13 ოქტომბერს სასამართლოს თავად „კილერობაში“ ბრალდებულმა, ყოფილმა სპეცრაზმელმა გელა უძილაურმა მისცა ჩვენება, რითაც დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი.
დღეს, 15 ოქტომბერს სასამართლოს წინაშე პროკურორი ლევან ვეფხვაძე დასკვნითი სიტყვით წარდგა და კიდევ ერთხელ შეაჯამა ყველაფერი, რაც, მისი პოზიციით, ამტკიცებს გელა უძილაურის მიერ ლევან ჯანგველაძის „შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობას“.
ჯერ წინაა დაცვის მხარის ადვოკატების საბოლოო სიტყვა. შემდეგ გამოცხადდება გადაწყვეტილებაც. უძილაურს უვადო პატიმრობა ემუქრება.
იგი მკვლელობას აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ დაგეგმილი არ ჰქონია, - მით უმეტეს, ეს შეკვეთა არ ყოფილა, - ხოლო ჯანგველაძით დაინტერესებას ხსნის წარსულში „უკრაინაში მომხდარი ინციდენტით“.
„იარაღს არ გადააგდებდით“ - პროკურორი ბრალდებულს
პროკურორი ლევან ვეფხვაძე ორ საათზე ოდნავ მეტხანს განუმარტავდა სასამართლოს, პროკურატურის პოზიციით, რატომ იმსახურებს გელა უძილაური უვადო პატიმრობას და რატომ მოკლა მან ლევან ჯანგველაძე „შეკვეთით და ანგარებით“.
„აბსურდი“, „სრული სიცრუე“, - რამდენჯერმე ასე დაახასიათა მან უძილაურის მიერ მიცემული ჩვენების დეტალები; თქვა, რომ უძილაურის ვერსია „არც კი არის გადამოწმებადი“, არ შეიცავს რაიმე კონკრეტიკას და ურთიერთგამომრიცხავია.
ასევე ნახეთ ჯანგველაძის საქმე: უძილაურმა დუმილი დაარღვია და მკვლელობა შურისძიებითა და „კონტროლის დაკარგვით“ ახსნაშემდეგ, - როდესაც კიდევ ერთხელ ახსენა მკვლელობის იარაღი და მობილური ტელეფონი/ნომერი, რაც უძილაურს მკვლელობის საღამოს თან ჰქონდა და რომლებიც გამოძიებას დღემდე არ უპოვია, - „კილერობაში“ ბრალდებულს მიმართა:
„მე მჯერა გულწრფელად, რომ ეს ტელეფონი და იარაღი გადაგდებული არ გაქვთ, დამალული გაქვთ და თუ არავინ არ დაგეხმარებათ, იმედი გაქვთ, რომ გამოაჩენთ“.
„თქვენ იარაღსა და ტელეფონს არ მოიშორებდით, რადგან ეგ არის მტკიცებულება, რითაც გახვალთ დამკვეთებზე“, - განაცხადა პროკურორმა.
„როცა ჩვენება მიეცით, მეგონა, გეყოფოდათ გამბედაობა, რომ გესაუბრათ. არ გეყოთ....
თქვენ შვიდი თვე დუმდით. მოლოდინი გვქონდა, რომ რაიმე წონადს იტყოდით, მაგრამ… ჯობდა, გაგეგრძელებინათ დუმილი“.
ბოლოს, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ გელა უძილაურს უთხრა: „მე მჯერა, რომ თქვენი არჩევანი არ ყოფილა, ბატონო გელა, რომ ჩვენება უნდა მიგეცათ. დანარჩენი - თქვენს გულში ჩაიხედეთ“.
14 წელი სპეცრაზმში
13 ოქტომბერს უძილაურის ჩვენება და შემდეგ პროკურორის ჯვარედინი დაკითხვა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამ სხდომაზე უძილაურმა თავის თავზეც ისაუბრა. დადასტურდა, რომ:
- არის 50 წლის, ყოფილი სპეცრაზმელი, წარმოშობით ყვარლიდან;
- სისტემაში მუშაობდა 2007-21 წლებში, ჯერ დაცვის პოლიციის, შემდეგ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ის), შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) სპეცრაზმში , - შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე;
- 2021 წელს სპეცრაზმიდან წამოვიდა და პირად მცველად დაიწყო მუშაობა;
- 2021 წლის ბოლოდან 2025 წლის იანვრის ბოლომდე/თებერვლის დასაწყისამდე პირად მცველად და მძღოლად მუშაობდა გიორგი ჯოხაძესთან, - რომელზეც ძებნაა გამოცხადებული ამავე მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით;
- ამბობს, რომ მცირე შუალედში, ორი თვით, 2022 წლის აპრილ-ივნისში იმყოფებოდა უკრაინაში; იქ წავიდა, რადგან გეგმავდა ომში მონაწილეობას, თუმცა გადაიფიქრა: „რომ ვნახე სიტუაცია, ჩავთვალე, რომ ეს იქნებოდა სისულელე და არც გავკარებივარ ომს“.
გელა უძილაური
რას ამბობს „კილერი“?
წინა სხდომაზე, 13 ოქტომბერს, როდესაც სასამართლოს ჩვენება მისცა, უძილაურმა მკვლელობა აღიარა, თუმცა თქვა, რომ ეს დაგეგმილი, - მით უმეტეს შეკვეთილი, - და განზრახული არ ყოფილა.
მისი მონათხრობის თანახმად, 2022 წელს უკრაინაში მომხდარი ინციდენტის გამო ლევან ჯანგველაძესთან „გასაუბრება“ უნდოდა. ინციდენტსა და წინარე ისტორიაზე კი ასეთ ვერსიას ჰყვება - რასაც პროკურორი „სრულიად გამოგონილს“ უწოდებს:
- 2022 წელს გელა უძილაური უკრაინაში ყოფნისას „დაძმაკაცდა“ უკრაინელ კაცთან, სერგეი ბონდარენკოსთან, რომელსაც ჰქონდა „ბიტკოინების ქარხანა“;
- „ეს ქარხანა მას წაართვეს მოსკოვში ცნობილმა კრიმინალებმა, ჯანგველაძეებმა, ერთ-ერთი ლევანი იყო პირადად ჩართული“;
- ბონდარენკომ გაარკვია ლევან ჯანგველაძის საკონტაქტო ინფორმაცია;
- ბონდარენკოსთან შეთანხმებით, უძილაური „სკაიპით“ ესაუბრა ლევან ჯანგველაძეს;
- საუბრის მიზანი იყო, უძილაურს დაერწმუნებინა ჯანგველაძე, რომ ქარხნის „პატარა წილი“ დაეთმო ბონდარეკოსთვის, ხოლო მას, როგორც მედიატორს, გარკვეული სარგებელიც მიეღო - ასევე წილის სახით;
- „სკაიპით“ ჯანგველაძესთან მისი საუბარი სულ ორ წუთს გაგრძელდა;
- „[რახან] ქართველი ვიყავი, ვთხოვე, თუ გაითვალისწინებ, და რაღაცას დაგვიტოვებ-მეთქი.
- ლევანმა მითხრა, დაგირეკავენ და მოგაქცევენ ყურადღებას, შენც გაგითვალისწინებენო“, - თქვა ბრალდებულმა.
უძილაურის თანახმად, ამის შემდეგ შედგა „ჯანგველაძის ხალხის“ კომუნიკაცია ბონდარენკოსთან და დაუთქვეს შეხვედრის ადგილი - იმავე დღეს, მალევე.
„მე და სერგეი მივედით ამ შეხვედრის ადგილას, მოვიდნენ 10 კაცამდე… ძაან საზიზღრად მოგვექცნენ, გადაგვიარეს ზედ… ჩაგვყარეს მანქანაში… ამას იღებდნენ ტელეფონით… გასაზიზღრებულები დაგვტოვეს“, - თქვა უძილაურმა.
- მოგვიანებით პროკურორის დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ თავდამსხმელები ასე, 8-დან 10-მდე იქნებოდნენ;
- დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ ინციდენტისას ნეკნი მოტეხეს, თუმცა პოლიციაში არ განუცხადებია და არც ექიმთან ყოფილა.
ინციდენტის შემდეგ, უძილაურის თქმით, უკრაინა დაახლოებით ორ კვირაში დატოვა.
ასევე ნახეთ „არ ვიცოდი, დღეს რომ უნდა დავკითხულიყავი, მზად არ ვარ“ - ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული უძილაური„ლევანთან დაპირისპირება არ მაწყობდა“
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ბრალდებულის თანახმად, ლევან ჯანგველაძის ძებნა დაიწყო.
„ვკითხულობდი, [ლევან ჯანგველაძე] ვინ იყო, რა იყო. რაც მესმოდა, სულ კარგი მესმოდა, „მეცენატი“, „ქველმოქმედი“, მხოლოდ ეს მესმოდა. მაგრამ მე რაც ვნახე, ჩემთან მიმართებაში, უზომოდ შეურაცხყოფილი ვიყავი, უზომოდ“, - თქვა უძილაურმა.
მისი მონათხრობის თანახმადვე, გაიგო, სად ცხოვრობდა ჯანგველაძე, - „პარლამენტის უკან“. ამბობს, რომ ჯანგველაძესთან „დალაპარაკება“ უნდოდა:
„ვფიქრობდი [დალაპარაკების] ძალიან ნორმალურ ფორმას. ლევანთან მინდოდა ასეთი ლაპარაკი: „როგორც შენ მოგვექეცი-მეთქი ჩვენ, მაგის საჭიროება არ არსებობდა-მეთქი. მე მინდა დავიჯერო, რომ ეს პირდაპირ შენი მითითება არ ყოფილა-მეთქი… ლევანთან კონფლიქტი პირდაპირი ნამდვილად არ მაწყობდა“.
ყვარელი, „სვეტა“ და მკვლელობა
2025 წლის 13 მარტს, უძილაურის თქმით, სერგეი ბონდარენკოსთან მორიგი სატელეფონო საუბრისას, მან უთხრა, რომ გარდაიცვალა ლევან ჯანგველაძის ახლო მეგობარი გურამ მოქია - „ჯანგველაძეც, სავარაუდოდ, საქართველოში იქნებაო“.
ფაქტობრივი გარემოება: ლევან ჯანგველაძე 14 მარტს ჩამოვიდა საქართველოში, მოქიას დაკრძალვა კი 15 მარტს იყო დაგეგმილი.
უძილაურის თქმით, 13 მარტს მივიდა ჭავჭავაძის დასაწყისში, გაარკვია, სად იყო პანაშვიდი და იფიქრა, რომ 15 მარტს ნახავდა გასვენებაში მისულ ჯანგველაძეს.
ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს მოკლეს
შემდეგ უძილაურის მონათხრობი ასეთია:
- 14 მარტს გეგმავდა ყვარელში წასვლას; მეორე დილას უნდოდა რუსთავის ბაზრობაზე გასვლა, შემდეგ კი, - ჭავჭავაძეზე მისვლა, ჯანგველაძის ნახვის იმედით;
- 14 მარტს თან ჰქონდა ერთ-ერთი პირადი იარაღი [მას რამდენიმე იარაღი ჰქონდა რეგისტრირებული], ასევე, მეორე იარაღი, რომელიც „2021 წელს გარდაცვლილმა მეგობარმა, ვალერი თანიაშვილმა“ აჩუქა;
- 14 მარტსვე აპირებდა „გოგოს სანახავად“ წასვლას - უკრაინელი სვეტასი, - რომლის გვარსაც არ ასახელებს, - უნივერსიტეტის ქუჩაზე;
- ეს შეხვედრა არ გამოვიდა, - „სვეტამ მითხრა, საღამოს გვიან შევხვდეთო“, - ამიტომ გადაწყვიტა, ჭავჭავაძის გამზირზე წასულიყო: „ვფიქრობდი, თუ მოვიდა [ლევან ჯანგველაძე], მოვიდა, თუ არადა სახლში წავიდოდი“.
- როდესაც პანაშვიდზე მისულმა ჯანგველაძემ მას, - როგორც „შემთხვევით გამვლელს“ - მისამართი ჰკითხა, „მაგრად აღელდა“ და ვერაფერი უთხრა. თუმცა არაფერი მოიმოქმედა და ლოდინი განაგრძო;
- დაახლოებით ერთ საათში უძილაურმა დაინახა, როგორ გამოვიდა ჯანგველაძე სადარბაზოდან;
- „ავდექი ფეხზე… ცივილურად მინდოდა დავლაპარაკებოდი…გამოიარა, შემომხედა, და მეც წავედი ლევანის მიმართულებით… გზა გააგრძელა… დაძახებას ვაპირებდი, უცებ „რეზკად“ შემომიტრიალდა, შემომხედა, მეც შევხედე და დავიძაბე. ის სისასტიკე, ჩემ თავზე რაც მქონდა გამოცდილი, გამახსენდა…
- შემოტრიალდა და თავი ვერ გავაკონტროლე, ბატონო მოსამართლე. მინდოდა, რომ დამეჭრა. თავი ვეღარ გავაკონტროლე… ამოვიღე იარაღი და გავისროლე“.
მისი თქმითვე, ეს ტყვია ჯანგველაძეს არ მოხვედრია, თუმცა ის გაქცევის მცდელობისას წაიქცა: „რომ წაიქცა, ვუთხარი, არ გაინძრე, არ ამოიღო იარაღი, გესვრი-მეთქი… მეორედაც ვუთხარი, მაგრამ იღებდა მაინც… სანამ ამოიღებდა, უკვე ვესროლე“.
ის ასევე ამბობს, რომ ჯანგველაძის მცველისა და მძღოლისათვის, გია ჩადუნელისთვის დამიზნებით არ უსვრია, ჰაერში ისროლა და შემდეგ აღმოაჩინა, რომ მას ტყვია ფეხში მოხვედრია.
ამტკიცებს იმასაც, რომ ეგონა, რომ ჯანგველაძე მხოლოდ დაჭრა.
„სრული ფიქცია“ - პროკურორი
„გელა უძილაურმა სრული სიცრუე ისაუბრა პროცესზე. ვერცერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანს, რაც ამ გარემოებებს დაადასტურებს“, - უთხრა დღეს მოსამართლე გიორგი გელაშვილს პროკურორმა.
ლევან ვეფხვაძის თქმით, უძილაურს რომ მოწმეების მოყვანა შესძლებოდა, აქამდე მოიყვანდა:
„შვიდი თვე რომ დუმდა, - რადგან შეკვეთის ბრალდებით მიდიოდა გამოძიებაო, - მოწმეებს არ დაასახელებდნენ? არ მოიყვანდნენ? კარგი, ის ბონდარენკო ვერ ნახეს. სვეტა? სად არის სვეტა“?! - იკითხა ვეფხვაძემ.
როდესაც პროკურორმა უძილაურს დამაზუსტებელი კითხვები დაუსვა, გამოიკვეთა, რომ:
- უძილაური არ ასახელებს მის მიერ დასახელებული სვეტას გვარს, საცხოვრებელ ზუსტ მისამართს;
- ამბობს, რომ როგორც სერგეი ბონდარენკოს ტელეფონის ნომერი, ასევე სვეტას ტელეფონის ნომერი ეწერა იმ მობილურ ტელეფონში, რომელიც მკვლელობის შემდეგ დაკარგა;
- „ტყუილების კასკადი“ - ასე შეაფასა პროკურორმა მისი ჩვენება.
ლევან ვეფხვაძის თქმით, „კილერი“ ცრუობს იმაშიც, რომ ჯანგველაძე მხოლოდ დაჭრილი ეგონა: „საკონტროლო გასროლაც კი განახორციელა ჯანგველაძის მიმართულებით“.
ექვსი ჭრილობებიდან ჯანგველაძეს ერთი, შედარებით მსუბუქი დაზიანება აქვს, ერთი ტყვია - ნიკაპში, ორი ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი, ორიც - გულმკერდის არეში.
„გელა უძილაური ელოდებოდა შეტყობინებას, რომ ლევან ჯანგველაძე [ჭავჭავაძეზე პანაშვიდზე] მივიდა. ამას ადასტურებს მისი დამოკიდებულება ტელეფონთან. მას შემდეგ, რაც ჯანგველაძემ უძილაურს მისამართი ჰკითხა… როგორც კი ლევანი გასცდება, ის იკეთებს სათვალეს (აქამდე არ ჰქონია სათვალე, ტელეფონში ისე იყურებოდა), უყურებს ტელეფონს და უყურებს ლევან ჯანგველაძეს. ის ინფორმაციას ელის თუ სურათი აქვს და იმას უნდა შეადაროს, ეს მხოლოდ გელას გულშია, თუ იტყვის, იტყვის“, - თქვა პროკურორმა.
გელა უძილაური. მარცხნივ: სასამართლო პროცესზე. მარჯვნივ: ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძის მოლოდინში
მან კიდევ ერთხელ გაამახვილა „ბონდარენკოს ვერსიაზე“ ყურადღება და თქვა:
„თუ ამხელა მტკიცებულება ჰქონდა, ამხელა მოტივი, ჩვენება უნდა გვქონდეს სერგეი ბონდარენკოსი, - რა იცის მან.. მაგრამ რაც გელა უძილაურმა დაასახელა, ამის გადამოწმება არ შეიძლება. ვერ გადაამოწმებ. ვერც გარდაცვლილს [ვისგანაც, უძილაურის თქმით, იარაღი საჩუქრად მიიღო] დაკითხავ“, - უთხრა პროკურორმა მოსამართლეს.
საპირწონედ კი დღეს, 15 ოქტომბერს პროკურორმა ვეფხვაძემ განავითარა გამოძიების ვერსია, თუ როგორ დაიგეგმა მკვლელობა და ვინ იდგა ამის უკან.
დაპირისპირება ფარცხალაძესთან | მიქაძეები და ჯოხაძე
ამ გამოსვლის ერთ-ერთ ეპიზოდში, მან, ფაქტობრივად, გაიმეორა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი ტექსტი, რომელიც 14 აგვისტოს გამოქვეყნდა და რომლის თანახმადაც საქმეში ფიგურირებენ ბიზნესმენი ძმები გიორგი და დავით (დათუნა) მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე.
- ძმებ მიქაძეებს ბიზნესის გამო „გარკვეული უთანხმოება და დაპირისპირება“ ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან“;
- მიქაძეებმა, - „ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით“ (პროკურორს დღესაც არ უთქვამს, ვინ არის ეს ხალხი), - დაგეგმეს „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობა;
- მიქაძეები, თავის მხრივ, დაუკავშირდნენ „მეგობარსა და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს“, „გაანდვეს მკვლელობის გეგმა“ და უკვე სამივემ ერთად „დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება“;
- „მათ შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან, გელა უძილაურთან“;
- უძილაურს გაანდვეს მკვლელობის გეგმა და „გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ“ - რა თანხისა, ჯერ არ დასახელებულა, - „შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა“.
პროკურორმა ორ მოწმეზე - მოკლული ჯანგველაძის მამიდაშვილ მიხეილ ბერძენიშვილსა და პირად მცველ/მძღოლ გია ჩადუნელზე - დაყრდნობით ახსენა ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
თქვა ისიც, რომ ფარცხალაძისა და ჯანგველაძის მეორე შეხვედრა 2024 წელს, „ფინანსურ პოლიციაში“ - რომლის ზუსტი თარიღიც არ დასახელებულა, - სავარაუდოდ, შედგა 2024 წლის 3-დან 9 დეკემბრის შუალედში, როდესაც ჯანგველაძე საქართველოში იმყოფებოდა.
ასევე ნახეთ არ ვაკეთებთ კომენტარს - „ფინანსური პოლიცია“ უწყებაში ჯანგველაძე-ფარცხალაძის შეხვედრაზე„მკვლელობა დაიგეგმა სასტუმროში“
გამოძიების ვერსიით, მკვლელობა 15 თებერვალს დაგეგმეს სასტუმრო „თბილისი ტაუერში“, რომელიც ჯოხაძის ნათესავს ეკუთვნის. სწორედ აქ შეიკრიბნენ 15 თებერვლის საღამოს:
- საბერძნეთიდან ახლად დაბრუნებული გელა უძილაური (კამერებში არ ჩანს) - სასტუმროში მოდის 19:14 საათზე;
- გიორგი ჯოხაძე - სასტუმროში მოდის 19:17 საათზე;
- დავით მიქაძე - სასტუმროში დაცვასთან ერთად მოდის 20:02 საათზე, 20:16 საათზე კი მიდის;
- მცირე ხნის შემდეგ სასტუმროში მოდის გიორგი მიქაძეც, რომელსაც გიორგი ჯოხაძე ესაუბრება; მათ საუბარს კამერა აფიქსირებს სასტუმროს შესასვლელთან 21:03 საათზე;
- გიორგი მიქაძე სასტუმროს ტოვებს 21:39 საათზე;
- გიორგი ჯოხაძე სასტუმროს ტოვებს 21:53 საათზე;
გამოძიებას არ წარმოუდგენია ვიდეოჩანაწერი ან ფოტო, სადაც ბრალდებული გელა უძილაური სხვებთან ერთად ჩანს, - უძილაურის იქ ყოფნას ასაბუთებენ სატელეფონო ანძებიდან ამონაწერით.
ამასთან, პროკურორის თქმით, სწორედ ამ შეხვედრის მეორე დღეს, 16 თებერვალს აქტიურდება ის პოლონური ნომერი, რომელიც გელა უძილაურს მკვლელობის დღესაც ჰქონდა და ამ დროიდან იწყებს ის ჯანგველაძის თვალთვალს.
„15 თებერვალს მოხდა ტაუერში შეხვედრა და ამის მერე, ჰოი საოცრებავ, აქტიურდება გელა უძილაურის პოლონური ნომერი და [ამონაწერიდან] ჩანს ანძებზე გადაადგილება ამბასადორში“, - თქვა პროკურორმა.
გამოძიების ვერსიით, 16, 18, 21 და 22 თებერვალს გელა უძილაური სასტუმრო „ამბასადორთან“ უთვალთვალებდა რუსეთიდან მორიგ ჯერზე ჩამოსულ ლევან ჯანგველაძეს და „ხელსაყრელ მომენტს უცდიდა მოსაკლავად“, თუმცა ამჯერად ეს არ გამოუვიდა.
გელა უძილაური საერთოდ უარყოფს, რომ თებერვალში სასტუმრო „ამბასადორთან“ იმყოფებოდა და ჯანგველაძეს უთვალთვალებდა.
უძილაური ამბობს, რომ მიქაძეებს არ იცნობდა
გელა უძილაურმა განაცხადა, რომ ის არ იცნობდა და არ იცნობს ბრალდებულ ძმებს, გიორგი და დავით მიქაძეებს.
„არანაირი კავშირი არ მქონდა. შეხება მქონდა - ეგენი იყვნენ გიორგი ჯოხაძის მეგობრები“, - ამბობს ის.
პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება რამდენიმე მიზეზის გამო:
- გელა უძილაური 2021 წლიდან იყო გიორგი ჯოხაძის მცველი/მძღოლი, მიქაძეები კი ამ უკანასკნელის ახლობლები იყვნენ;
- მოწმეთა ჩვენებებით, უძილაური იცნობდა მიქაძეების პირად მცველებსაც, - მათთან ხშირად უწევდა გადაკვეთა სამრეცხაო „საშხაპეში“, რომელიც მიქაძეების ნათესავის საკუთრებაა;
- გელა უძილაურს არაერთხელ აქვს მიღებული 1000 აშშ დოლარის და სხვა მოცულობის საბანკო ტრანზაქცია დავით მიქაძისგან - ჯამში 11 ათასი დოლარი;
- „ამ ნაწილს - ნაცნობობას, კავშირებს - ჩვენ გამოყოფილ საქმეებზე დეტალურად და ვრცლად მოვახსენებთ სასამართლოს“, - თქვა ვეფხვაძემ.
უძილაურმა ეს გადარიცხვები ასე ახსნა: გიორგი ჯოხაძისგან ყოველთვიურ ანაზღაურებას ვიღებდი, ჯოხაძეს საბანკო ანგარიში წლებია არ ჰქონია [ეს დეტალი ჯოხაძის მეუღლის ჩვენებაშიც ჩანს] და როცა თანხა მერიცხებოდა, არ ვაკვირდებოდი, ჩარიცხვა ვისგან იყო, რახან ვიცოდი, რომ თანხა ჯოხაძისგან მოდიოდაო.
გიორგი ჯოხაძე
„მინდოდა, ჩავბარებოდი პოლიციას“
რადიკალურად განსხვავებული სცენარები აქვთ მკვლელობის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ დაცვისა და ბრალდების მხარეებს.
უძილაურის მონათხრობი ასეთია:
- მკვლელობის ადგილიდან გაიქცა და წავიდა ქარელისკენ, ყინწვისის მონასტერში;
- „მართლა ისეთი განცდა მქონდა, რომ ლევანი დაჭრილი მეგონა და გავიფიქრე, ნეტა გადარჩეს-მეთქი“;
- დაბრუნდა თბილისში და გამოიცვალა ტანისამოსი;
- სურდა პოლიციას ჩაჰბარებოდა, მანამდე კი მივიდა „თბილისის ტაუერში“ - იქ, სადაც, ბრალდების თანახმად, მკვლელობა დაიგეგმა;
- მისი განმარტებით, სასტუმროში შევიდა, რადგან ჯანგველაძის მდგომარეობა აინტერესებდა, ტელევიზორში მოვისმენო;
- „გამოვედი სასტუმროდან და წავედი მონასტერში. მონასტერში ვერ დავრჩი. უკვე კვირაა“;
- „ორშაბათს მინდოდა, რომ ჩავბარებოდი პოლიციას“…
- მისი განმარტებითვე, გიორგი ჯოხაძესთან დაკავშირებას შემდეგი მიზნით ცდილობდა: „ადამიანებს რამე რომ დაგემართოთ, ხომ გინდა, ვინმეს უთხრა, ასეთი რამე დამემართაო. ამიტომ“
პროკურატურა კი შემდეგ ვერსიას ავითარებს:
- ყინწვისის მონასტრიდან დაბრუნებული უძილაური 15 მარტს ჩანს 13:26 საათზე „თბილისის ტაუერში“ - ჩანთით. „რატომ მოდის მაინცდამაინც ამ სასტუმროში? ტელევიზორი სხვაგან ვერსად ნახა?“ - იკითხავს პროკურორი. მისი თქმით,
- ის კიდევ ორჯერ მიდის სასტუმროში;
- ისევ მიდის ქარელში, ამჯერად შატბერდის მონასტერში;
- მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობს ღია ხაზით და „ვოტსაპით“ დაუკავშირდეს გიორგი ჯოხაძეს.
„გელა უძილაურს დაჰპირდნენ, რომ მკვლელობის შემდეგაც მიაქცევდნენ ყურადღებას, თუმცა არავინ ყურადღებას არ აქცევს“, - განაცხადა პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე. მისი თქმით, ამიტომაც ცდილობს „კილერი“ „ჯოხაძეზე გასვლას“ როგორც ტელეფონით, ასევე ფიზიკურად, ჯოხაძის ნათესავის, მამუკა ბაღდავაძის მეშვეობით, თუმცა უშედეგოდ.
სწორედ ამ დროს იტყვის პროკურორი თავის მოსაზრებას, - ჯერჯერობით დაუსაბუთებელს, - რომ უძილაურს მკვლელობის იარაღი - Glock 19, პოლონურნომრიან მობილურ ტელეფონთან ერთად, გადამალული აქვს თავის დაზღვევის მიზნით.
რა პროცესია წინ
პროკურორის შემდეგ, სასამართლოს დასკვნითი სიტყვით უნდა მიმართონ გელა უძილაურის ადვოკატებმა.
შესაძლოა, დასკვნითი სიტყვით უფლებით თავად უძილაურმაც ისარგებლოს.
მომდევნო სხდომა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 24 ოქტომბერს, 12:00 საათზე დანიშნა.
სავარაუდოდ, 24 ოქტომბერსვე გამოაცხადებს ის გადაწყვეტილებას.
პროკურორის თქმით, მოკლულის და, ეკა ჯანგველაძე გამოკითხვისას „ითხოვს უმკაცრეს სასჯელს, რომ ბრალდებული დაისაჯოს უმკაცრესად“; რომ „სამწუხაროა, როცა ადამიანს შეუძლია ფულის და შეკვეთის გამო მოკლას ადამიანი - და ამაზე სასამართლოს რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი“.
„კანონიერი ქურდი“ მერაბ ჯანგველაძე, ლევან ჯანგველაძის ძმა
გამოყოფილ საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე არიან ბრალდებული, წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 12:00 საათზეა დანიშნული. პროკურორი აქაც ლევან ვეფხვაძეა.
- ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალი შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით, მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ;
- ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან გიორგი კაჭკაჭიშვილს - მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
- გიორგი ჯოხაძის ნათესავ მამუკა ბაღდავაძეს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
- სანდრო წივწივაძეს ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებას - სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- დავით მიქაძის დაცვის წევრს, ლაშა მაისურაძეს პროკურატურა ედავება წივწივაძის ყოფილი ადვოკატისადმი მუქარას.
- გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, სანდრო წივწივაძე, ლაშა მაისურაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი წინასწარ პატიმრობაში არიან;
- დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთ არიან - მათზე ძებნაა გამოცხადებული.