რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წლის თავზეც ომს კვლავ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და დანაკარგების შესახებაც მკაცრად მალავს ინფორმაციას, თუმცა ჟურნალისტების მიერ იდენტიფიცირებულ მოკლულ რუს მებრძოლებს შორის ქართული გვარის მქონე ასობით ადამიანი იძებნება.
რადიო თავისუფლება ომის დაწყებიდანვე წერს იმ ქართველებზე, ვინც უკრაინის მხარეს იბრძვის - მათგან ასამდე სამხედრო ომმა იმსხვერპლა. ამჯერად იმათ ამბავს ვყვებით, ვინც რუსეთის მხარეს იბრძვის. ამ ადამიანების შესახებ ცნობები ძირითადად მათი სიკვდილის ან ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ირკვევა, ძირითადად რუსულ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში. რუსეთის მხრიდან მსხვერპლს რამდენიმე მედიასაშუალება ითვლის დამოუკიდებლად:
- ბიბისის რუსული სამსახური სპეციალურ პროექტში „შეჭრის ფასი“ აგროვებს დადასტურებულ ცნობებს ომში რუსეთის მხარეს დაღუპულთა შესახებ.
- 101 000-ზე მეტი იდენტიფიცირებული ჰყავს მედიაზონას.
- ომის მსხვერპლებს რუსეთის მხარეს ითვლიან საინფორმაციო უსაფრთხოებისა და პროგრამისტების ჯგუფი [no:War]Team-იც, ამ დროისთვის მათ 108 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავთ იდენტიფიცირებული.
- რონდელის ფონდის ინტერაქტიული რუკაზე დატანილია ინფორმაცია ყველა იმ მებრძოლის შესახებ, ვინც უკრაინაში დაიღუპა და აფხაზეთთან ან ცხინვალის რეგიონთან არის დაკავშირებული. ეს რუკა ნაწილია პროექტისა „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“
“ჩემთვის ეგ ხალხი საინტერესო არ არის და არც ქართველებად აღვიქვამ მაგათ. მოღალატეები არიან ჩვეულებრივი. 200 წელია რუსეთის დამპალი იმპერია ჩვენ გვებრძვის და მაგათ მხარეს რომ დადგება ადამიანი, დამთავრებულია იქ ყველაფერი. 2008 წელშიც, როცა ჩვენ გვიჭირდა და აფხაზეთის ომშიც, უკრაინელები ჩვენ მხარეს იბრძოდნენ და როგორ შეიძლება ამის დავიწყება” - ეუბნება რადიო თავისუფლებას 2008 წლის ომის მონაწილე და უკრაინაში მებრძოლი ლაშა რუხაია და ამატებს, რომ პირადად მას ტყვედ ჩავარდნილი ქართველებიც შეხვედრია რუსეთის დროშის ქვეშ საომრად უკრაინაში წასულები და ქართული პასპორტის მქონე დაღუპულიც რუსეთის არმიის რიგებიდან.
უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ვეტერანი, ვაჟა ცეცაძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მას რუსეთის მხარეს მებრძოლმა ნაცნობმა ომის დაწყებიდან მალევე უთხრა, რომ არსებობდა ქართული დანაყოფი, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა და თავადაც ამ დანაყოფის წევრი იყო. ამ კომუნიკაციის დროს ის ხერსონის მახლობლად იბრძოდა და ამტკიცებდა, რომ ქართული დანაყოფის არსებობა გასაიდუმლოებულია და მასში ირიცხებოდნენ როგორც რუსეთის მოქალაქეები, ასევე საქართველოდან კონტრაქტით წასული მებრძოლები.
“თუ იქ [რუსეთის მხარეს - რ.თ.] მართლაც იბრძვიან თბილისიდან წასული ქართველები, მათი ვინაობა არც სიკვდილის შემდეგ გახდება ცნობილი, მათ ოჯახებს რომ პრობლემა არ შეექმნათ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ რუსეთის რიგებში უფრო მეტი ქართველი რუსეთიდან წავიდოდა და არა საქართველოდან. ჩვენ გვინდა თუ არა ამის აღიარება, ქართველებს შორის ჯერაც ბევრია ისეთი, ვინც რუსეთს გულშემატკივრობს, ვისაც მეორე მსოფლიო საკუთარი ომი ჰგონია და ვინც რუსეთის გამარჯვებას საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევს.
ზოგი ფულის გამო მიდის, ზოგი მაროდიორობაზე მიდის, ზოგი პროპაგანდით არის გაბრუებული და მართლა ჰგონია რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმიის რიგებში ეწერება და აუცილებლად გაიმარჯვებს, ისიც კი გამიგია, რომ ზოგ ქართველებს ყირიმში შესვლა უნდათ, ბაბუების საფლავების სანახავადო - ძალიან ჭრელია ეს ხალხი, ვინც იქ შეიძლება იბრძოდეს” - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვაჟა ცეცაძე. მას, როგორც უკრაინაში მებრძოლს, რუსეთმა დაუსწრებლად შეუფარდა 25-წლიანი პატიმრობა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
ღია წყაროების ანალიზის მიხედვით, რუსეთის მხარეს მებრძოლები ქართული გვარებით რამდენიმე კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ:
- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი, ვინც სავალდებულო გაწვევით წავიდა ომში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.
- რუსეთის მოქალაქეები, ვინც რუსეთში დაიბადა, გაიზარდა და საქართველოსთან მხოლოდ წარმოშობა აკავშირებს.
- რუსეთის მოქალაქეები კრიმინალური ისტორიით - მათი ნაწილი კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერში” ირიცხებოდა და ციხეებიდან მოხვდა ფრონტზე, ნაწილი მოხალისედ ჩაეწერა სავარაუდოდ ფინანსური სარგებლის იმედით.
- რუსეთში მცხოვრები ქართველები, რომლებიც ომში წასვლას რუსეთის მოქალაქეობის მიღების მოკლე გზად განიხილავენ.
- არიან ისეთებიც, ვინც რუსეთის მხარეს საბრძოლველად რუსეთის სიყვარულმა წაიყვანა - ეს კატეგორია რუსული პროპაგანდის მსუყე ლუკმაა.
პროფესიონალი სამხედროებისგან განსხვავებით, ამ ადამიანების უმეტესობა ფრონტის ხაზზე მოხვედრიდან მალევე იღუპება - ამოცანები, რომლებსაც ისინი საომარ ოპერაციებში ასრულებენ და სიკვდილის გარემოებები რთულად აღსადგენია.
რუსული პასპორტი, ქართული გვარები
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 15 დღეში, 11 მარტს, ომში დაიღუპა რუსეთის ეროვნული გვარდიის ეფრეიტორი, 22 წლის რობერტ ბერიკაშვილი - ის კრასნოდარის მხარეში, საკურორტო ქალაქ ანაპაში ცხოვრობდა, რუსეთის მოქალაქე იყო და ანაპის სასაფლაოზევე დამარხეს. მისი საფლავის ქვა გეორგიევსკის ლენტით არის გაფორმებული.
სამხედროფორმიანი ჯარისკაცის პორტრეტის გვერდით მისი სამხედრო მედლებია გამოსახული. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით სიკვდილის შემდეგ რობერტი ორი მედლით დააჯილდოვეს - მამაცობისა და ვალის ერთგულებისთვის.
ახალგაზრდა მებრძოლი რუსეთის პრეზიდენტმა სიკვდილის შემდეგ მედლით დააჯილდოვა ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის. 2023 წლის იანვარში კი ანაპის ინდუსტრიული ტექნიკუმის სიახლოვეს, ერთ-ერთ კედელზე, მისი ხსოვნის პატივსაცემად მურალი გაიხსნა - კედლის ნახატის იდეა ეკუთვნოდათ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს, სადაც სწავლობდა ბერიკაშვილი.
“კედლის საზეიმო გახსნის ცერემონიას რობერტის ახლობლები, ბიძა და უმცროსი ძმა ესწრებოდა” - წერდა ადგილობრივი მედია ამ ამბის გაშუქებისას.
რა იყო უკრაინის ომში რობერტ ბერიკაშვილის სამხედრო ამოცანა ან რა ვითარებაში დაიღუპა, უცნობია. მისი სიკვდილის ცნობის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელებში უკრაინის მხარდამჭერები აღნიშნავდნენ, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ანუ 2014 წლიდან ამ დრომდე, როცა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმები დაიწყო, ეს იყო პირველი ქართული გვარის მქონე ჯარისკაცი რუსეთის ჯარის რიგებიდან. ამ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლ ათეულობით ქართული გვარის მქონეებს შორის უმეტესობა სავარაუდოდ რობერტის მსგავსად ეთნიკურად ქართველი, მაგრამ რუსეთის მოქალაქეა. მათი ნაწილი შესაძლოა არც არასოდეს ყოფილა საქართველოში.
მაგალითად, 2025 წლის თებერვალში გავრცელდა ცნობა 28 წლის ნუგზარ აბესაძის გარდაცვალების შესახებ - ის ტიუმენის ოლქის სოფელ ლარიხაში დაიბადა. ამ სოფელში 800-მდე ადამიანი ცხოვრობს. აბესაძე რუსეთის არმიაში მოტომსროლელთა პოლკის რადიოტელეგრაფისტი იყო.
საქართველოსთან მხოლოდ გვარი აკავშირებს 32 წლის სერჟანტ რომან გონოშვილსაც, რომელიც ბურიატიაში დაიბადა, იქვე დაამთავრა სკოლაც და ლიცეუმიც. კრივით გატაცებული გონოშვილი ომის დაწყებიდან სამ თვეში დაიღუპა, 2022 წლის 17 მაისს.
რუსეთის შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთში, მაგადანის ოლქში იყო დაბადებული და გაზრდილი 25 წლის რამაზ გორგაძეც 155-ე საზღვაო ბრიგადიდან. ის 2022 წლის 2 ნოემბერს დაიღუპა პავლოვკასთან - გორგაძე ომში 2022 წლის 21 სექტემბერს გამოცხადებული მობილიზაციისას გაიწვიეს.
“მან მთელი თავისი ხანმოკლე, მაგრამ ნათელი ცხოვრება სოფელ იაგოდნოეში გაატარა, უყვარდა მუსიკა, წერდა სიმღერებს, ჰყავდა თავისი მუსიკალური ჯგუფი, რომელიც უკრავდა სოფლის კულტურის სახლში. ამ კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელის თხოვნით ნაციონალისტებთან საბრძოლველად წასვლამდე დაწერა სიმღერა “დონბასისთვის”. მუსიკის გარდა, სპორტიც მისი ცხოვრების ნაწილი იყო, 5 წლიდან ბერძნულ-რომაული ჭიდაობით იყო გატაცებული. ერთ დროს რეგიონის ერთ-ერთ უძლიერეს მოჭიდავედ ითვლებოდა.
როცა მობილიზაცია გამოცხადდა, სრულიად გააზრებული ჰქონდა, სად და რატომ მიდიოდა. დედამისი, სვეტლანა ვიქტოროვნა, იხსენებს, სპეცოპერაცია რომ დაიწყო, მაშინვე მითხრა, თუ დამიძახებენ, წავალო. ძალიან ჯიუტი იყო, ზოდიაქოს ნიშნით თხის რქა, რკინის ხასიათით, ქართული ფესვებით, აზრი არ ჰქონდა მასთან კამათს” - წერდა მისი სიკვდილის შემდეგ ადგილობრივი მედია.
რამაზ გორგაძის ცხედრის ძებნის ისტორია მოხვდა ბიბისის ფილმშიც, რომელიც უგლედართან რუსული საზღვაო ძალების ბრძოლის ამბებს აღადგენს. ამ ქალაქის აღების მცდელობისას რუსეთმა პირველ რამდენიმე დღეში სამასზე მეტი ჯარისკაცი და მძიმე ტექნიკის ნახევარზე მეტი დაკარგა. კომენტატორები რუსეთის სარდლობას მოუმზადებელი შეტევის, ელექტრონული ჩახშობის სისტემების არარსებობის და სამხედრო დანაკარგების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო აკრიტიკებენ. სარდლობა ქვეითებს გზავნიდა ვიწრო გზების გასწვრივ, რომლებსაც უკრაინული პოზიციებიდან ადვილად იღებდნენ მიზანში. “ხორცს გვეძახდნენ” - ასეც ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, სადაც რამაზის დედა ჰყვება, რომ ბოლო შეტყობინება მისგან 2022 წლის 28 ოქტომბერს მიიღო.
“წუხელ სამი საათისთვის კინაღამ ფრონტის ხაზზე აღმოვჩნდით, ახლა გავდივართ ბლოკპოსტებზე. მიყვარხარ. "ნიჩურტი" გააკეთე, სრული საბრძოლო მზადყოფნა გვაქვს. ძალიან არ იღელვო, ფრთხილად ვიქნები”- წერდა ბიჭი დედას.
ამ მესიჯის შემდეგ რამაზის ოჯახი მედიიდან იგებდა, რომ უგლედარზე თავდასხმები გრძელდებოდა, შვილის კვალი კი დაიკარგა. 2022 წლის დეკემბერში მან ინტერნეტით ითხოვა დახმარება შვილის მოძებნაში და როცა ასეც ვერაფერი გაიგო, თავად წავიდა უგლედარისკენ. შვილის კვალდაკვალ 7 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ მან ვოლნოვახში იპოვა პასუხი, რომელსაც ეძებდა. რამაზი ბრძოლაში ჩართვის პირველ დღესვე დაღუპულა - თავდასხმის დღეს ის რაზმთან ერთად ერთ-ერთ სახლს აფარებდა თავს. რამაზს პანიკა დაეწყო, ვერანდაზე გავიდა და იქ უპილოტო საფრენი აპარატის სამიზნე გახდა - ფეხებში დაჭრილი რუსეთის მებრძოლი მალევე გარდაიცვალა.
სიკვდილის შემდეგ ის მამაცობისთვის მედლით დააჯილდოვეს, იაგოდნოეში, იმ ხუთსართულიანი კორპუსის ფასადზე, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს, ბანერი ჩამოკიდეს.
იაგოდნოიე პატარა დასახლებაა, 3 ათასამდე მცხოვრებლით. ესაა ადგილი, რომელსაც ადრე იაკუტელი მომთაბარეები იყენებდნენ დასაბანაკებლად, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში კი პატიმრების გაგზავნა დაიწყეს - სწორედ მათ ააშენეს აქ პირველი სახლები და გაჭრეს გზები.
“დედა, იცი რა არის ჩემთვის ყველაზე საშინელი? სიკვდილი კი არა, ჩემნაირებისთვის სროლა რომ მომიწევს” - რამაზის დედა შვილის ამ ფრაზას იხსენებდა მისი სიკვდილის შემდეგ იმის ასახსნელად, რომ მისი ვაჟისთვის ომში წასვლა მარტივი არ იყო, რადგან უკრაინაში მას მეგობრები ჰყავდა.
უკრაინელები ქალაქ უგლედარს ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდნენ - ქალაქის დატოვების შესახებ ბრძანება უკრაინის უმაღლესმა სარდლობამ 2024 წლის 2 ოქტომბერს გასცეს.
დონეცკიდან 90 კილომეტრის დაშორებით მდებარე მაღაროელთა ქალაქ უგლედარში მოსკოვის სამხედრო აგრესიამდე 14 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქის საბჭოთა სტილის რუხი ფერის მრავალსართულიანი კორპუსები, რომლებშიც ბოლოს ასამდე ადამიანი იყო დარჩენილი, საბრძოლო მოქმედებების გამო სრულიად დაინგრა.
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლებს შორის არიან ეთნიკურად ქართველები სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც. მაგალითად 2024 წლის ნოემბერს დაიღუპა გიორგი სარიშვილი, მისი ნაცნობების აღწერით “რუსი ბიჭი ქართული გვარით, მიგრანტი ტაჯიკეთიდან, მოხალისე, რომელმაც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს, რუსეთს.” სარიშვილი მოტოციკლეტებით ყოფილა გატაცებული და სახლში ეგზოტიკურ ცხოველებს აშენებდა. ის ომში მოხალისეობრივად წავიდა. სიკვდილის შემდეგ ცხედარი გადაასვენეს ტულაში, სადაც ის ოჯახთან - ცოლთან და ორ არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა.
სარიშვილი სავარაუდოდ უცხოელი მოხალისეების ქვედანაყოფში მსახურობდა - თავის მეგობარს, ოლგა ფადეევას ეს ფოტო სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, 2024 წლის მარტში გაუგზავნა.
სიკვდილი რუსეთისთვის, საფლავი საქართველოში
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლ ეთნიკურ ქართველთა შორის იშვიათი გამონაკლისია ზურაბ ხოზრევანიძე - ის როგორც რუსეთის, ისევე საქართველოს მოქალაქე იყო. ხოზრევანიძის შემთხვევა განსხვავებულია იმის გამოც, რომ მისი ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.
32 წლის ხოზრევანიძეს სკოლა სავარაუდოდ საქართველოში ჰქონდა დამთავრებული - ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხანჯურში მისი საფლავის ქვა კლასელებისგანაა მიძღვნილი. ამ ქვაზე ის რუსეთის არმიის საჰაერო-სადესანტო ძალების ფორმითაა გამოსახული.
ხოზრევანიძე დონბასში იბრძოდა, ის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამ თვეში, 2022 წლის 17 ივნისს მოკლეს. სიკვდილის ადგილის და გარემოებების შესახებ ცნობები არ იძებნება.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უკრაინიდან საქართველოში ჩამოასვენეს უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი მინიმუმ კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი - ისიც დასავლეთ საქართველოში დაასაფლავეს, დაკრძალვას მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებდოდნენ.
მოხალისეები და დაქირავებულები
რუსეთის მხარეს მებრძოლ ეთნიკურ ქართველებს შორის არიან ისეთებიც, ვინც ფრონტის ხაზზე მოხალისედ წავიდა. ასეთია 63 წლის ამირან ვაშაკიძე, რომელიც მოტომსროლელთა ბატალიონის მსროლელი იყო, ის 2024 წლის 6 აგვისტოს დაიღუპა. ამირან ვაშაკიძე სამხედრო პატივით დაკრძალეს სოროჩინსკის სასაფლაოზე. რუსეთის მედია, რომელიც მის სიკვდილზე წერს, იწონებს მის მოხალისეობრივ მონაწილეობას “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” და აღნიშნავს, რომ ვაშაკიძის სრულწლოვანი ქალიშვილები საქართველოში ცხოვრობენ.
რუსულ წყაროებში იძებნება სოროჩინსკის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 2020 წლით არის დათარიღებული და რომლითაც ამირან ვაშაკიძეს ეკისრება ვალდებულება, დააბრუნოს 400 000 რუბლი, რომელიც მას ვალად აქვს აღებული ჯამალ გულიევისგან.
დაქირავებულ მებრძოლებად ფინანსური დაინტერესების გამოც მიდიან. 2025 წლის 12 თებერვალს კურსკის ოლქში მოკლეს 36 წლის კოტე გელაშვილი ლუგანსკის ოლქიდან. ის წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა კერძო სამხედრო გაერთიანების წევრი, იყო “ბერკუტის”, მაიდანზე დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული სპეცრაზმის, წევრი. უკრაინამდე ის იბრძოდა აფრიკაში, სირიაში, ჯერ კიდევ მაიდანის დროს იყო “ბერკუტის” წევრი. 2015 წელს ის პირველად ჩნდება რუსი “მშვიდობისმყოფელების” ბაზაზე, იყო “ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლი.
გელაშვილი დონეცკის სიახლოვეს, სოფელ კოსიორში დაკრძალეს - რუსული წყაროების მიხედვით, ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებისთანავე იბრძოდა.
კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია 2024 წლის 8 აგვისტოს დაიწყო. უკრაინის ჯარმა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა, რამდენიმე დღეში დაახლოებით ათასი კვადრატული კილომეტრი დაიკავა. ამა წლის მარტში რუსეთის არმიის კონტრშეტევის შემდეგ ამ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, მათ შორის რაიონული ცენტრი სუჯა, უკრაინელებმა დათმეს. 2025 წლის 4 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკში ჩატარებულ ოპერაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა უწოდა.
უკრაინის არმიის სატანკო ეკიპაჟი პოკროვსკის მახლობლად. 8 თებერვალი, 2025 წელი
კრიმინალური ისტორიით, "ვაგნერის" რიგებში
ეთნიკური ქართველებისთვის ფინანსური დაინტერესება ერთადერთი გზა არ არის, რის გამოც ისინი განსაკუთრებული სისასტიკით და ომის წესების მასობრივი უგულებელყოფით ცნობილ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერში" ხვდებოდნენ. "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ ცოცხალ ძალას საპატიმროებსა და მკაცრი რეჟიმის კოლონიებში აახლებდა - მძიმე დანაშაულებში ბრალდებულებისთვის მრავალწლიანი პატიმრობის ალტერნატივად ომში წასვლა საინტერესო შეთავაზებად გამოიყურებოდა.
ასე მოხვდა უკრაინაში გიორგი აბულაშვილი - ფრონტზე წასვლამდე ორჯერ იყო ნასამართლევი, 2013 და 2020 წლებში - პირველად ის ნარკოტიკების შენახვისა და ქურდობისთვის დააკავეს, მეორედ ისევ ნარკოტიკების შენახვისა და არაფხიზელ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომისთვის. იმ წელს, როცა ის ბრძოლაში მოკვდა, ციხიდან გათავისუფლებაც უწევდა. ჟურნალისტებმა იგი 2023 წლის ივნისში კრასნოდარის მხარეში მასიურ სასაფლაოზე გაკეთებული წარწერით ამოიცნეს - აქ ერთდროულად გათხარეს აბულაშვილის გარდა სხვა ორმოცამდე ვაგნერელის საფლავი.
2022 წლის დეკემბერში ბახმუტის მახლობლად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე ვასილ საკანელაშვილი, რომელიც "ვაგნერის" რიგებში გაწევრიანებამდე რუსეთის ერთ-ერთ ციხეში იხდიდა სასჯელს. სარატოვის ოლქის სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, ის ჯერ კიდევ 2016 წელს იმყოფებოდა არალეგალურად, საბუთების გარეშე, რუსეთის ფედერაციაში. რა სასჯელისთვის მოხვდა ციხეში, ეს ცნობები ღია წყაროებში არ იძებნება.
საკანელაშვილი "ვაგნერელი მუსიკოსების" წევრი იყო. ეს განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილ ბოროტმოქმედთა გაერთიანება იყო. რუსული პროპაგანდისტული გამოცემების ცნობით, საკანელაშვილმა ერთ-ერთი ჩასაფრებისას უკრაინელი მეომრები იმ შენობაში შეიტყუა, სადაც თანამებრძოლებთან ერთად იყვნენ გამაგრებული, ამ ოპერაციისას ის დაიჭრა და ამ ჭრილობებით გარდაიცვალა, მაგრამ ტყვედ აყვანილმა უკრაინელებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისცეს თავიანთ თანამებრძოლებს.
სავარაუდოდ "ვაგნერის" წევრი იყო 50 წლის ნოდარ ბახტურიძეც, რომელიც უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს 2023 წლის მაისის ბოლოს ან ივნისის პირველ რიცხვებში.
საქართველოში, სოფელ ნუკრიანში დაბადებული 90-იანი წლებში რუსეთში გადასახლდა. ოთხი წლის წინ კი რუსეთის სასამართლომ მკვლელობისთვის გაასამართლა და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში ნოდარ ბახტურიძე პირდაპირ ამურის ოლქის ბლაგოვეშჩენსკის კოლონიიდან აღმოჩნდა.
ნოდარ ბახტურიძისა და მისი ოჯახის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ სამხედრო ძალების შევსება პატიმრების ხარჯზეც გადაწყვიტა, ბახტურიძემ ომში წასვლის კონტრაქტს ერთადერთი მიზეზითა და გეგმით მოაწერა ხელი - პირველივე შესაძლებლობისას ტყვედ ჩაჰბარებოდა უკრაინელ სამხედროებს.
მიუხედავად იმისა, რომ მისი მტკიცებით, უკრაინელ სამხედროებს ტყვედ რამდენიმე თანამოსაკნესთან ერთად, ბახმუტის სიახლოვეს, ფრონტის წინა ხაზზე გასვლიდან მეორე დღესვე ჩაჰბარდა და მას „არცერთი ტყვია არ უსვრია უკრაინელების მისამართით“, უკრაინული მხარისთვის მისი მონათხრობი არადამაჯერებელი აღმოჩნდა და ის სავარაუდოდ ამ დრომდე ტყვეობაში რჩება. მისი ახლობლები შიშობდნენ, რომ თუკი მას არ გაათავისუფლებენ, შესაძლოა ტყვეთა გაცვლისას კვლავ რუსების ხელში აღმოჩნდეს.
კრიმინალური ისტორიის მქონე ეთნიკური ქართველები რუსეთის მხარეს "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის და ამ ქვედანაყოფის დაშლის შემდეგაც იბრძვიან.
2025 წლის 7 აპრილს გავრცელდა ცნობა უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველი "ბოევიკის", ილია ბუჩუკურის ლიკვიდაციის შესახებ - ის კურსკის ოლქში იბრძოდა.
ილია ბუჩუკურის სახელი ჩანს კურსკის ოლქში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კრიმინალურ საქმეში, სადად მასთან ერთად შედიოდნენ ძმები ვლადიმირ და სტანისლავ კლიჩევები და ასევე ალექსანდრ კელცაევი. ამ ორგანიზებული დანაშაულის საქმეს კურსკის სასამართლო 2005 წელს განიხილავდა - მათ ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობის იარაღის - კალაშნიკოვის ტიპის ავტომატების, ტყვიების, ტყვიამფრქვევებისა და ყუმბარების, ასევე 2160 გრამი ვერცხლისწყლის შეძენა, შენახვა და გაყიდვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიიდან გაწვეულები
უკრაინაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან წასულ მებრძოლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, გვაქვს მხოლოდ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები:
- 2023 წლის 15 ოქტომბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიაში ცხინვალის რეგიონიდან 1 100 მოხალისეზე მეტი მონაწილეობდა.
- 2024 წლის 21 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ТАСС“-თან ინტერვიუში თქვა, რომ იმ დროის მონაცემებით უკრაინაში 70-80 ეთნიკური აფხაზი მებრძოლი იბრძოდა, მსხვერპლის რიცხვი კი 20 იყო.
როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში სამხედრო მობილიზაციას მღელვარება და უკმაყოფილება მოჰყვა. გამომძიებელ ჟურნალისტთა ბაზებში, სადაც ღია წყაროებზე დაყრდნობით ითვლიან უკრაინაში რუსეთის მხარის დანაკარგებს, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან გაწვეული ათობით ჯარისკაცის მონაცემია თავმოყრილი - ჯამში დაღუპულთა რაოდენობა 100-ს მაინც აღწევს. მათი ნაწილი რუსეთის არმიაში ომამდეც მსახურობდა და სამხედრო წოდებებიც აქვთ მიღებული.
მაგალითად, 2025 წლის 28 მარტს მოკლული 36 წლის მარატ თიბილოვი “ნაცგვარდიის” მაიორი იყო. რუსეთის ოფიციალური ვერსიით ის კურსკის ოლქში დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულებისას, მისი ცხედარი ვლადიკავკაზში გადაასვენეს. თიბილოვი, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდანვე იბრძოდა უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა გმირობისთვის დააჯილდოვა.
მოსკოვის უმაღლეს საერთო-საჯარისო სამეთაურო სასწავლებელში სწავლობდა და შემდეგ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-3 საერთო საჯარისო არმიაში მსახურობდა ენვერ დრაიევი - ის 1992 წელს დაიბადა სოფელ ორჭოსანში და 30 წლის ასაკში გარდაიცვალა დონეცკის ოლქში მიღებული ჭრილობებით. დრაიევი იბრძოდა სირიაშიც, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში კი რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების პირველივე დღეებში ჩაერთო.
2022 წლის 7 აპრილს ქვეითთა საბრძოლო მანქანას ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც დრიაევი დაიჭრა და კონტუზია განუვითარდა. ის რამდენიმე თვე ებრძოდა სიკვდილს, გარდაიცვალა 2022 წლის 28 ოქტომბერს. უფროსი ლეიტენანტი დრიაევი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა „სამშობლოს მცველის“ ორდენით. 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს კი ორჭოსანის სკოლას მისი სახელი მიანიჭეს. ენვერი აღნიშნულ სკოლაში სწავლობდა. დრიაევი დაკრძალულია ვლადიკავკაზში, „გმირთა ხეივანში“.
ცხინვალის რეგიონიდან პირველი დაღუპული მებრძოლი ანდრეი ბაკაევი იყო. სერჟანტი ბაკაევი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო-საჯარისო არმიაში მსახურობდა და დაიღუპა 2022 წლის 5 მარტს ქ. გულიაიპოლეში, ზაპოროჟიეს ოლქში.
აფხაზეთიდან პირველი დაღუპული მებრძოლი კი ახრა კირკინაძეა, რომელიც „პიატნაშკაში“ იბრძოდა. სხვადახვა ცნობის თანახმად, იგი დონბასში 2022 წლის 31 მარტს ნაღმზე აფეთქდა.
2024 წლის 7 იანვარს ხერსონის ოლქში საბრძოლო დავალების შესრულებას ემსხვერპლა 26 წლის უმცროსი სერჟანტი აფხაზეთიდან დავით სებეკია. ის 2016 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიის სადაზვერვო ნაწილებში, 2018 წლიდან გახდა რუსეთის კონტრაქტორი სამხედრო მოსამსახურე. უკრაინაში საბრძოლველად ის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე წავიდა, თუმცა მძიმედ დაიჭრა და ბრძოლის ვალდებულებისგან გათავისუფლდა, თუმცა მკურნალობის შემდეგ კვლავ დაბრუნდა ფრონტზე.
გარდაცვალებიდან ორ თვეში აგუძერაში მისი მემორიალური დაფა გაიხსნა. დავით საბეკია აფხაზეთის ომის ვეტერანის, ზაურ საბეკიას შვილია.
2024 წლის 27 ნოემბერს უკრაინაში დაიღუპა რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე გოგი აჟიბა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა გადაასვენეს აფხაზეთში, თავის მშობლიურ სოფელ ჯირხვაში. ის ჯერ ინტერნაციონალური ბრიგადა "პიატნაშკის" წევრი იყო, მოგვიანებით კი რუსეთის შეიარაღებული ძალების 87-ე პოლკში მსახურობდა. ოფიციალური ცნობებით, აჟირბა დონბასში “განმათავისუფლებელი” ბრძოლებისას დაიღუპა, პოკროვსკის მიმართულებაზე.
2023 წლის 7 დეკემბერს კრასნოდარიდან ჯერ სოხუმში, შემდეგ კი გალში გადმოასვენეს 24 წლის სერჟანტის, ბესლან ტაბაღუას ცხედარი. ადგილობრივი ტელევიზიის, “გალ ტვ-ის” თანახმად, მან 2015 წელს დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი და სწავლა სოჭში განაგრძო. 2022 წლის აგვისტოში ის მოხალისეობრივად შეუერთდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და მსახურობდა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელიც დაკრძალვას ესწრებოდა, ტაბაღუას ოჯახს “სიმამაცის ორდენი” გადასცა.
2023 წლის თებერვალში უკრაინაში მაკეევკაზე საჰაერო თავდასხმისას დაიღუპა გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან რუსეთის მხარეს მოხალისედ მებრძოლი 49 წლის რამინ ბახტაძე, რომელიც ბოლო წლებში რუსეთის ქალაქ ვლადიმირში ცხოვრობდა. მამამისის, არნოლდ ბახტაძის მონათხრობით, რამინი მეგობრებთან ერთად 2022 წლის 15 დეკემბერს ჯერ ჩეჩნეთში წავიდა, შემდეგ კი - უკრაინაში.
რამინ ბახტაძის ცხედარი თუთიის კუბოთი ჩამოასვენეს. შვილის ამოცნობა მამამ სვირინგის მეშვეობით შეძლო. ბახტაძე ვლადიმირში დედის გვერდით დაკრძალეს. მას ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი დარჩა.
2020 წლის აღწერის თანახმად, რუსეთში თითქმის 113 ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. მათგან 66 ათასზე ოდნავ მეტი კაცია. აქედან თითქმის 58 ათასი 20-დან 60 წლისაა. საქართველოს მოქალაქე, ოფიციალური აღწერით, 3 045-ია. ამას ემატება დაახლოებით 1 000 ადამიანი საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, რომელთაც რუსეთი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს.
რუსულ ჯარში იწვევენ 21-დან 30 წლამდე მამაკაცებს. რაც შეეხება მობილიზაციას, ანუ უკრაინაში საომრად წაყვანას, ის, სხვადასხვა კრიტერიუმით, 18-დან 60 წლამდე კაცებს ეხებათ.