Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 3 თებერვალი. See content from before

შაბათი, 1 თებერვალი 2025

ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

ცოტა ხნის წინ დემნა გვასალია ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი გახდა. საქართველოში ბევრმა ნახა ის მოკლე ვიდეო, იზაბელ იუპერის გვერდით მდგარ დიზაინერს მკერდზე მედალი რომ შეაბეს. ეგაა, ცოტამ შეიმჩნია ჩვენთან ეს ამბავი. არ მოჰყოლია მას ის აჟიოტაჟი, რაც, ალბათ, ადრე მოჰყვებოდა.

საქართველო პატარა ქვეყანაა, ყოველი ქართველის ერთი ბეწო წარმატებაც კი დიდი ამბავია ხოლმე ჩვენთან. მით უფრო, როცა ეს წარმატება საზღვარგარეთ მიიღწევა. მაგრამ დემნას ორდენს, შეიძლება ითქვას, მოჰყვა დუმილი. მაშინ როცა ხალხი, რომელიც ვერასდროს შეიძენს მისი დიზაინით შექმნილ ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელს, ცოტა ხნის წინ უდიდესი მონდომებით აფრიალებდა ფოტოებსა და ვიდეოებს მისი ჩვენებებიდან.

უფრო სასოწარკვეთილნი ამ პროდუქციის ფეიქითაც იმოსებოდნენ. ეს იყო ნამდვილი ბრმა სიყვარული. სიყვარული არც არის სხვაგვარი.

პატარა ამბავია? ქართველი კაცი უმაღლესი მოდის ქიმზე მოექცა. მეათე წელია, დემნა გვასალია მოდის სახლ „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორია. მისი სტილი, რასაც თვითონ „რეტინალურ დიზაინს“ უწოდებს, ჩემი გასარჩევი არაა. მე მხოლოდ მაინტერესებს, ასე რამ დაადუმა ეს კაცი.

კომპრომატების ან გაკოტრების შიშმა ალბათ არა. აბა, რა არის ის, რაც თევზივით გამუნჯებს, როცა ასე სჭირდები „სადღაც“ ხალხს. შენს ეროვნებას აქ მნიშვნელობა არა აქვს. ეს ხალხი სულ რომ რომელიღაც აფრიკული ან რამე კიდევ უფრო შორეული (თუმცა ამ დედამიწაზე აღარაფერია შორეული) ტომიდან იყოს, როგორ უნდა მოგითმინოს გულმა, როცა იცი, რომ შენი პირიდან ამოსულ თუნდაც შორისდებულს ახლა ოქროს კი არა, პირდაპირ წამლის ფასი აქვს. როგორ უნდა დაგენანოს წამალი მომაკვდავისთვის, რომელიც თვალებში შემოგყურებს?

ბოლოს და ბოლოს, შენ არ დაუდექი უკრაინას გვერდში, როცა რუსეთი მას თავს დაესხა? სწორედ უკრაინამ არ მოგანიჭა ორდენი „მნიშვნელოვანი პირადი დამსახურებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილისათვის“? ანუ, კარგად იცი, რა მნიშვნელოვანიცაა საჭირო დროს მხარდაჭერა, სიმართლის მხარეს დადგომა.

ჩემდა თავად უკრაინისთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა, მე მხოლოდ მაინტერესებს, ნუთუ საქართველო არ იმსახურებს ახლა შენს თანადგომას? არ სჭირდება მას „საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება და სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“?

იგივე რუსეთი ახლა შემოჭრილია საქართველოში, რომლის ღირსების მედალიც შენ ასევე გაქვს. ასევე ხარ იმ თბილისის საპატიო მოქალაქე, რომლის ცენტრშიც უკვე მესამე თვეა, ხალხი ქუჩებში გამოდის ახალი არჩევნების მოთხოვნით, რის გამოც ე.წ. ხელისუფლება მას სასტიკად აწამებს, აპატიმრებს, აჯარიმებს, პირში აფურთხებს, და ა.შ., და ა.შ. მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ ხმა ამოიღო? ბოლოს და ბოლოს, კავალერი ხარ თუ კოპროლიტი?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.​

​​სწორია, რომ ახალ არჩევნებს ვითხოვთ, მაგრამ, დავუშვათ, ხვალვე დაინიშნა ეს ყბადაღებული არჩევნები, ვის ვირჩევთ?​ 

რა ხანია, ვერცერთმა პარტიამ ერთი იდეაც კი ვერ შობა ისეთი, ხალხს რომ აიყოლიებდა, აანთებდა, დარაზმავდა.​

ბევრი უკვე აკვნესდა, რატომ ხელი არ გამიხმა, მავანს რომ მივეცი ხმაო. დიდი ალბათობით, ეს ხალხი აღარ შემოხაზავს მათ, ვინც ოქტომბერში შემოხაზა. ჰოდა, სწორედ ამიტომაც, უცებ თავზე რომ დაგვეცეს ახალი არჩევნები, რას ვაკეთებთ?​

პროტესტმა მკაფიოდ კი გამოაჩინა ოპოზიციის უმწეობა (უარეს ეპითეტებს რომ შევეშვათ), თუმცა ასევე გამოაჩინა ხალხი, ვინც ნებისმიერ პოლიტიკოსს ჯიბეში ჩაისვამს თავისი პატიოსნებით, გონიერებით, ცოდნით, სამშობლოს სიყვარულით. ჰოდა, ეგებ გვეთხოვა ამ ხალხისთვის, რომ ეყარა კენჭი მომავალ არჩევნებში? ​

ცხადია, საამაყოა, რომ მესამე თვეა, ქუჩაში ვდგავართ, რომ ჩვენი პროტესტი მშვიდობიანია, რომ რუსთაველზე ხორუმი გვიცეკვია, რომ უგრძესი საახალწლო სუფრა დაგვიდგამს, რომ ავტობუსებში საგადასახადო აპარატები აგვიმეტყველებია, რომ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს მხარეს ბესიკ ხარანაულია, მაგრამ, ისიც სიმართლეა, რომ ქუჩაში პროტესტი უკვე გადავიდა ან ეს-ესაა გადადის რუტინაში.​

უკრაინელებს რუტინად ჯოჯოხეთი ექცათ - იქ ყოველდღე კვდებიან სამშობლოს დასაცავად. ჩვენ კი შებინდებულზე რუსთაველზე გასვლაც დიდ ამბად გვეჩვენება უკვე. კაცი ყველაფერს ეგუება. და ამ შეგუების მეშინია ყველაზე მეტად.​

იქნება თუ არ იქნება ახალი არჩევნები, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ჰოდა, ვიცით, ვის ვირჩევთ?​

ამ პროტესტებმა არა მარტო მკაფიოდ გამოაჩინა შავი და თეთრი, არამედ გამოაჩინა დიდებული ხალხი. როგორც აღმოჩნდა, ეს ხალხია ჩვენი მთავარი საგანძური და ოქროს ფონდი.​

ცოტანი ვართ, ამ ადამიანებს პირადად თუ არ ვიცნობთ, სახეზე მაინც ვცნობთ. მე რომ აქ მათი ჩამოთვლა დავიწყო, ეგებ მთელი მარაგიც ამოვწურო. ამიტომ, უპრიანია, ჩვენ-ჩვენი ფავორიტები დავასახელოთ. სხვა თუ არაფერი, საინტერესოა, როგორ გამოიყურება ჩვენი იდეალური საკანონმდებლო ორგანო. მოდი, შევკრიბოთ ჩვენი ოქროს პარლამენტი.​

ბოლო დროს ბევრმა გაიხსენა მაჰათმა განდი. მართლაც, თუ მოინდომებ, შეიძლება დაინახო კიდეც დიდი განდის აჩრდილი ამ მშვიდობიანი პროტესტების მიღმა. სამაგიეროდ, არანაირი მონდომება არ გჭირდება იმის დასანახად, რომ ქართული ოცნების უკან დიდი განდილას აჩრდილი დგას.​

ეს განდილა შანგრი​-​ლა არ გეგონოს. შანგრი-ლა გამოგონილი სახელმწიფოა, მითიურ შამბალას ლიტერატურული ალეგორია. განდილას კი სავსებით რეალურ ვინმეზე იტყვიან ხოლმე. ძირითადად თაღლით, თვალთმაქც, გაქნილ ტიპზე, რომელსაც მავნებლობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს.​

ერთი განდილას უსაფრთხოების გამო დღეს მთელი ქვეყანა საფრთხეშია. საფრთხეშია მზია ამაღლობელის სიცოცხლეც, რომელიც ამ გმირმა ქალმა ჩვენთვის სასწორზე შეაგდო. სიკვდილის წამზომი ჩართულია. დრო უკუღმა აღარ დატრიალდება.​

თუნდაც ჩვენ უკან განდია, მათ უკან კი - განდილა, საქმეს ეს არ შველის. აქედანვეა საჭირო მზადება, თორემ ხვალ გვიან იქნება.​

აქედანვე ხომ არ გვეთხოვა, ვისაც ვენდობით, რომ ეყარათ კენჭი მომავალ არჩევნებში, რომ თავიანთ შვილებს, მშობლებს, სამშობლოს მოემსახურონ? ​

ის კი არ ვიცი, როგორ მოგვარდება ეს ამბავი ტექნიკურად, რა იურიდიული პროცედურებია საამისოდ გასავლელი, მაგრამ, თუ აქედანვე მივხედავთ საქმეს, ეგებ მოესწროს კიდეც. ​

პირადად მე ეჭვი არ მეპარება ბევრი ადამიანის პატიოსნებაში, ვინც ახლა ციხეში ზის თუ ქუჩაში დგას. მათ შორის ბევრია ისეთი, ვისაც ვისურვებდი პარლამენტში, ვისაც ვანდობდი ქვეყნის ბედს. მე, ერთი რიგითი ამომრჩეველი, სიამოვნებით შემოვხაზავდი, ვთქვათ, ლევან ღამბაშიძეს, კენჭი რომ ეყარა. ეგებ იმიტომ მიადვილდება ამ კაცის დასახელება, რომ პირადად არ ვიცნობ.​

არ ვიცნობ, მაგრამ როგორღაც ვენდობი. მგონია, რომ იგი ღირსებით, პატიოსნად და გონიერად მოემსახურებოდა თავის ქვეყანას. ცხადია, იგი არაა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ამ საპროტესტო ტალღამ გამოკვეთა და ვინც ახლა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.​

არა მარტო ახალი არჩევნების მოთხოვნაა საჭირო, არამედ საჭიროა, დავინახოთ ჩვენი მომავალი საკანონმდებლო ორგანოს კონტურები.​

შენ ვის მისცემდი ხმას?​

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.​

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG