არეული ზეცა: როგორ ცვლის სამხედრო კონფლიქტები გლობალურ ავიაციას

გლობალური საჰაერო მიმოსვლის ნაცნობი გზები ქრება. ტრანსკონტინენტური მარშრუტები, სადაც ადრე პილოტები პირდაპირ დაფრინავდნენ, ახლა დამსხვრეულ მინას დაემსგავსა - მილიონობით ფრენაა ჩაჭედილი გადატვირთულ დერეფნებში. ამავდროულად, საჰაერო სივრცის უზარმაზარი ნაწილები სრულიად ცარიელი რჩება. ან ისინი მფრინავი რაკეტებითა და დრონებითაა სავსე.

ეს ცვლილება შემთხვევითი არ არის. ბოლო წლებში ომებმა, რეგიონულმა საომარმა მოქმედებებმა და სამხედრო ესკალაციებმა მსოფლიოს ცა უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი გახადა, ვიდრე "ცივი ომის" შემდეგ ოდესმე. რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთამდე და აფრიკამდე მომრავლდა „ფრენის აკრძალვის ზონები“, რამაც საერთაშორისო ავიაცია კრიზისში ჩააგდო და ფრენის ეკონომიკა, უსაფრთხოება და ნახშირბადის ნაკვალევი შეცვალა.

რუსეთის საჰაერო ქაოსი: ახალი ნორმა

2025 წლის ივლისის დასაწყისში რუსეთის აეროპორტები ქაოსმა მოიცვა. მხოლოდ 5-6 ივლისს უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად რუსეთის საჰაერო სივრცის დიდი ნაწილი დაიხურა, რამაც 2000-ზე მეტი რეისი გააუქმა ან გადადო.

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში გაჭედილი მგზავრი ტატიანა ამ სცენა „კატასტროფად“ აფასებს. ლაუნჯები გადაიტვირთა და ხალხი იატაკზე იყო მიწოლილი. სასმელი წყალი გათავდა. „დასაჯდომი ადგილიც კი არსად იყო და ხალხს ფილებზე ეძინაო“, - თქვა მან.

სანქტ-პეტერბურგში ტაქსის მძღოლები მოსკოვში მგზავრობისთვის 80 000 რუბლამდე (1025 აშშ დოლარი) ითხოვდნენ. პულკოვოს აეროპორტის დაკეტვის შემდეგ მატარებლის ყველა ბილეთი გაიყიდა. მხოლოდ 6 ივლისს შერემეტიევოში 15 000-ზე მეტი მგზავრი იყო გაჭედილი. კალუგის, ტამბოვისა და ფსკოვის მცირე აეროპორტებმა ყველა ოპერაცია შეაჩერეს.

ასევე ნახეთ „აეროფლოტის“ საინფორმაციო სისტემის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა აიღო ჰაკერების ორმა ჯგუფმა

რუსეთის თავდაცვის ჩინოვნიკების განცხადებით, იმ ღამეს მათ 120-მდე დრონი ჩამოაგდეს, აქედან რამდენიმე მოსკოვიდან სულ რაღაც კილომეტრში. ხელისუფლებამ საჰაერო სივრცის დახურვის მიზეზად „გარე ჩარევა“ დაასახელა, რაც ახლა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რუსეთს 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 600-ზე მეტჯერ მოუხდა აეროპორტების დაკეტა.

ცაში გაჭედილები

კიდევ უარესია, როდესაც ცაში იჭედები. 2025 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ირანმა რაკეტები გაუშვა კატარში მდებარე აშშ-ის ალ-უდეიდის საჰაერო ბაზისაკენ, მიმდებარე ქვეყნებმა სწრაფად დახურეს თავიანთი საჰაერო სივრცე. პერთიდან პარიზისკენ გაფრენილმა რეისმა 15 საათს დაჰყო ჰაერში და შემდეგ ავსტრალიაში დაბრუნება მოუწია. სხვა რეისი იძულებული გახდა სინგაპურში დამჯდარიყო.

ინდოეთ-პაკისტანის დაძაბულობამ 2025 წლის მაისში გამოიწვია ძირითადი დერეფნების დახურვა, რამაც ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას შორის რეისებს უფრო გრძელი და ძვირადღირებული მარშრუტებით ფრენა აიძულა. მგზავრობის დრო 10 საათამდე გაიზარდა. უცხო აეროპორტებში საწვავისთვის იძულებითი გაჩერებები რუტინულ საქმედ იქცა.

Flightradar24-ის მონაცემები აჩვენებს, რომ პილოტებს ახლა „სუპერგაჯერებულ“ დერეფნებში უწევთ გადაადგილება - თვითმფრინავებით სავსე ვიწრო ზოლებში, რომელთა გარშემოც უზარმაზარი აკრძალული ცარიელი სივრცეებია. დიდ საცობებში მოხვედრა მნიშვნელოვნად ზრდის შეჯახების რისკს და ძალიან ურთულებს საქმეს საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერებს.

წითელი ზღვის, ლიბიის, სუდანისა და სირიის თავზე უსაფრთხოების პრობლემების გამო სულ უფრო ხშირად ხდება საჭირო ფრენების გადამისამართება. კონფლიქტურ ზონებში საჰაერო მოძრაობის კონტროლი ხშირად საერთოდ არ არსებობს და პილოტებს ჰაერში შემოვლითი გზების კოორდინაცია მოძველებული ან ალტერნატიული არხების გამოყენებით უწევთ.

გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შედეგები

ყველა ეს ცვლილება მნიშვნელოვან გარემოსდაცვით ხარჯებს იწვევს. დიდი ბრიტანეთის რიდინგის უნივერსიტეტისა და საფრანგეთის პიერ-სიმონ ლაპლასის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, მხოლოდ რუსეთის საჰაერო სივრცის გვერდის ავლამ გამოიწვია CO₂-ის ემისიების 8,2 მილიონი ტონით ზრდა ერთ წელიწადში.

დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტის ავიაციის წამყვანი მკვლევრის, ვიქტორია ივანიკოვას 2024 წელს ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ევროპიდან აზიაში გადამისამართებული ფრენები 39 პროცენტით მეტ საწვავს წვავს და 40 პროცენტით მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფს.

ასევე ნახეთ ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ცაში ომების გამარჯვებულები და დამარცხებულები

ჩინელმა გადამზიდავებმა რუსეთის საჰაერო სივრცეზე წვდომით კარგად ისარგებლეს. მათი მარშრუტები ევროპიდან აზიაში ახლა დასავლელ კონკურენტებზე უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომი გახდა.

British Airways-მა 2024 წლის ზაფხულში ლონდონი-პეკინი და ლონდონი-ჰონგ-კონგის ყოველდღიური ერთ-ერთი რეისი დიდი დანაკარგების გამო გააუქმა.

ჰელსინკის ფლაგმანურმა ავიაკომპანია Finnair-მა, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი უპირატესობა დაკარგა. შანხაიში ფრენას, რომელსაც ჩინური Juneyao Airlines-ი 9 საათს ანდომებს, ახლა Finnair-ზე 12 საათი ან მეტი სჭირდება.

Air India-მ მცირე ხნით მოიპოვა უპირატესობა, მაგრამ 2025 წლის აპრილში სადავო ქაშმირში ტერორისტული თავდასხმის შედეგად პაკისტანის მიერ საჰაერო სივრცის შეზღუდვების შემდეგ ბერკეტები დაკარგა.

რაკეტები ცაში

საომარი ზონების მიმდებარე რეგიონებში ცაში მხოლოდ კომერციული თვითმფრინავები აღარ დაფრინავენ. სამხედრო აქტივობა ახლა სამოქალაქო მარშრუტებსაც სწვდება. თებერვალში ჩინეთმა ტასმანის ზღვაში დაუგეგმავი საზღვაო წვრთნები ჩაატარა. კომერციულ თვითმფრინავებს ჰაერში მარშრუტის შეცვლა მოუწიათ მას შემდეგ, რაც Virgin Australia-ს პილოტმა შემთხვევით გაფრთხილება გამოუყენებელ რადიოსიხშირეზე მიიღო.

2024 წლის დეკემბერში, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოაგდო აზერბაიჯანული AZAL-ის რეისი. ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 ადამიანი დაიღუპა. სუდანში ამბოხებულმა მებრძოლებმა ჩამოაგდეს ყირგიზეთის მიერ დაქირავებული სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც სამხედრო მომარაგების თვითმფრინავად მიიჩნიეს.

ასევე ნახეთ გამოძიება ერთი თვის ვადაში გამოაქვეყნებს წინასწარ ინფორმაციას AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე

ეს იზოლირებული ინციდენტები არ გახლავთ. ირანში 2020 წელს ჩამოაგდეს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების რეისი PS752. 2014 წელს რუსეთის მიერ მიწოდებული რაკეტით სეპარატისტებმა უკრაინაში გაანადგურეს Malaysia Airlines-ის რეისი MH17. ორივე ტრაგედია მკაცრ გაფრთხილებად იქცა: კომერციული თვითმფრინავები სულ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ ექცევიან.

საჰაერო მგზავრობის გლობალური სისტემა, რომელიც ოდესღაც სიჩქარის, უსაფრთხოებისა და კავშირის მაგალითს წარმოადგენდა, ახლა გეოპოლიტიკური ინტერესების რთულ ქსელს დაემსგავსა. რუკას ყოველი ახალი კონფლიქტი ცვლის. თითოეული დახურვა, მარშრუტის თითოეული შეცვლა და საჰაერო სივრცის შეზღუდვა ზრდის შეფერხებებს, გამონაბოლქვებს და ხარჯებს.