24 საელჩო: ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს

მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს ერთობლივად გმობენ 24 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები და მას „არაპროპორციულს და პოლიტიზებულს“ უწოდებენ. ისინი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

„ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ 24 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები.

„მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამაღლობელისთვის პატიმრობის მისჯიდან ერთ საათში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ მისი საქმე და „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთზე“ განხორციელებული ზეწოლა „საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, - მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით“.

ხელმომწერები არიან „მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი ქვეყნები და მათი მოკავშირეები. კერძოდ:

  • ავსტრიის,
  • ბელგიის,
  • კანადის,
  • ჩეხეთის,
  • დანიის,
  • ესტონეთის,
  • ევროკავშირის,
  • ფინეთის,
  • საფრანგეთის,
  • გერმანიის,
  • ისლანდიის,
  • ირლანდიის,
  • იტალიის,
  • ლატვიის,
  • ლიეტუვის,
  • ლუქსემბურგის,
  • ნიდერლანდის,
  • ნორვეგიის,
  • პოლონეთის,
  • რუმინეთის,
  • ესპანეთის,
  • შვედეთის,
  • უკრაინისა და
  • დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები.

მზია ამაღლობელის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება საერთაშორისო საზოგადოება.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, - „კლუნების ფონდი სამართლიანობისათვის“, - აცხადებს: „ცნობილ ჟურნალისტზე ეს არაპროპორციული სამართლებრივი თავდასხმა ხდება იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ფუნდამენტურ სამოქალაქო თავისუფლებებს საფრთხის ქვეშ აყენებს“.

ასევე ნახეთ არაპროპორციული სამართლებრივი თავდასხმა ჟურნალისტზე - „კლუნების ფონდი“ ამაღლობელის განაჩენზე

რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ფავორიტი იქნება სახაროვის სახელობის წლევანდელი პრემიის ნომინანტებს შორის.

ასევე ნახეთ როგორ ეხმაურება მზია ამაღლობელის განაჩენს საერთაშორისო საზოგადოება