რუსეთის აღიარება იმედს აძლევს თალიბანს. ვინ მიბაძავს მოსკოვს?

ავღანელი მოხელე მობილური ტელეფონით ავღანეთის ისლამური საამიროების დროშასთან, მოსკოვში, ავღანეთის საელჩოს აივანზე. 4 ივლისი, 2025 წელი

მოკლედ

  • რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა თალიბანის მმართველობა ავღანეთში.
  • ჩინეთი მიესალმა რუსეთის გადაწყვეტილებას, მაგრამ ოფიციალურად არ უღიარებია თალიბანი.
  • ირანი და სპარსეთის ყურის ქვეყნები სიფრთხილეს ინარჩუნებენ.
  • აღიარება აძლიერებს თალიბანის საერთაშორისო სტატუსს.
  • იზრდება შეშფოთება ადამიანის უფლებებთან და ქალთა უფლებებთან დაკავშირებით ავღანეთში.
ლეგიტიმურობისკენ თალიბანის ოთხწლიანი სწრაფვისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იყო გასულ თვეში მოსკოვის ნაბიჯი - რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა დაჯგუფების მმართველობა ავღანეთში.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლის გადაწყვეტილება დიდწილად სიმბოლურია, მას მაინც შეუძლია სტრატეგიული სარგებელი მოუტანოს რუსეთს. აღიარება საშუალებას აძლევს რუსეთს, წარმოაჩინოს თავი, როგორც თამამი გლობალური ძალა, რომელიც კვალავ არ ერიდება დასავლეთის გამოწვევას, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში წარუმატებლობის შემდეგ.

ინიციატივით, მოსკოვი ცდილობს, აღიდგინოს საერთაშორისო ურთიერთობებში დღის წესრიგის დამდგენის რეპუტაცია, წაახალისოს სხვა ქვეყნები - განსაკუთრებით ცენტრალურ აზიაში, - მიბაძონ მას და თალიბანთან ურთიერთობები მოაგვარონ.

ამან შეიძლება გააძლიეროს რუსეთის პოზიცია ცენტრალურ აზიაში, სადაც ავღანეთის სტაბილურობა პირდაპირ გავლენას ახდენს ისეთ მეზობლებზე, როგორიცაა ტაჯიკეთი, და მოსკოვს რეგიონულ დიპლომატიაში ცენტრალურ მოთამაშის როლი არგუნოს.

ასევე ნახეთ მოსკოვისთვის „თალიბანი“ ტერორისტული ორგანიზაცია აღარ არის



გამოიწვევს თუ არა რუსეთის მიერ თალიბანის აღიარება “დომინოს ეფექტს”?

აზიის ამ რეგიონში ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ყაზახეთი - რომლებმაც უკვე ამოიღეს თალიბანი ტერორისტული დაჯგუფების სიიდან და ჩაერთნენ მაღალი დონის მოლაპარაკებებში, - მზად არიან განიხილონ ფორმალური კავშირები, რაც სასაზღვრო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთო ინტერესებითაა გამოწვეული.

უზბეკეთი და ტაჯიკეთი ასევე ავლენენ თალიბანთან ურთიერთობის დათბობის ნიშნებს, რაც ტერორიზმთან მოსკოვის ინიციატივით კოლექტიური ბრძოლის გაძლიერების საქმეში გავლენით შეიძლება ხდებოდეს.

რეგიონის მიღმა, რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოები - როგორიცაა ბელარუსი, რომელიც ტრადიციულად მიჰყვება კრემლის ხაზს, - შეიძლება ასევე შეუერთდნენ აღიარების მოძრაობას.
ჩინეთი მიესალმა რუსეთის მიერ თალიბანის მთავრობის აღიარებისკენ ნაბიჯს და განაცხადა, რომ მისი მიზანიც “ავღანელ ხალხთან მეგობრობის პოლიტიკის გატარება იყო“. თუმცა პეკინს არ განუცხადებია, იყო თუ არა ეს ოფიციალური აღიარება.

მეზობელ ირანში, თალიბანის მიმართ საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმული სიფრთხილე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თეირანმა შეინარჩუნა ეკონომიკური და დიპლომატიური კავშირები, თალიბანის ოფიციალური პირების სტუმრობის და ვაჭრობის ხელშეწყობის ჩათვლით, თეირანს არ გაუკეთებია არანაირი მინიშნება, რომ აპირებს რუსეთის მაგალითის გამეორებას.

რას მოიგებს თალიბანის აღიარებით რუსეთი?

ალექსეი სახაროვის, დელიში დაფუძნებული Observer Research Foundation-ის მკვლევრის, თქმით, მოსკოვისთვის მთავარი მოგება საფრთხეებთან ბრძოლაში გაძლიერებული თანამშრომლობაა.

„მთავარი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაძლიერება, კერძოდ, ISKP-ის წინააღმდეგ”, - თქვა მან და გულისხმობდა “ისლამურ სახელმწიფოს” - ხორასნის პროვინციის მებრძოლ შტოს, რომელიც დაჯგუფების ყველაზე აქტიური ნაწილია.

ბოლო წლებში ISKP-მ გააფართოვა თავისი ოპერაციები ავღანეთს გარეთ და მოიზიდა მებრძოლები ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან. მან, კერძოდ, აიღო პასუხისმგებლობა 2024 წლის მარტში რუსეთში განხორციელებულ გახმაურებულ თავდასხმაზე, როდესაც ოთხმა პირმა მოსკოვის მახლობლად Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზზე მოაწყო თავდასხმა, რომელსაც 145 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სახაროვის თქმით, კრემლის მიერ თალიბანის აღიარება, ძირითადად, „სიმბოლური ჟესტია, რომელიც არ იძლევა ავღანეთში მოსკოვის პოზიციის გაუმჯობესების გარანტიას“. მაგრამ ამ დროს აღიარებამ შესაძლოა პარტნიორობა გაამარტივოს, მისი აზრით, პრაქტიკული თანამშრომლობის დიდი ნაწილი შეიძლებოდა არაფორმალურად წარმართულიყო.

ამასობაში, თალიბანი ამ მხარდაჭერით მნიშვნელოვნად ისარგებლებს, რაც აძლიერებს მის საერთაშორისო ლეგიტიმურობისკენ სწრაფვას და შეუძლია გამოიყვანოს ჯგუფი დიპლომატიური იზოლაციიდან - რაც ავღანელი უფლებადამცველების შეშფოთებას იწვევს.

ოთხი წლის განმავლობაში ავღანეთის დე ფაქტო მმართველი, თალიბანი, რუსეთის ნაბიჯს საკუთარი მმართველობის ეფექტიანობის დადასტურებად მიიჩნევს, რაც, პოტენციურად, უფრო ფართო ეკონომიკური თანამშრომლობის გზებს გაუხსნის მას.
გარდა ამისა, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, როგორიცაა რუსეთი, აღიარების სიმბოლურმა წონამ შეიძლება გააუმჯობესოს თალიბანის პოზიცია საერთაშორისო ფორუმებზე, რაც ხელს შეუწყობს მასთან დიალოგს, რეფორმების დაუყოვნებლივი მოთხოვნის გარეშე ისეთ თემებზე, როგორიცაა ქალთა უფლებები ან ინკლუზიურობა ანუ ჩართულობა.

ყოფილი ავღანელი კანონმდებელი შუქრია ბარაქზაი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, აფრთხილებს ყველას, რომ რუსეთს შეუძლია გაეროს უშიშროების საბჭოში ისეთი პოზიციების დაკავება, რომლებიც მხოლოდ თალიბანს წაადგება. „რუსეთმა ქალთა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფა აირჩია და ერთი ჯგუფის ინტერესები მთელი ერის ინტერესებზე წინ დააყენა“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს.
მან ასევე უარყო მოლოდინი იმისა, რომ ავღანეთი ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს რუსეთის მიერ თალიბანის ოფიციალურად აღიარებით და თქვა: „შეცდომაა ვიფიქროთ, რომ ეს ავღანელებისთვის ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს“.

ასევე ნახეთ როგორ გადიოდა კოალიცია და ვინ ცდილობს ვაკუუმის შევსებას ავღანეთში?