მოკლედ
- მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანი ბულგარეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა მიმდინარეობს
- 15 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებულს მოსამართლემ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა
- დაზარალებული ბიჭის ოჯახი გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს და პროკურატურას შეზღუდვების დაწესების დავიწყებისთვის აკრიტიკებს
„დიახ აქ არის“ - სასამართლოდან ჩემპიონატზე
ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა მისმა ადვოკატმა, არჩილ დვალიშვილმა. 31 წლის მკლავჭიდელი ბულგარეთში სასამართლო სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათში გაემგზავრა: „როგორც ვიცი, ასპარეზობაში 19 სექტემბრიდან ჩაერთვება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სპორტსმენის ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა.
ხატია ვიბლიანი რომ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, ამას რადიო თავისუფლებას უდასტურებს საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა ჯაჭვლიანიც:
„დიახ, აქ არის. ორივე მკლავშია დარეგისტრირებული, მარცხენაშიც და მარჯვენაშიც. მას, სავარაუდოდ, ხვალ მოუწევს ასპარეზობა. ვიცით, რომ გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი საქართველოში, სამართლებრივ დეტალებზე არაფრის თქმა არ შემიძლია, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, არის ის, რომ აქ არის და ასპარეზობაში ჩაერთვება“.
რას ამბობს დაზარალებული ბიჭის ოჯახი?
დაზარალებული ბიჭის ოჯახი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია, ერთი მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება გირაოზე და მეორე მხრივ, ის, რომ ხატია ვიბლიანს საქართველოს დატოვებისა და საერთაშორისო სპორტულ ტურნირში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მისცეს:
„გადაწყვეტილება 3000 ლარიანი გირაოს შესახებ არის არასამართლიანი. და საზღვრის კვეთის უფლება ხომ საერთოდ აღმაშფოთებელია. ფაქტობრივად ის არაფრით დასჯილა, ჩვეულებრივად განაგრძობს ცხოვრებას“, - მისწერა რადიო თავისუფლებას 15 წლის მოზარდის ოჯახმა.
მოზარდზე ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში 14 სექტემბერს გავრცელდა. თავად ძალადობა 11 სექტემბერს მოხდა.
რამდენიმეწამიან ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი მოზარდს სახეში ურტყამს ხელებს. ბავშვი თავის დაცვას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან ქალს ის კედელთან ჰყავს მიმწყვდეული და გაქცევის საშუალებას არ აძლევს.
ამ სცენას უყურებს ბრალდებული ქალის 4 წლის შვილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს და ჯარიმას ან 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
17 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, სადაც მოსამართლე მკლავჭიდელის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობდა, ხატია ვიბლიანმა თქვა, რომ დანაშაულს ინანიებს. სხდომის დაწყებამდე კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არ იცოდა, რომ ბიჭი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა, არასრულწლოვანი იყო, თქვა, რომ ზოგადად, არ ემხრობა ძალადობას და დაამატა: „თუმცა, ჩემს ადგილას მგონი, თავმოყვარე მშობელი რაღაცას გააკეთებდა, როცა თავს ესხმიან“. რადიო თავისუფლების კითხვას, დაესხა თუ არა თავს მოზარდი, მან აღარ უპასუხა.
ხატია ვიბლიანი ადვოკატთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელი, 17 სექტემბერი, 2025 წელი
პროკურატურას ხატია ვიბლიანის დაკავება გამოძიების არცერთ ეტაპზე არ მოუთხოვია. გირაოს შუამდგომლობაც სასამართლო სხდომაზე თავად ბრალდების მხარემ დააყენა და მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა კიდეც.
გირაოს გამოყენების შუამდგომლობის მთავარ მიზეზად კი პროკურორმა ნათია ნოზაძემ ხატია ვიბლიანის „მარტოხელა დედობა“ დაასახელა.
„მართალია, ეს მუხლი ითვალისწინებს პატიმრობას, მაგრამ ჩვენ მხედველობაში ვიღებთ იმას, რომ ქალი არის მარტოხელა დედა. ასევე იმას, რომ არ არის წარსულში ნასამართლევი. ასევე აღიარებს, ბოდიშს იხდის, მზად არის აანაზღაუროს მორალური თუ მატერიალური ზიანი, რომელიც მან მოზარდს მიაყენა“.
რაც შეეხება 11 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს, პროკურორი მხარეების გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით, მას ასე აღწერს:
„გაურკვევლობა დაიწყო მაღაზიის რიგში. ბრალდებულის წინ იდგა ერთი პირი და რაკი ბრალდებულს თან ახლდა მცირეწლოვანი შვილი, ითხოვა, ურიგოდ გამატარეთო. მოლარემ უარი უთხრა და მოუწოდა რიგი დაეცვა. დაზარალებული 15 წლის მოზარდი იდგა უკან და მან დაუძახა ბრალდებულს, რაღას ელოდებით, ჩვენც ვდგავართ რიგში, ან იყიდეთ, რაც გსურთ, ან რიგი დაიკავეთო. მოლარეს გამოექომაგა.
ბრალდებული ამბობს, რომ დაზარალებულმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა, ბავშვი ამას უარყოფს. დაზარალებულის თქმით, ქალი მას მაღაზიის გარეთ დაელოდა და იძალადა. მათ შორის, ხელებისა და ფეხების გამოყენებით. სრულიად მცირედი მოტივის გამო“, - თქვა პროკურორმა 17 სექტემბერს.
ასევე ნახეთ 15 წლის ბიჭის ცემაში ბრალდებულ მკლავჭიდელ ქალს 3000 ლარიანი გირაო შეეფარდარა უნდა მოეთხოვა პროკურატურას?
ანა თავხელიძე, სისხლის სამართლის იურისტი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ისეთი ტიპის დანაშაულზე, რომელსაც გამოძიება მკლავჭიდელ ქალს ედავება, როგორც წესი, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობას ითხოვს ხოლმე.
თუმცა, მისი თქმით, თუკი პროკურატურა გირაოს გამოყენების შუამდგომლობას აყენებს, მაშინ ის უმეტეს შემთხვევაში, დამატებით ითხოვს, მაგალითად, ქვეყნის დატოვების უფლების შეზღუდვასაც: „იმისათვის, რომ შემცირდეს მიმალვის საფრთხე“, - ამბობს ანა თავხელიძე.
მისივე თქმით, გამოძიების პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ბრალდებამ ძალადობის ამ საქმეში დაზარალებულად არ სცნო კიდევ ერთი არასრულწლოვანი, ხატია ვიბლიანის 4 წლის შვილი, რომელიც შეესწრო უყურებდა როგორ სცემდა მისი დედა მოზარდს.
პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოძიებამ მიმართა სოციალურ სამსახურს შეისწავლონ, რა გარემოში იზრდება ხატია ვიბლიანის შვილი, ხომ არ არის ის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.
თუმცა, ანა თავხელიძის თქმით, ერთია ამ პროცესში სოციალური სამსახურის ჩართვა და მეორეა ბავშვისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.
იურისტის თქმით, თუკი პროკურატურა არ ითხოვდა ბრალდებულისთვის წინასწარ პატიმრობას, მაშინ გამოძიებას ხატია ვიბლიანისთვის კიდევ ერთი შეზღუდვა უნდა დაეწესებინა რადგან დაზარალებული და ბრალდებული ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ:
„იქვე მდებარეობს ის მაღაზიაც, სადაც დაპირისპირება დაიწყო და იქვე მუშაობენ საქმის მთავარი მოწმეები. ნებისმიერ დროს შეუძლია ბრალდებული შევიდეს იქ და მოახდინოს მათზე ზეწოლა. ამიტომ თუ პატიმრობის შუამდგომლობას არ იყენებდა პროკურატურა, მინიმუმ ეს შეზღუდვა მაინც უნდა დაეწესებინა მისთვის“.
15 წლის ბიჭის ოჯახი ამბობს, რომ პროკურატურისა და მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, ისინი თავს დაცულად ვერ გრძნობენ: „ნებისმიერ დროს შეიძლება გადაეყაროს ბავშვს“, - თქვეს მათ მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ მკლავჭიდელი ქალისთვის გირაოთი სარგებლობის უფლება მიეცა.
ასევე ნახეთ „ჰქონდა ნაკაწრები, სისხლჩაქცევები, დაბეჟილობა“ – 14 წლის მოზარდის ოჯახი მკლავჭიდელ ქალს ადანაშაულებს