დარტყმა იყო ზუსტი, დისტანციური და აშშ-ის ძალებისთვის რისკისგან თავისუფალი. ეს იყო მაღალი კლასის, უპილოტო საფრენ აპარატებში ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების კულმინაცია. თითოეული ასეთი აპარატის დამზადება ათობით მილიონი დოლარი დაჯდა.
მაგრამ, ხუთი წლის შემდეგ, ანალიტიკოსები ამბობენ - და ზოგიერთი პოლიტიკოსიც ეთანხმება - რომ დრონების მიმართ მიდგომა კარდინალურად შეიცვალა.
უკრაინაში ომმა დრონებით ომის რადიკალურად განსხვავებული ეპოქა დაიწყო, რომელიც ემყარება არა რამდენიმე ელიტურ სისტემას, არამედ მილიონობით პატარა, იაფი და ერთჯერადი დრონის გამოყენებას.
ასევე ნახეთ "შეიარაღების რბოლა 2.0" - უსწრებს თუ არა რუსეთი ნატოს?ამერიკას ახლა წარმოებისა და მიდგომის გადაწყობა უწევს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დრონების ინდუსტრია აქვს, თუმცა ეს დრონები ხშირად ძალიან დიდია, ძალიან ძვირია და ძალიან დახვეწილი შესაძლებლობებით გამოირჩევა. ამ მომენტში კი ინდუსტრიისგან გვჭირდება ძალიან ბევრი იაფი დრონი,“ - განაცხადა ბრედ ბოუმენმა, ვაშინგტონში დაფუძნებული დემოკრატიების დაცვის ფონდის თავდაცვის ანალიტიკოსმა.
მან თქვა, რომ ამერიკას ახლა არ შეუძლია იაფიანი უპილოტო საფრენი აპარატების დიდი რაოდენობით წარმოება და დასძინა, უკრაინაში ომმა პენტაგონი უნდა გამოაღვიძოსო.
რაც უფრო იაფია, მით უკეთესია
უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, რუსტამ უმეროვის თქმით, მისი ქვეყანა წელს 4 მილიონზე მეტ სხვადასხვა ტიპის დრონს აწარმოებს. ბევრი მათგანი სუ რაღაც რამდენიმე ასეული დოლარი ჯდება. რუსეთიც მილიონობით იაფ დრონს აწარმოებს, რადგან აღმოაჩინა, რომ ჩინეთისა და ირანის დახმარება სჭირდებოდა უფრო მცირე და ნაკლებად დახვეწილი დრონების მისაწოდებლად.
ასევე ნახეთ დრონები ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით აუცილებელია უკრაინის ომშიReaper-ი კი, რომლითაც სოლეიმანი მოკლეს, 11 მეტრის სიგრძისაა, 2200 კილოგრამს იწონის და 30 მილიონი დოლარი ღირს. აშშ 366 ასეთ აპარატს შეიძენს, რითაც ჩაანაცვლებს მის წინამორბედს, Predator-ს, რომლის დაახლოებით 270 ერთეული დაამზადეს ორი ათწლეულის განმავლობაში.
როდესაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, აშშ-ის სამხედრო ძალების დრონების ფლოტის დიდი ნაწილი - რომელიც რამდენიმე ათას ერთეულს შეადგენდა - Predator-ის ეპოქის ტექნოლოგიების გარშემო იყო აგებული და ძირითადად ამბოხებულებთან საბრძოლველად იყო განკუთვნილი.
მართალია, აშშ მაღალი დონის დრონების ტექნოლოგიებში ახლაც ლიდერობს, მაგრამ, ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, ამჟამად იაფი დრონების მასშტაბური წარმოება არ შეუძლია. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბოლოდროინდელ სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ წელიწადში 100 000-ზე ნაკლებ დრონს ამზადებს.
წლების განმავლობაში აშშ-ის ბაზარზე ჩინური ბრენდები, განსაკუთრებით კი მსოფლიოში დრონების უმსხვილესი მწარმოებელი DJI დომინირებდა. თუმცა, შესაძლოა, ეს შეიცვალოს. ჩინური დრონების იმპორტი აშშ-ში მკვეთრად ეცემა საბაჟო და სასაზღვრო დაცვის მკაცრი კონტროლის ფონზე. შეერთებული შტატები ამჟამად განიხილავს DJI-ის ახალი დრონების სრულ აკრძალვას ეროვნული უსაფრთხოების მიზნით.
ტრამპის ადმინისტრაცია სხვა ზომებსაც იღებს სიტუაციის მოსაგვარებლად.
ამ კვირაში News Nation-თან საუბრისას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ , კვლევისა და ინჟინერიის საკითხებში, ემილ მაიკლმა, განაცხადა, რომ მთავრობა ცდილობს წარმოების ბიუროკრატიული ბარიერები მინიმუმამდე დაიყვანოს.
იმის მაგალითი, თუ რა მიზნებს შეიძლება ისახავდეს შეერთებული შტატები, ივნისში გამოჩნდა, როდესაც უკრაინამ ოპერაცია „ობობას ქსელი“ ჩაატარა და რუსეთის ტერიტორიაზე ფარულად შეტანილი ათობით დრონით თავს დაესხა რუსეთის საჰაერო ბაზებს.
ასევე ნახეთ რუსეთის სტრატეგიულ ავიაციას 7 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოპერაცია "ობობას ქსელზე""ამ თავდასხმამ მთელი მსოფლიოს სამხედროები უნდა გამოაფხიზლოს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას სტეისი პეტიჯონმა, ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის თავდაცვის პროგრამის დირექტორმა.
საერთაშორისო უპილოტო სატრანსპორტო სისტემების ასოციაცია (AUVSI) აცხადებს, რომ ამჟამად აშშ-ში დრონებს 235 კომპანია ყიდის, კიდევ 40 კი პროტოტიპს ავითარებს. თავდაცვაზე ორიენტირებულმა ბევრმა ფირმამ გამოაცხადა მასშტაბური გაფართოების გეგმების შესახებ, მაგრამ გამოწვევები კვლავ რჩება, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„ამჟამად ნომერი პირველი პრიორიტეტი მასშტაბი და სიჩქარე უნდა იყოს, მაგრამ ამის მიღწევა ნამდვილად რთულია, რადგან ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ეროვნული უსაფრთხოების მთელს წარმოებას საპირისპირო მხრივ მივმართავდით“, - თქვა ბოუმენმა.
გასულ თვეში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პირობა დადო, რომ პენტაგონის დრონების შესყიდვის პროცესს გადახედავდა და დრონებით წვრთნებს გაზრდიდა.
დრონების კონსულტანტმა და საჰაერო ძალების პენსიაზე გასულმა ბრიგადის გენერალმა ჩად რადუეჯმა განაცხადა, რომ აშშ-ის ინოვაციები დრონების წარმოებასა და ტაქტიკაში მაშინ დაჩქარდება, როდესაც სამხედროები ქვედანაყოფებს იაფიან სისტემებს მიაწვდიან და ჯარისკაცებს ექსპერიმენტების საშუალებას მისცემენ.
„მიაწოდეთ დრონები ოპერატორებს, დაიწყეთ წვრთნები და შემდეგ შეიქმნება ტაქტიკა, რომელიც აშშ-ის საომარი მანქანის ნაწილად იქცევა“, - განუცხადა რადუეჯმა რადიო თავისუფლებას.
„ჩვენ საკმაოდ საინტერესო რაღაცებს ვნახავთ“.