Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბარათი დამებლოკა" VS "სანქციები არ მუშაობს" - რა ძალა აქვს ბრიტანეთის სანქციებს საქართველოში


4-თვიანი პაუზის შემდეგ დიდი ბრიტანეთის სანქციების ბოლო პაკეტებმა საქართველოში გააჩინა ახალი მოლოდინი, რომ - ეს ტვირთი „ოცნების“ ხელისუფლებიდან კიდევ არაერთს დააწვება. ბრიტანელი კანონმდებლები ცდილობენ, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილსაც დაეკისროს.

ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთს საქართველოში უკვე სანქცირებული ჰყავს ათზე მეტი ფიზიკური პირი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, გენერალური პროკურორი.

“თქვენი სანქციები არ მუშაობს” - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 7 აპრილს, როდესაც პოლიციის სანქცირებული მაღალჩინოსანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ გადაიყვანეს.

ამავე დროს, სანქციებს „ქართულ ოცნებაში“ "ტანკებს", „ქვემეხებს“, „ზალპურ ცეცხლსა“ და "გაკულაკებას" არქმევენ.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ბრიტანეთის სანქციებმა „ოცნება“ “ძალიან ააღელვა”.

რას მოიცავს სანქციების ტვირთი

დაბლოკილი საბანკო ბარათები, გაყინული ანგარიშები, დაბლოკილი ეკონომიკური რესურსი, აკრძალვა ქვეყანაში შესვლაზე - ასეთია დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხვადასხვა კატეგორიის სანქციების თითქმის იდენტური შედეგი.

რეესტრიდან ჩანს, რომ სანქცირებულებს ყველა შეზღუდვა ყოველთვის ერთდროულად არ უწესდებათ. "ქართული ოცნების" ხელისუფლების 11-ვე წევრზე კი სამივე ზომა ვრცელდება:

  • აქტივების გაყინვა
  • დირექტორის [ხელმძღვანელი პირის] დისკვალიფიკაცია
  • სამოგზაურო აკრძალვა

ბრიტანეთის მთავრობის [ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს] ოფიციალური გზამკვლევის თანახმად, აქტივების გაყინვის პროცესი ფართოა:

  • იკრძალება წვდომა როგორც სანქცირებულის მფლობელობაში არსებულ თუ კონტროლირებულ ფინანსებზე და ეკონომიკურ რესურსებზე, ასევე იმ პირების ანალოგიურ რესურსებზე, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ფლობს ან აკონტროლებს სანქცირებული;
  • იკრძალება სანქცირებულისთვის ან მის სასარგებლოდ ფინანსური ან ეკონომიკური რესურსების გადაცემა - პირდაპირი ან ირიბი გზით;
  • იკრძალება ნებისმიერი ქმედება, რომელიც, პირდაპირ ან ირიბად უზრუნველყოფს ფინანსური სანქციების გვერდის ავლას.


სანქციები მოქმედებას იწყებს მყისიერად.

დისკვალიფიკაციის სანქციის შემთხვევაში ბრიტანეთის მთავრობა განმარტავს, რომ - სანქცირებული ვეღარ გააგრძელებს [კომპანიის] ხელმძღვანელის ფუნქციის შესრულებას და ეკრძალება ხელქვეითებისთვის ინსტრუქციების გაცემა. ეს შეეხება როგორც დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ, ასევე უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ადგილზე ოპერირებენ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, სანქციების დაწესება პრევენციაა, რათა ადრესატებს ხელი შეეშალოთ დანაშაულის გაგრძელებაში და იძულებული გახდნენ, შეცვალონ ქცევა. სანქციები განიხილება დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების ინტერესების ჭრილში.

პასუხისმგებლობის ტვირთი ბანკებზე

„2014 წლის შემდეგ და განსაკუთრებით - 2022 წლიდან, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ წესდებოდა საერთაშორისო სანქციები, საქართველოს ეროვნული ბანკი და მის ქვეშ არსებული კომერციული ბანკების სისტემა მიერთებულია საერთაშორისო სანქციებზე და ეს ეროვნული ბანკის ბრძანებებშიც წერია...

საერთაშორისო სანქციები აუცილებლად სრულდება საქართველოს საბანკო სექტორის მიერ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ორი ყველაზე მსხვილი ქართული ბანკი [საქართველოს ბანკი და თიბისი - რ.თ.] ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე“, - გვეუბნება „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე და ამატებს, რომ რისკის ჯგუფებში შედიან მესამე პირები - სანქცირებულთა ოჯახის წევრები და ნებისმიერი, ვინც სხვადასხვა გზით შეეცდება სანქცირებულთა დახმარებას - მაგალითად, ტრანზაქციების შესრულებაში.

მესამე - ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების სანქცირების შემთხვევები მრავლად იკვეთება 2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მაგალითად, რუსი ოლიგარქებისთვის დაწესებული დასავლური სანქციების პრაქტიკაში.

გამოცდილება მოწმობს, რომ ბრიტანული სანქციები მკაცრი კონტროლისა და აღსრულების მექანიზმებით გამოირჩევა და ლონდონის საფონდო ბირჟა ამ მხრივ დამატებით ფილტრს ქმნის, თუმცა სანქცირებულების მომსახურება ყველა ბანკისთვის სარისკოა.

„ვერცერთი ბანკი ვერ გარისკავს ამას. რეპუტაციული ზიანი ძალიან დიდ ფინანსურ დანაკარგს ნიშნავს... პატარა ქვეყანა ვართ ისედაც და ადამიანებმა რომ გაიგონ, კონკრეტული ბანკი სანქცირებულ პირს ემსახურებაო, წავლენ ეს ადამიანები და გამოიტანენ თავიანთ ანაბრებს, ანგარიშებს თავად დახურავენ - შეეშინდებათ, რომ მათ ფულს საფრთხე შეექმნება, რადგან სანქციები ბანკსაც შეიძლება დაეკისროს“, - გვეუბნება გიორგი კეპულაძე.

კომერციული ბანკები კლიენტების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, თუმცა როგორც თიბისი ბანკს, ასევე საქართველოს ბანკს, სხვადასხვა დროს, არაერთხელ აქვთ გაცხადებული, რომ სრულყოფილად ასრულებენ და მომავალშიც შეასრულებენ საერთაშორისო სანქციების მექანიზმს. მსგავსი რამ განუცხადებიათ სხვა ბანკებსაც.

ასეთივე იყო რეაქცია 2023 წლის სექტემბერშიც, როცა ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძე-რომანოვის ამერიკული სანქციების პარალელურად, ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა. მაშინ პოსტებიდან ერთმანეთის მიყოლებით გადადგა ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტი და ლარმა გაუფასურება დაიწყო.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ეყრდნობოდა “ქართული ოცნების” ლიდერების შეფასებებს, რომ - საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების ავტომატური ამოქმედება დაუშვებელი იყო, რადგან ეს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდა. ექსპერტები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ.


„სანქციები არ მუშაობს“?

„ძალიან კარგად აიღებს ხელფასს ბატონი თამაზაშვილი. აი, გაჩვენებთ. არაჩვეულებრივად აიღებს, როგორც აქამდე იღებდა. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსი ის ხელფასს ოფიციალურად იღებდა, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ოფიციალურად მიიღებს ხელფასს. თქვენი სანქციები არ მუშაობს, ეს შემიძლია გითხრათ” - მიმართა მედიას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 7 აპრილს, როდესაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს.

ეს იყო პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე - როგორ აიღებს სანქცირებული პირი ხელფასს?

სულხან თამაზაშვილი უკვე თითქმის 4 თვის სანქცირებულია - ის სანქციების პირველ ტალღაში მოექცა.

2024 წლის 19 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ საპოლიციო სისტემის ხუთ მაღალჩინოსანს:

  • ვახტანგ გომელაურს - შინაგან საქმეთა მინისტრს
  • ალექსანდრე დარახველიძეს - შსს-ის მინისტრის პირველ მოადგილეს
  • სულხან თამაზაშვილს - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს
  • ზვიად ხარაზიშვილს („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსს
  • მილერი ლაგაზაურს - გდდ-ის უფროსის მოადგილეს


დიდი ბრიტანეთის სანქცირებულთა რეესტრის თანახმად, ისინი “გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების” შესაბამისად არიან სანქცირებული - როგორც პასუხისმგებელნი ძალადობაზე ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ვახტანგ გომელაური, ზვიად ხარაზიშვილი და მილერი ლაგაზაური აშშ-ის მიერაც არიან სანქცირებული „მაგნიტსკის აქტზე“ დაყრდნობით. აშშ და დიდი ბრიტანეთი დეკემბერში აცხადებდნენ, რომ სანქციები შეთანხმებული იყო.

სანქცირების შემდეგ მალევე „ქართული ოცნების“ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დააწინაურეს; 2025 წლის 30 იანვარს კი ის და სხვა სანქცირებულები ღირსების ორდენებითაც დააჯილდოვეს.

დამებლოკა

“სახელფასო ბარათი დამებლოკა” - უთხრა “ტვ პირველს” სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ, 2 აპრილს, სწორედ იმ დღეს, როდესაც დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ, თითქმის 4-თვიანი პაუზის შემდეგ, "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირება განაახლა.

ლევან მურუსიძესთან ერთად, სანქცირებულთა რეესტრში მოხვდა მიხეილ ჩინჩალაძეც, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, „გლობალური ანტიკორუფციული სანქციების 2021 წლის რეგულაციების“ შესაბამისად.

„მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“ ამ ორ მოსამართლეს 2023 წლის აპრილში აშშ-ის სანქციებიც შეეხო.

ბრიტანეთის მთავრობის რეესტრში მითითებულია, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე ჩართული იყვნენ ან არიან “სერიოზულ კორუფციაში” და მათ მიიღეს “ფინანსური სარგებელი როგორც ჯილდო” საკუთარი საჯარო ფუნქციების არასათანადოდ შესრულებისთვის, რათა “ქართული ოცნებისთვის” ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღება ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

მოსამართლეებს მალევე მიჰყვნენ მართლმსაჯულების სისტემის სხვა მაღალი თანამდებობის პირები. 10 აპრილს გაირკვა, რომ დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა კიდევ 4 პირი:

  • გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე
  • შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძე


ისინი, პირველი ნაკადის მსგავსად, სანქცირებული არიან „გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამისად“.

დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სანქციები დაუწესა საქართველოს გენერალურ პროკურორსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს.

და მუშაობს თუ არ მუშაობს სანქციები? სარგებლობენ თუ არა და კონკრეტულად რა შეღავათებით სარგებლობენ სანქცირებული საქართველოს მოქალაქეები? - რადიო თავისუფლებამ ეროვნულ ბანკსაც მიმართა ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „სანქციები არ მუშაობს“.

საკითხის დაზუსტებას ეროვნულ ბანკში რამდენიმე დღის წინ დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

  • 2024 წლის სექტემბერში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ სანქციების მორიგი პაკეტის გამოცხადების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ “ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით, “საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი”. [სანქცირებულ პირებთან დაკავშირებით განაჩენები არ არსებობს და განცხადებები არც გამოძიების დაწყების შესახებ გაკეთებულა - რ.თ].
  • მაგრამ ეროვნული ბანკის ამავე განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით” და რომ “საქართველო ამ დრომდე არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად”.


დღემდე გამოცანად რჩება, პრაქტიკაში რა შედეგს იძლევა ეს, ბევრის შეფასებით, ურთიერთგამომრიცხავი პრინციპები.

2024-2025 წლებში სანქციები უკვე დაუგროვდა საკმაოდ ბევრ მაღალჩინოსანს, რომლებიც კვლავ განაგრძობენ მუშაობას. უწყებები არ აკონკრეტებენ, როგორ, რა წესით, რა გზით უხდიან მათ ფულს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ანაზღაურება ნაღდი ფულით ხდება.

მოსამართლე ლევან მურუსიძის საბანკო ბარათის დაბლოკვა ექსპერტებისთვის კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია იმისა, რომ კომერციული ბანკებისთვის რეპუტაცია უპირველესია.

გიორგი კეპულაძეს ეეჭვება, რომ სანქციების მომლოდინე პირები საკუთარ ფინანსებს ბანკებში ინახავენ.

2024 წლის 20 დეკემბერს, პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირების ფონზე, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სანქციებით მიყენებულ ზარალს საჯარო მოხელეებს სახელმწიფო აუნაზღაურებს “კომპენსაციები გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნებისმიერ ასეთ პირთან მიმართებით“ და რომ ეს არის პასუხი “ღირსებასა და ჰუმანურობაზე”.

სანქციების გაგრძელების მოლოდინი

ოფიციალურ თბილისთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე ექსპერტები სანქცირებულთა სიის კიდევ უფრო გაფართოებას მოელიან. ზოგი ამას უკავშირებს, მაგალითად, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” მფლობელის, ირაკლი რუხაძის მიერ “ლიბერთი ბანკის” გაყიდვის სურვილს, რაც მან bm.ge-ს დაუდასტურა. თუმცა ამ ინტერვიუში რუხაძე ასეთ კავშირს უარყოფს.

„ჩემი ყველა კომპანია აბსოლუტურად დაცულია სანქციებისგან. მე რომ დამასანქცირონ, მაინც დაცულია ჩემი ყველა კომპანია, მაგრამ სანქციები არ მემუქრება და არც მადარდებს, თორემ აქამდე გავყიდდი ჩემს აქტივებს“, - ამბობს რუხაძე.

უკვე თვეებია, გაჩნდა მოლოდინი, რომ დიდი ბრიტანეთი „ქართული ოცნების“ საპატიო მილიარდერ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსაც დაუწესებს სანქციებს, როგორც ეს 2024 წლის მიწურულს აშშ-ის მთავრობამ გააკეთა.

  • გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ინიციირებულია წინადადება, რომლითაც ბრიტანელი კანონმდებლები აღმასრულებელ ხელისუფლებას ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ
  • წინადადება თემთა პალატაში 13 იანვარს წარადგინა პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლირიმ. 16 აპრილისთვის მიმართვას 27 მხარდამჭერი ჰყავდა.


„ივანიშვილს უკვე ეშინია, რომ ერთ დღეს გაიღვიძებს და სანქცირებული აღმოჩნდება“, - ამბობს ჯეიმს მაკკლირი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, რომელიც 9 აპრილს გამოქვეყნდა. ბრიტანელი პარლამენტარი აღნიშნავს, რომ “ლონდონი და, საერთოდ, დიდი ბრიტანეთი ივანიშვილისთვის იქცა არა მხოლოდ ქონების შესანახ ადგილად”, არამედ “ის თავის პროპაგანდასაც ბრიტანეთიდან ინახავს” და რომ ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია.

ყველას, ვისაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა და მოკავშირეების სანქცირება სურს, “ქართული ოცნება” ქვეყნის მოღალატეს უწოდებს. 14 აპრილს სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სანქციებს “21-ე საუკუნის ქვემეხები და ზალპური ცეცხლი” უწოდა, ხოლო ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სანქციები არის "[“ბოლშევიკებისთვის დამახასიათებელი”] გაკულაკების ერთგვარი მოდერნიზებული ფორმა”.

11 აპრილს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ბრიტანეთის გააქტიურება “ძალიან საგანგაშოა” “ქართული ოცნებისთვის” და “ძალიან ააღელვა” იმიტომ, რომ ბევრ მაღალჩინოსანს “აქტივების ძალიან დიდი ნაწილი” სწორედ ბრიტანეთში აქვს შენახული.

“ასევე, ვიცით, რომ ბრიტანეთის ოფშორული კუნძულებიდან ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა თავისი აქტივები გადმოიტანა, ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობით, ნახატები და ა.შ. ეს გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებები", - აცხადებს ზურაბიშვილი.

ექსპერტები ვერ იხსენებენ მაგალითს, როცა დემოკრატიულ ქვეყანას სანქცირებული ჩინოვნიკები მართავენ.

“წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ინვესტორი და უნდა შეხვიდეთ ქვეყანაში, სადაც სანქცირებული არიან პოლიციის მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, რომლებიც “სასამართლოს კლანს” მართავენ და სანქცირებულია გენერალური პროკურორი… ანუ თქვენ, როგორც ინვესტორს, ამ ქვეყანაში სიმართლის გარკვევა რომ დაგჭირდეთ, არ გექნებათ იმედი, რომ მართლმსაჯულების ასეთი სისტემის პირობებში სიმართლეს დაამტკიცებთ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი კეპულაძე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG