2024 წლის ოქტომბერში ჟურნალისტის მამამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ელექტრონული ფოსტით სამწინადადებიანი წერილი მიიღო. იტყობინებოდნენ, რომ ვიქტორია 19 სექტემბერს გარდაიცვალა.
ცხედარი უკრაინულ მხარეს თებერვალში გადასცეს. თუმცა, ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. ცხედრები ამოსაცნობად მორგებში იყო გადანაწილებული. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ვინიცის მორგმა მიიღო პოლიეთილენის ტომარაში ჩადებული სხეული, წარწერით „ამოუცნობი მამაკაცი“. ტომარაში ქალის ნეშტი დახვდათ. „ძალიან გაყინული და გამოფიტული“. მუხლზე გამობმული ჰქონდა ნიშანი „7390 როშჩინა ვ.ვ.“ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დნმ ვიქტორია როშჩინას მშობლების დნმს ემთხვევა.
ცხედრის მდგომარეობის გამო ექსპერტებმა სიკვდილის მიზეზი ვერ დაადგინეს. როშჩინას ცხედარს აკლდა თვალები, ტვინი, საყლაპავი მილის ნაწილი. გატეხილია სასის ძვალი. უკრაინის გენპროკურატურის წარმომადგენელმა ბორის ბელოუსოვმა განაცხადა, რომ სასამართლო ექსპერტიზამ სხეულზე „წამებისა და სასტიკი მოპყრობის მრავლობითი ნიშანი აღმოაჩინა: სისხლჩაქცევები, დალურჯებები, გატეხილი ნეკნი, დაშავებული კისერი. ასევე ნიშნებიც, რომლებიც შესაძლოა ელექტროშოკით წამების შედეგად დარჩენილიყო“.
ვინ იყო ვიქტორია როშჩინა?
ვიქტორია როშჩინა - 27 წლის კაფანდარა გოგონა ჟურნალისტიკაში მუშაობის ათი წლის სტაჟით - სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა უკრაინულ ტელეარხ hromadske-სთან, გამოცემა „უკრაინსკა პრავდასა“ და რადიო თავისუფლებასთან. ასევე - „ქალთა საერთაშორისო ფონდთან“. ვიკა ძლიერ და ინტერესიან ჟურნალისტად მიიჩნეოდა.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვიქტორია ოკუპირებული ტერიტორიებით იყო დაინტერესებული. ერთხელ მოახერხა და იქ რეპორტაჟისთვის გადავიდა. მართალია, მაშინაც დაატყვევეს, მაგრამ რამდენიმე დღით. 2023 წლის ზაფხულში ისევ დაბრუნდა.
ასევე ნახეთ „მთლიანად დალურჯებული იყო“ - უკრაინელი ჟურნალისტის ბოლო დღეებიჟურნალისტური გამოძიება, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ მოამზადა (მათ შორის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ და უკრაინული გამოცემები „სუსპილნე“ და „გრატი“) აჩვენებს, რომ ვიქტორია როშჩინა ცდილობდა ინფორმაცია შეეგროვებინა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული საწამებელი ბანაკების შესახებ. ამ მიზნით ჩავიდა ზაპორიჟიის ოლქში, ქალაქ ენერჰოდარში, სადაც ევროპის ყველაზე მსხვილი ატომური ელექტროსადგურია. ხმები დადიოდა, რომ იქ არსებობდა ორი საწამებელი ბანაკი, ერთ ადგილობრივებისთვის, მეორე ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებისთვის.
2023 წლის აგვისტოში ვიკა ტყვედ ჩავარდა. ის ჯერ მელიტოპოლის ციხეში იჯდა, შემდეგ - ტაგანროგის.
ასევე ნახეთ გაერომ უკრაინის ომში 17 ჟურნალისტის სიკვდილი დაადასტურამართალია, რუსეთი უარყოფდა, რომ ვიქტორია დაპატიმრებული იყო, მაგრამ ჟურნალისტებმა მიაკვლიეს და ჩაწერეს ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად ისხდნენ ციხეებში. ისინი ამბობდნენ, რომ ვიკა ძალიან ავად იყო, სხეულზე ჭრილობები ეტყობოდა, რაზეც თავად ამბობდა, ციხეში მაწამებდნენო. ბოლო პერიოდში იმდენად გახდა, რომ მხოლოდ 30 კილოსღა იწონიდა.
როშჩინა სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკან დაბრუნებული კი სამარტოო საკანში განაწესეს.
ჟურნალისტების მოძიებული ინფორმაციით, ვიქტორია როშჩინა 8 სექტემბერს კამერიდან გაიყვანეს.
ამის შემდეგ ის არავის უნახავს.