ბოლო წერილი ოჯახმა პატიმარი შვილისგან მაისში მიიღო. ის სააღდგომოდაა (2025 წელს აღდგომა 20 აპრილს იყო) დაწერილი.
„მინდა აღდგომა მოგილოცოთ, ძალა, ჯანმრთელობა და გაძლება გისურვოთ. იმედია, მალე შევხვდებით, ღმერთი უძლებდა და ჩვენც გვიბრძანა. ქრისტე აღსდგა. აბა კარგად, მიყვარხართ და ველი წერილებს“.
ნაწყვეტი მამუკა გაწერელიას წერილიდან, რომელიც მან მშობლებს კოლონიიდან მისწერა. 2025 წელი
2 თვეა, რაც მშობლებმა შვილის შესახებ აღარაფერი იციან:
დალი ჩხეიძე, მამუკა გაწერელიას დედა
„ბოლო წერილში, რომელშიც აღდგომას გვილოცავდა, იწერებოდა, უკეთ ვარო. გადაიყვანეს ორკაციან საკანში. ვიცით, რომ მანამდე წონაში ძალიან იყო დაკლებული, 40 კილოს იწონიდა. გვწერდა, ვცდილობ ცოტა მოვიმატოო. მოიწერა, რომ რაღაც სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა.
ზურგი აწუხებდა ძალიან. როცა დააკავეს და დაკითხეს, მაშინ, ეტყობა, სცემეს, რომ ეღიარებინა, თითქოს ის დაქირავებული მებრძოლი იყო და თითქოს სამი კაცი მოკლა. ბოლო წერილში იწერებოდა, რომ თავს უკეთ გრძნობდა და წამლების გაგზავნა გვთხოვა“.
საჭირო მედიკამენტების გაგზავნა ოჯახმა მორდვეთის კოლონიაში ჯერ რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“, შემდეგ კი მოსკოვში მცხოვრები ნათესავების გზით სცადა, თუმცა ორივე შემთხვევაში ამანათები უკან დაბრუნდა: „არ ვიცით, რატომ, მიზეზი არ გვითხრეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მამუკა გაწერელიას დედა.
დალი ჩხეიძე ამბობს, რომ ადვოკატი კოლონიაში შესვლას უახლოეს დღეებში აპირებს და იმედი აქვს, რომ შვილის შესახებ ინფორმაციას მისგან მაინც შეიტყობს.
გვეუბნება, რომ ადვოკატ ქალს არ სურს ჟურნალისტებთან ურთიერთობა და არც ის, რომ ოჯახმა მისი ვინაობის შესახებ ისაუბროს.
რას ედავება 24 წლის მსჯავრდადებულს რუსეთი?
რუსეთის გენერალური პროკურატურა მამუკა გაწერელიას სამი რუსი სამხედროს მკვლელობასა და შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულად მონაწილეობას ედავებოდა.
აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის შვილს, ზუგდიდში დაბადებულ მამუკა გაწერელიას, უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.
განაჩენის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, 2024 წლის 20 თებერვალს, დედას დაურეკა:
„მითხრა, ხვალ იქნება განაჩენი, მაგრამ არ ინერვიულოთ, უკანონო გადაწყვეტილებაა, არაფერს ნიშნავს და არ შეგეშინდეთო“, - იხსენებს დალი ჩხეიძე შვილის სატელეფონო ზარს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
მამუკა დედამისს მანამდე, 2023 წლის 27 სექტემბერსაც ელაპარაკა.
სასჯელის გამოცხადების შემდეგ კი დედა-შვილს სატელეფონო საუბარი აღარ ჰქონია.
რუსეთში უვადო პატიმრობამისჯილი შვილი მშობლებს მხოლოდ წერილებით ატყობინებდა ამბებს. წერილებს ერთმანეთში რუსი ადვოკატის შუამავლობით, მხოლოდ რუსულ ენაზე ცვლიდნენ.
ეს წერილი მშობლებმა მამუკასგან 2025 წლის თებერვალში მიიღეს:
„მა, ყველაფრისთვის მაპატიე, რასაც არ ვაფასებდი. იმის მერე, რაც ჩვენ გამოვიარეთ, უბრალოდ მინდა მადლობა გითხრა. გმადლობთ შენი შრომისა და აღზრდისთვის, შენი მსხვერპლისთვის“...
მამუკა გაწერელიას წერილი. 2025 წელი, თებერვალი
რას სთხოვს ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს
პატიმრობაში მყოფი ქართველი მებრძოლის ოჯახმა დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 2024 წლის თებერვალში მათგან მიიღო პასუხი, რომ „ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია“. დალი ჩხეიძე ამბობს, მას შემდეგ არანაირი სიახლე აღარ ყოფილა.
რა ნაბიჯები გადადგა ან გადადგა თუ არა რაიმე ნაბიჯები საგარეო საქმეთა სამინისტრომ მამუკა გაწერელიასთან დაკავშირებით, ამ კითხვაზე პასუხი რადიო თავისუფლებამ უწყებისგან ჯერჯერობით ვერ მიიღო. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „გაარკვევენ და დაგვიკავშირდებიან“.
დალი ჩხეიძე ამბობს, რომ ოჯახს დღესაც ინტენსიური კომუნიკაცია აქვს უკრაინაში „საკოორდინაციო შტაბთან“, რომელიც რუსეთთან ტყვეთა გაცვლის საკითხზე მუშაობს:
„გვეუბნებიან, რომ მამუკა ტყვეთა გაცვლის სიაში წერია და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შეთანხმებას მიაღწიონ, მაგრამ რამდენჯერაც გააგზავნეს მისი სახელი, გაცვლაზე თანხმობა არაა. მუდმივი ურთიერთობა გვაქვს შტაბთან, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოდის“, - ამბობს დალი ჩხეიძე.
დალი ჩხეიძის ინფორმაციით, მამუკა მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალში“ 2022 წლის მარტში მოხვდა. მაშინ როცა „აზოვის“ მებრძოლების დასახმარებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. დედის განმარტებით, რუსი სამხედროებით ალყაშემორტყმულ ქარხანაში რამდენიმე სამხედრო ვერტმფრენმა მოახერხა შესვლა, ერთ-ერთში მისი შვილი იყო. თვე-ნახევარში კი ის სხვა აზოვსტალელებთან ერთად ტყვედ ჩაბარდა.
ასევე ნახეთ უკრაინამ და რუსეთმა ისევ გაცვალეს ტყვეებიმორდვეთის ადგილობრივი გამოცემა მამუკა გაწერელიასთან ინტერვიუს აქვეყნებს
2025 წლის 8 მაისს, მორდვეთის რესპუბლიკის დედაქალაქის, სარანსკის ადგილობრივმა გამოცემამ, STOLICA-S-მა, მამუკა გაწერელიასთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ ინტერვიუ სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის კოლონიაშია ჩაწერილი.
ჟურნალისტი მამუკა გაწერელიას ასე აღწერს: „გამხდარი, ყავისფერთვალებიანი, სრულიად ახალგაზრდა“.
ინტერვიუს შესავალში პუბლიკაციის ავტორი ეკატერინე სმირნოვა წერს, რომ მამუკა გაწერელია, რომელიც „დუბრავლაგში“ (განსაკუთრებული ბანაკი #3) იხდის სასჯელს, ამ კოლონიის ყველაზე ახალგაზრდა პატიმარია.
ჟურნალისტი ქართველ მებრძოლს ასეთ კითხვებს უსვამს: „ვინ გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში?“ „რა თანხა შემოგთავაზეს იმისათვის, რომ უკრაინის მხარეს გებრძოლა?“ „მარიუპოლში რომ ჩახვედით, როგორ დაგხვდა ქალაქი?“ „მანამდე თუ მოგიკლავს ადამიანი?“ „ტყვედ რომ არ ჩავარდნილიყავი, კიდევ რამდენ ხანს იბრძოლებდი?“ „მორწმუნე ხარ?“ „როგორ ხედავ შენს თავს 10 წლის შემდეგ?“
ამ გამოცემის ჟურნალისტს თუ დავეყრდნობით, მამუკა გაწერელია ინტერვიუში ამბობს, რომ დაქირავებული მებრძოლია:
„მაგრამ ომში ფულის გამო არ წავსულვარ, უფრო იდეის გამო წავედი... უკრაინაში რომ ჩავედი, მითხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ტყვედ ჩავვარდებოდი, მეთქვა, რომ ეთნიკურად უკრაინელი ვიყავი, რომ გაცვლის შანსი ყოფილიყო...“ - ეს არის ერთ-ერთი ამონარიდი STOLICA-S-ის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან, რომლიდან ვრცელ ციტირებას რადიო თავისუფლება შეგნებულად ერიდება - სამხედრო ტყვეების ინტერვიუებს, როგორც წესი, თან ახლავს მძიმე ფსიქოლოგიური წნეხი და ზოგჯერ ფიზიკური ზეწოლაც.
„დილის 6 საათზე ადგომა, შემდეგ ვარჯიში, კვება, წასვლა სამსახურში, კომბინეზონებს ვკერავ. საღამოს - ვახშამი და ძილი. ხანდახან ვკითხულობ ისტორიულ ჟურნალებს“, - ასეთია სტატიის მიხედვით ქართველი სამხედრო ტყვის დღის განრიგი.
ჟურნალისტი მას ეკითხება: „როგორ პოულობ ძალას, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდე?“
მამუკა გაწერელია: „მხოლოდ სხვების სიტყვებში. ბოლო წამამდე მჯეროდა, რომ მოხდებოდა ჩემი გაცვლა, მაგრამ მე მიმატოვეს“.
რუსი ჟურნალისტი აღწერს, რომ ამ სიტყვების მერე „მსჯავრდადებულს თვალზე ცრემლი მოადგა“.
ასევე ნახეთ პოლკ "აზოვის“ მეთაურები „აზოვსტალის“ დატოვების მიზეზებსა და რუსეთის მიერ გადაბირების მცდელობაზე საუბრობენპუბლიკაციას თან ახლავს კოლონიის ადმინისტრაციის მიერ მამუკა გაწერელიას დახასიათება:
„კონტაქტს კარგად ამყარებს, ემოციურად გაწონასწორებულია, დაწესებულების ქონებას სიფრთხილით ეპყრობა, მსჯავრდადებულებთან კონფლიქტში არ შედის, არ აქვს კონტაქტი კრიმინალურ სუბკულტურასთან. დანაშაულს აღიარებს. ვადამდე პირობითი გათავისუფლების შესახებ განცხადება შეუძლია დაწეროს საპატიმროში ყოფნიდან 25 წლის შემდეგ, 2047 წლის 21 მაისს“.
ინტერვიუს ერთვის მამუკა გაწერელიას ფოტოებიც. ისინი გისოსებს მიღმა, ახლო ხედითაა გადაღებული. ქართველ მებრძოლს სქელი ქუდი ახურავს, აცვია სქელი ქურთუკი.
სტატია შვილის შესახებ მამუკას დედას, დალი ჩხეიძეს, არ ჰქონდა ნანახი. მის შესახებ რადიო თავისუფლებისგან შეიტყო. უცნობია, 8 მაისით დათარიღებული ინტერვიუ როდის არის ჩაწერილი ან ის ფოტოები როდისაა გადაღებული, რომლებიც პუბლიკაციას ახლავს თან.
„მამუკა ისედაც სუსტი აღნაგობისაა, მისი ბუნებრივი წონა 56 კილო იყო ხოლმე. ერთ-ერთი ბოლო კომუნიკაციისას მითხრა, რომ 40 კილო იყო, ამ ინტერვიუში გამოქვეყნებულ ფოტოებზე კი ისეთი გამხდარი აღარ ჩანს. ალბათ ცოტა მოიმატა“, - ამბობს იმედიანად პატიმრის დედა.
მამუკა გაწერელიას უკრაინაში წასვლამდე საომარი გამოცდილება არ ჰქონია. თუმცა დედამისი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ სკოლის დასრულების შემდეგ, ის ოთხწლიანი კონტრაქტით იმყოფებოდა სენაკის სამხედრო ბაზაზე და საუკეთესო შედეგებიც ჰქონდა:
„უმაღლესი ქულებით აბარებდა გამოცდებს, ჰქონდა არაერთი სიგელი. უკრაინაში წასვლა ომის დაწყებიდან მალევე გადაწყვიტა. მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ უკან არაფრით დაიხია. უნდა წავიდე და დავეხმაროო“, - ამბობს დალი ჩხეიძე.
რუსეთის ტყვეობაში მყოფი, სულ მცირე, საქართველოს სამი მოქალაქის შესახებაა ცნობილი - გიორგი ჩუბითიძე, გიორგი გოგლიძე და მამუკა გაწერელია. თუმცა უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი ტყვეების რაოდენობა გაცილებით მეტია. მათი ვინაობა ოჯახის ინტერესების დაცვისა და უსაფრთხოების მოტივით არ სახელდება.
ასევე ნახეთ სამი ქართველი მებრძოლი რუსეთის ტყვეობაში - რის გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას?2025 წლის აპრილში, რუსულმა სამთავრობო მედიამ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთის სასამართლომ ქართველ მებრძოლს, გიორგი გოგლიძეს, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
რაც შეეხება გიორგი ჩუბითიძეს, მისი ბრალდების საქმეზე მუშაობა, რუსული მედიის ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში დაასრულა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა. გიორგი ჩუბითიძეს ბრალად ედება შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულად მონაწილეობა და 2015-2023 წლებში ხუთი სამხედროს მკვლელობა.
სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია საკითხის გასარკვევად შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციის გამოყენება. საქართველოს ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების დაცვას საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს, თუმცა ამ დრომდე, მთავარ პასუხისმგებელ უწყებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება, აკეთებენ თუ არა რამეს ქართველი ტყვეების დასახმარებლად.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება 2023 წლის ნოემბერში მას შემდეგ გაავრცელა, რაც გიორგი ჩუბითიძისა და გიორგი გოგლიძის ტყვედ აყვანის შესახებ გახდა ცნობილი. მაშინ უწყებამ დაწერა, რომ საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში დატყვევებული საქართველოს ორი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.