საქართველოდან გაძევება გაიოლდება, შემოსვლა გართულდება - წავიკითხეთ ახალი საკანონმდებლო პაკეტი

ახალი წესებით, უცხოელებს საქართველოში შემოსვლა შესაძლებელია 5 წლითაც კი აეკრძალოთ. ეს მაქსიმალური ვადაა. ცვლილებები შეეხება ნებისმიერს, მათ შორის, ქვეყანაში ლეგალურად მყოფებსაც. ილუსტრირებული ფოტო

უცხოელებს, და ქართველებსაც, რომლებსაც მოქალაქეობა არ აქვთ, საქართველოდან იოლად გააძევებენ, ქვეყანაში შემოსვლას კი წლობით აუკრძალავენ, გართულდება თავშესაფრის მიღება - ეს სიახლეები ახალ საკანონმდებლო პაკეტშია თავმოყრილი.

200-გვერდიანი საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს “საერთაშორისო დაცვის შესახებ” ახალ კანონს და ცვლილების პროექტებს თანმდევი 18 კანონისთვის. პაკეტის განხილვა სადავო პარლამენტმა უკვე დაიწყო. 30 აპრილს ის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაამტკიცეს.

საკანონმდებლო ცვლილებების ძირითად მიზნად შს სამინისტრო ასახელებს “არალეგალურ მიგრაციულ ნაკადებთან და მასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევასთან ბრძოლას”. განმარტავს, რომ ყველა ეს ნაბიჯი ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადია.

საქართველოდან გაძევებისა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, როგორც სასჯელის ძირითადი ან დამატებითი ზომა, აისახა როგორც სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. უცხოელები ან მოქალაქეობის არმქონე პირები შესაძლოა მყისიერად გააძევონ ქვეყნიდან ანდა გაძევებამდე თავისუფლება აღუკვეთონ.

რა ჩაიწერება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

„უცხოელის საქართველოდან გაძევება“ და „უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა“ - ეს ორი ახალი ქვეპუნქტი ემატება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლს.

ეს ზომები შეეხება შემდეგ დარღვევებს:

  • წვრილმანი ხულიგნობა;
  • ვანდალიზმი;
  • პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა;
  • თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა თუ ჩატარების წესების დარღვევა;
  • უცხოელის ყოფნის რეგულაციების დარღვევა.


საკანონმდებლო პაკეტის წარმდგენმა, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სადავო პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე [30 აპრილს] არ დამალა, რომ ახალი რეგულაციები საქართველოში მიმდინარე პროტესტს მოარგეს.

„არაერთი უცხოელი იქნა დაიდენტიფიცირებული ამ პროცესში. მათ მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს. ნაწილს მიესაჯა ადმინისტრაციული პატიმრობა, ნაწილს შეეფარდა ჯარიმები. თუმცა თუკი ეს ადამიანები ლეგალურად იმყოფებოდნენ ქვეყანაში, ჩვენ არანაირი ბერკეტი ამ ადამიანების ქვეყნიდან გაძევების არ გაგვაჩნდა. თუმცა საერთაშორისო პრაქტიკა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ თუკი უცხოელი სხვა ქვეყანაში არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, იმ ქვეყანას აქვს უფლება, რომ გააძევოს“, - თქვა დარახველიძემ და დაამატა, რომ რამდენიმე პროტესტის მონაწილე უცხოელი პარლამენტის შენობაშიც დააკავეს, რომელიც „შემოიჭრა იმ აქციების დროს“.

მას არ აუხსნია, როგორ მოახერხეს უცხოელებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა. პარლამენტის შენობაში ხშირად მოქმედებს უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი, როდესაც შენობაში შესვლა ჟურნალისტებსაც უძნელდებოდათ.

გაძევების და ქვეყანაში არშემოშვების გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

კოდექსის ახალი ჩანაწერით, უცხოელებს საქართველოში შემოსვლა შესაძლებელია 5 წლითაც კი აეკრძალოთ. ეს მაქსიმალური ვადაა.

ცვლილებები შეეხება ნებისმიერს, მათ შორის, ქვეყანაში ლეგალურად მყოფებსაც.

საქართველოდან გაძევებამდე, უცხოელი შესაძლოა გადაიყვანონ დროებითი განთავსების ცენტრში [აღუკვეთონ თავისუფლება] - „სასჯელის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით დანიშნული ზომის - საქართველოდან გაძევების - აღსრულების მიზნით”.

საქართველოს კანონმდებლობაში ტერმინი უცხოელი განმარტებულია შემდეგნაირად: პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.

ლოგიკურად, საკანონმდებლო ცვლილებები შეეხებათ ემიგრანტებსაც, რომლებიც ახლა არ ფლობენ საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ საქართველოში ხშირად ჩამოდიან და შესაძლებელია, მონაწილეობენ საპროტესტო აქციებშიც.

კიდევ ვის გააძევებენ?

გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის წლობით აკრძალვა ემუქრებათ მათაც, ვინც საქართველოში მოგზაურობის წესებს დაარღვევს. მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმებიც - ქვეყანაში ყოფნის ვადის გადაცილებისთვის. მაგალითად, ვადის ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დარღვევისთვის ჯარიმა 3 000 ლარი იქნება და საქართველოში შემოსვლა 3 წლით აეკრძალება.

„შემოსვლის აკრძალვა“ - ასეთი სიტყვათაწყობა არ არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედ რედაქციაში. ქვეყანაში შემოსვლაზე შეზღუდვა შესაძლოა დაწესებულიყო მხოლოდ გადაუხდელი ჯარიმის არსებობის შემთხვევაში, გადახდამდე.

უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონეთა საქართველოდან გაძევებასა და შემოსვლის აკრძალვას დღემდეც არეგულირებდა კანონი - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ . ცვლილებები ამ კანონშიც შედის.

ახლებური ჩანაწერით, უცხოელი საქართველოდან შეიძლება იმ შემთხვევაშიც გააძევონ, თუკი არსებობს "საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს”.

კანონპროექტები არ ითვალისწინებს კანონებისთვის უკუძალის მინიჭებას.

რა იწერება სისხლის სამართლის კოდექსში?

კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და სხვადასხვა ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. ეს შეიძლება იყოს როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელი.

აკრძალვა შესაძლოა სამუდამოც იყოს.

კოდექსს ემატება ახალი - 472 მუხლი, რომლის მიხედვითაც, უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა გათვალისწინებულია:

  • ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − 2-დან 10-წლამდე ვადით;
  • მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − 5-დან 20-წლამდე ვადით ან უვადოდ.


ცვლილებების პროექტით, იკრძალება გაძევება იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანს დევნიან „პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება“; „მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება“ ანდა „წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის“ საფრთხე არსებობს.

თუმცა საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს გაძევებას მესამე ქვეყანაში. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი 11 მუხლი, რომლის მიხედვითაც - ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექსტრადიციის განმხილველი ორგანოები შეაფასებენ, რომელი ქვეყანა შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ კონკრეტული ადამიანისთვის.

გაძევება და შემოსვლის აკრძალვა, როგორც დამატებითი სასჯელი, აღსრულდება:

  • საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ ან ნებისმიერი სხვა მიზეზით გათავისუფლების შემთხვევაში - თუკი ადამიანი სასჯელს იხდის პენიტენციარულ დაწესებულებაში;
  • ადამიანს გააძევებენ სასჯელის მოხდამდე, თუ მისი ძირითადი სასჯელი არასაპატიმროა;
  • გამოსაცდელი ვადის გასვლამდე - პირობითი მსჯავრის შემთხვევაში.

გაძევებამდე უცხოელი შესაძლოა, მოათავსონ იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. გაძევება არ განიხილება ექსტრადიციის პროცედურების დროს.

სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიწერება ახალი ტიპის სასჯელი მათთვის, ვინც ქვეყნიდან გაძევების თავიდან არიდების მიზნით, მაგალითად - სამგზავრო დოკუმენტს განზრახ გაანადგურებს ანდა არ აიღებს ასეთ დოკუმენტს. მას შესაძლოა მიესაჯოს პატიმრობაც - ერთიდან ექვს წლამდე. დამამძიმებელ გარემოებებში პატიმრობის ვადა შესაძლოა 9 წლამდე გაიზარდოს.

სხვა ცვლილებები

თავშესაფრის მოთხოვნა შესაძლებელი იქნება სამ უწყებაში:

  • თუ ადამიანი ლეგალურად იმყოფება საქართველოში - უნდა მიმართოს შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს;
  • თუ ადამიანი პენიტენციურ დაწესებულებაშია - უნდა მიმართოს პენიტენციურ სამსახურს;
  • თავშესაფრის მოთხოვნა შესაძლებელი იქნება საზღვარზე.


თავშესაფრის საზღვარზე მოთხოვნის შემდეგ განაცხადის განხილვის ვადა, მაქსიმუმ 28 დღე იქნება. ამ ვადაში შედის სასამართლო განხილვაც. თუ ეს ვადა საკმარისი არ იქნება, მიგრაციის დეპარტამენტს შეუძლია დააკავოს ეს ადამიანი - გადაიყვანოს დროებითი მოთავსების ცენტრში და ასე გააგრძელოს თავშესაფრის მოთხოვნის განხილვა.

შს აცხადებს, რომ თავშესაფრის საზღვარზე მოთხოვნის მექანიზმის შემოღება ნიშნავს, რომ საზღვარზე სპეციალური სივრცეები მოეწყოს, მათ შორის - აეროპორტებში.

  • პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფს - თავშესაფრის მოთხოვნის უფლება განთავსებიდან პირველ 10 დღეში აქვს.
  • ქვეყანაში შემოსულს - ერთი თვეში.


თუ ეს ვადები დაირღვა განაცხადებზე, დიდი ალბათობით, უარი იქნება. გასაჩივრება ვერ აჩერებს გაძევებას.

კანონმდებლობაში გაჩნდება - დასაშვებობის ეტაპის ცნებაც, რაც განაცხადის პირველად „სკრინინგს“ გულისხმობს. თუ თავშესაფრის მაძიებლის განაცხადმა ვერ გადალახა დასაშვებობის ეტაპი, განმცხადებელი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად და მოსალოდნელია ის ქვეყნიდან სწრაფად გააძევონ.

უცხოელისთვის ინფორმაციის მიწოდება ელექტრონულ რეჟიმზე გადადის. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შეტყობინება თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარებულად ჩაითვლება ვებსაიტზე გამოქვეყნების მეორე დღიდან. პირს გაუგზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომ - მასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ვებსაიტზე.

ვინ იხდის გაძევების ხარჯს?

თუკი უცხოელი ქვეყანას ნებაყოფლობით დატოვებს, გამგზავრების თანხას სახელმწიფო არ იხდის, სხვა შემთხვევებში კი ხარჯები სახელმწიფოს დასაფარია.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, გაძევების გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, უცხოელს/მოქალაქეობის არმქონე პირს შესაძლოა მისცენ ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების უფლება 7-დან 30 კალენდარულ დღემდე ვადაში [მოქმედ კანონში ეს ვადა 10-30 დღით განისაზღვრება].

შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთი ადამიანის გაძევება 3000-5000 დოლარი ჯდება [ესკორტის თანხლებით].

„მიგრაციის დეპარტამენტი ყოველთვიურად 80-დან 100-მდე უცხოელ მოქალაქეს აძევებს“ და „1000-1200 არალეგალი თვითონ ტოვებს ქვეყანას“ , - თქვა ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, „ამ წუთას ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია - შეიძლება მეტიც...”

კანონის 54-ე და 64-ე შეცვლილი მუხლებისა და ახალი 541 მუხლის შესაბამისად, თუკი ადამიანი სამინისტროს სტრუქტურებთან არ თანამშრომლობს და არსებობს მიმალვის რისკები - შესაძლოა ნებაყოფლობით დატოვების ვადა შემცირდეს ან გაძევების გადაწყვეტილება მყისიერად აღსრულდეს. ასევე შესაძლებელია უცხოელი დააკავონ - განათავსონ იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში.

ჩაითვლება, რომ მიმალვის რისკი არსებობს:

  • თუკი უცხოელს წინასწარ განსაზღვრულ ვადაში ნებაყოფლობით არ დაუტოვებია ქვეყანა; თუკი მოთხოვნისას წარადგინა ყალბი ინფორმაცია;
  • თუკი არსებობს „საკმარისი საფუძველი“, რომ უცხოელმა გაანადგურა ან დამალა სამგზავრო დოკუმენტი; ან არსებობს „დასაბუთებული ეჭვი“ უცხოელის ნამდვილი ვინაობის ან მოქალაქეობის შესახებ.


საკანონმდებლო ინიციატივა მოიცავს ყველა მიმართულებას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ეს კანონმდებლობა ნაკარნახევია იმ საერთაშორისო პრაქტიკით, რომელიც დღეს უკვე ინერგება ევროპაში და მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველა ქვეყანა ცდილობს, დაიცვას საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და ინტერესები“, - თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.

შს მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ, 2024 წლის დეკემბრიდან. შს მინისტრი - ვახტანგ გომელაური სანქცირებულია როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე აშშ-ის მიერ. სანქცირებულთა სიაშია საპოლიციო სისტემის კიდევ არაერთი მაღალჩინოსანი. სხვადასხვა ქვეყნის მიერ დაწესებულია ინდივიდუალური სავიზო შეზღუდვებიც.