Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონაცემები და ანალიზი

ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

რადიო თავისუფლებამ გაანალიზა ფაქტები, სასამართლოს მასალები, ჩვენებები და საჯარო წყაროებში მისაწვდომი ცნობები 4 ოქტომბრის საქმეზე. ქვემოთ გიჩვენებთ, რა ირკვევა ამ მონაცემებით ბრალდებულთა პოლიტიკურ, სოციალურ და დემოგრაფიულ პორტრეტზე?

რა მოხდა 4 ოქტომბერს
ვინ დააკავეს და რას ედავებიან - რიცხვებში
საცხოვრებელი ადგილი
ასაკი
განათლება
დასაქმების სფერო
სქესი
პოლიტიკური კუთვნილება
სოციალური სტატუსი
რამდენს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი?
დაპატიმრებულების რიცხვი


რა მოხდა 4 ოქტომბერს

4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების "მშვიდობიანი დამხობის" მოწოდებით, თბილისში თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა მცირე ჯგუფის მცდელობა "გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები", ათონელის რეზიდენციის "ჯებირების" გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

გამოძიება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების, ნივთის დაზიანება ან განადგურების, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობის მუხლებით დაიწყო.

ამ საქმეზე 4 ოქტომბრიდან მალევე პროკურატურამ 62 ადამიანს წაუყენა ბრალი. მათ შორი ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს: პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს, ლაშა ბერიძესა და გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს, რომელსაც პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

პროკურატურა მათ ორგანიზატორებად განიხილავს, დანარჩენებს - მონაწილეებად. უწყება იძიებს ხელისუფლების დამხობის, ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ნივთის დაზიანების საქმეს.

ვინ დააკავეს და რას ედავებიან - რიცხვებში

62 დაკავებულიდან უმრავლესობას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებას უყენებენ. ყველა მათგანს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავებულთაგან 10 ადამიანს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება ბრალად.

მხოლოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაშია ბრალდებული და 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება გერმანიიდან საქართველოში პროტესტის მხარდასაჭერად ჩამოსულ ნანუ სანდერს და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატს, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს პაატა მანჯგალაძეს.

არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

საცხოვრებელი ადგილი

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულები მთელი საქართველოდან არიან. მათგან ყველაზე ბევრი თბილისში ცხოვრობს, არიან დაკავებულები სამეგრელოდან, აჭარიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, კახეთიდან, გურიიდან და იმერეთიდან.

ასაკი

ბრალდებულების უმრავლესობა, 40 წელს ზევითაა. მათგან ნაწილი 80 წლამდე ასაკობრივ ჩარჩოში მოხვდა. დაკავებულებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 20 წლისაა.

განათლება

62 დაკავებულიდან უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს. 26-სს აქვს დასრულებული მხოლოდ საშუალო სკოლა. დაკავებულებს შორისაა ორი აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და ერთი, რომელსაც სტატუსი შეჩერებული აქვს.

დასაქმების სფერო

დაკავებულებიდან 15 ადამიანია უმუშევარი, დანარჩენები ან დასაქმებულები არიან ან თვითდასაქმებულები. თვითდასაქმებულებს შორის მოხვდნენ ისეთები, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავალზე არიან დამოკიდებულები ან რეგიონში მიწას ამუშავებენ.

„4 ოქტომბრის საქმეზე“ ბრალდებულებს შორის არიან მოქანდაკე, აქტივისტი, მარკეტინგის მენეჯერი, პოლიტიკოსი, ხელოსანი, ეკონომისტი, ბარმენი, მზარეული, ჯარისკაცი, ყოფილი პოლიციელი. ყველაზე ხშირად შემოსავლის წყაროდ ხელობას, ტაქსაობას და მშენებლობას ასახელებენ.

სქესი

დაკავებულებს შორის აღმოჩნდა ორი ქალი. ერთ-ერთი მათგანი გერმანიიდან საქართველოში პროტესტის მხარდასაჭერად ჩამოსული ნანუ სანდერსია.

პოლიტიკური კუთვნილება

„4 ოქტომბრის აქციის საქმეზე“ ბრალდებულები ღიად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არიან, თუმცა მათგან მხოლოდ ცხრა წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას, ერთგვაროვნად - „ნაციონალურ მოძრაობას“.

სოციალური სტატუსი

62 ბრალდებულს შორის არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონენი და დევნილები. სტატუსის ქონა/არქონის მიუხედავად ბრალდებულების უმრავლესობამ მძიმე სოციალურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

მათი ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ორ სტატიაში:

რამდენს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი?

22 დაკავებულს არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ზოგიერთს - ორიც. მათ სასამართლოზე თქვეს, რომ ოჯახის ერთადერთი მარჩენლები არიან. მარტოხელა მამაა ლაშა ივანაძე. ევა შაშვიაშვილს კი 24 წლის შშმ პირის სტატუსის მქონე შვილი ჰყავს, რომელიც სტაციონარში მკურნალობს. ევა გირაოთი არ გაათავისუფლეს.

მართალია, ბრალდებულების ოჯახის წევრები მათი დაცვის ქვეშ მყოფების მძიმე სოციალურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩიოდნენ, თუმცა სასამართლომ მხოლოდ სამ შემთხვევაში გამოიყენა გირაო. 59 ადამიანს კი აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა პატიმრობა შეუფარდა.

დაპატიმრებულების რიცხვი

საპატიმრო გირაოთი გაშვებულებს შორისაა ცნობილი ექიმი-პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი, მეორე - მარიამ მეყანწიშვილია, რომელსაც ბრალად ჯგუფური მოქმედების ორგანიზება დასდეს. ის მარტოხელა დედაა და არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. კანონი კი დედებს 12 წლამდე შვილებით პატიმრობისგან იცავს. მესამე - ია დარახველიძეა. მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

აღკვეთის ღონისძიების სხდომები განიხილეს მოსამართლეებმა: არსენ კალატოზიშვილმა, ფიქრია სიქტურაშვილმა, ევა ბარბაქაძემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა, მზია გარშაულიშვილმა, ლელა მარიდაშვილმა, ლელა კალიჩენკომ.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ დაკავებულების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

გლდანის პენიტენციური დაწესებულება
გლდანის პენიტენციური დაწესებულება

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, საქართველოში პატიმრების საერთო რაოდენობა უახლოვდება საპატიმრო დაწესებულებებში პატიმრების ადგილების რაოდენობის ზედა ზღვარს.

პენიტენციური სისტემის 14 დაწესებულებაში სულ 12 332 პატიმრის ადგილია - მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე პატიმართა რაოდენობა, აგვისტოში ქსანში, მე-15 დაწესებულებაში, დასაშვებზე 251-ით მეტი პატიმარი იჯდა, ქუთაისში - 111-ით, გლდანში - 418-ით. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ კონკრეტულ ციხეებში განსაზღვრულზე მეტი რაოდენობის პატიმრების განთავსება მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების გარეშე შესაძლებელია.

ათი ათას პატიმარზე მეტი საქართველოს 2024 წლამდე, 2015 წლის შემდეგ აღარ ჰყოლია.

2024 წელს პატიმრების რაოდენობის ზრდა შემცირდა ოქტომბერში. ამ დროს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა - მის ლეგიტიმაციას ოპოზიციური პარტიები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამ დრომდე არ აღიარებენ.

2025 წლის პირველ 6 თვეში პატიმართა რაოდენობა 1 532-ით გაიზარდა და 10 124 გახდა.

თუკი წლის დასაწყისში პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახედ შემთხვევების 38,9%-ში გამოიყენებოდა, აგვისტოში ეს მაჩვენებელი 41,0%-მდე გაიზარდა. სხვაგვარად ეს იმას ნიშნავს, რომ წლის დასაწყისში 455 ადამიანს შეეფარდა პატიმრობა, აგვისტოში - 724-ს.

პატიმართა რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაპატიმრების მაჩვენებელიც - თუკი 2025 წლის იანვარში ქართულ ციხეებში უცხო ქვეყნის 1 022 მოქალაქე იჯდა 54 ქვეყნიდან, 2025 წლის აგვისტოში უცხოელი პატიმრების რიცხვი 61 ქვეყნიდან 1 347-მდე გაიზარდა. უცხოელ პატიმრებს შორის ყველაზე დიდ წილს შეადგენენ თურქეთის მოქალაქეები (34% აგვისტოს მდგომარეობით), შემდეგ მოდიან რუსეთი (11,95%), აზერბაიჯანი (8,83%), უკრაინა (7,8%) და ირანი (5,42%).

ზრდა ჩანს არაპატიმარ მსჯავრდადებულებშიც - თუკი 2025 წლის იანვარში 19 137 არაპატიმარი მსჯავრდადებული იყო საქართველოში, აგვისტოში მათმა რიცხვმა 20724 შეადგინა. მათი 83% პირობითი მსჯავრით არის ციხის გარეთ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG