უკრაინული ანალიტიკური პორტალის DeepState-ის ცნობით, 2025 წლის სექტემბერში რუსეთის არმიის შეტევის ტემპი თითქმის განახევრდა. სხვა დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრები ამგვარ შენელებას არ აფიქსირებენ: რუსეთის ჯარები რამდენიმე ფრონტზე მიიწევენ წინ და უკრაინის რამდენიმე მნიშვნელოვან ქალაქს უახლოვდებიან.
ამ განტოლებაში ბევრი უცნობია: მაგალითად, გაურკვეველია, რამდენად მზად არიან რუსეთის და უკრაინის არმიები ზამთრისთვის, რომელიც, ერთი მხრივ, შეუძლებელს გახდის რუსების ე.წ. ინფილტრაციის ტაქტიკით მოქმედებას და, მეორე მხრივ კი მოიერიშე და სადაზვერვო დრონების წინაშე გააშიშვლებს დაპირისპირებული მხარეების პოზიციებს, რომლებიც ამჟამად ფოთლებითაა დაფარული.
ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ Conflict Intelligence Team-ის (CIT) სამხედრო ანალიტიკოსებთან და ამერიკელ სამხედრო ექსპერტ მაიკლ კოფმანთან, რომელიც რეგულარულად სტუმრობს უკრაინის ფრონტს.
რა ხდება ფრონტზე? სამხრეთ დონეცკის მიმართულება
რუსეთის არმიას ყველაზე დიდი წინსვლა სამხრეთ დონეცკის მიმართულებით (ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის რეგიონების შეერთების კოლექტიური სახელი) ჰქონდა. DeepState-ის მონაცემებით, სექტემბერში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იქ თითქმის 130 კვ. კილომეტრის ტერიტორიის დაკავება მოახერხეს (სამხედრო ანალიტიკოსის, კონრად მუზიკას თქმით, 172 კვ. კმ-ის).
Conflict Intelligence Team (CIT)-ის სამხედრო ანალიტიკოსების ჯგუფი ფრონტის ამ სექტორში რუსული ჯარების წინსვლას დამატებითი ძალების გადასროლით ხსნის. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კი პირიქით, ჯერ-ჯერობით დონეცკის სამხრეთ სექტორში საკმარისი დანაყოფები არ ჰყავთ რუსული წინსვლის შესაჩერებლად.
ზაპოროჟიეს მიმართულება
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ზაპოროჟიეს მიმართულება რუსული არმიის პრიორიტეტად მოიხსენია. „ამჟამად მიმდინარეობს ბრძოლა პრიმორსკოესა და სტეპნოგორსკის დასახლებების კონტროლისთვის“, - მოახსენა მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ეს ორი დასახლება ზაპოროჟიეს სამხრეთით, მდინარე დნეპრის ნაპირებზე მდებარეობს.
CIT აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარი სტეპნოგორსკის რაიონში მძიმე დანაკარგებს განიცდის, თუმცა ამჟამად ვეღარ მიიწევს წინ.
სამხედრო ანალიტიკოსი მაიკლ კოფმანი ამბობს, რომ გერასიმოვის განცხადების მიზანი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყურადღების სხვა ტერიტორიებიდან გადატანის მცდელობაა. CIT ეთანხმება კოფმანს, თუმცა მიაჩნია, რომ მიზეზი შესაძლოა რამდენიმე იყოს. ყურადღების გადატანის გარდა, რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობენ ზაპოროჟიესთან მიახლოებას, რათა იერიში მიიტანონ მთავარ ქალაქსა და ლოჯისტიკურ ცენტრზე მათთ შორის FPV (First Person View) დრონებით.
„ვითარება გაუარესდება. ჩვენ უკვე ვნახეთ ჭურვებით ქალაქის დაბომბვა. რუსეთი ცდილობს მივიდეს ისეთ მანძილზე, სადაც მას დრონებითაც შეეძლება დარტყმების განხორციელება. ამჟამად, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ზაპოროჟიემდე მანძილი დაახლოებით 35 კილომეტრია და ყოველი 5 კილომეტრი გააუარესებს ვითარებას როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე არმიის ლოჯისტიკისთვის“.
პრიმორსკოესა და სტეპნოგორსკის რაიონებში რუსული შეტევის კიდევ ერთი მიზანი შეიძლება იყოს ზაპოროჟიე-ორეხოვის გზატკეცილის გადაკვეთის მცდელობა, რათა მომზადდეს პლაცდარმი შემდგომი, უფრო მასშტაბური შეტევისთვის.
სლავიანსკის მიმართულება
დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან უბნად კვლავ რჩება სლავიანსკის მიმართულება: რუსული რუსეთის ჯარები ცდილობენ დონბასის ერთ-ერთ ბოლო შედარებით დიდ ქალაქს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან მიუახლოვდნენ, თუმცა მათ მოუწევთ უკრაინის რამდენიმე შედარებით მსხვილი ქალაქის გავლა. ესენია: სევერსკი აღმოსავლეთით, ლიმანი ჩრდილო-აღმოსავლეთით და კუპიანსკი ჩრდილოეთით.
CIT აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით სიტუაცია ბოლო წლინახევრის განმავლობაში საკმაოდ არასტაბილური იყო, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მხარეებს არ ჰყავდათ საკმარისი ძალები წინსვლისთვის. ახლა რუსეთმა თავისი ძალების ნაწილი სლავიანსკის მიმართულებით გადაისროლა და შეტევის დაწყებას ცდილობს.
სექტემბერში რუსულმა არმიამ მოახერხა კუპიანსკთან წინ წაწევა და თავად ქალაქში შესვლაც კი: ამისათვის რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს მდინარე ოსკოლის ქვეშ გამავალი გაზსადენის მილი. 19 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ამ მილსადენის დატბორვა.
თუმცა, CIT აღნიშნავს, რომ ვითარების სტაბილიზაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია: რუსეთის არმიამ არა მხოლოდ მოახერხა ქალაქში შესვლა მილსადენისა და ხმელეთის გავლით, არამედ შეძლო ნაღმმტყორცნების ჯგუფეულებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების გადასროლაც, რამაც უკიდურესად გაართულა ქალაქში განლაგებული უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა. ამ სიტუაციაში, როცა რუსეთის ნაწილებმა პრაქტიკულად შეაღწიეს კუპიანსკის ცენტრში, მოწინააღმდეგის შეკავება პრაქტიკულად შეუძლებელია.
კუპიანსკის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დაკარგვის შემთხვევაში, მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთით განლაგებულ უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნებათ მომარაგებაში, რადგან ქალაქი ამ ტერიტორიაზე ლოჯისტიკის უმნიშვნელოვანეს ჰაბს წარმოადგენს.
ამავდროულად, რუსული ჯარები ცდილობენ წინ წაიწიონ ჩრდილოეთიდან ლიმანის რაიონში, დასახლებულ პუნქტებთან - დრობიშევო, იაროვაია და შანდრიგოლოვო, რათა გავიდნენ მდნარე სევერსკი დონეცთან და იქ მოიმწყვდიონ უკრაინული ძალები.
პარალელურად, რუსული ძალები ლიმანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, იამპოლის მახლობლადაც მიიწევენ წინ: სულ ცოტა ხნის წინ, უკრაინის შეიარაღებული ძალები, პირადი შემადგენლობის უკმარისობის მიუხედავად, ახერხებდნენ რუსეთის ჯარების შეკავებას რკინიგზის ხაზის გასწვრივ, მაგრამ, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის არმიამ შეძლო ამ ხაზის გადაკვეთა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ლიმანის დაჯგუფებისათვის ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ლოჯისტიკა: უკრაინის არმიის მომარაგების მთავარი გადასასვლელი, რომელიც მდებარეობს დასახლებულ პუნქტ რაიგოროდოკთან, პონტონური ხიდებია, რომელთა განადგურება ბევრად უფრო იოლია, ვიდრე რკინა-ბეტონის კონსტრუქციებისა. ამიტომ, ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის წინსვლამ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ლიმანის მომარაგების ხაზებს.
რუსეთის ჯარები ასევე მიუახლოვდნენ სლოვიანსკის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სევერსკს. რუსეთის არმია ცდილობს მის შემოვლას ორი მიმართულებიდან: ჩრდილოეთიდან დრონოვკასთან და სამხრეთიდან ვიემკასთან.
კონსტანტინოვკის მიმართულება
რუსმა ჯარებმა მოახერხეს კონსტანტინოვკის სამხრეთით მდებარე აგარაკებთან მიახლოება და ახლა თავად ქალაქში შეღწევას ცდილობენ.
აღმოსავლეთიდან კონსტანტინოვკისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს ჩასივ იარი, რომლის აღებასაც რუსული არმია დიდი ხანია ცდილობს. ქალაქის უმეტესი ნაწილი რუსების კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ დასავლეთ ნაწილში კვლავ მიმდინარეობს ბრძოლები.
CIT მიიჩნევს, რომ კონსტანტინოვკის სამხრეთით მდებარე ტორეცკი, რომელიც ხანგრძლივი ბრძოლების საგანი იყო, სავარაუდოდ, რუსეთის არმიის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა. გარდა ამისა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, რუსეთის არმიამ მოახერხა ტორეცკის მიღმა მდებარე კლებან-ბიკსკის პლაცდარმის გადაჭრა და ტორეცკის წყალსაცავთან პოზიციების დაკავება.
დობროპოლიეს მიმართულება
ფრონტის ამ უბანზე მოვლენები ყველაზე აქტიურად აგვისტოში განვითარდა: მაშინ რუსეთის არმიამ სულ რამდენიმე დღეში შეძლოათ კილომეტრიანი შვერილის შექმნა უკრაინის დაცვის ხაზში.
თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს წინსვლის შეჩერება. მეტიც უკრაინის სარდლობა ამტკიცებს, რომ რუსი ჯარისკაცები ამ ტერიტორიაზე „ქვაბულში“ არიან ჩარჩენილები. ეს DeepState-ის რუკაზეც ჩანს: კუჩეროვ იარის ტერიტორიაზე რუსული დანაყოფები, სავარაუდოდ, ალყაში არიან მოქცეულნი.
თუმცა, CIT აღნიშნავს, რომ ეს სექტორი ანალიტიკურ პორტალზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ ზედმეტად კომპლიმენტურად არის გამოსახული“ და DeepState-ის მონაცემები, სულ მცირე, მოძველებულია, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსონალისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. ზოლი, რომელიც სავარაუდოდ სამხრეთიდან კუჩეროვ იარის ტერიტორიაზე რუსული ჯარების გათიშვას (მოჭრას) აჩვენებს, სინამდვილეში მხოლოდ რუსეთის არმიის მძიმე ტექნიკის მარშრუტების გადაკეტვას ნიშნავს და არა უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულ კონტროლსა და ალყას. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუს ქვეითებს კვლავ შეუძლიათ კუჩეროვ იარის ტერიტორიაზე მოხვედრა და დრონებით მომარაგების მიღებაც.
CIT-ის ცნობით, ამ ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა შესაძლოა გაცილებით უარესი იყოს. მაგალითად, DeepState მიუთითებს, რომ ზოლოტოი კოლოდეზი და მიმდებარე ტერიტორია უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშაა, თუმცა ობიექტური ვიდეოთვალთვალის ჩანაწერების მიხედვით, მის სამხრეთ გარეუბანში ბრძოლები მიმდინარეობს.
გარდა ამისა, რუსული არმია ცდილობს წინ წაიწიოს „შვერილის“ აღმოსავლეთით, სოფიევკასკენ ერთდროულად ორი მიმართულებით: კუჩეროვ იარის აღმოსავლეთიდან და პოლტავკის სამხრეთიდან, რათა ალყაში მოაქციოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფი ვოლოდიმიროვკა-შახოვოეს რაიონში.
რუსული ჯარები ასევე ცდილობენ ვოლოდიმიროვკაზე შეტევას სამხრეთიდან: ცოტა ხნის წინ ამ დასახლებულ პუნქტზე მექანიზებული იერიშები დაფიქსირდა სოფელ ნოვოტორეცკის მხრიდან (1, 2).
„ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ერთი მხრივ შეჩერებულია გარღვევა, მაგრამ მეორე მხრივ უკრაინამ ვერ შეძლო მისი სრულად მოჭრა“, - აცხადებენ ექსპერტები.
პოკროვსკის მიმართულება
რუსეთის ჯარები არ წყვეტენ წინსვლის მცდელობებს პოკროვსკის მიმართულებით, ძირითადად სამხრეთ-დასავლეთიდან. რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები ერთდროულად ცდილობენ როგორც ქალაქში შესვლას სამხრეთიდან (სოფლების ლეონტოვიჩისა და ტროიანდას მახლობლად), ასევე მის შემოვლას დასავლეთიდან, უდაჩნოეს რაიოში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ფრონტის ხაზის კონფიგურაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, მაიკლ კოფმანი მიიჩნევს, რომ ეს უბანი რუსული სარდლობის პრიორიტეტად რჩება.
სუმის მიმართულება
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიამ კურსკის ოლქის გათავისუფლების შემდეგ სწრაფად მოახერხა მნიშვნელოვანი პლაცდარმის შექმნა უკრაინის სუმის ოლქში, ამ მიმართულებით რუსების შეტევა შენელდა, ჯარის ნაწილი კი სხვა მიმართულებაზე იქნა გადაისროლა.
რამ გამოიწვია რუსეთის არმიის წინსვლის შეფასებებში დიდი შეუსაბამობა?
DeepState-ის მონაცემებით, სექტემბერში რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი აგვისტოსთან შედარებით თითქმის განახევრდა: 455-დან 259 კვ. კილომეტრამდე. ამასობაში, ფინური OSINT პროექტის Black Bird Group-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სექტემბერში წინსვლა 398 კვ. კილომეტრს შეადგენდა (ამ შეფასებებს იზიარებს ანალიტიკოსი კონრად მუზიკაც), ხოლო პრორუსული პროექტის „სლივოჩნი კაპრიზის“ (Сливочный каприз) მიხედვით, წინსვლამ 492 კვ. კილომეტრს მიაღწია.
მაიკლ კოფმანი განმარტავს, რომ დღეს გაცილებით რთულია წინსვლის ტემპის გამოთვლა და იმის გაგება, თუ ვინ აკონტროლებს კონკრეტულ ტერიტორიას, რადგან ომის რეალობაში განსაზღვრული თავდაცვითი ხაზი უბრალოდ არ არსებობს: თანამედროვე მოწინავე პოზიციები ისეთი ცალკეული პოზიციებია, რომლებიც საცეცხლე წერტილებსაც კი არ წარმოადგენენ.
ამასთან, 2025 წლის დასაწყისიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები ძირითადად ინფილტრაციის ტაქტიკის გამოყენებით მიიწევენ წინ, რის შედეგადაც ფრონტის ხაზი უწყვეტ ნაცრისფერ ზონად იქცა, სადაც ყველაზე მეტი დანაკარგი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას უკავშირდება და არა ქვეითთა შეტაკებებს.
„ძნელი სათქმელია, აკონტროლებს თუ არა ორი-სამი რუსი ჯარისკაცი ამა თუ იმ ადგილს, თუ იმავე ადგილის ბოლოში ორი ან სამი უკრაინელი ჯარისკაცია გამაგრებული. იგივე ხდება ქალაქშიც: რუსი ჯარისკაცები ერთ სარდაფში იმყოფებიან, ხოლო უკრაინელი ჯარისკაცები - მეორეში. ვინ აკონტროლებს ამ შემთხვევაში შენობას? სწორედ აქ ჩნდება მთავარი წინააღმდეგობები. ეს არ ნიშნავს, რომ DeepState უარყოფს რუსეთის წინსვლას, ხოლო Black Bird - ადასტურებს; საქმე უბრალოდ დათვლის მეთოდებშია“, - მიაჩნია კოფმანს.
CIT ეთანხმება კოფმანს და მიიჩნევს, რომ თანამედროვე საომარი ტაქტიკა მართლაც ართულებს გამოთვლებს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც DeepState თავის რუკას საკმაოდ კონსერვატიულად ადგენს და ფრონტის დიდ ნაწილს ნაცრისფერ ზონაში ტოვებს.
გარდა ამისა, უკრაინულ პროექტზე გავლენას ახდენს როგორც პოლიტიკური ასპექტები, ასევე სიფრთხილე - პოზიციების გამჟღავნებით, არ გააუარესონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა. სექტემბერში პროექტის შემქმნელებმა ღიად განაცხადეს, რომ ისინი ყოყმანობდნენ დობროპოლიესთან რუსეთის გარღვევის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რადგან შიშობდნენ, რომ ეს შეასუსტებდა უკრაინის პოზიციას მოლაპარაკების პროცესში.
CIT-ის ანალიტიკოსების თქმით, პროექტი მუდმივი ზეწოლის ქვეშაა არა მხოლოდ უკრაინის არმიის ხელმძღვანელობის, არამედ იმ ცალკეული ქვედანაყოფების მეთაურების მხრიდანაც, რომლებიც უკმაყოფილო არიან ანალიტიკოსების გამოთვლებით.
“თუ DeepState-ს ახასიათებს კონსერვატიული მიდგომა, პრორუსული „სლივოჩნი კარპიზი“ (Сливочный каприз), პირიქითაა: „ნებისმიერ ტერიტორიას, რომელზეც განისაზღვრა მოკლული რუსი ჯარისკაცის ლოკაცია, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადად მიიჩნევს”, - აცხადებენ CIT-ში,რომლის ანალიტიკოსები ყველაზე სანდოდ მიიჩნევენ Black Bird Group-ისა და კონრად მუზიკას ს შეფასებებს. მათი აზრით, ეს არის ერთგვარი ოქროს კვეთა კონსერვატიულ DeepState-ის გათვლებსა და „სლივოჩნი კარპიზის" გეოლოკაციური კადრების ზედმეტად ლიბერალურ ინტერპრეტაციებს შორის.
ამასთან, ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ რუსული არმიის წინსვლის კვადრატულ კილომეტრებში გაზომვა ყოველთვის არ ასახავს სათანადოდ იერიშის წარმატებას, ისევე როგორც წინა თვესთან შედარებით ნაკლები ტერიტორიის დაკავება არ ნიშნავს, რომ რუსეთმა ამოწურა თავისი შეტევითი პოტენციალი ან ვერ გავიდა საკვანძო პოზიციებზე ამ პერიოდის განმავლობაში. „ეს მხოლოდ ერთი მაჩვენებელია, მაგრამ არა ერთადერთი”, განმარტავენ ისინი.
CIT-ის გუნდის თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორია, შეუძლია თუ არა რუსეთის წინსვლას გავლენა მოახდინოს უკრაინის ლოჯისტიკაზე ან მიუახლოვდეს მნიშვნელოვან ქალაქებს, რაც შეიძლება არც ისე შესამჩნევი იყოს, თუკი წინსვლის წარმატება მხოლოდ კვადრატულ კილომეტრებში იზომება.
ასევე ნახეთ დრონების რბოლა. უპილოტო თვითმფრინავების როლი რუსეთ-უკრაინის ომში„მოდით, გადავხედოთ იმ ტერიტორიებს, სადაც პოზიციური, სანგრების ომი მიმდინარეობს. იქ პროგრესი არ არის, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ არაფერი ხდება. სისხლიანი შეტაკებები ფაქტობრივად ყოველდღე ხდება, მაგრამ იმის გამო, რომ მხარეების ძალები თანაბარია, რუკაზე პროგრესი, ცვლილება არ აისახება.
პირველ რიგში, ეს შეცდომაში შემყვანია ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მეორეც, ამას მივყავართ ისეთ უარყოფით შედეგებამდე, როგორიცაა უკრაინის არმიის მიერ რუსული „დროშობანას” ტაქტიკის გადაღება, როცა მეთაურები ჯარისკაცებს აგზავნიან დროშების აღსამართად იმ ადგილებში, რომლებსაც ისინი რეალურად არ აკონტროლებენ.
შედეგად, უკრაინელი ჯარისკაცები იღუპებიან ან იჭრებიან, რაც საბოლოო ჯამში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არაფერს აძლევს, მაგრამ მათ რუკაზე უკეთესი სურათი იქმნება“, - აღნიშნავენ Conflict Intelligence Team-ში.
ინფილტრაციის ტაქტიკამ არ გაამართლა?
205 წლის სამხედრო თემატიკის მთავარი სიტყვად შეიძლება დასახელდეს „ინფილტრაცია“ - რუსული ტაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს მცირე ჯგუფების (2-3 ადამიანი) შეღწევას უკრაინის თავდაცვით ხაზში, ძალების თავმოყრისა და მოწინააღმდეგის ზურგში შემდგომი წინსვლის მცდელობის მიზნით.
CIT-ის ანალიტიკოსებმა, გამოცემა „სააგენტოსთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადეს, რომ „რუსეთის ამ ტაქტიკამ ვერ მოიტანა ოპერატიულ წარმატება და, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს თვალსაჩინო შედეგები, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების ამ ტაქტიკის სასარგებლოდ ილაპარაკებდა “.
მიუხედავად იმისა, რომ რთულია იმის შეფასება, ეფექტურია თუ არა ინფილტრაციის რუსული ტაქტიკა, CIT დარწმუნებულია, რომ ოპერატიული სივრცის მოპოვება მხოლოდ მცირე ქვეითი ჯგუფებით, მასიური ჯავშანტექნიკის მხარდაჭერის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.
მაიკლ კოფმანი აღნიშნავს, რომ თითქმის ოთხწლიანი ომის შემდეგ ასეთი სივრცის მოპოვება პრინციპში პრაქტიკულად შეუძლებელია ფრონტის ამჟამინდელი კონფიგურაციისა და რუსეთის მიერ გამოყენებული შეტევითი ტაქტიკის გამო.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია რეალისტური, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა სერიოზულ შეცდომებს დაუშვებს ჯარების მართვაში: ტაქტიკურ დონეზე რაღაც მსგავსი მოხდა დობროპილიეს მახლობლად, მაგრამ რუსეთის არმია მაინც ვერ გავიდა ოპერატიულ სივრცეზე.
„ორი ან სამი ქვეითი, თუნდაც სხვა მსგავს ჯგუფებთან თანამშრომლობით, ვერასდროს გავა ოპერატიულ დონეზე. რაც უნდა სწრაფად ატრიალო ველოსიპედის პედალი, მაინც ვერ გაფრინდები. იგივე პრინციპი მოქმედებს აქაც: რამდენი ასეთი მცირე ქვეითი ჯგუფიც არ უნდა განალაგოთ ერთ ტერიტორიაზე, ეს ოპერატიულ გარღვევას არ გამოიწვევს“, - ამბობს მაიკლ კოფმანი.
რუსი სამხედროები უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, 2025 წლის აგვისტო
CITში აღნიშნავენ, რომ ინფილტრაციის ტაქტიკის გამოყენება არ ყოფილა რევოლუციური სიახლე. ეს ტაქტიკა ომის რეალობის გათვალისწინებით რუსეთის არმიის ევოლუციის შედეგი უფროა. რუსეთის არმიის ქვეითი ჯგუფების შემცირება ჯერ კიდევ წლის დასაწყისში იყო შესამჩნევი; ანალიტიკოსების თქმით, მათი საშუალო რიცხოვნობა ათი-თხუთმეტიდან შემცირდა ორ-ხუთამდე.
ამგვარად რუსეთის არმია ცდილობს მოერგოს ომში გამოყენებული დრონების მზარდ რაოდენობასა და მათ ტექნოლოგიურ განვითარებას, ასევე რეაგირება მოახდინოს უკრაინის არმიის მიერ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების სულ უფრო აქტიურ გამოყენებას, რაც დრონებთან ერთად ტექნიკის ან დიდი ქვეითი ჯგუფების გამოყენებას უკიდურესად საშიშს ხდის.
„რუსეთის არმია სწავლობს და ადაპტირებას ახდენს. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმან, რომ გარკვეულ დონეზე გაწვრთნეს ოფიცრები, რათა დრონების საშუალებით შესძლებოდათ ამ ჯგუფების მართვა. ახლა ისინი ჰაერიდან იმართებიან. ეს უბრალოდ ვითარების ლოგიკური განვითარებაა, მაგრამ, საერთო ჯამში, ძნელი სათქმელია გაამართლა თუ არა ამ ტაქტიკამ.
რუსეთის არმიის სარდლობის თვალსაზრისით, ისინი პირობითად უფასო რესურსს იყენებენ, რადგან მათ განკარგულებაშია ბევრი ადამიანი, რომელთა მარაგი ჯერ-ჯერობით ამოუწურავია და, ვიდრე ყოველთვიურად ხელმოწერილი კონტრაქტების რაოდენობა არ შემცირდება, რუსი გენერლები გააგრძელებენ ამ ტაქტიკის გამოყენებას.
რა თქმა უნდა, ეს რესურსი ფასიანია ეკონომიკისა და პუტინისათვის, მაგრამ არა ადგილზე მყოფი მეთაურებისათვის. ისინი ამას არ ითვალისწინებენ. პირიქით, მიიჩნევა, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს დააწვენ, მით უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავ დაკისრებული ამოცანის შესრულებაზე. შესაბამისად, მათ შეუძლიათ ამ რესურსის გამოყენება უფრო თავისუფლად და ხელგაშლილად, ვიდრე იმავე ტექნიკისა“, - ამბობენ CIT-ში.
მაიკლ კოფმანი ასევე აღნიშნავს, რომ ინფილტრაციის ტაქტიკის ეფექტიანობის შეფასება პრობლემურია: ერთი მხრივ, რუსეთმა ვერ შეძლო ვერც დონეცკის რეგიონის და ვერც პოკროვსკის დაკავება. მეორე მხრივ, რუსეთმა წელს გასულ წელთან შედარებით 1,5-2-ჯერ მეტი ტერიტორია დაიპყრო. DeepState-ის მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრიდან 13 ოქტომბრამდე რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 1826 კვადრატული კილომეტრი დაიპყრო, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 3213 კვადრატული კილომეტრი იყო.
მესამე მხრივ, ანალიტიკოსის თქმით, ასეთი ტაქტიკა უზარმაზარ დანაკარგებს იწვევს: ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზარდა გასული წლის ისედაც მაღალ მაჩვენებლებთან შედარებით (უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რომელიც აშკარად გაბერილია და მოიცავს არა მხოლოდ დაღუპულებს, არამედ დაჭრილებს, სამხედრო ტყვეებს, ინვალიდობის გამო გათავისუფლებულებსა და სამედიცინო დანაკარგებს; 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთმა 309 000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, 2025 წელს - 332 000).
როგორ მდგომარეობაში ხვდებიან რუსეთის და უკრაინის არმიები ზამთრის სიცივეებს?
ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსი რობ ლი მიიჩნევს, რომ ინფილტრაციის ტაქტიკა ზამთარში ნაკლებად ეფექტიანი იქნება, ვიდრე გაზაფხულზე ან შემოდგომაზე იყო. CIT-ში ეთანხმებიან ამ შეფასებას და აღნიშნავენ, რომ ინფილტრაციის ტაქტიკა ყველაზე ეფექტიანია ფოთლების სიმრავლის გამო: ეს საშუალებას აძლევს პატარ-პატარა ჯგუფებს შეუმჩნევლად წაიწიონ წინ.
მეორეს მხრივ, შიშველი ხეები ასევე გამოაჩენს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს რუსული დრონების ოპერატორებისთვის, რადგან „ამინდი ორივე მიმართულებით უარესდება“, - ამბობენ ისინი. გარდა ამისა, ცუდმა ამინდმა შეიძლება ხელი შეუშალოს დრონებით დაზვერვას ან მტრის დრონებთან ბრძოლას. ამიტომ, ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის არმია უკვე თანდათანობით აახლებს მექანიზებულ იერიშებს უკრაინულ პოზიციებზე.
FILE PHOTO: Pro-Russian separatists walk near a tank in Donetsk region
CIT-ში ამბობენ, რომ რუსეთის არმიის “შტურმავიკებს” მართლაც გაურთულდებათ ყინვასა და თოვლში წინსვლა, ისევე როგორც გაუჭირდებათ გაყინულ თხრილებში დარჩენა. ამასთან, უფრო რთული (ან საერთოდ შეუძლებელი) იქნება ინფილტრირებული ჯგუფების დრონებით მომარაგება, მაგრამ ზუსტად ასეთივე პრობლემების წინაშე დადგებიან უკრაინის შეიარაღებული ძალებიც. ამის გამოც რთულია იმის განსაზღვრა, თუ ვინ უფრო მეტად იხეირებს მოახლოებული ზამთრით.
მაიკლ კოფმანი აღნიშნავს, რომ ომის ყოველ წელს, დეკემბრიდან თებერვლამდე, ცუდი ამინდების გამო მცირდება საჰაერო იერიშების სიხშირე, ამიტომ ჰაერში ბატონობისთვის მთავარი ბრძოლა უკრაინული და რუსული დრონების ოპერატორებს შორის გაიმართება.
„ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალები, ხოლო მეორეს მხრივ, რუსული ელიტური დანაყოფები, როგორიცაა „რუბიკონი“, - ამბობს კოფმანი.
CIT-ის ექსპერტების თქმით, ბევრი რამ ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ზამთარი იქნება:
„გასულ წლის ზამთარში, იერიშები საკმაოდ წარმატებული იყო. თუ წვიმები იქნება, ტექნიკის, ისევე როგორც სახმელეთო რობოტიზებული სისტემების გამოყენების შესაძლებლობა მინიმუმამდე შემცირდება. ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. ერთი რამ ცხადია: დაცვაში ჩამდგარი მხარეც ისევე დაიტანჯება, როგორც მოიერიშე. მათი პოზიციები გამოაშკარავდება, უკან დახევაც უფრო რთული გახდება გარშემო არსებული მრავალი დრონის გამო.“
ცხადია, ზამთარი ასევე მოიტანს რიგ ყოფით პრობლემებსაც: საჭირო იქნება პოზიციების იზოლაცია - გენერატორებითა და ღუმელებით აღჭურვა, ისევე როგორც მწვანე შესანიღბი ბადეების შეცვლა თეთრით.
მზად არის თუ არა რუსეთი ომის გასაგრძელებლად?
რობ ლი თვლის, რომ უახლოეს თვეებში რუსეთს დაუდგება გარდამტეხი მომენტი ომის გაგრძელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად. დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის დასაკავებლად, რომლის სტრატეგიული ღირებულება რუსეთისთვის, ანალიტიკოსის აზრით, საეჭვოა, მოსკოვს შესაძლოა კიდევ ერთი მობილიზაციის ჩატარება ან ამჟამინდელი მიდგომის შეცვლა მოუწიოს. უკრაინის წინაშე არსებული ადამიანური რესურსების დეფიციტის პრობლემის მიუხედავად, რუსეთმა დონეცკის ოლქში გარღვევის მიღწევა ვერ შეძლო.
CIT-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთის სარდლობას შეუძლია უკრაინის არმიაზე მსგავსი ზეწოლის გაგრძელება დამატებითი მობილიზაციის გარეშეც. რუსეთში ჯერ არ შეიმჩნევა არმიაში კონტრაქტით გაწვევის მოსურნეთა რაოდენობის შემცირება. მეტიც, არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ ეს ტენდენცია უახლოეს მომავალში შეიცვლება.
ანალიტიკოსების თქმით, მობილიზაციის იდეა დღეს საეჭვოდ გამოიყურება: პირველ რიგში, ამის მიზეზი უბრალოდ არ არსებობს და მეორეც, ეს საკმაოდ ხარჯიანი პროცესია: დიდი რაოდენობით ადამიანი უნდა გადანაწილდეს დანაყოფებში და გადამზადდეს. გარდა ამისა, საჭიროა მათი უზრუნველყოფა იარაღითა და ეკიპირებით.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2022 წლის მობილიზაციის დროს საწყობებში ტანკების, ქვეითი საბრძოლო მანქანების, სატრანსპორტო საშუალებებისა და საარტილერიო სისტემების მარაგები იყო. ახლა ეს მარაგი მნიშვნელოვნად შემცირდა, ამიტომ უცხოური დახმარების გარეშე სამხედროების ამ ყველაფრით უზრუნველყოფა რთული იქნება.
„სანამ ნაკადი იქნება, მათი დაქირავებაც გაგრძელდება. თუ ნაკადი შემცირდება, გამოყოფენ დამატებით თანხებს, გაზრდიან გადასახდელ თანხებს და რეკრუტირებაც კვლავ აჩქარდება“, - მიაჩნიათ CIT-ში.
ანალიტიკოსთა გუნდი მიიჩნევს, რომ რუსეთის არმია მობილიზაციის გარეშეც შეძლებს დონეცკის ოლქის დარჩენილი ნაწილების დაკავება, მაგრამ ისინი ეთანხმებიან რობ ლის ამ მიღწევების საეჭვო ღირებულებასთან დაკავშირებით.
ჩასოვ იარის ოკუპირებული ნაწილი, 2024 წელი
„ვთქვათ, მათ დაიკავეს ჩრდილოეთით მდებარე ეს დიდი აგლომერაცია - სლავიანსკი, კონსტანტინოვკა, კრამატორსკი და, ვთქვათ, მათ ამისთვის პირობითად ერთ წელიწადი დასჭირდათ. მერე? ეს ქალაქები ყველა განადგურებულია. სამრეწველო საწარმოები ნანგრევებად არის ქცეული და რუსეთს ისინი ისედაც არაფერში სჭირდება: აკი, უკვე დაკავებულ მაღაროებსაც არაფერში იყენებს.
პუტინისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა ნატოში არ შევიდეს, ევროკავშირის წევრი არ გახდეს, ძლიერი არმია არ ჰყავდეს და ა.შ. ყველა ეს მიზანი არანაირად არ მიიღწევა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლით. თუ ომი ამავე ფორმით გაგრძელდება ერთი ან ორი წლის განმავლობაში, მაგრამ რუსეთი სრულად დაიკავებს დონეცკის ოლქს, ამით ფუნდამენტურად არაფერი შეიცვლება. შემდეგ, ისინი, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს ოლქის დაკავებას შეეცდებიან - ესეც ხანგრძლივი პროცესი იქნება - მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დნეპრის გადაკვეთას შეძლებენ. ვერ წარმოგვიდგენია, რა ვითარებაში შეიძლება ომის გზით დნეპრის მარჯვენა სანაპიროს, ანუ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მარჯვენა სანაპიროს აღება.
პუტინის სავარაუდო მიზანი უკრაინის კაპიტულაციაა. „ეს კი აუცილებლად რომელიმე კონკრეტულ ტერიტორიას არ უკავშირდება“, - მიაჩნიათ CIT-ში.
მაიკლ კოფმანი ვერ ხედავს მიზეზს, რაც მომდევნო თვეებში ომში გარდამტეხი მომენტის დადგომაზე მიანიშნებდა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ ომი 2026 წლის განმავლობაშიც გააგრძელოს. კოფმანის აზრით, 2024 წელს ომის დასრულების მეტი წინაპირობა არსებობდა, თუმცა მაშინ ეს არ მომხდარა.
ამჟამად, რუსული არმიის საერთო ტენდენცია „უარყოფითია, მაგრამ არა იმდენად უარყოფითი, რომ რუსეთმა კიდევ 8-12 თვე ვერ გააგრძელოს ომი დამატებითი მობილიზაციის გარეშე“, ამბობს ანალიტიკოსი:
„მობილიზაციის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისში იყო საუბარი, მაგრამ შევცდით. დიახ, რუსეთის არმიის ხარისხი უარესდება, მაგრამ რაოდენობა არა“. რუსეთის არმიას ჯერ კიდევ აქვს საბრძოლო ოპერაციების წარმოების შესაძლებლობა მობილიზაციის გარეშე“.
კოფმანი მიიჩნევს, რომ დანაკარგებისა და დაპყრობილი ტერიტორიების თანაფარდობის თვალსაზრისით, რუსეთისთვის ომს დიდი ხანია აღარ აქვს სტრატეგიული შინაარსი. თუმცა, ეს სულაც არ უშლის ხელს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მის გაგრძელებაში.
„პოკროვსკის ან მთელი დონეცკის ოლქის აღება ამ ომში სტრატეგიულად ვერაფერს გადაწყვეტს. ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მთელი 2025 წელი, ისევე როგორც 2024 წელი, რუსეთისთვის უაზრო იყო, თუმცა ომი გრძელდება. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ომის გაგრძელების მიმართ გაუაზრებელი და არაგონივრული მიდგომით ხელმძღვანელობს. ჩვეულებრივი, კონვენციური ომი შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს და გაგრძელდეს მას შემდეგაც კი, რაც ორივე მხარე დაკარგავს ბრძოლის ველზე გარდამტეხი მომენტის მიღწევის შესაძლებლობა“, - ასკვნის მაიკლ კოფმანი.