Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია პირველი რუსი ოლიგარქი, რომლის კონფისცირებულ აქტივებს აშშ უკრაინას გადასცემს


კონსტანტინ მალოფეევი
კონსტანტინ მალოფეევი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო კონფისცირებული რუსული ქონების უკრაინისთვის გადაცემა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პირველი, ვისი აქტივებიც უკრაინის საჭიროებებისთვის დაიხარჯება, რუსი ოლიგარქი კონსტანტინ მალოფეევია. გადაწყვეტილება მიიღო შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელიცაა.

აშშ-ში კონსტანტინ მალოფეევის აქტივები კონფისკაციას დაექვემდებარა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დარღვევის გამო. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ მალოფეევი 2022 წელს დაადანაშაულა ყირიმში სეპარატისტული განწყობების გამღვივებელი რუსების ფინანსურ მხარდაჭერაში. კონფისკაცია შეეხო მილიონობით დოლარს, რომელიც მალოფეევს ერთ-ერთ ამერიკულ ბანკში ჰქონდა.

კონსტანტინ მალოფეევი „როსტელეკომის“ აქციების და ტელეკომპანია „ცარიგრადის“ მფლობელია. რუსეთის ეკლესიასთან დაახლოებული მალოფეევი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც „რუსული სამყაროს“ კონცეფციის მიმდევრებს აფინანსებს.

10 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა გასცა უკრაინისთვის თანხის პირველი ნაწილის გადარიცხვის ნებართვა. მერიკ გარლანდის განცხადებით, ეს შემთხვევა ბოლო არ იქნება.

რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით დაზარალებული უკრაინისთვის სანქცირებული რუსი ოლიგარქების კონფისცირებული აქტივების გადაცემა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მხარი დაუჭირა შესაბამის საკანონმდებლო აქტს.

XS
SM
MD
LG