დანაშაული და სასჯელი - რას (ვერ) იძიებს სახელმწიფო

კრიმინალის სტატისტიკის ანალიზი დანაშაულთან ბრძოლის წარმატებისა და წარუმატებლობის გარდა, აჩვენებს იმასაც, რომ საზოგადოების აღქმები და დანაშაულის სტატისტიკა ერთმანეთს აცდენილია.

დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, ოფიციალური სტატისტიკით (საჯაროა ბოლო 15 წლის მონაცემები), არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორც დღეს.

2024 და 2023 წლებში რეგისტრირებული დანაშაულების 64% გაიხსნა - ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოში ეს რიცხვი, როგორც წესი, 50%-ზე დაბალი იყო.

რაზე მიუთითებს ეს სტატისტიკა - იმაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოები განსაცვიფრებლად კარგად მუშაობენ თუ იმაზე, რომ შესაძლებელია ციფრებით სასურველი სურათის ასახვა?

კრიმინალის ანალიტიკოსები ციფრებით მანიპულირებასაც არ გამორიცხავენ და ასახელებენ რამდენიმე გზას, როგორ შეიძლება “დანაშაულთან წარმატებულად მებრძოლი პოლიციის” სურათის შექმნა.

  • ყველაფერი შეიძლება იწყებოდეს დანაშაულის რეგისტრაციისას - შსს არ იწყებს ყველა მიმართვაზე საქმისწარმოებას და არეგისტრირებს იმ შემთხვევებს, რომლებსაც გამოძიების მაღალი შანსი აქვს ან გახმაურებული შემთხვევებია.
  • დანაშაულის რეგისტრაციის თანმდევია კვალიფიკაციაც, რომლითაც იწყება გამოძიება. დანაშაულის კვალიფიკაცია განსაზღვრავს, რომელმა უწყებამ უნდა გამოიძიოს ის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ - ყველა ცდილობს რთულ გამოძიებებზე პასუხისმგებლობა თავისი უწყების ხელში არ დარჩეს - ამ პრობლემებზე ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ისაუბრა რადიო თავისუფლების პოდკასტში 2150.
  • დანაშაულების სტატისტიკაზე გავლენას ახდენს საარჩევნო ციკლიც - იმ წლებში, როცა პარლამენტის ან თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, პოლიცია უფრო ნაკლებ დანაშაულს არეგისტრირებს, ვიდრე სხვა წლებში - ამ ტენდენციაზე მიუთითებს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი". 2024 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 49 976 დანაშაული დაარეგისტრირა, რაც წინა წელთან შედარებით 7,75%-ით ნაკლებია და რეგისტრირებული დანაშაულის ყველაზე ნაკლები მაჩვენებელია ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.
  • გახსნის მაჩვენებელზე გავლენა აქვს საპროცესო შეთანხმებების პრაქტიკასაც - სხვადასხვა ბრალდებით დაკავებული ადამიანები ხშირად ირჩევენ სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე ბრალის აღიარებას და უფრო ხელსაყრელი გარიგების დადებას, ვიდრე შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს. აღიარება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს ზევით წევს. 2023 წელს საპროცესო შეთანხმების დადებისას სასჯელის სახით შეფარდებული 32 707 976 ლარის ოდენობის ჯარიმა ყველაზე მაღალია 2013 წლის შემდეგ - ბოლო წლებში 2023 წელს ყველაზე მაღალი იყო საპროცესო შეთანხმებებში ფულადი ჯარიმის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელიც.


საბოლოო ჯამში, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი მთელი წლის განმავლობაში რეგისტრირებული კრიმინალური შემთხვევების საერთო რაოდენობიდან ითვლება - ეს საშუალებას იძლევა, წვრილმანი დანაშაულების გახსნის მაღალმა მაჩვენებელმა “შთანთქას” მძიმე და პრინციპულად მნიშვნელოვანი საქმეების გამოუძიებლობის დაბალი რიცხვი.

აი, რამდენიმე გახმაურებული საქმე, რომლებშიც დანაშაულზე პასუხისმგებელი დადგენილი არ არის და შესაბამისად არც დასჯილია.

ასევე ნახეთ როცა ჯარიმაა გამოსაწერი ხედავენ, როცა პოლიციელის დანაშაულია დასამტკიცებელი, ვერა - ნახეთ, სად დაამატეს ახალი "ჭკვიანი კამერები"

ვერტმფრენის ჩამოვარდნა გუდაურში

დღემდე არ ვიცით, რა გახდა 2022 წელს გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი. სამი წლის წინ ამ კატასტროფაში რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი პილოტი. გამოძიება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით იძიებდა, რაც საჰაერო [ამ შემთხვევაში] ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

გუდაურში დაღუპულების პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში

ამ მუხლით [რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა] ბოლო ხუთ წელიწადში დაწყებული 63 გამოძიებიდან მხოლოდ ერთი საქმეა გახსნილი.

ზოგადად, სატრანსპორტო დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი 30%-ს თითქმის არასოდეს აღემატება - ამ კატეგორიაში ერთიანდება ავტოსაგზაო შემთხვევებიც, რომელთა რიცხვიც წლიდან წლამდე მაღალია და ასობით ადამიანის სიცოცხლეს და ათასობით ადამიანის ჯანმრთელობას იწირავს.

შოვში, ღვარცოფში დაღუპული 33 ადამიანი

2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვში მოვარდნილ ღვარცოფს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - მაშინ გამოძიება სისხლის სამართლის ორ დანაშაულს: გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და უსაფრთხოების წესების დარღვევის შესაძლებლობას იკვლევდა. დაღუპულების ადვოკატები ამბობდნენ, რომ მნიშვნელოვანი იყო, გამოძიებას განსაცდელში მიტოვების და გულგრილობის ფაქტებიც შეესწავლა.

ვის გაუფრთხილებლობას ემსხვერპლა ათობით ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე?

გამოძიებას ეს არ დაუდგენია.

სტიქიის ადგილი ერთი წლის შემდეგ

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაწყებული გამოძიებები თითქმის ყოველთვის უშედეგოდ მთავრდება:

  • 2024 წელს დაწყებული 212 გამოძიებიდან მხოლოდ 4 გაიხსნა [1,8%];
  • 2023 წელს 172-დან - 6 [3,4%];
  • 2022 წელს 202-დან - 5 [2,4%];
  • 2021 წელს 256-დან - 3 [1,1%].

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა

2023 წელს სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რასაც მაჩალიკაშვილების ოჯახი წლების განმავლობაში ამტკიცებდა - 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე არ იყო სათანადოდ გამოძიებული, დაირღვა ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპი, მტკიცებულებები არასრულფასოვნად იყო გამოკვლეული, ოჯახს დაზარალებულის სტატუსი დაგვიანებით მიანიჭეს.

გამოძიება ამ საქმეს როგორც სამოხელეო დანაშაულს, ისე იძიებდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური დანაშაული - გახსნის დაბალი მაჩვენებლით. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე, ანუ იმავე კატეგორიის დანაშაულზე, რა მუხლითაც იძიებდნენ მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს, 1150 გამოძიებაა დაწყებული და მათგან მხოლოდ 25-ია გახსნილი [22%].

ზოგადად, სამოხელეო დანაშაულის კლება ბოლო წლების ტენდენციაა.

ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება შემცირდა 55,8%-ით, ქრთამის აღება 53,9%-ით, უფლებამოსილების გადამეტება 28,3%-ით, ქრთამის მიცემა 28,6%-ით, სამსახურებრივი სიყალბე 68%-ით, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის შემთხვევები 37,5%-ით.

სხვადასხვა სამოხელეო დანაშაულის მკვეთრი შემცირება ან/და გამოვლენილი შემთხვევების სიმწირე აჩენს კითხვებს კორუფციულ დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანობაზე. 2019 წელთან შედარებით, გამოვლენილი სამოხელეო დანაშაულების რიცხვი 63%-ით არის შემცირებული.

გადამწვარი ბაზრობები

თითქმის უშედეგოდ სრულდება ბაზრობებზე გაჩენილი ხანძრების მიზეზების გამოძიებებიც - ამ ხანძრების, რომლებსაც, როგორც წესი, მილიონობით ლარის ზარალი ახლავს თან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიდის ხოლმე. ეს დანაშაული სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. გასული ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად ამ მუხლით ათასზე მეტ შემთხვევაზე იწყება გამოძიება და არასოდეს იხსნება 500-ზე მეტი, ანუ გამოუძიებელია შემთხვევების ნახევარი.

დამწვარი მაღაზია ვაგზლის მოედანის სიახლოვეს

დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობა

დაუდგენელია, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ გელათის მონასტერში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა და უნიკალური მოზაიკა დააზიანა. სტატისტიკის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებაზე ან განადგურებაზე დაწყებული გამოძიებები ფორმალობაა - 2022 წლიდან ამ მუხლით დაწყებული არცერთი გამოძიება შედეგით არ დასრულებულა. 2021 წელს რვა შემთხვევიდან მხოლოდ ერთი საქმე გაიხსნა, 2020 წელს 30-დან - 5.


აქცია თბილისში გელათის გადარჩენის მოთხოვნით. 2022 წელი

კრიმინალის სტატისტიკის ანალიზი დანაშაულთან ბრძოლის წარმატებისა და წარუმატებლობის გარდა, აჩვენებს იმასაც, რომ საზოგადოების აღქმები და დანაშაულის სტატისტიკა ერთმანეთს აცდენილია.

ჟურნალისტებზე თავდასხმები

2024 წელს, როცა უპრეცედენტოდ ბევრი ჟურნალისტი გახდა ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი და თავდასხმის სამიზნე, ჟურნალისტური საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაწყებული გამოძიებების რაოდენობა, შეიძლება ითქვას, არ შეცვლილა - მხოლოდ ერთით მეტი იყო შარშანწინდელ 14 შემთხვევასთან შედარებით. არადა, მხოლოდ 28 ნოემბრის შემდეგ აქციებზე მუშაობისას 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს, დააკავეს, აპარატურა დაუმტვრიეს. ძალადობის გახმაურებულ საქმეებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, რომელსაც ექვსი თვის განმავლობაში ერთი პასუხისმგებელი პირიც კი არ გამოუკვეთია.

იმის ფონზე, რომ დაკავებული არ არის ჟურნალისტებზე თავდამსხმელი არცერთი ადამიანი, პატიმრობაში რჩება "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი - მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

არის შემთხვევები, როცა ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებს სახელმწიფო არა მხოლოდ სათანადოდ არ იძიებს, დანაშაულის ადგილას პოლიციაც კი არ მიდის ოპერატიულად - ერთ-ერთი ბოლო ასეთი ამბავი 12 მაისს "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს მარტყოფში მასალის მომზადებისას გადახდა თავს.


დევნის შემთხვევების რეგისტრაცია

2024 წელსვე, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, ოპოზიციონერებსა და აქტივისტებზე გაზრდილი აგრესიისა და თავდასხმების პარალელურად, წინა წელთან შედარებით შემცირებულია დევნის მუხლით დაწყებული საქმეების რეგისტრაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს დევნის მხოლოდ შვიდი შემთხვევაა დაფიქსირებული და ყველა გახსნილია.

მოქალაქეებზე თავდასხმებს, მათ საცხოვრებელ სახლებთან ჩასაფრებებს, ოფისების შეღებვას უხამსი და შეურაცხმყოფელი გზავნილებით თან ახლდა ეჭვი, მათ შორის ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებებზე დაყრდნობით, რომ ამ თავდასხმებში ჩართულები სახელმწიფო მოხელეებისგან იღებდნენ პერსონალურ მონაცემებს მსხვერპლების მისამართებისა თუ ადგილსამყოფლის შესახებ.

ამ ეჭვების პასუხად გასულ წელს არც პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების ხელყოფის შემთხვევებზე დაწყებული გამოძიებების რაოდენობა არ გაზრდილა - რეგისტრირებულია სულ ცხრა შემთხვევა, რომელთაგანაც ორი გახსნილია. 2023 წელს რეგისტრირებული ექვსი შემთხვევიდან ერთი გაიხსნა.

პოლიციის მანქანებში ცემის შემთხვევები

28 ნოემბრის შემდეგ თბილისში გამართულ აქციებზე ასობით სასტიკად ნაცემი დემონსტრანტის ამბების შესწავლის შემდეგ (რამდენიმე ათეული ნაცემი დემონსტრანტი საავადმყოფოშიც მოხვდა) უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ამ ამბების აღწერისას დაიწყეს სიტყვა “წამების” გამოყენება. სტატისტიკაში არ ასახულა არც დემონსტრანტების სასტიკი ცემის შემთხვევები პოლიციის მანქანებში.

პოლიციელები ფეხით სცემენ დაკავებულ დემონსტრანტს. 29 ნოემბერი, 2024 წელი

წამების კვალიფიკაციით 2024 წელს მხოლოდ 3-ჯერ დაიწყო გამოძიება, მათგან არცერთს არ ჰქონია ორგანიზებული დანაშაულის სტატუსი და სამიდან სამივე საქმე გახსნილად მოინიშნა. რაც შეეხება დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ამ მუხლით 2024 წელს გაცილებით ნაკლები საქმეა რეგისტრირებული (17), ვიდრე 2023 წელს (37) - არცერთ წელს მათი გახსნის მაჩვენებელი 30%-ს არ აღემატება.

ბრძოლა “უცხო ძალებთან” “მშვიდობის დასაცავად"

“ქართული ოცნება” საჯარო განცხადებებით საზოგადოებას არწმუნებს, რომ უცხო ძალებიდან მომავალ შიდა და გარე პროვოკაციებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულს ეფექტურად ებრძვის და ჩანასახშივე ანადგურებს. კრიმინალის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ 2024 წელს შვიდი გამოძიება დაიწყო, წინა წელს კი ექვსი და 13-დან არცერთი გამოძიება არ დასრულებულა.

რაც განსაკუთრებით რთულია გამოძიებისთვის - დანაშაული ბავშვის წინააღმდეგ

გამოძიებას განსაკუთრებით უჭირს ისეთი დანაშაულების გახსნა, რომლებშიც მსხვერპლი ბავშვია.

თუკი გამოძიება ზრდასრულების გაუპატიურების შემთხვევების თითქმის 80%-ს ხსნის, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ახერხებს დამნაშავის პოვნას, როდესაც მსხვერპლი ბავშვია. 2024 წელს 145 ასეთი საქმიდან მხოლოდ 47 გაიხსნა, 2023 წელს 116-დან - 49, 2022 წელს 155-დან - 88 და ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როცა გახსნის მაჩვენებელი 50%-ს აღემატებოდა. პროკურატურის სტატისტიკით, 2020-2023 წლებში ბავშვის სხეულში სექსუალური შეღწევის ბრალდებით 266 ადამიანის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

იგივე მდგომარეობაა ტრეფიკინგის შემთხვევებშიც - სისხლის სამართალში გამიჯნულია არასრულწლოვანით და ზრდასრულით ვაჭრობა - გამოძიება ნაკლებეფექტურია ბავშვთა ტრეფიკინგის საქმეებში და საუკეთესო წლებში მხოლოდ მის ნახევარს ასრულებს წარმატებით. საშუალოდ ეს მაჩვენებელი 20%-ია.

არსებობს ბავშვთან დაკავშირებული დანაშაულები, რომლებიც იშვიათად ხდება და რომლებშიც გამოძიება ვერასოდეს აღწევს წარმატებას - ასეთია ბავშვის შეცვლა. 2024 წელს ასეთი ხუთი შემთხვევა მოხდა, 2023 წელს ორი - გამოძიებამ დამნაშავე ვერცერთ ჯერზე ვერ იპოვა.

სახელმწიფო არაეფექტურია ალიმენტის გადასახადისთვის ჯიუტად თავის არიდების შემთხვევებზეც - ბოლო ხუთ წელში ამ მუხლით დაწყებულ 50-მდე გამოძიებაში მხოლოდ ერთი საქმეა გახსნილი.

ასევე ნახეთ ყოველი მეორე არ იხდის - ბრძოლა ალიმენტისთვის

იმის მიუხედავად რომ მკვლელობების გამოძიების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, თითქმის არასოდეს არ იხსნება ამ კატეგორიის სპეციფიკური დანაშაულები, მაგალითად, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტები: 2021-2024 წლებში დაფიქსირებული 12 ასეთი შემთხვევიდან მხოლოდ ერთია გახსნილი 2022 წელს. ეს იყო ფოთში მომხდარი შემთხვევა, როცა 34 წლის ქალმა ახალშობილი საკანალიზაციო მილში ჩააგდო - ბავშვის ცხედარი შემთხვევიდან ოთხ დღეში იპოვეს, როცა დევნილთა დასახლებაში კანალიზაცია გაიჭედა და ხელოსნი გამოიძახეს.

სად არის წარმატებული პოლიცია

ოფიციალური რიცხვების მიხედვით, პოლიცია სწრაფად და ეფექტურად იძიებს ქურდობას, ყაჩაღობას, ძარცვას, გამოძალვას, თაღლითობას.

„საკუთრების წინააღმდეგ“ ჩადენილი დანაშაულები საერთო კრიმინალის მნიშვნელოვანი ნაწილია - 15 ათასამდე ქურდობის და ასობით თაღლითობის, ყაჩაღობისა და ძარცვის სტატისტიკით. მონაცემები ამბობს, რომ გამოძიება ამ შემთხვევების 50%-ს მაინც ხსნის, თუმცა გახსნილი შემთხვევების უმეტესობა არ არის ორგანიზებული დანაშაულები. ჯგუფურად ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულები რაოდენობრივადაც უფრო ნაკლებია და მათი გახსნის მაჩვენებელიც მკვეთრად ჩამოუვარდება კერძო შემთხვევებს.

2023 წელს პროკურატურის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქურდობის, მუქარა/ადევნებისა და ნარკოდანაშაულებში ბრალდებულების მიმართ. იგივე იყო 2022 წელსაც.

საყურადღებოა ისიც, რომ 2024 წლის ბოლოს გაძარცვული ასობით დემონსტრანტის შემთხვევაში, რომლებიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ადანაშულებდნენ თავიანთი ტელეფონების და სხვა პირადი ნივთებისგან გაძარცვაში, ჯერ არც ნივთებია ნაპოვნი და არც დამნაშავეები - არცერთი. ამ ტექნიკის უმეტესობას ლოკაციის მაძიებელი სისტემა ძალოვანების დისლოკაციის ბაზებზე ან საცხოვრებელ სახლებთან პოულობდა.

10 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მიწურულს პოლიციელების მიერ დემონსტრანტებისთვის წართმეული ნივთების ღირებულება 70 000 ლარს აღწევს - ამას ემატება აქციის ერთ-ერთი მონაწილის ტელეფონის ელექტრონულ საფულეში დაცული 68 000 დოლარის ეკვივალენტის კრიპტოვალუტა, რომელიც ტელეფონის დაკარგვის გამო დაკარგა.

ასევე ნახეთ ნახეთ რუკაზე სად ჩნდება აქციაზე დაკავებისას წართმეული ტელეფონები

ოფიციალური რიცხვებით წარმატებით იხსნება ნარკოდანაშაულებიც - შსს ამბობს, რომ ამ ტიპის კრიმინალთან ბრძოლის ეფექტურობა 90%-ს აჭარბებს. გახსნილი ნარკოდანაშაულები, იქნება ეს შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გასაღება, მოყვანა თუ კულტივირება, უმეტესად ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას კვეთს - რაც სხვაგვარად იმას ნიშნავს, რომ არასოდეს გადის ნარკომოვაჭრეების ორგანიზატორებზე. თვალშისაცემია ნარკოდანაშაულების ზრდის ტენდენციაც. ოფიციალურ დოკუმენტებში საუბარია როგორც ქართველ, ისე უცხოელ ნარკოდილერებზე, რომელთაც სხვადასხვა ხერხით (პირადად, სხეულით, საფოსტო ამანათით, ტრანსპორტით ) შემოაქვთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "კოკაინი“, "ჰეროინი“, "ბეპრენორფინი“ (სუბოტექსი), "მეთადონი“.

საინტერესოდ ნაწილდება “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული დანაშაულებებიც - ბოლო წლებში უფრო ეფექტურია გამოძიება "ქურდული სამყაროს" მხარდამჭერების წინააღმდეგ, ვიდრე თავად “კანონიერი ქურდების” მიმართ.

ჯგუფური და ორგანიზებული დანაშაულების რეგისტრაციისა და გახსნის დაბალი მაჩვენებელი თვალშისაცემია ინტერპოლის ბოლო წლების ანგარიშების ფონზე - ანგარიშებში ხაზგასმულია, რომ დღეს გამოწვევაა ორგანიზებული და ჯგუფური ტრეფიკინგის, ნარკოვაჭრობის, კიბერდანაშაულებისა და ტერორიზმის შემთხვევები.

დანაშაულები ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი გახსნის მაჩვენებლით

გამოძიების მაღალი მაჩვენებელი აქვს ისეთი კატეგორიის დანაშაულებებს, რომლებიც იშვიათად აღირიცხება: მაგალითად, 2024 წელს 100%-იანი გახსნის მაჩვენებელი ჰქონდა მძევლად ხელში ჩაგდების, წამების, კერძო კომუნიკაციის საიდუმლობების დარღვევის, ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გასაღების, ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევის, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის და არასრულწლოვანისთვის სექსუალური მიზნებისთვის შეხვედრის შეთავაზების მუხლებით დაწყებულ გამოძიებას - ყველა შემთხვევაში თითო ფაქტზე იყო საუბარი.

ძირითადად გაუხსნელი რჩება საქმეები, რომლებიც დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე იწყება. 30%-ს არ აჭარბებს არც ცხოველთა წამების და მათდამი არაადამიანურად მოპყრობის გამო დაწყებული გამოძიებების გახსნის მაჩვენებელი.

ასევე ნახეთ ძალადობს, ცრუ ჩვენებებს იძლევა, მეტ პრემიას იღებს, ნაკლებს სთხოვენ - ქართული პოლიციის პორტრეტი