„არის ასეთი გამოთქმა, რომ მარტო იდიოტები არ იცვლიან აზრს... ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ანდაზაა. მე მგონია, რომ ახლა, როცა ის [ხაზარაძე] არის დაბარებული, უკვე მისჯილი აქვს და არის საპატიმროში, არაფერი ხელს არ უშლის, რომ გადაიფიქროს და ჩაერთოს კომისიას“, - განაცხადა წულუკიანმა 23 ივნისს „რუსთავი 2-ის“ ეთერში საუბრისას.
მისი თქმით, ხაზარაძე ხელმეორედ 30 ივნისს - მომავალ ორშაბათს - არის დაბარებული.
„მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ. მოსვლას არ ვაპირებ“, - დაწერა ხაზარაძემ დაპატიმრებამდე, 17 ივნისს.
„იმიტომ, რომ პირველად ასე მოიქცა [არ გამოცხადდა], ეს არ ნიშნავს, რომ მეორედაც ადამიანი ისევე მოიქცევა... მათთვის ნათელი იყო, რაც მოხდებოდა, ანუ ჩვენი მხრიდან გადაგზავნა [პროკურატურაში]“, - განაცხადა წულუკიანმა და დასძინა:
„საკნიდან თუ საპატიმროდან [ნიკა] გვარამია ან ხაზარაძე ორშაბათს არ ჩაერთვებიან, რა თქმა უნდა, არავისთვის სიურპრიზი არ იქნება, ალბათ, რომ ჩვენ ჩაგვერთვება ვალდებულება, რომ კვლავ გადავაგზავნოთ ეს მეორე არგამოცხადების საქმე პროკურატურაში“.
„ახლა რატომ მეორედ დაბარება: მეორედ იმიტომ, რომ პირველად ისინი არ მოვიდნენ. მარტივია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
წერილში, რომელიც პარტია „ახალმა“ 17 ივნისს გაავრცელა, თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას სწერს, რომ კომისია ითხოვს მისგან „ახსნა-განმარტების მიცემას 2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ“ და 30 ივნისს, დილის ცხრა საათზე იწვევს კომისიის სხდომაზე „ჩართვის მეშვეობით“.
„ჩვენი პოზიცია უცვლელია - არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ მივიღოთ რეჟიმის თამაშის წესები, მივანიჭოთ მცირედი ლეგიტიმაცია მაინც და ვითანამშრომლოთ ე.წ. კომისიასთან, რომელიც რეალურად ემსახურება ეროვნული ინტერესების ღალატსა და ისტორიის გადაწერას“, - წერდა პარტია „ახალი“ ფეისბუკზე.
გვარამია 13 ივნისს დააკავეს - კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის საფუძვლით.
ასევე ნახეთ პატიმრობაში მყოფი გვარამია მეორედ დაიბარეს „ოცნების“ შექმნილ კომისიაზე - ის არც ამჯერად მიდისმამუკა ხაზარაძე დააკავეს დღეს, 23 ივნისს, თანაპარტიელთან, მეგობარსა და ოჯახის წევრთან, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად.
მათ რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე - ორი წლით სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლების შეზღუდვა.
პოლიტიკოსების დაკავების საფუძველია გამოუცხადებლობა სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ 2025 წლის 5 თებერვალს შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში.
მსგავს საქმეზე 7-თვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ზურა ჯაფარიძეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც უკვე დაპატიმრებული იყო, რადგან გირაო არ გადაიხადა.
ამავე ბრალდებით დაკავებული არიან ირაკლი ოქრუაშვილი და ნიკა მელია. სასამართლოს მათ საქმეებზე ჯერ განაჩენი არ გამოუცხადებია. ისინი პატიმრობაში არიან და განაჩენს ელოდებიან.
გარდა უკვე დაკავებული პოლიტიკოსებისა, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც: გიორგი ვაშაძე და გივი თარგამაძე.
გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ. თუმცა 16 ივნისს ის კიდევ ერთხელ დაიბარეს კომისიაზე.
კომისიაზე გამოუცხადებლობა ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით, - თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.
ასევე ნახეთ გაგრძელდება დისკუსია, რათა სანქციები დავუწესოთ მოსამართლეებს - კაია კალასი