აშშ-ის სანქციები "ლუკოილისა" და "როსნეფტის" წინააღმდეგ - რა შეეხება საქართველოს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსულ კომპანიებს - "როსნეფტსა" და "ლუკოილს" სანქციები უკრაინაში ომის შეჩერების მიზნით დაუწესა

უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის რუსეთის იძულების მიზნით აშშ-ის მიერ „ლუკოილის“, „როსნეფტისა“ და მათთან დაკავშირებული ათობით კომპანიისთვის დაწესებული სანქციები ზეგავლენას საქართველოზეც მოახდენს. სანქცირებულთა წრეს კიდევ უფრო აფართოებს „მეორადი სანქციები“.

Rosneft-ისა და Lukoil-ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აშშ-ის პრეზიდენტის #14024 განკარგულებას ეყრდნობა, რომლის მიზანიც საზღვარგარეთ რუსეთის ფედერაციის დამაზიანებელი საქმიანობის აღმოფხვრაა. სანქციები ითვალისწინებს ქონების დაყადაღებასა და აქტივების გაყინვას, როგორც უშუალოდ სიაში ჩამოწერილი კომპანიებისთვის, ასევე იმ კომპანიებისთვისაც, რომელთა აქტივებსაც სანქცირებული იურიდიული პირები ფლობენ. სანქციები შესაძლებელია დაუწესდეთ ფიზიკურ პირებსაც.

გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ, მათ შორის - მეორადი სანქციების საფრთხის გამოც, სანქცირებულ კომპანიებსა და მათ წარმომადგენლებს უფრთხის ყველა - წყვეტენ კავშირებს, ყიდიან წილებს, იშლება სამომავლო გეგმები.

ასევე ნახეთ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „ლუკოილს“ და „როსნეფტს“
ასევე ნახეთ ტრამპმა გააუქმა პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა

ახალი სანქციპები ითვალისწინებს შემდეგ ზომებს:

  • სანქცირებულთა ქონებისა და აქტივების სრული გაყინვა - [აშშ-ში არსებული, აშშ-ის მოქალაქეების კუთვნილი ან მათ მიერ მართული].
  • ყველანაირი ტრანზაქციის აკრძალვა [გარკვეული გამონაკლისების გარდა] - რაც განხორციელებულია აშშ-ის მოქალაქისა თუ აშშ-ში მყოფი [ან ტრანზიტით მყოფი] პირების მიერ - როცა ისინი რაიმე სახით არიან დაკავშირებული დაბლოკილ ქონებასთან ან მის მიმართ ინტერესთან.
  • სანქციები შეეხება ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად, ინდივიდუალურად თუ ჯამში, ფლობს ერთი ან ერთზე მეტი სანქცირებული კომპანია - მინინუმ 50%-იანი წილით.
  • სანქციების უგულებელყოფისთვის დაწესებულია სასჯელი - როგორც აშშ-ის მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის. ისინი შესაძლოა სისხლის სამართლის წესითაც გაასამართლონ.

გათვალისწინებულია მეორადი სანქციებიც.

OFAC-ის სიაში, Rosneft-ისა და Lukoil-ის გარდა, მათი შვილობილი 40-მდე კომპანიაა ჩამოწერილი. მაგრამ, რეალურად, სანქცირებულთა წრე, შესაძლოა, გაცილებით უფრო გაფართოვდეს.

ოფიციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ სანქცირებულ მხარესთან განხორციელებულმა ტრანზაქციებმა “შესაძლოა გამოიწვიოს მეორადი სანქციები მონაწილე უცხოური საფინანსო ინსტიტუციებისთვის”; რაც იმას ნიშნავს, რომ რისკის წინაშე შეიძლება დადგეს საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტები, თუკი ისინი მომსახურებას გაუწევენ სანქცირებულ კომპანიებს.

რუსეთის სახელმწიფო „როსნეფტისგან“ განსხვავებით, „ლუკოილი“ კერძო კომპანიაა, თუმცა აშშ საგანგებოდ მიუთითებს მათ თანაბარ როლზე და უმსხვილეს წვლილზე რუსეთის ეკონომიკაში, რომელიც უკრაინაში ომის მანქანას ასაზრდოებს; ხოლო მოსკოვი ომის შეწყვეტას არ გეგმავს.

ლუკოილის თანახმად, კომპანიას ეკუთვნის ნავთობის ნედლი წარმოების 2%-ზე მეტი და გლობალურად ნახშირწყალბადების დადასტურებული მარაგების დაახლოებით 1%.

რა ხდება საქართველოში?

საქართველოში „ლუკოილი“ 60-ზე მეტი ბენზინგასამართი სადგურს ფლობს, საიდანაც 40-ზე მეტი - კომპანია „ლუკოილ-ჯორჯიას“ საკუთრებაა.

მეწარმეთა რეესტრის თანახმად, "ლუკოილ-ჯორჯიას" გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე, რომან პეტრაშოვია.

  • შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ 100%-ის მფლობელია ავსტრიაში დარეგისტრირებული შპს LUKOIL INTERNATIONAL
  • LUKOIL INTERNATIONAL-ს კი აშშ-ის მიერ სანქცირებული Lukoil OAO ფლობს, სხვადასხვა წყაროს თანახმად - 100%-იანი წილით.

„ლუკოილ-ჯორჯიაში“ დეტალების გარკვევა ვერ მოვახერხეთ - დაგვპირდნენ, რომ დაგვიკავშირდებიან, მაგრამ უშედეგოდ.

“საქართველო არაა მიერთებული სანქციებს და “ლუკოილს” შეუძლია აქ მუშაობა, ოღონდ მხოლოდ ნაღდი ფულით. აქ ლუკოილის სადგურების პრობლემა ნაკლებადაა, პრობლემაა ბანკებში… “თიბისი ბანკმა” და “საქართველოს ბანკმა” უნდა განმარტონ, რატომ არ არის გაყინული ანგარიშები და რატომ გამოიყენება მათი ტერმინალები”, - აცხადებს ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე. დღის განმავლობაში, ის "ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურებზე საბანკო ანგარიშსწორებას აპროტესტებდა.

შეკითხვებით მივმართეთ ბანკებსაც.

„კონკრეტულ სანქციებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს ზოგადი პოლიტიკა, რომ ვიცავთ სანქციებს სრულყოფილად“ - ასეთია TBC ბანკის ზოგადი პასუხი. არ დაგვიკონკრეტეს, არის თუ არა „ლუკოილ-ჯორჯია“ მათი კლიენტი და რა ზომების მიღება იგეგმება.

„საქართველოს ბანკში“ კი გვიპასუხეს, რომ - სრულად იზიარებენ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, ნათია თურნავას შეფასებას.

თურნავას კომენტარიც ზოგადი იყო.

“საერთაშორისო სანქციების რეჟიმების შემოღების დღიდან, ჩვენი საფინანსო სექტორი განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს… უკვე სამი წელია, პრაქტიკულად, ჩვენ არცერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია”, - უთხრა მან მედიას; ხოლო აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით დაამატა, რომ - “ეს შედარებით ახალი გადაწყვეტილებაა” და საკითხს შეისწავლიან “საფინანსო სექტორი და რეგულატორი” და იმოქმედებენ შესაბამისად.

“ვნახავთ და რასაკვირველია, სანქციების რეჟიმის დაცვა არის ის, რასაც აკეთებენ ჩვენი ბანკები დღემდე. ამ თვალსაზრისით რაიმე გართულება არ იქნება“", - განაცხადა ნათია თურნავამ.

აშშ-მდე, 15 ოქტომბერს, „ლუკოილსა“ და „როსნეფტს“ სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა.

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე გვეუბნება, რომ სანქციების გვერდის ავლას ვერცერთი ბანკი ვერ გარისკავს, რადგან ეს იოლად გამოვლინდება და სანქციები არც მათ ასცდებათ.

„ასეთ დროს, ყველა სანქცირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მინიმუმ - ეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშებზე და ბარათებზე. რა თქმა უნდა, ყველას დაუხურავენ ანგარიშებს, ვისაც სანქციები შეეხება. სულ რომ სახელმწიფომ ნება დართოს, ბანკები ამას არ გააკეთებენ", - დარწმუნებულია კეპულაძე.

მრავალი წლის განმავლობაში, „ლუკოილის“ საწვავით მარაგდებიან მთელი რიგი სახელმწიფო უწყებები და ორგანიზაციები, ცენტრალურ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე - სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, ცალკეული სააგენტოები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს"ბაზის თანახმად, თუკი 2013 წლამდე საწვავით მომარაგება ძირითადად ტენდერების გზით ხდებოდა, შემდეგ უკვე - გამარტივებული და კონსოლიდირებული შესყიდვების გზით ხდება.

  • „ლუკოილ-ჯორჯიას“ 34 ტენდერიდან მოგებული აქვს - 23, სავარაუდო ღირებულებით - 60 924163 ლარი; გამარტივებული შესყიდვების 874 შემთხვევა - 11 944 176 ლარი; 2142 კონსოლიდირებული შესყიდვის ღირებულება - 128 678 051 ლარი.

რას აპირებს „ლუკოილ-ჯორჯია“ და დაეტყობა თუ არა სანქციებით გამოწვეული შედეგი საქართველოს ბაზარს - ამის შესახებ პასუხი ჯერ არავის აქვს. ეკონომისტებს ძნელად წარმოუდგენიათ საქართველოში იმ ბიზნესის ოპერირება, რომელსაც ბანკები არ ემსახურებიან.

"როსნეფტთან" დაკავშირებული თადარიგი

2022 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტმა“თავისი 49%-იანი წილი გაყიდა Petrocas Energy Group-ში, რომელიც კვიპროსშია რეგისტრირებული. ეს ინფორმაცია თავად ამ კომპანიაზე დაყრდნობით - თავდაპირველად BM.ge-მ გაავრცელა.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, Petrocas Energy საქართველოში Gulf-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს ფლობს და ფოთის ნავთობტერმინალს მართავს. მაისში Petrocas Energy Group-მა განაცხადა, რომ როსნეფტისგან აქციები კომპანიის დამფუძნებელმა, აღმასრულებელმა დირექტორმა, ივანე ნაკაიძემ შეისყიდა; ხოლო „როსნეფტის“ ორი წარმომადგენელი თანამდებობიდან გადადგა.

2022 წლის მაისში საერთაშორისო თანამეგობრობას უკვე დაწყებული ჰქონდა სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც მეზობელ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო.

იმ დროისთვის, Petrocas Energy Group-ის აქციების უდიდეს ნაწილს დავით იაკობაშვილი ფლობდა - ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი.

2025 წლის 25 აპრილში კი ცნობილი გახდა, რომ Petrocas Energy Group-ის სხვა აქციონერებმა სრულად გამოისყიდეს იაკობაშვილის კუთვნილი აქციები.

აშშ-ს გარდა, რუსული ენერგოკომპანიები ევროკავშირის სანქციების სამიზნეც გახდა. მე-19 პაკეტში, რომელიც ბლოკმა 22 ოქტომბერს, გვიან საღამოს დაამტკიცა - უნგრეთისა და სლოვაკეთის თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად.

ასევე ნახეთ ევროკავშირმა მიიღო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი

რუსული ბანკების, კრიპტობირჟებისა და ჩრდილოვანი ფლოტის უფრო ფართო წრისთვის დამტკიცებული სანქციების გარდა, ახალი დოკუმენტი მოიცავს ზომებს “როსნეფტისა” და “გაზპრომნეფტის” წინააღმდეგ. გაზპრომნეფტი სახელმწიფო "გაზპრომის" შვილობილი კომპანიაა.

ექსპერტებს ეეჭვებათ, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოკლევადიან პერსპექტივაში გარდამტეხ შედეგებს მოიტანს; ნაწილი აღნიშნავს თავად ფაქტის მნიშვნელობას, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ასეთი ნაბიჯი გადადგა. თუმცა აქაც არსებობს ეჭვი - თუ როგორ შესრულდება დაწესებული სანქციები.

ბერლინის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარი მარია შაგინა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით - [გარკვეული დათქმებით - რ.თ.] სანქციების ამოქმედების ვადად 21 ნოემბერია მითითებული.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საკითხავია, ექნება თუ არა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს ექსტერიტორიული მიდგომა და დაუწესებს თუ არა მეორად სანქციებს ჩინეთისა და ინდოეთის კომპანიებს, საფინანსო ორგანიზაციების ჩათვლით“,- ამბობს შაგინა.

23 ოქტომბერს, სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, აშშ-ის ახალი სანქციების გამო, ინდოეთმა უკვე დაიწყო ზრუნვა „როსნეფტთან“ და „ლუკოილთან“ გარიგებების მნიშვნელოვან შემცირებაზე. Brent-ის მარკის ნავთობის ფასი გაიზარდა. დღის პირველ ნახევარში, Bloomberg-ის მიხედვით, 3%-იან მატება იყო და ბარელის ფასმა 64 დოლარს გადააჭარბა. საღამოს უკვე 65%-მდე მატებაზე მიუთითებდნენ.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბერში რუსეთმა ნედლი ნავთობისა და საწვავის ექსპორტით 13.35 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც გაცილებით ნაკლებია ივლისის მაჩვენებელზე. ვარდნა ექსპორტის შეზღუდვამ გამოიწვია.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, უკრაინა დრონებით უტევდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და მილსადენებს, რამაც რუსეთის გადამამუშავებელი პოტენციალი 30 პროცენტით შეამცირა. რუსეთის მთელ რიგ რეგიონებში, ბოლო დროს, საწვავის დეფიციტი შეინიშნებოდა.