გაჟონილი ფაილები მეტყველებს, რომ სერბეთი ჩინეთში წარმოებულ სათვალთვალო სისტემას აფართოებს

სათვალთვალო კამერა ბელგრადში. სერბეთი, 2020 წლის 12 აგვისტო

სერბეთის მთავრობა მნიშვნელოვნად აფართოებს ჩინეთში წარმოებულ თვალთვალის მოწინავე სისტემას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობა ამ საკითხს უკვე წლებია აპროტესტებს.  ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი გახდა გაჟონილი დოკუმენტებიდან, რომლებსაც რადიო თავისუფლებაც გაეცნო.

ეს დოკუმენტები შეიცავს კომუნიკაციას ტექნოლოგიების ჩინურ გიგანტ „ჰუავეისთან“, საიდანაც ჩანს, რომ სერბეთმა დიდი რაოდენობით შეისყიდა პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები „უსაფრთხო ქალაქის“ პროგრამის მასშტაბის გასაზრდელად. ეს პროექტი „ჰუავეიმ“ ბელგრადს თავდაპირველად 2017 წელს, სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში მიჰყიდა.

ამ პროგრამის მიზანია სახისა და სანომრე ნიშნების ამოცნობა, ასევე თვალთვალის სხვა შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რომლებიც ინტეგრირებულია ერთიან, ქალაქის მასშტაბის სისტემაში.

ასევე ნახეთ აღმოსავლეთ ევროპას ჩინური წარმოების სათვალთვალო კამერები მოედო, მიუხედავად მათი დაუცველობისა

სერბეთის თვალთვალის პროექტების მასშტაბის ან ღირებულების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ქვეყნის ხელისუფლება ბოლო წლებში ცდილობდა „უსაფრთხო ქალაქის“ სისტემების შესახებ ინფორმაცია რაც შეიძლება ნაკლებად გავრცელებულიყო, რადგან მის შესახებ თავდაპირველ ცნობებს საერთაშორისო კრიტიკა, სამართლებრივი გამოწვევები და პროტესტი მოჰყვა. განსაკუთრებული წინააღმდეგობა შეხვდა სახის ბიომეტრიული ამოცნობის სისტემებს.

საკითხი განსაკუთრებით საკამათოა, რადგან მისი გამოყენებას სერბეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სერბეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სახის ამოცნობის პროგრამული უზრუნველყოფა დანერგილი ჯერ არ არის. მათ არაერთხელ სცადეს ბიომეტრიული მეთვალყურეობის ლეგალიზება, მაგრამ მწვავე საზოგადოებრივი პროტესტის გამო კანონპროექტების გაწვევა მოუხდათ.

ამჟამად „უსაფრთხო ქალაქის“ პროგრამები დედაქალაქ ბელგრადის გარდა „ჰუავეისთან“ თანამშრომლობით დანერგილია ნოვი სადსა და ნიშში - ქვეყნის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქებში.

რადიო თავისუფლების მიერ განხილული ფაილები ცხადყოფს, რომ სერბეთის მთავრობა ფარულად განაგრძობდა „ჰუავეის“ მიერ მოწოდებული სამეთვალყურეო სისტემის გაფართოებას.

მათ შეგნებულად შეიძინეს 3500 კამერის მხარდაჭერის შესაძლებლობა.... ეს კი მიუთითებს, რომ ისინი სწორედ ამ რაოდენობის კამერების დამონტაჟებას აპირებენ...
კონორ ჰილი

2024 წლის მარტით დათარიღებული ერთი კონკრეტული კონტრაქტი შეეხება აღჭურვილობისა და სერვისების შეკვეთას სერბეთის eLTE-სისტემის გასაფართოებლად - ეს ინტერნეტის კერძო კვანძია, რომელიც ქალაქის მასშტაბით ფუნქციონირებს და განკუთვნილია მხოლოდ პოლიციისა და მეთვალყურეობის მოწყობილობებისთვის. ის „ჰუავეის“ „უსაფრთხო ქალაქის“ პროექტის ხერხემალს წარმოადგენს - კამერებსა და სახის ამოცნობის პროგრამულ უზრუნველყოფას აკავშირებს პოლიციის ტერმინალებთან და სამართავ ცენტრებთან.

ამ კონტრაქტში აღსანიშნავია, რომ ბელგრადი ზრდის სადისპეტჩერო სისტემას, რომელიც eLTE-ქსელს იყენებს და გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემაზეც (GIS) მიუწვდება ხელი. ამგვარად მას უკვე შეეძლება კონკერტული ლოკაციებიდან მიიღოს კამერის არხი. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ექსპერტებმა განაცხადეს, რომ „ჰუავეისგან“ შეძენილი 35 ერთეული გაფართოებულ eLTE-ქსელში დამატებით 3500 კამერის მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა.

„მათ შეგნებულად შეიძინეს 3500 კამერის მხარდაჭერის შესაძლებლობა“, - შესყიდვის დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ განაცხადა კონორ ჰილიმ, სათვალთვალო ინდუსტრიის კვლევითი ფირმის, IPVM-ის სამთავრობო კვლევების დირექტორმა. - „ეს კი მიუთითებს, რომ ისინი სწორედ ამ რაოდენობის კამერების დამონტაჟებას აპირებენ“.

სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და „ჰუავეიმ“ რადიო თავისუფლების თხოვნას კომენტარის გაკეთების შესახებ არ უპასუხეს.

რატომ არის „ჰუავეის“ „უსაფრთხო ქალაქის“ პროექტის გაფართოება მნიშვნელოვანი?

ეს შეკვეთა და რადიო თავისუფლებას მიერ განხილული კიდევ სხვა დოკუმენტები შედის 1.7 მილიონზე მეტ გაჟონილ ფაილში, რომლებიც 2025 წლის ივნისში გამოქვეყნდა ინტერნეტში. ფაილების გაჟონვას წინ უძღოდა ჰაკერული თავდასხმა ინფორმაციების ტექნოლოგიების სერბულ კომპანია Informatika AD-ზე. ეს კომპანია არაერთ დიდ სამთავრობო ტენდერში იყო გამარჯვებული, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

ამ უამრავ დოკუმენტს შორისაა 200-ზე მეტი ფაილი, რომლებიც დაკავშირებულია Informatika AD-ის მიერ სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით განხორციელებულ შესყიდვებთან, მათ შორის, „ჰუავეის“ შეკვეთასთან, რომელიც შეეხებოდა eLTE-სისტემის გაფართოებას „უსაფრთხო ქალაქის“ პროექტისთვის.

Informatika AD-მა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ის მართლაც გახდა ჰაკერული თავდასხმის სამიზნე, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებულ შეკითხვებს არ უპასუხა.

2017 წელს, როდესაც 1.1 მილიონი მოსახლეობის მქონე ქალაქ ბელგრადისთვის „უსაფრთხო ქალაქის“ ფლაგმანური პროექტი გამოცხადდა, ლაპარაკი იყო ათასი სათვალთვალო კამერის დამონტაჟებაზე, რომლებიც სახის ამოცნობის ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფით იქნებოდა აღჭურვილი.

მთავრობა არ ამჟღავნებს, თუ სულ რამდენი კამერაა დამონტაჟებული ბელგრადში ან სერბეთის სხვა ქალაქებში. შეკვეთიდან არ ჩანს, 3500 კამერა მხოლოდ ბელგრადში უნდა დამონტაჟდეს თუ სხვა ქალაქებშიც, მაგრამ ცხადია, რომ ქვეყანა სათვალთვალო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ჩემთვის ყველაზე სავარაუდო ახსნა ის იქნება, რომ „ჰუავეი“ სერბეთის მთავრობასთან უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობას მოელის...
კონორ ჰილი

კონორ ფილის თქმით, თუ ყველა ეს კამერა ბელგრადში განთავსდება, მივიღებთ თვალთვალის ისეთ დონეს, „როგორიც იშვიათად გვხვდება ჩინეთის გარეთ“.

„ჰუავეის“ „უსაფრთხო ქალაქის“ მსგავსი სათვალთვალო პროექტების მომხრეები ამტკიცებენ, რომ მათი მეშვეობით უფრო ეფექტიანად შეიძლება იმ სისტემების გამოყენება, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებში ისედაც დანერგილია. სერბეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ტექნოლოგია დანაშაულის შესამცირებლად და ტერორიზმის პრევენციისათვისაა საჭირო.

თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამგვარი ტექნოლოგია შეიძლება ავტორიტარული პოლიტიკური ლიდერების პოზიციების გასამყარებლად გამოიყენონ და მათი ექსპორტი ჩინეთიდან გაუმჭვირვალედ ხდება.

სერბეთში მთავრობის მცდელობებს ბიომეტრიული მეთვალყურეობის გამოყენების ზრდასთან დაკავშირებით მკაცრად ეწინააღმდეგებიან ადამიანის უფლებათა დამცველები. ისინი შიშობენ, რომ ჩინური მასობრივი მონიტორინგის სისტემა ხელისუფლებამ შეიძლება ოპოზიციურად განწყობილი პირების წინააღმდეგ გამოიყენოს.

2022 წელს რადიო თავისუფლების გამოძიებამ აჩვენა, თუ როგორ იყენებდა ჩინურ ტექნოლოგიებს სერბეთის ხელისუფლება აქტივისტების და მომიტინგეების სათვალთვალოდ. შიშობენ, რომ ჩინეთში წარმოებული უფრო მოწინავე ტექნოლოგიებს, რომელსაც სახის ამოცნობა შეუძლია, ბელგრადი ბოროტად გამოიყენებს.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, სერბეთის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის კომისარი და ევროპარლამენტი, აცხადებენ, რომ დაუშვებელია თვალთვალის სისტემების გაფართოება ამ გზით მიღებული ინფორმაციის დამუშავების სათანადო სამართლებრივი რეგულაციის გარეშე.

სერბეთის პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა. ბელგრადი

წარსულში „ჰუავეიმ“ განაცხადა, რომ ის მხოლოდ მწარმოებელი და გამყიდველია და რომ მისი ტექნოლოგიის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა საბოლოოდ მომხმარებელს ეკისრება.

დოკუმენტების კვალი

რადიო თავისუფლებამ გადაამოწმა „უსაფრთხო ქალაქის“ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების ავთენტიკურობა საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზებში და შეამოწმა ფაილებზე აღბეჭდილი კონკრეტული დეტალები, მათ შორის, ხელმოწერები და შტამპები.

შეკვეთაში ლაპარაკია ახალი აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენაზე, მათ შორის ახალ საბაზო სადგურზე, ხმოვანი ზარების მართვაზე, ვიდეომეთვალყურეობის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებზე და ანალიტიკურ ინსტრუმენტებზე. შეკვეთა ასევე მოიცავს გარანტიას, დამონტაჟებასა და შემდგომ უზრუნველყოფას „ჰუავეის“ სპეციალისტების მიერ.

„ჰუავეი“ პროგრამულ უზრუნველყოფასა და მომსახურებას ბელგრადს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით სთავაზობს.

შეკვეთაში შესყიდვის მთლიანი ღირებულება 3 მილიონ დოლარზე მეტია, მაგრამ ინვოისში აღნიშნულია „ერთჯერადი ფასდაკლება,“ რაც გადასახდელ თანხას 1.2 მილიონ დოლარამდე ამცირებს. ეს 57-პროცენტიანი ფასდაკლებაა, რაც სერბეთის ხელისუფლებას 1.7 მილიონ დოლარს უზოგავს.

განსაკუთრებით დიდი ფასდაკლება შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფასა და მომსახურებას, რომელიც ქსელს 3500-მდე კამერის მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს. ინვოისში პაკეტის ღირებულება 1.1 მილიონი აშშ დოლარია, თუმცა ამას შეეხება 92%-იანი ფასდაკლება, რაც ღირებულებას სულ რაღაც 71 371.71 აშშ დოლარამდე ამცირებს.

დოკუმენტებში არ არის ნათქვამი, თუ რატომ შესთავაზა „ჰუავეიმ“ ბელგრადს ასეთი დიდი ფასდაკლებები.

„ჩემთვის ყველაზე სავარაუდო ახსნა ის იქნება, რომ „ჰუავეი“ სერბეთის მთავრობასთან უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობას მოელის“, - თქვა ჰილიმ. - „ჰუავეისათვის“ ზოგჯერ ფულზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი სერბეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებია“.

სერბეთის კავშირების გაღრმავება ჩინეთთან

„ჰუავეი“ კერძო კომპანიაა, მაგრამ მისი საქმიანობა მჭიდროდაა გადაჯაჭვული ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. აშშ-ის მთავრობამ კომპანია შავ სიაში შეიყვანა ჩინეთის სამხედროებთან კავშირის გამო. ვაშინგტონი შიშობს, რომ „ჰუავეის“ აღჭურვილობა შეიძლება ჯაშუშობისთვის გამოიყენონ.

ევროპის მთავრობებმა, ასევე ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ავსტრალია და კანადა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გამო სხვადასხვა შეზღუდვა დააწესეს „ჰუავეის“ ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

ამ შეშფოთების მიუხედავად, სერბეთის მთავრობა განაგრძობს „ჰუავეისთან“ და ტექნოლოგიების სხვა ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობას. ბელგრადმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გააღრმავა კავშირები პეკინთან მაღალი დონის ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით.

რადიო თავისუფლების 2023 წლის გამოძიებამ აჩვენა, რომ ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი ხელისუფლების 42-მა სუბიექტმა შეიძინა ჩინეთში წარმოებული სათვალთვალო კამერები და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელთაგან ზოგს სახის ამოცნობის შესაძლებლობა ჰქონდა.