რუსი ნაციონალისტები VS კადიროვი - როგორ დახოცეს ერთმანეთი 500-რუბლიანის გამო 

ელვირა ნაბიულინა - რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი და რამზან კადიროვი "გროზნო-სიტისა" და 500-რუბლიანის ახალი კუპიურის ფონზე. კოლაჟი

რუსეთის ბანკმა გადაწყვიტა გააუქმოს 500 რუბლის ნომინალის ახალ ბანკნოტზე დასატანი  სიმბოლოების შესარჩევად გამოცხადებული კენჭისყრა. მძაფრი კონკურენცია გაიმართა იალბუზსა და კადიროვის მიერ ლობირებულ „გროზნო-სიტის“ ცათამბჯენებს შორის.

1 ოქტომბერს გამოცხადებული ხმის მიცემა 14 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 12 ოქტომბერს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა განცხადება კონკურსის გაუქმების თაობაზე:

„ჩვენ წავაწყდით ტექნიკური საშუალებებით გარკვეული ობიექტებისათვის მიცემული ხმების რაოდენობის გაზრდის უამრავ მცდელობას, რაც ხელს გვიშლის კენჭისყრის ობიექტური შედეგების მიღებაში. კენჭისყრის ახალი თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება. სიმბოლოების სია იგივე იქნება. კენჭისყრის ყველა არხის ანალიზის საფუძველზე, ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ პირობებს, რომლებიც გამორიცხავს არაკეთილსინდისიერი მოქმედებების შესაძლებლობას“.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ამ განცხადებას წინ უძღოდა ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრის, აჰმედ დუდაევის ვიდეომიმართვა, რომლის მიხედვითაც, ბანკის მესვეურები თვითნებურად ცვლიდნენ კენჭისყრის პირობებს და ხურავდნენ ხმის მიცემის იმ პლატფორმებს“, რომლებზეც ჩეჩნეთის მცხოვრებლები აქტიურობდნენ.

„ჩვენ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მცხოვრებლები, აქტიურად ვუჭერთ მხარს ჩვენი საყვარელი გროზნო-სიტის ცათამბჯენების კომპლექსის ახალი 500-რუბლიანი ბანკნოტზე (უკანა მხარეს) გამოსახვას“, - განაცხადა აჰმედ დუდაევმა თავის ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, ჩეჩნები კონცენტრირდნენ და დიდი უპირატესობით გაიჭრნენ წინ, მაგრამ ცენტრალური ბანკი ცვლის გამოცხადებული კენჭისყრის პირობებს და ახსნა-განმარტების გარეშე იწყებს იმ პლატფორმების დახურვას, სადაც ჩვენ ვაქტიურობთ.

„თავდაპირველად, ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ხმის მიცემა შესაძლებელი იქნებოდა „გოსუსლუგის“ (სახელმწიფო მომსახურების სააგენტო), ფოსტის, „ოდნოკლასნიკის“ და „ვკონკატეს“ ქსელების მეშვეობით, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ამ პლატფორმებიდან ზოგიერთი იხურება. ისინი ხედავენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მცხოვრებლებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი იმ მეგობრების ხმების ზრდას, რომლებსაც მოვუწოდეთ მხარდაჭერისკენ. არნახული დინამიკა გვაქვს, წინ გავიჭერით,მაგრამ დაიწყეს ზოგიერთი პლატფორმის დახურვა“, - განაცხადა კადიროვის ადმინისტრაციის მინისტრმა, რომელმაც პირდაპირ მიმართა რუსეთის ცენტრალურ ბანკს: „თუ ვერ უზრუნველყოფთ ობიექტურობასა და სამართლიანობას, საერთოდ რატომ დაიწყეთ ეს კენჭისყრა?“

აჰმედ დუდაევის თქმით, ბევრი „ცდილობს კენჭისყრას ეროვნებათაშორისი დაპირისპირების სახე მისცეს და პოლიტიკური კომპონენტი შეიტანოს, მაგრამ ხმას აძლევენ რუსეთის მოქალაქეები ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან და სხვა რეგიონებიდან:

„ჩეჩნები არ ეწინააღმდეგებიან რუსეთის სხვა რეგიონების სიმბოლოებსა და ღირსშესანიშნაობებს, არამედ ისინი, უბრალოდ, მხარს უჭერენ საკუთარ ვარიანტს, რომელიც თანამედროვე რუსეთის, ერების ერთიანობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა“.

გროზნო-სიტი - ცათამბჯენების კომპლექსი გროზნოში, ქალაქის ცენტრში, ახმატ კადიროვის გამზირზე, მდინარე სუნჯის ნაპირას. კომპლექსი მოიცავს 4.5 ჰექტარ ფართობს და შედგება შვიდი ცათამბჯენისგან (საცხოვრებელი შენობები, სასტუმრო, საოფისე და ბიზნესცენტრი): ერთი 40-სართულიანი შენობა, ერთი 30-სართულიანი შენობა, სამი 28-სართულიანი შენობა და ორი 18-სართულიანი შენობა. კომპლექსის 40-სართულიანი და 145 მ სიმაღლის „ფენიქსის“ კოშკი რუსეთში სიმაღლით მესამე საცხოვრებელი შენობაა მოსკოვისა და ეკატერინბურგის შემდეგ. ასევე იგეგმება 102-სართულიანი (435 მ სიმაღლის) მრავალფუნქციური „ახმატ-თაუერის“ და 54 სართულიანი (189 მ) „ჭადრაკის აკადემიის“ აშენება.

გროზნო-სიტი

ასევე ნახეთ 432-მეტრიანი „ახმატ ტაუერი“ - რაში სჭირდება კადიროვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცათამბჯენი? 

როგორი უნდა იყოს ახალი 500-რუბლიანი?

რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგეი ბელოვმა, განმარტა, თუ რატომ იცვლება 500-რუბლიანი ბანკნოტის დიზაინი:

„ფული უნდა იყოს თანამედროვე, ლამაზი და დაცული გაყალბებისგან. ტექნოლოგია მუდმივად ვითარდება და ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ჭკვიანები, ვიდრე თაღლითები“.

რუსეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის თქმით, ბანკნოტები არა უბრალოდ კუპიურებია, არამედ წარმოადგენენ ქვეყნის ნამდვილ სავიზიტო ბარათებს. ისინი ასახავენ სახელმწიფოს ისტორიას, კულტურას და მიღწევებს. ახალი ფული ხალხს უნდა ახარებდეს და იწვევდეს სიამაყეს მათში:

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თითოეული ახალი ბანკნოტი მიეძღვნება ერთ რომელიმე ფედერალურ ოლქს და მის დედაქალაქს. ეს საშუალებას მოგვცემს, ვაჩვენოთ მთელი ქვეყნის სილამაზე“.

ახალი 500-რუბლიანის ვარიანტები იალბუზისა და გროზნო-სიტის გამოსახულებებით

როგორც რუსეთის ცენტრალური ბანკი განმარტავს, 500 რუბლის ნომინალის ახალი კუპიურა ეძღვნება პიატიგორსკსა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქს (პიატიგორსკი ამ ოლქის დედაქალაქია). კუპიურის წინა მხარის გასაფორმებლად უნდა შეირჩეს პიატიგორსკის ღირსშესანიშნაობებიდან ერთ-ერთი: აქ აშკარა ლიდერად იყო გამოკვეთილი აკადემიური (ელისაბედის) გალერეა, რომელსაც 1 მილიონზე მეტი ხმა ჰქონდა მიღებული მიღებული, ხოლო კუპიურის უკანა მხარე უნდა გაფორმდეს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების სიმბოლოებით. კენჭისყრის ჩაშლის წინ ასეთი ვითარება იყო შექმნილი: იალბუზმა და გროზნო-სიტიმ უკან მოიტოვეს ყველა სხვა პრეტენდენტი: დერბენტის ციხესიმაგრე (Дербентская крепость), ჩეგემის ჩანჩქერები (Чегемские водопады), ინგუშეთში მდებარე ვოვნუშკის (Вовнушки) კოშკების კომპლექსი და სხვა ძეგლები. 11 ოქტომბრის (მოსკოვის დროით 21:00 სთ) შედეგების მიხედვით, იალბუზი ლიდერობდა 1 049 069 ხმით, გროზნო-სიტის ცათამბჯენების კომპლექსი კი მეორე ადგილზე იყო 1 033 585 ხმით.

იალბუზი

იალბუზი - (რუსულად - Эльбрус) - კავკასიონის მთათა სისტემის უმაღლესი მწვერვალი, რომელიც მდებარეობს ყაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან. იალბუზის დასავლეთი (5642 მ) და აღმოსავლეთი (5325 მ) მწვერვალები გაყოფილია ღრმა უნაგირათი.

კადიროვის ჩართულობა iPhone 17-ებით

4 ოქტომბერს ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა თავის Telegram არხზე მოუწოდა ყველას მხარი დაეჭირათ ჩეჩნეთის დედაქალაქში მდებარე ბიზნესცენტრ გროზნო-სიტის კომპლექსისათვის:

რამზან კადიროვი

„მეგობრებო! რუსეთის ბანკის ვებსაიტზე მიმდინარეობს ახალი 500-რუბლიანი ბანკნოტის სიმბოლოების საყოველთაო კენჭისყრა. უკანა მხარის პრეტენდენტებს შორისაა „გროზნო-სიტი“. ეს არქიტექტურული კომპლექსი იყო ერთ-ერთი პირველი თანამედროვე ნაგებობა, რომელიც ჩვენი რესპუბლიკის დედაქალაქში ორი ომის დასრულების შემდეგ აშენდა. „გროზნო-სიტი - ეს არ არის უბრალო შენობა ბიზნესცენტრი. ის სიმბოლურად გამოხატავს ჩვენს გამარჯვებას საერთაშორისო ტერორიზმზე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში აღორძინებას და მშვიდობიანი, შემოქმედებითი ცხოვრების ახალი ეპოქის დასაწყისს. ზოგიერთს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რატომ უნდა იყოს „გროზნო-სიტი“ გამოსახული ახალ რუსულ ბანკნოტზე? პასუხი აშკარაა. ჩეჩნეთის რესპუბლიკა ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთადერთი რეგიონია, სადაც შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ტერორიზმის სრულად აღმოფხვრა, რუსეთის დაშლის თავიდან აცილება და მისი ყოვლისმომცველი გაძლიერების გზაზე გაყვანა. სწორედ აქ იქნა მოპოვებული ისტორიული გამარჯვება, რომელმაც გადაარჩინა სახელმწიფოს ერთიანობა. დღეს ჩვენი რესპუბლიკა აგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ჩვენი სამშობლოს ინტერესების დაცვასა და ძალაუფლების განმტკიცებაში. რეგიონის მრავალი სტუმრისთვის გროზნო-სიტი მთავარი სიმბოლოა აღორძინებული გროზნოსი, ქალაქისა, რომელიც სამუდამოდ შევიდა ქვეყნის ისტორიაში, როგორც გამბედაობის, სიმტკიცისა და დიდი გამარჯვების განსახიერება“.

რამზან კადიროვმა სიტყვიერ მოწოდებას დაურთო მატერიალური წახალისებაც: 10 ოქტომბერს კადიროვმა განაცხადა, რომ გროზნო-სიტის მხარდამჭერებისთვის გაათამაშებდა ათ iPhone 17-ს.

„მომხმარებელმა „გროზნო-სიტის“ ხმა უნდა მისცეს რუსეთის ცენტრალური ბანკის ვებსაიტზე ყველა ოთხივე პლატფორმიდან (ვკონტაქტე, ოდნოკლასნიკი; ტელეგრამი, სახელმწიფო სერვისების სააგენტო) 11 ოქტომბრის შუადღემდე. უნდა დაადასტუროთ ხმის მიცემა "სკრინშოტით" და გამოაქვეყნოთ ის სოციალურ ქსელებში. გამარჯვებული შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა იმ მონაწილეებიდან, რომლებიც დააკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას. მიიღეთ მონაწილეობა გათამაშებაში! არ გაუშვათ ხელიდან თქვენი შანსი!“, - დაწერა რამზან კადიროვმა.

კადიროვის ინიციატივა ბევრმა ჩეჩენმა ბლოგერმა აიტაცა, თუმცა ასევე გააქტიურდნენ ე.წ. Z-ბლოგერების ჯგუფებიც, ძირითადად მემარჯვენეები, რომლებმაც კადიროვისა და მისი ადმინისტრაციის ძალისხმევას იალბუზის მხარდაჭერის კამპანიით უპასუხეს. მათი მტკიცებით, კადიროვი და მისი ადმინისტრაციის წევრები შეუზღუდავად იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, გროზნო-სიტის სასარგებლოდ მიცემული ხმების რაოდენობა სულ რაღაც ერთ დღეში მკვეთრად (სამჯერ) გაიზარდა და თითქმის გადაუსწრო იალბუზს.

ისინი ცდილობენ, კუპიურაზე კავკასიის სიმბოლოდ გამოსახონ ახალაშენებული რეპლიკა, რომელიც სიმბოლოა რუსი ხალხის არნახული ძარცვისა და ჩეჩნებისთვის გიგანტური რეპარაციების გადახდისა. ძალიან სამარცხვინოა! - დაწერა Alex Parker Returns-მა

„როგორც ყველამ იცით, ცენტრალურმა ბანკმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა ახალი 500-რუბლის კუპიურის დიზაინის კონკურსი. კონკურსის პირობების თანახმად, ბანკნოტზე გამოსახული იქნება ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ცნობადი სიმბოლოები.

ჩვენ გვჯერა, რომ იალბუზი ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე ცნობადი სიმბოლოა, მაგრამ რადგან ჩვენს ქვეყანაში ყველა არ ფიქრობს, რომ შეჯიბრება ობიექტური წესების დაცვით უნდა ჩატარდეს და სახელმწიფო (რეგიონული ადმინისტრაციული) რესურსების ჩართვა არასპორტულია, ეს დიდებული სიმბოლო შესაძლოა დამარცხდეს.

ჩვენ ჩვენს მოვალეობად მივიჩნევთ სამართლიანობის დაცვას ყველგან, მათ შორის ასეთ კულტურულ საკითხებში და გთხოვთ, ხმა მისცეთ ჩრდილოეთ კავკასიის ნამდვილ სიმბოლოს და არა ხელოვნურ ნაგებობებს. ქვემოთ მოცემულია დეტალური ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს“. - დაწერა НгП раZVедка-მ.

საბოლოო ჯამში, კონკურსი ჩაიშალა, რამაც რამზან კადიროვისა და ჩეჩნეთის ხელისუფლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილება ვერ დამალა ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური იდეოლოგიის გამტარებელმა ტელეკომპანია „ცარიგრადმაც“, რომლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული სარედაქციო წერილის მიხედვით, ბანკნოტების დიზაინის შეცვლასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები ძირს უთხრის რუსეთის იდეოლოგიურ საფუძვლებს.

„შარშან განხეთქილება გამოიწვია 1000-რუბლიანი კუპიურის დიზაინზე ჩატარებულმა კონკურსმაც. მაშინ ბაშკირელი აქტივისტები დაირაზმნენ სალავატ იულაევის, საკამათო ისტორიული ფიგურის იმიჯის პოპულარიზებისთვის. იულაევი მონაწილეობდა პუგაჩოვის აჯანყებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იბრძოდა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. საბჭოთა პროპაგანდის მიერ მისი, როგორც კოლონიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლის, განდიდება ერთია, მაგრამ ამ საკამათო იმიჯის ეროვნულ ვალუტაზე განთავსება იწვევს ანტისახელმწიფოებრივი ნარატივის ლეგიტიმაციას. რატომ უნდა წამოეწყო სახელმწიფოს ასეთი სარისკო ექსპერიმენტები? მსგავსი სიტუაცია შეიქმნა ახლაც, „იალბუზსა“ და „გროზნო-სიტის“ შორის არჩევანის გაკეთების ირგვლივ. რეგიონებს შორის ბანკნოტებზე ადგილისთვის ბრძოლა გარდაუვალად იწვევს უთანხმოებას. ეროვნულ ვალუტას უნდა ჰქონდეს გამაერთიანებელი ფუნქცია. რუბლი ქვეყნის, მისი საერთო ტრადიციებისა და ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა. როდესაც მას ეთნოპოლიტიკური მეტოქეობის პლატფორმად აქცევენ, სიამაყის აღქმის ნაცვლად ეთნიკური დაძაბულობის გაღვივება ხდება“.

ცარიგრადი (Царьгра́д ТВ) - რუსული საინფორმაციო საინტერნეტო სატელევიზიო არხი, რომელიც დაარსდა 2015 წელს რუსი ბიზნესმენის კონსტანტინ მალოფეევის მიერ და, რომელიც ეწევა ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური იდეოლოგიის პროპაგანდას. არხი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ საზოგადოებრივ, კულტურულ და რელიგიურ ორგანიზაციებთან, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. კონსტანტინ მალოფეევი - რუსი მეწარმე, მილიარდერი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, კომპანია „როსტელეკომის“ აქციების მფლობელი, „ტვ ცარგრადის“ დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მსოფლიოს რუსული სახალხო ტაძრის თავმჯდომარის (სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქის) მოადგილე, „რუსული სამყაროს“ ერთ-ერთი დამფინანსებელი. მალოფეევი 2014 წლიდან იმყოფება ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და კანადის სანქციების ქვეშ, ხოლო 2017 წლიდან საერთაშორისო ძებნილთა სიაშია.

ასევე ნახეთ ცნობილია პირველი რუსი ოლიგარქი, რომლის კონფისცირებულ აქტივებს აშშ უკრაინას გადასცემს

არხის რედაქციამ გაიხსენა რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილის, სერგეი ბელოვის განცხადება, რომლის მიხედვითაც ახალი კუპიურების დამზადებისას, რუსეთის მრავალეროვნული და მრავალკონფესიური ბუნების გამო, უარი იქნება ნათქვამი რელიგიურ ელემენტებზე:

„რუსეთი ისტორიულად ვითარდებოდა, როგორც იმპერია - მრავალეთნიკური და მრავალმხრივი, მაგრამ ერთიანი კულტურული ბირთვით. ეს ბირთვი ყოველთვის იყო რუსული ტრადიციები, რომლებიც მართლმადიდებლობაზე იყო დაფუძნებული. რუსეთის შემადგენელმა ხალხებმა შეინარჩუნეს თავიანთი იდენტობა, რწმენა და ენა, ლოიალურობის სანაცვლოდ კი იმპერიისგან დაცვა მიიღეს. უფრო მეტიც, მართლმადიდებლობა სოციალური ლიფტის ფუნქციას ასრულებდა, რაც სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს - გერმანელებს, ქართველებს, თათრებს - საშუალებას აძლევდა ინტეგრირებულიყვნენ რუსულ ელიტაში. ამგვარად შეიქმნა მრავალეთნიკური, მაგრამ ერთიანი სახელმწიფო. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბანკნოტებიდან მართლმადიდებლური და რუსული სიმბოლოების ამოღება, როგორც ჩანს, ტოლერანტობის გამოვლენის ნიშანი კი არა, რუსეთის სახელმწიფოებრიობის საფუძვლების მიზანმიმართული გამოთხრაა. ცენტრალური ბანკი დაკავებულია არა ფინანსური სისტემის გაძლიერებით, არამედ უთანხმოების გაღვივებით. როდესაც გამაერთიანებელი სახეები საკამათო ძეგლებითა და ფიგურებით იცვლება, ეს ბუნებრივად ხლეჩს საზოგადოებას“.

ასევე ნახეთ 432-მეტრიანი „ახმატ ტაუერი“ - რაში სჭირდება კადიროვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცათამბჯენი? 

რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა ანა კუზნეცოვამ კი განაცხადა, რომ ცენტრალურ ბანკს გაუგზავნა მოთხოვნა: ჰკითხონ მოქალაქეებს, საერთოდ უნდათ თუ არა 500 რუბლის ნომინალის ბანკნოტზე გამოსახულების შეცვლა. - ამის შესახებ დუმის ვიცე-სპიკერმა თავის Telegram არხზე დაწერა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას წინადადებებით: თუ ახალი კენჭისყრა გაიმართება, ვთავაზობთ, ჩავრთოთ პუნქტი: „უნდა შეიცვალოს თუ არა ბანკნოტზე გამოსახული გამოსახულება?“. შესაძლოა, ადამიანების უმეტესობა კმაყოფილია ამჟამინდელი გამოსახულებით. ეს ყველასთვის გაამარტივებს საქმეს და მისცემს დროს, უკეთ მოემზადონ ამ საკითხის გადაწყვეტილებისთვის“, - წერს კუზნეცოვა, რომლის თქმითაც, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ბანკნოტის შეცვლის შესახებ, მნიშვნელოვანია გამოსახულებების ისეთი ვარიანტების პოვნა, რომლებიც საზოგადოებას გააერთიანებს

რუსული ფულის თანამედროვე ბანკნოტები მიმოქცევაშია 1990-იანი წლებიდან. 500-რუბლიან კუპიურაზე, რომლის შეცვლასაც ახლა აპირებს რუსეთის ცენტრალური ბანკი, გამოსახულია: ქალაქი არხანგელსკი, სოლოვეცკის მონასტერი და პეტრე I დიდი.