ შორის იყვნენ კუბელებიც.

„ფაქტების დამახინჯება“

2023 წლის ზაფხულისთვის ათამდე კუბელი რეკრუტის ჯგუფმა უარი თქვა სმირნოვასთვის ფულის გადახდაზე. თვეების შემდეგ რამდენიმე კუბელმა მედიასთან ინტერვიუებში განაცხადა, რომ სმირნოვამ ფული მოიპარა მათი საბანკო ანგარიშებიდან. ორი ოფიციალური საჩივარი პოლიციაში 2024 წლის 25 აპრილს შევიდა, მესამე კი - შემდეგ დღეს.

იმავე თვეში სმირნოვა დააკავეს, ბრალად ქურდობა წაუყენეს და დააპატიმრეს.

რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისრისადმი მიწერილ წერილში სმირნოვას ადვოკატმა სერგეი პოსელიაგინმა გააპროტესტა მისი კლიენტის დაკავება. მან განაცხადა, რომ გამომძიებლები „ფაქტებს ამახინჯებდნენ“ და რომ ის შეთქმულების მსხვერპლი იყო. მან მოითხოვა, რომ სმირნოვა ნაადრევად გაეთავისუფლებინათ თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტზე ხელმოწერის სანაცვლოდ, რათა ემსახურა თარჯიმნად დაზვერვის დანაყოფში.

ეს წერილი „Systema“-ს უკრაინელმა კანონმდებელმა, მარიან ზაბლოცკიმ მიაწოდა, რომელიც გასულ თვეს ვაშინგტონში ჩასულთა შორის იყო. მას წერილის წყარო არ დაუსახელებია.

2024 წლის 23 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში პოსელიაგინი წერდა, რომ სმირნოვა 3 000-ზე მეტი კუბელის და სხვა უცხოელის გადაბირებაში იყო ჩართული. მისი თქმით, სმირნოვამ ყველა რეკრუტს უთხრა, რომ კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ მის მიერ წინასწარ გადახდილ თანხებს მათი საბანკო ანგარიშებიდან აინაზღაურებდა. ადვოკატი ამტკიცებდა, რომ 11 პირზე, რომლებმაც საჩივრები შეიტანეს, ზეწოლა განხორციელდა სამართალდამცავების მხრიდან.

პოსელიაგინმა არ უპასუხა „Systema“-ს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეკითხვებს.

სამი პირი, რომლებმაც ხელი მოაწერეს საჩივრებს სმირნოვას წინააღმდეგ, კუბის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციის ანგარიშების გაჟონილი მონაცემთა ბაზიდან, რომელიც „Systema“-მ გადაამოწმა. ერთ-ერთ მათგანს, რენე ფლეიტასს, აქვს ფეისბუკის გვერდი, სადაც 2025 წლის 11 მარტს გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ის მოსკოვში, კრემლის ფონზე დგას.

მამაკაცმა არ უპასუხა ფეისბუკის საშუალებით გაგზავნილ შეტყობინებებს. თუმცა მისმა ნათესავმა „Systema“-ს ფეისბუკის მეშვეობით განუცხადა, რომ ფლეიტასი მოატყუეს და ის ბრძოლის ველზე აღმოჩნდა. მისი თქმით, ფლეიტასი ახლა დაკარგულია.

საპნის ყვავილები

კუბელების მიერ სმირნოვას წინააღმდეგ შეტანილ პოლიციის საჩივრებში ფიგურირებს კიდევ ერთი ქალი, სახელად ოლგა შილიაევა. ის სავარაუდო თანამზრახველადაა მოხსენიებული. ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პარიკმახერი, 41 წლის შილიაევა მჭიდროდ თანამშრომლობდა სმირნოვასთან უცხოელ რეკრუტებთან კონტრაქტების გაფორმებისას.

VK-ზე 2025 წლის 30 აპრილს გამოქვეყნებულ ამ ფოტოზე, ოლგა შილიაევა, სმირნოვასთან ერთად მომუშავე ერთ-ერთი პირი, ნაჩვენებია უკრაინაში განაწილების შემდეგ.

საერთო ნაცნობის თქმით, რომელიც „Systema“-ს სახელის დაფარვის პირობით ესაუბრა, სმირნოვას და შილიაევას მუდმივად ხედავდნენ რიაზანის სამობილიზაციო ცენტრში, სადაც ისინი დღეში 30-დან 40-მდე ადამიანთან აფორმებდნენ კონტრაქტებს.

კუბელი ქალი, რომელიც სმირნოვას ძიძად მუშაობდა და მის სამ შვილს უვლიდა, ასევე იღებდა მონაწილეობას საბუთების მოწესრიგებაში, ბილეთების შეძენასა და ჩამოსული რეკრუტების დახვედრაში.

სმირნოვა, რომელთან დაკავშირებაც კომენტარისთვის ვერ მოხერხდა, წინასწარი პატიმრობიდან მიმდინარე წლის დასაწყისში გაათავისუფლეს. შილიაევამ ასევე უარი თქვა კომენტარზე, როდესაც მას „Systema“ სოციალური მედიით დაუკავშირდა.

თუმცა ქალების კიდევ ერთმა ნაცნობმა „Systema“-ს განუცხადა, რომ ორივე უკრაინაში გაგზავნეს 2025 წლის გაზაფხულზე. მისი თქმით, ისინი ამჟამად მსახურობდნენ დანაყოფში, რომელიც ძირითადად ყოფილი პატიმრებისგან შედგებოდა და რუსეთის პირველ სატანკო არმიის ბრიგადას იყო მიმაგრებული.

ამ პირის ცნობით, ზოგიერთმა კუბელმა რუსეთში ჩასვლისას არ იცოდა, რომ ომში მიდიოდა. მათ ეგონათ, რომ მშენებლობაზე ან რამე მსგავს სამუშაოებზე დაასაქმებდნენ.

ნაცნობმა კუბელების მოტყუებაში ბრალეულობის ლომის წილი რუსეთში მცხოვრებ 37 წლის კუბელ ქალს, დაიანა დიაზს დააკისრა.

დიაზის VK გვერდზე გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ფოტო, სადაც ახურავს ქუდი ასო V-თი და რუსეთის დროშით, სახელოზე კი კუბის დროშა აქვს გამოსახული. მის მიერ მართული „ტელეგრამის“ პროფილი, სხვა საკითხებთან ერთად, რეკლამას უწევს ყვავილების ფორმის საპნისგან დამზადებულ თაიგულებს.

დაიანა დიაზი, რომელიც სოციალური მედიის ამ ფოტოზე კუბის დროშით მხარზეა გამოსახული, ერთ-ერთია იმ პირებს შორის, ვინც სმირნოვასთან ერთად მუშაობდა კუბელების რეკრუტირებაზე.

დიაზის ტელეფონის ნომერი მოცემულია სმირნოვას მიერ ფეისბუკზე და VK-ზე გამოქვეყნებულ განცხადებებში. ფეისბუკის ჯგუფში „კუბელები მოსკოვში“, ზოგიერთი სწორედ მას ადანაშაულებს ნაცნობების მოტყუებაში. 2023 წლის YouTube ვიდეოში გამოჩენილი ორი მამაკაციც ახსენებს ქალს სახელად დაიანა.

„Systema“-მ დიაზს ტელეგრამის მეშვეობით დაუკავშირდა და ჰკითხა, ეხმარებოდა თუ არა ის უცხოელებს სამუშაოს პოვნაში და სამხედრო კონტრაქტების გაფორმებაში.

„არა“, - უპასუხა დიაზმა.

"ასობით ვიზას, წესით, შენიშნავდნენ"

უცნობია, გააჩნდა თუ არა სმირნოვას მიერ სავარაუდოდ წარმოებულ რეკრუტირების სქემას ოფიციალური თანხმობა. „Systema“-მ ვერ იპოვა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა პირდაპირ კავშირზე სადაზვერვო სააგენტოებთან ან სამხედროებთან.

თუმცა ათეულობით, თუ არა ასობით, კუბელისა და სხვა უცხოელისთვის ვიზებისა და მგზავრობის ნებართვების მოპოვება საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სხვა სამთავრობო უწყებების ყურადღებას მიიპყრობდა.

უკრაინელმა კანონმდებელმა ზაბლოცკიმ თქვა, რომ მისი აზრით, სმირნოვას ოპერაცია FSB-ს ან GRU-ს (რუსეთის ორი ძირითადი სადაზვერვო სააგენტო) თანხმობით ხორციელდებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა არ უპასუხა „Systema“-ს მიერ გაგზავნილ შეკითხვებს.

ასევე ნახეთ როგორ ქირაობს რუსეთი კუბელებს უკრაინაში საომრად? – „სქემების“ გამოძიება