წაუყენებენ ბრალს მანდატურებს? - პროკურატურამ სასამართლოდან, სავარაუდოდ, კამერების ჩანაწერები გამოითხოვა

ილუსტრირებული ფოტო. თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში მანდატურების ძალადობის გამოკვლევის მოთხოვნით, გაზაფხულიდან მოყოლებული, საგამოძიებო უწყებაში 20-ზე მეტი საჩივარია შესული.

მოკლედ

  • პროკურატურა იძიებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების მიერ მოქალაქეებზე ძალადობის შემთხვევებს, რომელთა შესახებ 20-ზე მეტი საჩივარია შეტანილი.
  • სასამართლოს მანდატურების უფროსი, დავით მატიაშვილი, ძალადობის ფაქტებში ფიგურირებს, მათ შორის - 1 და 10 ოქტომბრის ინციდენტებში.
  • იურისტები დაზარალებულთა სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ, რომ მოიპოვონ წვდომა გამოძიების მასალებზე.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, გასული კვირის ჩათვლით, თბილისის პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა საგამოძიებო სამსახურში გამოჰკითხეს ისინი, ვინც საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსსა და მის თანამშრომლებს ძალადობის გამო უჩივიან.

პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას იძიებს. ეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლია და ამ დანაშაულისთვის 3 და რიგ შემთხვევაში, 8 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

გამოჰკითხა თუ არა გამოძიებამ მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი და მისი თანამშრომლები, ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თბილისის პროკურატურაში არ უპასუხეს.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ გამოძიების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება და გადამოწმება ვერ შეძლო. პროკურატურის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ჩვენი კითხვები „შესაბამის პირებს მიაწოდეს“ და „ელოდებიან პასუხს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსისა და ამ სამსახურის სხვა თანამშრომლების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრებისა და გამოძიების შესახებ შეკითხვა რადიო თავისუფლებამ თბილისის პროკურატურას ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს დაუსვა. პროკურატურასთან კომუნიკაცია ბოლო ორი დღის განმავლობაში კვლავ განვაახლეთ, თუმცა ამ ეტაპზეც - უშედეგოდ.

20-ზე მეტი საჩივარი

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, უმეტესად პირველი სართულის დერეფნებში, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სხდომების მიმდინარეობისას თუ სხდომების დასრულების შემდეგ, ხალხზე მანდატურების ძალადობის გამოძიების მოთხოვნით, გაზაფხულიდან მოყოლებული, საგამოძიებო უწყებაში 20-ზე მეტი საჩივარია შესული.

მათგან 8 საჩივარი ოქტომბერში - ჯერ დასაწყისში, შემდეგ კი შუა რიცხვებში შევიდა.

საქმე ეხება 1 და 10 ოქტომბერს მომხდარ ძალადობას, რომლებშიც, გავრცელებული კადრებისა და თვითმხილველთა მტკიცებით, უშუალოდ მონაწილეობდა მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილიც.

1 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში მომხდარი ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში მყისიერად გავრცელდა.

იმ დღეს, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასაიას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სხდომის დამსწრეები მანდატურებმა სასამართლოს დარბაზიდან, შენობიდან და შემდეგ ეზოდან გაყარეს. კადრებში ჩანს, რომ სხდომის დამსწრეებზე, მათ შორის, ქალებზე, ძალადობს (სახეში ხელს ურტყამს) მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილიც.

მანდატურის სამსახურის უფროსისა და სხვა თანამშრომლების წინააღმდეგ, 3 ოქტომბერს თბილისის პროკურატურაში საჩივრები შეიტანეს ანი ქავთარაძემ, ნიკა კვიტატიანმა, ნინო კვიტაიშვილმა, მარიამ შუშანიამ და გიორგი პატარაიამ.

რაც შეეხება 10 ოქტომბრის შემთხვევას, პარტია „დროას“ წევრმა მარიამ სიჭინავამ თქვა, რომ 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეთა აღკვეთის ღონისძიების სხდომის დასრულების შემდეგ, დარბაზიდან „სრულიად მშვიდად გამოსული ხალხი“ დავით მატიაშვილმა ხელისკვრით გამოყარა. ის ასე აღწერს მომხდარს:

„ვცდილობდი დამემშვიდებინა [დავით მატიაშვილი], ვიღაც მეცა უკნიდან, ხელი წამიჭირა კისერში და ამის შემდეგ, ფაქტობრივად, არაფერი მახსოვს, იმიტომ რომ გავეშებული მანდატურების ფეხებქვეშ აღმოვჩნდი. მირტყეს სახეში და გვერდებში, ყვიროდნენ, რომ დასაჭერი ვარ. როგორ გამომიყვანეს ამ სიგიჟიდან, არ ვიცი“.

„ცუდად გავხდი, ფეხსაცმელი გამძვრა, მაგრამ ერთადერთი ფიქრი მიტრიალებდა“

უკვე 4 თვეა, საგამოძიებო უწყებაში დევს აქტივისტ ნათია ჩიქოვანის საჩივარი და ჯანმრთელობის ცნობა. ეს დოკუმენტები 12 ივნისს სასამართლოს დერეფანსა და შენობის გარეთ მომხდარის ამსახველ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს.

ნათია ჩიქოვანის დაზიანებული ფეხი

ნათია ჩიქოვანი უკვე ორჯერ გამოიკითხა საგამოძიებო უწყებაში.

ნათია ჩიქოვანის დაზიანებული ხელი

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ერთადერთი, რაზეც მანდატურის სამსახურის უფროსისა და მისი თანამშრომლების ძალადობისას ფიქრობდა, იყო ის, რომ „ხელი არ უნდა გაენძრია“, „მათ აგრესიაზე რეაქცია არ უნდა ჰქონოდა“, რადგან შესაძლოა, რომ თავდაცვის გამო ბრალი მისთვის წაეყენებინათ:

დავით მატიაშვილი და მისი თანამშრომლები ნათია ჩიქოვანისა და სხვა ქალების ძალის გამოყენებით გაყრას ცდილობენ. 12 ივნისი, 2025 წელი

„გვაწვებოდნენ, გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, ათრიეს 50 წლის ქალები ყველანაირი მიზეზი გარეშე, იმასაც კი არ ამბობდნენ, რატომ აკეთებდნენ ამას...ძალიან უხეშად, ძალით მიგვათრევდნენ კარისკენ, იყო ჭყლეტა, კივილი წივილი.

თავი შეუძლოდ ვიგრძენი და იქვე, შემოსასვლელში, კუთხეში ჩამოვჯექი, რომ მოვსულიერებულიყავი, მოვიდა ერთ-ერთი მანდატური და მითხრა, გავსულიყავი გარეთ. ვერბალურ გაწევ-გამოწევაში, მომვარდა დავით მატიაშვილი, ცალ მკლავში ჩამჭიდა ხელი, გამომათრია. გადამიბრუნდა ფეხი, გამძვრა ფეხსაცმელი, დავეცი... კარგად მახსოვს კადრი - წრეზე მადგანან თავზე მანდატურები, მე ძირს ვაგდივარ, ცალი ფეხსაცმელი მაქვს გამძვრალი, ვეხვეწები, რომ ფეხზე მაინც ჩავიცვა, მომცენ სუნთქვის საშუალება, ძალით მიმათრევს კარისკენ და მაგდებენ", - გვიყვება ნათია ჩიქოვანი და განაგრძობს:

"დავინახე, რომ იქვე იდგა პოლიცია. პირველივე პოლიციელს შევუბრუნდი, ხელში მიჭირავს ფეხსაცმელი და ვეუბნები: შეხედეთ, როგორ გვექცევიან-მეთქი. ეს წინადადება დავასრულე თუ არა, ჩემდა სამწუხაროდ, არ ვიცი ვინ, ვიღაცამ ხელი მკრა მთელი ძალით, დავეცი, სასწაულით გადავრჩი, რომ თავი არ დავარტყი... სხეულზე მქონდა არაერთი დაზიანება, სისხლჩაქცევები, მეორე დღესვე ავიღე ცნობა კლინიკაში“...

ნათია ჩიქოვანი სასამართლოს შენობის კიბეებთან. 12 ივნისი, 2025 წელი

რას იღებენ სასამართლოს დერეფანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერები?

17 ოქტომბერს გამოიკითხა თბილისის პროკურატურაში ანი ქავთარაძე, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი. ის ერთ-ერთია, ვინც ცდილობს, რომ გამოიძიონ, როგორ დაარტყა მას სახეში 1 ოქტომბერს მანდატურის სამსახურის უფროსმა დავით მატიაშვილმა.

ანი ქავთარაძე ვარაუდობს, რომ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა იციან, დერეფნის რომელ კუთხეში უნდა მოიქციონ სხდომაზე მისული გულშემატკივრები, რომ ძალადობის ფაქტები სამეთვალყურეო კამერებმა არ დააფიქსირონ:

ანი ქავთარაძე

„მე საგანგებოდ დავაკვირდი დერეფნებში განთავსებულ კამერებს, ისინი ძირითადად ფანჯრების თავზეა დამონტაჟებული და მიმართულია სხდომათა დარბაზებისკენ. მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობენ ხოლმე, რომ მოქალაქეები სწორედ ფანჯრებისკენ, კედლისკენ შეავიწროვონ, რომ კამერებმა ძალადობის ფაქტები ვერ გადაიღოს. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც, 1 ოქტომბერს მიგვყარეს ფანჯრების მხარეს, მეც სწორედ იქ აღმოვჩნდი, მეეჭვება, რომ სასამართლოს კამერას დაეფიქსირებინა, როგორ მირტყამს სახელში ხელს დავით მატიაშვილი. იმ კამერის ტრაექტორიაც, სადაც ფიზიკურად გამისწორდა დავით მატიაშვილი, დარბაზისკენაა მიმართული“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველ სართულზე, სადაც პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სხდომები იმართება, სულ 20 სამეთვალყურეო კამერაა დამონტაჟებული. მათგან 5 - მარჯვენა დერეფანში, 5 - მარცხნივ, 10 კამერა კი - შესასვლელში, ცენტრალურ ფოიეში.

მარჯვენა და მარცხენა დერეფნებში კამერები მხოლოდ ფანჯრების თავზე, ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის დაშორებითაა დამონტაჟებული და მათი "თვალი" ძირითადად სხდომათა დარბაზების მხარეს იყურება.

მთავარ შესასვლელში დამონტაჟებული ათივე კამერა სხვადასხვა ტერიტორიას, ფაქტობრივად, მთელ სივრცეს უნდა აკონტროლებდეს და დერეფნებში მომხდარი ძალადობა ზედმიწევნით უნდა ჰქონდეს აღბეჭდილი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებიც, რომლებშიც, დიდი ალბათობით, უნდა ჩანდეს, სხვადასხვა დროს შენობაში მყოფ მოქალაქეებზე ძალადობა, თუმცა, ასევე რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებას სასამართლოსგან ეს ჩანაწერები ჯერჯერობით არ მიუღია. სიმართლეა თუ არა ეს, პროკურატურაში არ გვეუბნებიან.

ასევე ნახეთ რეპრესიების ლაბორატორიები - რით ჰგავს „ქართული ოცნების“ კანონები რუსეთისა და ბელარუსის კანონმდებლობას?

სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე დაწერილი და დაკარგული წერილის ძიებაში

საქართველოს კანონმდებლობით, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

მანდატურის სამსახური საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ექვემდებარება. მანდატურის სამსახურის თანამშრომლების უფლებამოსილებებს კი “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონი განსაზღვრავს.

სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს ამოცანის შესრულებაზე, მანდატურებს აძლევს მითითებებს.

რადიო თავისუფლება 3 ოქტომბრიდან ცდილობს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან, ვასილ მშვენიერაძესთან გასაუბრებას, ბოლო თვეებში თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასა და მის ეზოში მომხდარის, მანდატურის სამსახურის უფროსის, ამ სამსახურის თანამშრომლების ქცევის შესახებ. თუმცა მასთან გასაუბრების შესაძლებლობის შანსი პირველივე დღეს გადაგვიწურა საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, რომელმაც შეხვედრის მოთხოვნაზე ასე გვიპასუხა: „ბლანკიან ფურცელზე მოგვწერეთ კითხვები და ამ კითხვებზე გიპასუხებთ“.

რადიო თავისუფლებამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე კითხვები 3 ოქტომბერსვე გაგზავნა (ეს კითხვები არ მოიცავს, მაგალითად, საჯარო ინფორმაციის წესით გამოსათხოვ მონაცემებს, რომელთა შეგროვებასაც, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს და ამ ინფორმაციის მისაღებად, კანონით განსაზღვრული 10 სამუშაო დღეა საჭირო).

წერილი სასამართლოში 6 ოქტომბერს დარეგისტრირდა, მიენიჭა რეგისტრაციის რვანიშნა ნომერი და 7 ოქტომბერს უკვე თავმჯდომარის ბიუროს „დაეწერა“. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სასამართლოს "ცხელ ხაზზე" პირველად 15 ოქტომბერს დაუდასტურეს.

15 ოქტომბრიდან მოყოლებული, რადიო თავისუფლება უშედეგოდ ცდილობდა დისტანციურად, როგორც სასამართლოს შიდა ტელეფონით, ისე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, თავმჯდომარის ბიუროსთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.

ამიტომ, იმის გასარკვევად, რა ბედი ეწია სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროსთვის „დაწერილ“ ჩვენს წერილს, სასამართლოს კანცელარიას მივაკითხე.

კანცელარიაში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის თანამშრომელმა, ახალგაზრდა ქალმა, რადიო თავისუფლების წერილი მისთვის მინიჭებული რვანიშნა კოდით სისტემაში გადაამოწმა, იპოვა და რამდენიმე წამში მითხრა:

„დიახ, თქვენი წერილი სასამართლოს თავმჯდომარის, მშვენიერაძის ბიუროს აქვს დაწერილი 7 ოქტომბრიდან“.

დიახ, ეს ვიცი, უბრალოდ, ვერც ელექტრონული ფოსტით, ვერც შიდა ტელეფონით (83 00 და 77 44), ორ კვირაზე მეტია ვერ ვუკავშირდები თავმჯდომარის ბიუროს, იქნებ თქვენ დამეხმაროთ მათთან დაკავშირებაში“, - ვთხოვ მომსახურების ცენტრის თანამშრომელს.

კანცელარიის თანამშრომელი შიდა საკომუნიკაციო ქსელის საშუალებით, შეტყობინებას უგზავნის თავმჯდომარის ბიუროს.

„ცოტა ხანი დამელოდეთ, როგორც კი პასუხს მომწერენ, დაგიძახებთ“, - მეუბნება ქალი და რიგში მდგომი სხვა მოქალაქის კითხვას პასუხობს.

რამდენიმე წუთში მეძახის:

„აი, მომწერეს, დარეკოს 83 00-ზე და ვუპასუხებთო“.

იქვე, კანცელარიის შენობიდანვე, შიდა ტელეფონის დახმარებით ვკრეფ ნომერს, რომელზეც აგერ უკვე ორ კვირაზე მეტია ვცდილობ დაკავშირებას. გადის ზარი, მაგრამ კვლავ არავინ მპასუხობს. ტელეფონის ეკრანზე ფიქსირდება იმ თანამშრომლის სახელი და გვარი, ვისთანაც ვრეკავ - Salome Zaqashvili.

რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ისევ კანცელარიის თანამშრომელ ქალთან მივდივარ და ვეუბნები, რომ არავინ მპასუხობს:

„როგორ, ახლა არ მომწერეს, დარეკოს და ვუპასუხებთო? - უკვირს, - განაგრძეთ რეკვა, მანამდე სხვა მოქალაქეებს მივიღებ და თუ არ გიპასუხათ, ისევ მივწერ“.

განვაგრძობ რეკვას. გადის რამდენიმე წუთი, ისევ მივდივარ კანცელარიის თანამშრომელთან:

„ბოდიში, იქნებ კიდევ მისწეროთ, არ მპასუხობენ“.

ის ისევ აგზავნის შეტყობინებას სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში: „მივწერე, თქვენ ისევ რეკეთ და თუკი მოიწერებიან რამეს, დაგიძახებთ“.

შიდა ტელეფონზე რეკვასა და მორიგი შეტყობინების ლოდინში გადის დაახლოებით 40 წუთი.

სასამართლოს კანცელარიიდან სასამართლოს შენობაში ვინაცვლებ, რომელიც იქვე, რამდენიმე მეტრში დგას - რაკი ტელეფონზე არ მპასუხობენ, იქნებ თავად ავიდე სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში, მეხუთე სართულზე.

„ბიუროში ვერ ახვალთ, უნდა დაუკავშირდეთ“, - მეუბნება მანდატური, რომელიც პირველ სართულზე, ლიფტებთან ზის.

„რომ ვერ ვუკავშირდები, იმიტომ მოვედი აქ. ბიუროს თანამშრომელი, სავარაუდოდ, სალომე ზაქაშვილი, საქმის კურსშია, რომ უნდა დამერეკა, მაგრამ არ მპასუხობს. იქნებ დაუკავშირდეთ მეხუთე სართულზე მყოფ მანდატურს, შეატყობინოთ, რომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტია მოსული და გადასცეს ბიუროს თანამშრომელს, რომ მიპასუხოს შიდა ტელეფონზე“.

მანდატური ურეკავს კოლეგას, პაატას, რომელიც ორ წუთში მობილურზე უბრუნებს ზარს და ეუბნება: „ადგილზე არ არის“.

„დაახლოებით 40 წუთის წინ მისწერა კანცელარიის თანამშრომელს, რომ დამერეკა შიდა ნომერზე. თუ ადგილზე არ იყო, მაშ საიდან მისწერა?“ - ვეკითხები მანდატურს.

„აბა, მე რა გითხრა, არ არის, მე არ მინახავს, დარეკე კიდე, მე რა შემიძლია“, - ამ დიალოგიდან ორ წუთში მანდატური სხვა, ორ კოლეგას უხმობს, რომ ჩაანაცვლონ, თავად კი ლიფტით ადის მეხუთე სართულზე, სადაც სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროა განთავსებული.

თითქმის ნახევარ საათს ველოდე მის დაბრუნებას, თუმცა იქიდან ჩამოსული მანდატური აღარ მინახავს.

პარალელურად, განვაგრძობ რეკვას. ისევ არავინ მპასუხობს.

დაახლოებით ერთ საათში კვლავ სასამართლოს კანცელარიაში ვბრუნდები:

„თქვენ ისევ აქ ხართ, ვერაფერი გაარკვიეთ? რა გიყოთ?“ - გულწრფელად წუხს კანცელარიის თანამშრომელი.

„აღარავის მოუწერია ბიუროდან?“ - ვეკითხები. ქალი ამოწმებს მიმოწერის ფანჯარას:

„არა, აღარავის. ან სალომე უნდა იყოს იქ, ან ხათუნა, ფაქტია, რომ სალომესგან [მისი საკომუნიკაციო ფანჯრიდან] მოვიდა შეტყობინება, დარეკოსო. ან ის მომწერდა, ან ხათუნა“...

რადიო თავისუფლებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაუგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება და კითხვა წერილთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ისევ არ არის.

ასევე ნახეთ “სადაც ძალადობაა, ყველგან ის არის”, - მანდატურების ხელშეუხებელი უფროსი

„მხოლოდ გამოძიების დაწყება რეაგირება არ არის“

იურისტები, რომლებიც ბოლო თვეებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურების მხრიდან დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე მუშაობენ, რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მხოლოდ გამოძიების დაწყება არ არის საკმარისი. მათი თქმით, გამოძიებას დიდი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, ძალადობის მსხვერპლებისთვის მიენიჭებინა დაზარალებულის სტატუსი, მეორე მხრივ კი, ძალადობის ჩამდენთა წინააღმდეგ დაეწყოთ სისხლისსამართლებრივი დევნა, ანუ გამოძიებას გამოეკვეთა კონკრეტული ბრალდებულები.

იურისტებს ჯერჯერობით არ აქვთ წვდომა თბილისის პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა საგამოძიებო სამსახურის მასალებზე, რადგან მათი დაცვის ქვეშ მყოფები ამ ეტაპზე ოფიციალურად არ ატარებენ დაზარალებულის სტატუსს. შესაბამისად, არც ის არ იციან, გარდა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა გამოკითხვის ოქმებისა, კიდევ რა კეთდება გამოძიებისთვის და რა მტკიცებულებები დევს საქმეში. მათ შორის, არიან თუ არა გამოკითხული მანდატურის სამსახურის უფროსი და მისი თანამშრომლები.

უფლებადამცველები ახლა ელიან, რომ გამოძიებამ დროულად მიანიჭოს ძალადობის მსხვერპლებს დაზარალებულის სტატუსი, რათა მოიპოვონ წვდომა საქმის მასალებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი, სასამართლო სხდომების დამსწრეებთან ყოველი მორიგი დაპირისპირებისას, მათ შორის, ფიზიკური ძალადობისას, ამბობს: „ვმოქმედებ კანონის ფარგლებში, ვიცავ წესრიგს, წაიკითხეთ კანონი“. ასე უთხრა მან ამ ზაფხულს რადიო თავისუფლების ჟურნალისტსაც. ამავეს იმეორებენ მის დაქვემდებარებაში მყოფი სხვა მანდატურებიც.

კანონში წერია, რომ მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, აუცილებლობის შემთხვევაში კი დააკავოს სამართალდამრღვევი, პოლიციისათვის გადაცემის მიზნით.

იურისტები, რომლებიც სასამართლოში განვითარებულ მოვლენებსა და მანდატურების ქცევას სწავლობენ, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, რომ მანდატურების საქციელი არ ჯდება კანონის ფარგლებში, ეს არ არის „ძალის გამოყენება“, არამედ ეს არის ძალადობა.

მათივე თქმით, სასამართლოს შენობაში მომხდარი ძალადობის ანალიზისას, ჩანს, რომ არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებულიყო არათუ ფიზიკური ძალა, არამედ გაფრთხილებაც კი.

იურისტების თქმით, კანონში მითითებული „ფიზიკური ძალის გამოყენება“, არ ნიშნავს მოქალაქის ცემას, მასზე ძალადობას, არამედ ეს არის კანონით მინიჭებული უფლება - მაგალითად, კანონდამრღვევის შებოჭვა, რომელიც არ აზიანებს, ფიზიკურ ტკივილს არ აყენებს ადამიანს.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ მანდატურის სამსახური კანონს „საკუთარი ინტერპრეტაციით“ კითხულობს.