Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამინისტრო განმარტავს, რატომ არ ჩავიდა დავით სონღულაშვილი ერევანში


დავით სონღულაშვილი
დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი 6 ივნისს ერევანში ჩასვლას გეგმავდა, თუმცა ვიზიტი გაუქმდა.

სომხური მხარე სონღულაშვილთან საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხური სასმელების ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას აპირებდა.

საუბარია ტრანზიტის გაჭიანურებაზე პროდუქციის შემოწმების გამო, რასთან დაკავშირებით ერევანში, საქართველოს საელჩოსთან, საპროტესტო აქციებიც გაიმართა.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, გუშინ, 5 ივნისს, ქართული მხარე პირადად უწყების ხელმძღვანელს, გევორქ პაპოიანს, დაუკავშირდა, „ბოდიში მოიხადეს“ და განაცხადეს, რომ ვიზიტი მინისტრის გადატვირთული გრაფიკის გამო არ შედგებოდა.

რადიო თავისუფლებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უთხრეს, რომ დავით სონღულაშვილი ერევანში ჩასვლას ქართული კულტურის დღეებში მონაწილეობისა და ვიზიტის ფარგლებში სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტის განხილვისთვის გეგმავდა. თუმცა ვიზიტის გაუქმება საფრანგეთში დაგეგმილ მაღალი დონის მინისტერიალში მონაწილეობის გამო მოუწია. ამასთან, ერევანში კულტურის დღეებზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გაემგზავრა.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა 5 ივნისს განაცხადა, რომ ქართულ საბაჟოზე გაჩერებულ 52 სატვირთო ავტომანქანას, რომლებსაც სომხური კონიაკი გადაჰქონდა, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის და რუსეთში შესვლის ნებართვა მისცეს, თუმცა 72 სატვირთო ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე რჩება. სწორედ ამ საკითხის განხილვას გეგმავდა პაპოიანი დავით სონღულაშვილთან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG