უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები ქართულ ციხეში - რატომ მიიჩნევენ თავს პოლიტპატიმრებად?

უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები ქართულ ციხეში - ფოტოილუსტრაცია

ანასტასია ზინოვკინა, არტიომ გრიბული და ანტონ ჩეჩინი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში გადავიდნენ და 2024 წლის ბოლოს, თბილისში პროევროპული აქციების ფონზე, ისინი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. უკრაინელები სერჰი კუხარჩუკი და რუსლან სივაკოვი ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულნი არიან.

ანასტასია და არტიომი

სასამართლო დარბაზში ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულს შორის ყოველთვის დგას ერთი ბადრაგი და ერთმანეთთან მიახლოებისა და გადალაპარაკების უფლებას არ აძლევს - თავიდან ბადრაგები მკაცრები იყვნენ, მაგრამ რაც უფრო უახლოვდება პროცესი დასასრულს, ბრალდებულებს შორის ცოცხალი ბარიერიც სულ უფრო ფორმალური ხდება.

31 წლის ანასტასია და 24 წლის არტიომი შეყვარებულები არიან.

ანასტასია ზინოვკინა მოსკოვში საპროტესტო აქციაზე

ანასტასია ზინოვკინა მოსკოვში აქცია-პერფორმანსს აწყობს. ის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ალზე სიგარეტს უკიდებს

ანასტასია ზინოვკინას რუსეთის პოლიცია აკავებს

ეს ფოტოები ანასტასიას სამოქალაქო აქტივიზმის ისტორიას ინახავს - ის 2012 წლიდან მონაწილეობდა პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციებში. მას ხან ბანერის გაშლას ედავებოდნენ, ხან გზის გადაკეტვას, ხანაც პოლიციის დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლებით იწყებოდა მის წინააღმდეგ საქმე. ერთხელ დააკავეს კიდეც.

ემიგრაციამდე ანასტასია ორი წელიწადი მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო დუმაში - კომუნისტური პარტიის მრჩევლად. ქვეყნიდან იმიტომ წამოვედი, რომ „რუსეთში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა“, - იტყვის ის სასამართლო სხდომაზე.

„რეპრესიებმა კი არ მაიძულა [რუსეთიდან] გავმგზავრებულიყავი, არამედ რუსეთში ცხოვრების გაუსაძლისობამ. მე ჯანმრთელობის პატარა პრობლემა მაქვს, კისრის მალა მაქვს გადაადგილებული...ახლაც ცუდად ვგრძნობ თავს და, სიმართლე გითხრათ, სამკირნალოდ მივდიოდი ლათინურ ამერიკაში.“ - თქვა ანასტასია ზინოვკინამ.

არტიომი საინტერნეტო ტექნოლოგიების სპეციალისტია - ის ომში გაწვევას ჯერ განერიდა სომხეთში, სადაც 2023 წელს ანასტასიამ ჩააკითხა და საქართველოში ერთად წამოვიდნენ.

ანასტასია ზინოვკინას ჩვენების თანახმად, ისინი საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავდნენ, შინაური ცხოველების [ორი კატა] საბუთები ვერ გააფორმეს და ერთ-ერთმა მეგობარმა ურჩია - თბილისში სცადეთო. წყვილი ბრაზილიაში გასამგზავრებლად ემზადებოდა და კატებიც თან მიჰყავდათ.

„კატების საბუთები სომხეთში დიდი ხანი კეთდებოდა, ვეტერინარმა გვითხრა, რომ საქართველოში საბუთები უფრო სწრაფად ფორმდება. 2025 წლის 13 ივნისს მქონდა ნაყიდი ბილეთები - თბილისიდან ბრაზილიაში“, - ასე ჰყვება თავის ამბავს ანასტასია.

2024 წლის ბოლოს თბილისში საპროტესტო ტალღა აგორდა.

რუსი აქტივისტები პროტესტს შეუერთდნენ. ცივ დღეებში რუსთაველის გამზირზე ცხელ ყავასა და ჩაის არიგებდნენ, დაშავებულ დემონსტრანტებს ელემენტარულ დახმარებას უწევდნენ.

ისინი 2024 წლის 17 დეკემბერს ერთად დააკავეს. საქართველოს პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ სახლში და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკი ალფა-პვპ უპოვეს. საქართველოს კანონმდებლობა ამ დანაშაულისთვის უვადო პატიმრობას, ან უკეთეს შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ციხეს ითვალისწინებს.

ანასტასია და არტიომი ბრალს არ აღიარებენ და ცდილობენ სასამართლოში დაამტკიცონ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი „ჩაუდო“. დაკავებულები ამბობენ, რომ მათ თბილისში ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სჯიან.

დაკავებისას მანქანაში პოლიციელები „ამბობდნენ, რომ აქციის ორგანიზატორი ვიყავი, მე არ ვიცი ქართული და არც ისე მნიშვნელოვანი ვინმე ვარ, რომ აქციის ორგანიზატორი ვყოფილიყავი... ისინი ამბობდნენ, მემარცხენე ხარ თუ მემარჯვენე, რატომ ეხმარები ტერორისტებს, ნაციონალისტებს [ იგულისხმება ნაციონალური მოძრაობა - რ.თ.] - რა გეგონა მიტინგებზე სიარული, შენ ამის გამო ინანებ, ვერავინ შეამჩნევს, როგორ მოგკლავთო....", - ჰყვება ანასტასია ზინოვკინა.

2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით. გამოძიების დაწყებიდან რვა თვის თავზე არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, არც გამოვლენილი და არც დასჯილი არაა.

დეტექტივ მირაზაშვილის პატაკი

ზინოვკინა და გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისში, საბურთალოზე, ბუდაპეშტის ქუჩის ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან გამოსვლისას დააკავეს.

საფუძველი გახდა დეტექტივ ჯემალ მირაზაშვილის პატაკი. პატაკში მირაზაშვილი წერს: 2024 წლის 17 დეკემბერს სანდო ინფორმატორმა შემატყობინა, რომ „არტიომ გრიბული და ანასტასია ზინოვკინა ნარკოტიკებით ვაჭრობენო, აკრძალული ნივთიერება იმ ბინაში აქვთ, სადაც ცხოვრობენო."

ამავე პატაკში ეწერა, რომ შეტყობინების მომენტში მათ თან ჰქონდათ ნარკოტიკები და მითითებული იყო ის ადგილიც, სადაც უნდა ყოფილიყვნენ. სამი გამომძიებელი საღამოს საათებში [ზუსტი დრო სადაოა] ანასტასიასა და არტიომს ბუდაპეშტის ქუჩაზე, სუპერმარკეტიდან გამოსულებს დახვდა.

გამომძიებელ თამარ ძნელაძის ჩვენების თანახმად, მათ შეაჩერეს ეჭვმიტანილები, რომელთა გარეგნობა შსს-ს ბაზაში უკვე ნანახი ჰქონდათ, ამ დროს კიდევ სამი გამომძიებელი და ერთი თარჯიმანიც წამოეწიათ.

„ანასტასია ზინოვკინას წარვუდგინე ჩემი თავი, ვუთხარი, რომ ვარ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეტექტივი, რა დროსაც ის გახდა აგრესიული, მეწინააღმდეგებოდა, მკრავდა ხელს, დაიწყო ყვირილი ხმამაღლა.. ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, მას მოვუწოდეთ დამშვიდებულიყო, მაგრამ ხდებოდა უფრო აგრესიული, რის გამოც იძულებული გავხდით, ჩაგვესვა მანქანაში“, - თქვა დეტექტივმა ქალმა სასამართლო სხდომაზე.

იმავეს ამბობს მეორე დეტექტივი - ლუკა ფოლადაშვილი, რომელსაც საქმის მასალების მიხედვით, არტიომ გრიბული უნდა გაეჩხრიკა.

დაკავებულების ადვოკატის, შოთა თუთბერიძის მონაყოლით, წყვილი პოლიციას წინააღმდეგობას კი არ უწევდა, დეტექტივებმა ჩასვეს ისინი ძალით მანქანაში:

„ავტომობილში ჩასმა სჭირდებოდათ იმიტომ, რომ თავისი საქმე იდეალურად შეესრულებინათ - ანუ ნარკოტიკი ჩაედოთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თუთბერიძე და ამატებს: „სინამდვილეში ჩხრეკა ორჯერ ჩაატარეს - პირველი, როცა ქუჩაში შეაჩერეს ანუ რეალური და მეორე ავტომობილში, როცა თავისივე ჩადებული ნარკოტიკი ამოუღეს“.

გაუპატიურების მუქარა

ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ დეტექტივები ჩვენებებში ცრუობენ, თითქოს გამომძიებლები და თარჯიმნები თავიდან ბოლომდე ესწრებოდნენ ჩხრეკასა და დაკავებას.

ამას ადასტურებს, ანასტასია ზინოვკინას ჩვენებაც. ის ამბობს, რომ თავდაპირველად გააჩერა ვინმე ირაკლიმ, გამომძიებელმა, რომელიც მას გაუპატიურებით ემუქრებოდა, შეავიწროვა და შეურაცხყოფა მიაყენა.

ანასტასია ზინოვკინა გულისხმობს გამომძიებელ ირაკლი მუხათგვერდელს, რომელმაც სხვა პოლიციელებთან ერთად დააკავა წყვილი. საქმის მასალების მიხედვით, ირაკლი მუხათგვერდელი კოლეგა ლუკა ფოლადაშვილთან ერთად არტიომ გრიბულთან მივიდა, თამარ ძნელაძე კი ანასტასია ზინოვკინასთან.

ირაკლი მუხათგვერდელი, პოლიციელი

ანასტასიას მონაყოლის მიხედვით კი თამარ ძნელაძე მან პირველად მანქანაში ნახა, როდესაც გვერდით მიუჯდა. მანამდე კი კაცმა დეტექტივებმა ის „ზურგში მჯიღის ჩარტყმით” შეაჩერეს, „უპწკინეს მკლავზე”, „სხეულზე ხელების შეხებით“ გაჩხრიკეს და მანქანაში შეაგდეს.

„დავინახე, როგორ დაქაჩეს თმებით არტიომი და ტენიდნენ მანქანაში. იმის შემდეგ, რაც მე ვიყვირე, მიშველეთ მძარცვავენ-მეთქი [დეტექტივები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, შავი ტანსაცმელი ეცვათ - რ.თ.], მამაკაცმა სახელად ირაკლიმ ხელებში ჩანთა ჩამჩარა, რომელიღაცამ მუხლებში დამარტყა და შემისროლეს მანქანაში. მუხლებთან ისე ჩამარტყეს, რომ მომეკვეთა და მერე ხელის კვრით მანქანაში ჩამტენა", - ამბობს ანასტასია.

მისი მონათხრობის მიხედვით, ავტომობილში მას გახადეს პალტო და ზედატანი, გამოართვეს ჩანთა და გარეთ სხვა პოლიციელს გადააწოდეს. ამ დროის განმავლობაში ანასტასია ზინოვკინა ისმენდა დამამცირებელ სიტყვებს, გაუპატიურების და ცემის მუქარას ირაკლი მუხათგვერდელისგან, ის ამბობს, რომ სხეულზეც ეხებოდნენ.

ამის შემდეგ ანასტასია ზინოვკინა დეტალურად იხსენებს სექსუალური შევიწროების ისტორიას. მისმა ადვოკატმა ამ ისტორიის გამოძიების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა, გამოძიება დაიწყო კიდეც, თუმცა სიახლე არ არის.

ეს არის ამონარიდები ანასტასია ზინოვკინას ჩვენებიდან:

  • „ირაკლიმ მითხრა, თუ თავს კიდევ მიატრიალებს, გაგაუპატიურებ, მიზანმიმართულად იმეორებდა, რომ გამაუპატიურებდა, მემუქრებოდა... დაქვემდებარებულ თამაშებს ატარებდა, რომ შენ თუ ამას არ გააკეთებ, თუ არ მომცემ ტელეფონის პაროლს, გასაღებს, გაგაუპატიურებ - ასეთი პასუხი ჰქონდა“
  • „ის არაადეკვატურად გამოიყურებოდა, თვალის გუგები ჰქონდა გადიდებული, ჩემში ზიზღის გრძნობას იწვევდა, არამარტო იმიტომ, რომ მემუქრებოდა, არამედ საზიზღრადაც გამოიყურებოდა”
  • „ჩემთან ძალიან ახლოს იჯდა, მეკვროდა”

ანასტასიას თქმით, ამ ეპიზოდის შემდეგ ჯდება მასთან დეტექტივი, თამარ ძნელაძე თარჯიმანთან და გამომძიებელ ემილ კუპრავასთან და ბაქარ ძნელაძესთან ერთად.

ავტომობილში მძღოლის სკამს იკავებს თარჯიმანი შორენა ტაბატაძეც. ირაკლი მუხათგვერდელი, ანასტასიას თქმით, ავტომობილში რჩება. მას ჩანთასაც უბრუნებენ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, ანასტასიასვე თქმით, უცნობმა ნიღბიანმა წაიღო.

„მას შემდეგ, რაც თამარ ძნელაძე ჩაჯდა, ის, რაც გამხადეს, უკან ჩამაცვეს. ხელები მაქვს ზევით აწეული, მიბრძანებენ, რომ არ გავინძრე და რამდენჯერაც გავინძრევი, ირაკლი მემუქრება გაუპატიურებით, მისი მოქმედებები არა მხოლოდ სიტყვიერი იყო, არამედ დაიწყო ხელების ხლებაც, ჩემთვის რომ საგრძნობი ყოფილიყო მისი მუქარა, დაიწყო შარვლის ბალთის შეხსნა და ბანალური სიტყვები - „მე შენ დაგსჯი”, - ამბობს ზინოვკინა.

ირაკლი მუხათგვერდელი დაიკითხა სასამართლოში და თქვა, რომ ანასტასიას ჩხრეკაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია და მთელი ის დრო არტიომ გრიბულთან იყო. მან უარყო ბრალდებები სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურების მუქარაზე. ადვოკატებმა მისი ჩვენება შეაფასეს, როგორც „ცრუ მოწმის“ ნაამბობი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულს მალავს.

არტიომ გრიბულმა 21 თებერვალს, სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ ანასტასიას მსგავსად მასაც ქურთუკი წაართვეს და დაინახა, როგორ ჩაუდეს ნარკოტიკების შეკვრა.

„თუ სასამართლოს აინტერესებს მე შემიძლია იმ პოლიციელის ამოცნობა... ერთი პოლიციელი მემუქრებოდა, რომ დამარტყამდა, თუ გავაგრძელებდი მის დაკვირვებას“, - თქვა ბრალდებულმა.

ანასტასიას შემთხვევაში ნარკოტიკი მისი ჩანთიდან ამოიღეს. ბრალდებულის თქმით, ის თეთრ ხელსახოცში იყო გახვეული: „ანაბეჭდები რომ არ დაეტოვებინათ”, - განმარტავს შოთა თუთბერიძე.

არტიომ გრიბული კი ამბობს, რომ მას „ფიზიკური ძალადობით დაემუქრნენ“ და პირდაპირ უთხრეს, რომ პროტესტში მონაწილეობის გამო ისჯებოდა: „ის, რაც თავს დაგატყდა აქციებში მონაწილეობის შედეგიაო," - იხსენებს გრიბული.

რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას წყვილის წინააღმდეგ?

ანასტასია ზინოვკინა და არტიომ გრიბული

ეს არის ნარკოტიკების შეკვრაზე მხოლოდ არტიომ გრიბულის დნმ-ს კვალი. ანასტასია ზინოვკინას ბიოლოგიური მასალა არც ჩანთიდან და არც სახლიდან ამოღებულ ნარკოტიკზე არ არის ნაპოვნი.

არტიომ გრიბული ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ მოიპოვეს დნმ, პირში - ღრძილებსა და კბილებზე ცერა თითი გამოუსვეს.

პროკურატურისთვის ამ საქმის ერთადერთი „ნეიტრალური მოწმე“ შსს-ს კონტრაქტორი კომპანიის თარჯიმანია, რომელიც, საგამოძიებო მოქმედებებში იყო ჩართული, რის გამოც ადვოკატები მის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებენ. იგივე თარჯიმანი, შორენა ტაბატაძე, რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის საქმის „ნეიტრალური მოწმეცაა“ .

ანასტასია ზინოვკინა ამბობს, რომ თარჯიმანი შორენა ტაბატაძე მას პოლიციის ავტომობილში შეურაცხყოფას აყენებდა:

შორენა ტაბატაძე მიყვიროდა, რომ როგორიც შენ ხარ ისეთები მოსაკლავები არიანო. მე ვუთხარი, ჩემნაირი კარგები და ლამაზები-მეთქი? რაზეც, მან მიპასუხა კითხვით, დამცინიო?...“

ანასტასია ზინოვკინა

ადვოკატის თქმით, დაკავებისა და ჩხრეკის ნეიტრალურ დამკვირვებლებად შეიძლება გამომდგარიყვნენ წყვილის მიერ გამოძახებული ტაქსის მძღოლი და შემთხვევითი გამვლელი, რომელიც ტელეფონითაც იღებდა დაკავებისა და ჩხრეკის მომენტს, მაგრამ „დეტექტივებმა ორივეს იქაურობიდან გაცლა მოსთხოვეს".

საქმეში არ არის მტკიცებულებები - სატელეფონო მიმოწერა, ან აპლიკაციები - რაც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს ყიდულობდნენ ან ყიდდნენ.

და, რაც ყველაზე მთავარია, არ არსებობს დაკავების მომენტში პოლიციელების გადაღებული ჩხრეკის ამსახველი ვიდეო, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ სტანდარტს ეწინააღმდეგება.

ადვოკატებმა ითხოვეს, საქმისთვის დაერთოთ სუპერმარკეტ „ორი ნაბიჯის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, რომელიც დაკავების ადგილს იღებდა, თუმცა სასამართლომ ეს საჭიროდ არ ჩათვალა.

„ამ ვიდეოკადრებში გამოჩნდებოდა, რომ ბრალდებულებს წინააღმდეგობა არავისთვის გაუწევიათ, ასევე გამოჩნდებოდა, როდის მივიდნენ ადგილზე გამომძიებლები და თარჯიმანი, დადასტურდებოდა, რომ ჩხრეკის ოქმის შედგენისა და რეალური ჩხრეკის ჩატარების დროები ერთმანეთს არ ემთხვევა“, - ამბობს თუთბერიძე.

ანასტასიამ და არტიომმა არ მოაწერეს ხელი ჩხრეკის ოქმს, სადაც ეწერა, რომ მათ ქურთუკის ჯიბეებში დიდი რაოდენობით ნარკოტიკები უპოვეს.

სახლის ჩხრეკა

პირადი არა, მაგრამ პოლიციას ტელეფონით აქვს გადაღებული ბრალდებულების სახლის ჩხრეკა, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ არც ეს კადრები აღწერს სინამდვილეს.

„ვიდეოს გადაღება არ იწყება ბინის კარიდან, ესეც ეჭვებს აძლიერებს.. ვიდეოს როცა იღებენ, იმ ადგილებში, სადაც კამერა არ არის, სხვა პოლიციელები დადიან. როცა კამერა ტრიალდება და შედის სხვა საძინებელში, რომელიც მანამდე არ ჩანს ობიექტივში, საწოლთან ტუმბოში უკვე ორი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ხვდებათ“, - ამბობს შოთა თუთბერიძე.

მას კითხვას უჩენს ისიც, რომ „პოლიციელები არც კი გასულან აივანზე”. „იმიტომ რომ იცოდნენ, სად უნდა ეძებნათ და რა უნდა ეძებნათ“, - ასკვნის თუთბერიძე.

სად გაქრნენ კატები?

სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ დაკარგულია ანასტასიასა და არტიომის ორი კატა. ისინი არც ჩხრეკაზე მისული გამომძიებლების ვიდეოშია მოხვედრილი. სად გაქრა კატა? - წყვილი ვარაუდობს, რომ, დიდი ალბათობით, მათი შინაური ცხოველები სახლიდან იმ დროს გაიქცნენ, როდესაც პოლიცია პირველად, კამერების გარეშე, შევიდა მათ სახლში - ნარკოტიკების ჩასადებად.

პროკურატურამ სახლიდან ნარკოტიკების გარდა ამოიღო სასწორი, რომელზეც პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის თქმით, ნარკოტიკის კვალი იყო.

„ეს მიუთითებს იმას, რომ ხშირად იყენებდნენ, წონიდნენ და აფასოებდნენ [ნარკოტიკებს]. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარდა მესაკუთრის მონაწილეობით, ვიდეოზეა ეს გადაღებული და საცხოვრებელი სახლის კარი გაუღო მესაკუთრემ, დაესწრო საგამოძიებო მოქმედებას და დაადასტურა”, - ამბობს პროკურორი და ამატებს:

ვითხოვთ საბანკო ისტორიას და ტელეფონზე დანიშნულია ექსპერტიზა, იქნებ დამატებით დავადგინოთ რაიმე“.

წყვილის ადვოკატი სასამართლოზე ცდილობდა აეხსნა, რატომ იყო ხელისუფლება დაინტერესებული რუსი აქტივისტების დაკავებით.

„მათი დაკავების პერიოდში სამთავრობო პროპაგანდა ხშირად იმეორებდა და აქციის დისკრედიტაციას ცდილობდა იმით, რომ [აქციაზე] რუსები დგანანო. მათ [ანასტასიამ და არტიომმა] პოლიციელების ყურადღება იმით მიიქციეს, რომ იდგნენ ქაშვეთთან არიგებდნენ ცხელ ჩაის და ყავას“, - უთხრა ადვოკატმა მოსამართლეს.

ანასტასია ზინოვკინა და არტიომ გრიბული

პირობები - ქალთა კოლონია

ანასტასია ზინოვკინა რუსთავის ქალთა ციხეშია. ის და არტიომი სასამართლო პროცესებსა და ციხიდან გამოგზავნილ წერილებში აღწერენ პირობებს ციხეში:

„ადმინისტრაციამ ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, ანასტასიას არ მისცა ორთოპედიული მატრასი, ვიწრო კამერაში ცუდი განათებაა, შეუძლებელია საჭმლის მომზადება” .

„დაკავებამდე ანასტასიას უკვე ჰქონდა [ხერხემალზე] ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები . ციხეში გაუსაძლისმა პირობებმა ეს პრობლემები კიდევ უფრო გააუარესა. თუ დააკვირდით, ანასტასია სასამართლოზე ვერც კი ჯდება - ისე სტკივა ხერხემალი“ - წერს გრიბული და სახალხო დამცველს სთხოვს თავისი მეგობარი გოგოს მონახულებას.

რუსეთის მოქალაქეებს ქართველი ადვოკატი იცავს. წყვილის სასამართლო პროცესებს ესწრებიან და აშუქებენ საქართველოში მყოფი რუსი აქტივისტები.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულის სახელით განცხადებაც კი გავრცელდა, რომელშიც წერია, რომ ეძებენ დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებს და მზად არიან ამაში 10 000 ლარი გადაიხადონ:

„იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანების სიმართლე დადასტურდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოვიპოვოთ მტკიცებულება, რომელიც ობიექტურად ასახავს დაკავების დროს განვითარებულ მოვლენებს. ეს შეიძლება იყოს ვიდეო/აუდიო ჩანაწერი, მოწმის ჩვენება ან/და პოლიციელთა მიერ კანონდარღვევის ამსახველი სხვა მტკიცებულება“, - წერია მათ თხოვნაში.

სანამ წყვილი ციხეშია, „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო დარბაზებში ვიდეო გადაღება აკრძალა, ანასტასიას და არტიომის ოჯახის წევრებმა რუსეთში მათი ახალ ამბებში ნახვის შესაძლებლობაც დაკარგეს. როდესაც ანასტასია ზინოვკინას დედამ აგვისტოს დასაწყისში შვილთან „ხანგრძლივი პაემანი“ ჩანიშნა, ის საქართველოში არ შემოუშვეს და საზღვრიდანვე უკან - რუსეთში გააბრუნეს.

თბილისის აეროპორტში მას უთხრეს, რომ გზის უკანონოდ გადაკეტვისთვის ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი. ანასტასიას დედა თბილისში მართლაც მონაწილეობდა დაკავებული დემონსტრანტების დედების საპროტესტო მარშში.

ანტონ ჩეჩინი

ანტონ ჩეჩინი

26 წლის პატიმარს, ანტონ ჩეჩინს თავის ტვინში ​კისტური წარმონაქმნი აქვს. როდესაც ექიმმა, ედიშერ მაღალაშვილმა მისი ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრამის შედეგები ნახა, ოპერაციის ჩატარების რეკომენდაცია გასცა. ექიმის დასკვნით, „სიმსივნური წარმონაქმნი ზრდის ტენდენციას აჩვენებს“.

„როცა გავიგე, რომ დაკავებისას თავში ჩაარტყეს, ძალიან შემეშინდა, ვიცოდი, რომ პრობლემები ჰქონდა და ფატალური შედეგი შეიძლება დამდგარიყო“, - თქვა ანტონ ჩეჩინის ცოლმა მანანა სამხარაძემ სასამართლოში დაკითხვისას.

რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს, დილით, სამსახურში აპირებდა წასვლას, როდესაც სახლთან დააკავეს. მასაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა და შენახვა ედება ბრალად და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

„პოლიციის მანქანაში რომ ჩამსვეს, ერთ-ერთმა პოლიციელმა თავში ჩამარტყა… ბრალი დამდეს, რომ მე ვიყავი პროტესტების ორგანიზატორი“, - ამბობს ანტონი და ამატებს, რომ პოლიციელები აშინებდნენ.

ასევე ნახეთ ჩამიდეს ნარკოტიკები... აქციებს რატომ აფინანსებო - რა თქვა ანტონ ჩეჩინმა სასამართლოში

მისი საქმეც ანასტასიასას და არტიომისას ჰგავს: ბრალდებული ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, რომ მას აქციებში მონაწილეობისა და პოლიტიკური პოზიციის გამოხატვისთვის სჯის საქართველოს ხელისუფლება.

„პირველად უკრაინის მხარდამჭერ აქციაში მივიღე მონაწილეობა. მერე იყო აქციები "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ და მანდაც ვმონაწილეობდი. ყველაფერი მიდის ისე, როგორც რუსეთში და, აქედან გამომდინარე, რა აქციაც იყო, ყველგან დავდიოდი... ვეხმარებოდი პოლიციელების მიერ დაზარალებულებს, ან წიწაკის სპრეით, ან სხვა გზით [მოწამლულებს]”, - თქვა ჩეჩინმა სასამართლოში.

საქართველოში ისიც ჩამოვიდა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ისიც რუსეთში პუტინის წინააღმდეგ გამოდიოდა, მათ შორის მონაწილეობდა უკრაინის ომის წინააღმდეგ დემონსტრაციებში.

„საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი რუსული რეჟიმის შედეგები, მათ შორის პატიმრობაც", - ამბობს ჩეჩინის ადვოკატი გიორგი ჩხეიძე.

საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ ანტონმა ქართველი ცოლი მოიყვანა და რუსთაველზე რუსული კანონის საპროტესტო აქციებში ჩაერთო.

მის დაკავებას წინ უძღოდა ადმინისტრაციული დევნა. ანტონ ჩეჩინი ამბობს, რომ გასული წლის 18 ნოემბერს პოლიციელებმა გააჩერეს, გაჩხრიკეს და დააკავეს, განყოფილებაში მიყვანისას კი გააფრთხილეს, რომ აქციებზე სიარულისთვის თავი დაენებებინა - დამემუქრნენ, თავი დაანებე აქციებზე სიარულს, თორემ ნახავ, რა მოგივაო - ჰყვება 26 წლის ბრალდებული.

„ჩემი პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო ციმბირში, სადაც ვმონაწილეობდი მიტინგებში ოპოზიციასთან ერთად პუტინის რეჟიმის, სისხლიანი ომისა და ციხეებში სასტიკი მოპყრობის/მკვლელობის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი (საქართველოში მიმდინარე მოვლენები - რ.თ.) ძალიან ჰგავს რუსეთში არსებულ ვითარებას“, - წერს ციხიდან ანტონ ჩეჩინი.

ანტონ ჩეჩინის ჩხრეკა და დაკავება კი ჰგავს იმას, რაც ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულს გადახდათ თავს.

აქაც დეტექტივები, რომლებიც ჩეჩინს სახლთან დახვდნენ, ამბობენ, რომ ანტონმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და ამიტომ ჩასვეს მანქანაში გასაჩხრეკად;

ამტკიცებენ, რომ ვიდეოგადაღება ამ წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლეს:

ჩხრეკა-დაკავების ერთადერთი „ნეიტრალური მოწმე“ აქაც შსს-ს იგივე თარჯიმანია - შორენა ტაბატაძე.

ანტონ ჩეჩინი ჰყვება, რომ თარჯიმანი მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც პოლიციას მის ჯიბეში ნარკოტიკი უკვე „ნაპოვნი“ ჰქონდა, პროკურატურა და თავად თარჯიმანი კი ამტკიცებენ, რომ ტაბატაზე თავიდანვე შეესწრო ყველაფერს - თარჯიმნისა და გამომძიებლის წერილობითი ჩვენებები სიტყვა სიტყვით ემთხვევა ერთმანეთს.

ანტონ ჩეჩინის თქმით, მასაც გახადეს ქურთუკი და შემდეგ უკან დაუბრუნეს, ისევე როგორც ანასტასია ზინოვკინას და არტიომ გრიბულს. მისი მტკიცებითაც, სწორედ ამ დროს ჩაუდეს ნარკოტიკი.

ანტონი ამბობს, რომ როცა ნარკოტესტირება შესთავაზეს, დათანხმდა, თუმცა ხელი მოაწერა დოკუმენტზე, რომელშიც ეწერა, რომ უარს ამბობდა. მან სასამართლოში თქვა, რომ ამის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც თარჯიმანს დოკუმენტის შინაარსის გადათარგმნა სთხოვა.

ანტონ ჩეჩინი ამბობს, რომ განყოფილებაში პირში ხელი გამოუსვეს. ის ეჭვობს, რომ ასე მოხვდა მისი ნერწყვის კვალი ნარკოტიკების შეკვრაზე.

ადვოკატმა ანტონ ჩეჩინის ცოლის დახმარებით მიაგნო მათი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ვიდეოკამერების ჩანაწერებს. კადრებში ჩანს, როგორ ელოდება უცნობი პირბადიანი კაცი ანტონს სადარბაზოში ლიფტთან და შემდეგ უკან მიჰყვება.

სასამართლომ ეს კადრები მნიშვნელოვნად არ მიიჩნია.

30 ივლისს ჩეჩინის ცოლმა, მანანა სამხარაძემ მას წერილი გაუგზავნა კონვერტში პოლიციელების ფოტოებით, რომელთაგან ერთი, მისი ვარაუდით, შესაძლოა ვიდეოში ასახული კაცი ყოფილიყო. მანანა სამხარაძის თქმით, ბრალდებულმა წერილი ციხეში დაგვიანებით მიიღო, კონვერტში კი ფოტოები არ დახვდა.

ნარკოტიკების შეძენის, შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეებს საერთო პრობლემა აქვს - ჩხრეკა მიუკერძოებელი მოწმის გარეშეა ჩატარებული ან ეს პროცესი არ არის გადაღებული.

ასევე ნახეთ „copy-paste ჩვენებები“ ანტონ ჩეჩინის საქმეში - ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული დემონსტრანტი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს ეწინააღმდეგება - საკონსტიტუციო სასამართლომ თავის დროზე დაადგინა, რომ როდესაც ადამიანს ჩხრეკენ, ამ პროცესს ან ნეიტრალური მოწმე უნდა ესწრებოდეს, ან პოლიციელები პროცესს ზედმიწევნით დეტალურად უნდა იღებდნენ.

ნარკოდანაშაულის იმ საქმეზე, რომელშიც ბრალდებული გიორგი ახობაძე იყო, მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მიზეზად „არასაკმარისი მტკიცებულებები“ დაასახელა. რამდენიმე დღეში, სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის მიერ არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა იმაზე მეტი, ვიდრე, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა:
„ვიდეო რომ არ იყო გადაღებული, ამიტომ გაათავისუფლეს ახობაძე, არაფერ შუაშია „ჩადება“ .

ახობაძის საქმეს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ნარკოდანაშაულის ის სხვა საქმეები, რომლებშიც დაკავებულები ან დემონსტრანტები არიან ან ისინი, ვინც მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების მხარდაჭერის გამო დაისაჯნენ.

ასევე ნახეთ რატომ ჰგავს ნარკოტიკების გამო დაკავებული დემონსტრანტების საქმეები ერთმანეთს? - ინტერვიუ პროკურორთან

უკრაინელები - რუსლან სივაკოვი და სერჰი კუხარჩუკი

დაკავებულ დემონსტრანტებს შორის ორი უკრაინის მოქალაქეა, რუსლან სივაკოვი და სერჰი კუხარჩუკი.

ორივე მათგანს პროკურატურა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათი საქმე გაერთიანებულია კიდევ 9 ბრალდებულის საქმესთან. დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან - რეზო კიკნაძე, ონისე ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, გიორგი ტერაშვილი, ირაკლი ქერაშვილი და ვალერი თეთრაშვილი.

სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა – საქალაქო სასამართლო ორ საქმეს იხილავს და ჯამში 19 ადამიანს ასამართლებს.

ერთ ჯგუფში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მასობრივი სახალხო გამოსვლების მონაწილე 8 დემონსტრანტია, მეორეში კი -11. პირველს - თამარ მჭედლიშვილი განიხილავს, მეორეს - ნინო გალუსტაშვილი.

რუსლან სივაკოვი და სერჰი კუხარჩუკი საქართველოში 2023 წელს ჩამოვიდნენ და ერთმანეთი აქ გაიცნეს - ერთად მუშაობდნენ შემდუღებლებად. ბინაც ერთად იქირავეს. რუსლან სივაკოვი ვოლჩანკიდანაა, ხარკოვის ოლქიდან, მისი ქალაქი რუსეთის არმიამ მიწასთან გაასწორა. სერჰი კუხარჩუკი კი ხერსონიდანაა.

სერჰი კუხარჩუკი

სერჰის უკრაინაში ჰყავს ცოლი და ორი შვილი, რუსლანს - დედა და ორი ძმა.. მამა ომში დაიღუპა. რუსლანი განქორწინებულია და ყოფილი მეუღლე, მათი სამი შვილით, ახლა გერმანიაში ცხოვრობს – იქ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ წავიდნენ.

„2024 წლის დეკემბერში უკრაინელები საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდნენ - „თავიდან აქციაზე საერთოდ ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა, შემდეგ გაიგეს, რომ ქართველებს რუსები ჩაგრავდნენ და სოლიდარობა გამოხატეს“, - ამბობს ადვოკატი ბექა ხოხობაშვილი.

სერჰი კუხარჩუკი საქმის მასალების პირველ, მეორე და მესამე ტომში საერთოდ არაა ნახსენები. ის მოგვიანებით ჩნდება. ჯგუფური ძალადობის ეს საქმე სულ 11 ტომია.

ადვოკატი ამას კუხარჩუკის დაკავების გარემოებებით ხსნის.

სერჰი 2024 წლის 5 დეკემბერს, იმ დროს დააკავეს, როდესაც სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა, სივაკოვის დაკავებას შეესწრო და გამოესარჩლა. პოლიციამ ის თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა სისხლის სამართლის მუხლით კი ბრალდება 48-საათის გასვლის შემდეგ წაუყენეს.

„კუხარჩუკს საქმე შეუკერეს, ესაა სინამდვილე, ამიტომ არ დაკითხეს ის პოლიციელები პროკურორებმა, რომლებსაც შესაძლოა მისი დაკავების გარემოებებისთვის ნათელი მოეფინათ.. კუხარჩუკის დაკავების ამბავი რუსლან სივაკოვის დაკავების შესახებ საქმის მასალებში არსებულ ცნობებსაც ამოაყირავებდა“, - ამბობს ადვოკატი.

სერჰის დაკავების დოკუმენტებში აღწერილია, რომ ის თითქოს ხელს უშლიდა პოლიციას რუსლან სივაკოვის დაკავებისას. თუმცა, ეს ოქმები სისხლის სამართლის საქმეში აღარ მოხვედრილა.

რატომ?

იმიტომ, რომ გამოკითხვის ოქმების თანახმად, რუსლანი სამმა პოლიციელმა სახლთან მშვიდად დააკავა. არავინ ჰყვება, რომ ამ დროს მათ ვინმე ხელს უშლიდა, თავად სერჰი კი ამბობს, რომ რუსლანს 5 პოლიციელი აკავებდა.

რუსლან სივაკოვი

რუსლანის დედასთან, ელენა სივაკოვასთან, 2025 წლის 4 ივნისს ინტერვიუ ჩაწერა გამოცემა ინდიგომ. ელენა ჟურნალისტს უყვება:

„მე ჩემს უფროს ვაჟთან ერთად ვარ ქალაქ იზიუმში [ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 80 კილომეტრში - რ.თ.], სადაც ყოველდღე ისვრიან, აქაც ქალაქს ანადგურებენ. ვიმალებით სარდაფში. ერთი იმედი, რაც გვაქვს, თქვენი ხალხის გულისხმიერებაა, თქვენი სახელმწიფოსი, ადვოკატის. რუსლანი დამნაშავე არ არის და უნდა გამართლდეს“.

კიდევ ერთი არგუმენტი ადვოკატებისთვის იმის დასადასტურებლად, რომ სივაკოვი და კუხარჩუკი უდანაშაულოები არიან, ენას ემყარება - მათ ქართული არ იციან, რა გზით უნდა დაემყარებინათ კავშირი ჯგუფთან, თანაც ორგანიზებულ ჯგუფთან?

საქმეში არც ჯგუფის სავარაუდო წევრებს შორის კომუნიკაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ან ამონაწერია, მაგალითად, ტელეფონებიდან.

სასამართლოში კამერების აკრძალვის შემდეგ რუსლანისა და სერჰის ახლობლები ინტერნეტში ვეღარ ადევნებენ თვალს სასამართლოს ჩანაწერებს - მათთვის ეს დაკავებულების ნახვის ერთადერთი საშუალება იყო.

„გთხოვთ, პატივცემულო მოსამართლე, დაუშვათ ტელევიზია, ვინაიდან მე მიზეზი მაქვს, დედაჩემი იქ არის, დანგრეულ ქალაქ ვოლჩანსკთან, იქ არ არის ტელევიზია, არ არის კავშირი, მხოლოდ 30 წუთით რთავენ ინტერნეტს და ამ თხოვნით მოგმართავთ, რომ მან შეძლოს ჩემი ნახვა“, - მიმართა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს რუსლან სივაკოვმა.

ადვოკატი ბექა ხოხობაშვილი ამბობს, რომ დაკავებულების საქმე ცნობილია უკრაინის საელჩოსთვის. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საელჩოს წარმომადგენელს იმის გასაგებად, რას აკეთებენ მათი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ქართულ ციხეში მყოფი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების განაჩენის გამოცხადებამდე თითზე ჩამოსათვლელი სხდომებია დარჩენილი. სავარაუდოდ, მათგან ყველაზე გვიან - თვის ბოლოს - სერჰი კუხარჩუკსა და რუსლან სივაკოვს ეცოდინებათ, მოიპოვებენ თავისუფლებას თუ წლობით დარჩებიან ციხის საკანში.