სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ერევანს თბილისისგან არ მიუღია განმარტება კონიაკის ტრანზიტის გაჭიანურებაზე

საუბარია ტრანზიტის გაჭიანურებაზე პროდუქციის შემოწმების გამო, რასთან დაკავშირებით ერევანში, საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქციებიც გაიმართა.

სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს წერილობით განუცხადა, რომ ერევანს თბილისისაგან არ მიუღია განმარტება სომხური კონიაკის ტრანზიტისას საზღვარზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა 5 ივნისს განაცხადა, რომ ქართულ საბაჟოზე გაჩერებულ 52 სატვირთო ავტომანქანას, რომლებსაც სომხური კონიაკი გადაჰქონდა, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის და რუსეთში შესვლის ნებართვა მისცეს, თუმცა 72 სატვირთო ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე რჩებოდა.

ამ საკითხის განხილვას გეგმავდა პაპოიანი დავით სონღულაშვილთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, რომელიც 6 ივნისს ერევანში ჩასვლას გეგმავდა.

ასევე ნახეთ სამინისტრო განმარტავს, რატომ არ ჩავიდა დავით სონღულაშვილი ერევანში

თუმცა ვიზიტი გაუქმდა. საგარეო უწყებაში თქვეს, რომ ვიზიტის გაუქმება სონღულაშვილს საფრანგეთში დაგეგმილ მაღალი დონის მინისტერიალში მონაწილეობის გამო მოუწია. ამასთან, ერევანში კულტურის დღეებზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გაემგზავრა.

საუბარია ტრანზიტის გაჭიანურებაზე პროდუქციის შემოწმების გამო, რასთან დაკავშირებით ერევანში, საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქციებიც გაიმართა.

10 ივნისს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს მისწერეს, რომ ქართული მხარისგან არ მიუღიათ „არსებითი განმარტებები“ კონიაკის ტრანზიტთან დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

ასევე ნახეთ სომეხმა მეწარმეებმა ერევანში, საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს

საქართველო-რუსეთის საზღვარზე, საბაჟო-გამშვებ პუნქტ ზემო ლარსთან, სომხეთიდან რუსეთის მიმართულებით მოძრავ საავტომობილო გადამზიდავებს რომ პრობლემები ექმნებათ, ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრს 2023 წელსაც ჰქონდა განცხადება გაკეთებული.