Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ორშაბათი, 21 აპრილი 2025

ლაშა ოთხმეზური
ლაშა ოთხმეზური

ფრანცისკე გარდაიცვალა. ვატიკანი შევიდა Sede vacante-ს (ადგილი ვაკანტურია) გარდამავალ პერიოდში.

რომის პაპი ერთადერთი რელიგიური ლიდერია ჭეშმარიტად გლობალური აუდიტორიით: პლანეტის არცერთი სხვა სასულიერო წინამძღოლი არ სარგებლობს ასეთი მორალური ავტორიტეტით; არცერთი სხვა რელიგიური ლიდერის სიტყვას არ ეკიდება მსოფლიო ასეთი რუდუნებით.

უდივიზიო ჯუჯა სახელმწიფო ვატიკანი 180-ზე მეტი დიპლომატიური მისიის, ადგილობრივი ეკლესიების ეპარქიებისა და კათოლიკური საქველმოქმედო ასოციაციების საშუალებით ახორციელებს რეალურ პოლიტიკას. ეს სულიერი და ფიზიკური პოტენციალი რომის პაპს საშუალებას აძლევს, განასახიეროს ალტერნატიული, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა.

ამიტომაც მსოფლიოს დიდი ნაწილი - არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ადამიანი ქრისტიანი თუ არა - დიდი ინტერესით დაელოდება პეტრეს ბაზილიკიდან თეთრი კვამლის ამოსვლას, სამრეკლოს ზარების რეკვას და სიტყვებს Habemus Papam.

საუკუნეების მანძილზე გაქვავებული, ტრადიციებით და რიტუალებით დამძიმებული და წარსულში ჩარჩენილი რომის ეკლესია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხშირად ცდილობდა, დროისთვის ფეხი აება და ეპოქის გამოწვევებისთვის ეპასუხა. კათოლიკური ეკლესიის ეს გარდაქმნა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო ვატიკანის მეორე საეკლესიო კრებით. ბევრი დაწერილა, თუ რა მოიტანა ვატიკანის მეორე კრებამ. მე, გარედან შემყურე, ჩემსას შემოგთავაზებთ: მეორე კრების შემდეგ ეკლესიამ შეწყვიტა ლაპარაკი ეშმაკსა და ჯოჯოხეთზე, ხოლო ღმერთმა გაიხადა უზენაესი მოსამართლის ტოგა და შეიმოსა მოწყალე მოსიყვარულის სამოსელში. ამ ყველაფრის შედეგად ცოდვამ დაკარგა იმ შიშის მუხტი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ატერორებდა კაცობრიობას. კრების მიზანი იყო, რელიგიას შეეწყვიტა ყოფილიყო რუტინულ ქცევაზე დამყარებული სოციალური, ფოლკლორული ფენომენი, განთავისუფლებულიყო რიტუალურობისაგან და გამხდარიყო პირადული არჩევანი. ევროპაში მოგვიანებით განვითარებულმა პროცესებმა - რიტუალურ რელიგიის დაისმა და ცნობიერებაზე დამყარებული რწმენის აღორძინებამ - აჩვენა, თუ რამდენად დროული იყო ვატიკანის მეორე კრება.

შემდეგ იყო იოანე-პავლე მეორე, რომლის სახით 1970-იანების მიწურულს, მსოფლიოს მოევლინა პოლიტიკური პაპი - ამას ცივი ომის კონტექსტი მოითხოვდა და წარმოშობით პოლონელმა პაპმა ბევრი გააკეთა აღმოსავლეთ ევროპის დეკოლონიზაციისათვის.

თუ მომავლის შემყურე იოანე-პავლე II-მ თავისი მოღვაწეობით მეორე სუნთქვა შესძინა პომპეზურობით დამძიმებულ ვატიკანს, მისგან განსხვავებით, ბენედიქტე XVI-მ კათოლიციზმის უკან, ვატიკანის II კრებამდე დოგმებით დამძიმებულ წარსულში წაყვანა სცადა (რაც სამწუხაროდ გამოუვიდა კიდეც ნაწილობრივ). არანაირი ისტორიული კონტექსტი არ მოითხოვდა ბენედიქტე XVI-ის დოგმატურობას და უკან ქვის ხანაში დაბრუნებას. მან თავისი განცხადებებით რელიგიათა და კონფესიათა შორის დიალოგში მხოლოდ შუღლი და კონფლიქტი შეიტანა. წინამორბედი პაპისგან განსხვავებით პაპი ფრანცისკე შეეცადა როგორც რელიგიათა შორის ჩატეხილი ხიდები აღედგინა, ისე მზერა მიემართა პლანეტის ყველაზე უმწეოსა და დაჩაგრულისკენ. თუ წმინდა საყდარი ისტორიულად ეყრდნობოდა ადგილობრივ ეკლესიებსა და კათოლიკურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფრანცისკემ ეს არეალი გააფართოვა სეკულარული ჰუმანიტარული, მიგრანტების თუ გარემოს დაცვის ორგანიზაციების ჩართულობით და ამგვარად გააძლიერა ვატიკანის დიპლომატიის ეს არეალი. ფრანცისკეს მოღვაწეობის სოციალური განზომილება იმდენად დიდი იყო, რომ გადიოდა კონფესიურ-რელიგიური საზღვრებიდან; იგი არა მხოლოდ კათოლიკეების, არამედ ზოგადად უმწეოთა და დაჩაგრულთა მფარველი გახდა. პაპი, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა ევროპასა და თურქეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას ლტოლვილების შესახებ, რადგან მიიჩნევდა, რომ იგი ლტოლვილების უფლებებს არღვევდა; პაპი, რომელსაც საბერძნეთიდან ვატიკანში საკუთარი თვითმფრინავით მიჰყავდა მუსულმანი ლტოლვილი სირიელები; პაპი, რომელიც სტრასბურგში ევროპარლამენტარებს უცხადებდა, რომ ევროპა არ ასრულებდა ჟენევის ხელშეკრულებებს ლტოლვილების შესახებ - ეს პაპი მართლაც, რომ გახდა ყველა დამცირებულისა და შეურაცხყოფილის ქომაგი. ხოლო სურათი, როცა ფრანცისკე ფეხს ჰბანს მუსულმან ქალს, გახლდათ ის სიმბოლო, რომლისაც ისლამისტებს ყველაზე უფრო ეშინოდათ, რადგან ეს ხატი ანგრევდა მათ პროპაგანდას დასავლეთის მიერ ისლამის წინააღმდეგ მიმართულ ჯვაროსნულ ომზე.

თუმცა, ევროპაში დიდი ომის დაწყების შემდეგ, ფრანცისკესაც მოუწია, ხელში აეღო იოანე-პავლე II-ის კვერთხი, რომელიც მისთვის ძალზე მძიმე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, პაპი ხშირად აკეთებდა ორაზროვან განცხადებებს მორალურად ყველაზე ცხად კონფლიქტზე. ბოლოს იქამდე მივიდა, რომ დიდი ომის ორი წლის თავზე თეთრ დროშაზეც კი ალაპარაკდა. „რა ბზიკმა უკბინა პაპს, როცა თეთრ დროშაზე ალაპარაკდა“ - დაწერს მაშინ კათოლიკური გამოცემა La Croix-ს (“ჯვარი”) აღშფოთებული მთავარი რედაქტორი. თუმცა, ფრანცისკეს ამ პოლიტიკურ ახლომხედველობას ბევრი მის მრჩევლებს აბრალებდა.

ბოლო თვეებში, პაპ ფრანცისკეს ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების ფონზე, მასმედიაში დაიწყო სპეკულაციები წმინდა საყდრის სავარაუდო კანდიდატზე: ხან იერუსალიმელ კარდინალ პიერბატისტა პიცაბელას, ხან წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივან პიეტრი პაროლინს, ხან კი იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტ მატეო ძუპის ახსენებენ. სხვა კანდიდატებს შორის ასევე საუბრობენ სტოკჰოლმის, ბუდაპეშტის, უტრეხტის, კოლომბოს, მანილისა თუ მიანმის (რანგუნი) არქიეპისკოპოსებზე.

იმ დაახლოებით 120 კარდინალს შორის, რომლებიც კონკლავში მიიღებენ მონაწილეობას, არიან როგორც ულტრაკონსერვატორულ და დოქტრინულ ბენედიქტე XVI-ის, ისე ფრანცისკეს ლიბერალური და სოციალური პოლიტიკის მიმდევრები. ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად მიანმის არქიეპისკოპოსმა ჰუმანიტარული მისიებითა და ადამიანის უფლებების დაცვით გაითქვა სახელი. ზოგიერთი კანდიდატი, მაგალითად, უტრეხტისა და ბუდაპეშტის არქიეპისკოპოსები, ბენედიქტე XVI-ის მსგავსად კონსერვატიზმით გამოირჩევა.

Sede vacante-ს (ადგილი ვაკანტურია) გარდამავალ პერიოდში უპრიანია დავსვათ კითხვა: როგორი პაპი სჭირდება დღეს მსოფლიოს? ეს კითხვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან დღეს გარდამავალი პერიოდია არა მარტო ვატიკანისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის: იმ დროს, როცა საერთაშორისო სოლიდარობა ბნელ პერიოდში შევიდა; როცა ჰუმანიტარული ორგანიზაციები ერთიმეორის მიყოლებით იხურება; როცა საერთაშორისო ინსტიტუტებს და მულტილატერალიზმს ძირს უთხრიან დასავლეთის ავტორიტარული ლიდერები; მაშინ, როცა ფასეულობებზე დამყარებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა გაქრობის პირასაა მისული; მაშინ, როცა ევროპის ლიბერალური დემოკრატიები ნაციონალისტურ-პოპულისტურ შეტევას განიცდიან, წმინდა საყდარი რჩება ადგილად, რომელსაც შეუძლია ალტერნატიული, თუნდაც მყიფე, თუნდაც სუსტი, მაგრამ მაღალი თამასა შესთავაზოს მსოფლიოს.

სწორედ ამიტომ კარგი იქნება მსოფლიოს მოევლინოს პაპი, რომელიც პოლიტიკური (იოანე პავლე II) და სოციალური (ფრანცისკე), პაპების მისწრაფებების გაერთიანებას შეძლებდა და გაორმაგებული ენერგიით გააგრძელებდა ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

როგორც ჩანს, ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ ამ პრივილეგიით - მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

წინადადება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზების ჩამონათვალის გაზრდის შესახებ ევროკომისიამ ჯერ კიდევ 2023 წელს წამოაყენა და ევროპულმა საბჭომაც თავისი პოზიცია ამ საკითხზე ერთი წლის წინათ ჩამოაყალიბა. თუმცა ევროპარლამენტის 2024 წლის ივნისში ჩატარებული არჩევნებისა და განსახილველი კანონპროექტების დაგროვების გამო, ევროპარლამენტმა სულ ახლახან მიიღო მოლაპარაკების მანდატი.

გასულ კვირას ამ სამმა ინსტიტუტმა პირველად განიხილა შემოთავაზებული კანონმდებლობა. მიზანია, რომ შეთანხმებას მიაღწიონ ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის მიერ თავმჯდომარეობისას, რომელიც ივნისის ბოლომდე გასტანს. ახალი კანონმდებლობა, წესით, შემოდგომის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს.

მაშ, რატომ ხდება ეს ახლა?

არსებითად, ბლოკი ბევრად უფრო მკაცრი ხდება სავიზო ლიბერალიზაციის მიმართ, რაც ასახავს უფრო ფართო ცვლილებებს. ერთი ისაა, რომ ევროკავშირი ამკაცრებს ბრძოლას არალეგალური მიგრაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ. ამავე დროს, ბრიუსელს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს.

სავიზო ლიბერალიზაცია - რომელიც ამჟამად შეეხება ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ირლანდიის გარდა, ისევე როგორც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს, ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიას და შვეიცარიას - დიდი ხანია, ბრიუსელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური თაფლაკვერია, განსაკუთრებით მისი მეზობელი ქვეყნებისთვის.

ის საშუალებას აძლევს მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, ევროკავშირს 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ეწვიონ. კოსოვო ამ სიაში 2024 წლის დასაწყისში მოხვდა, საქართველო და უკრაინა კი - 2017 წელს. ეს გადაწყვეტილება ყველა ამ ქვეყანამ ზეიმით აღნიშნა.

შესაბამისად, პრივილეგიის გაუქმების მუქარა შეიძლება თაფლაკვერის საპირწონე მათრახად ჩაითვალოს.

შეჩერების ამჟამინდელი მექანიზმი, რომელიც 2018 წლიდან მოქმედებს, შეიძლება ამოქმედდეს აშკარა დარღვევების შემთხვევაში - მაგალითად, თუ ძალიან იმატებს მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც 90-დღიან ლიმიტს გადააჭარბებენ ან სავიზო ლიბერალიზაციას ევროკავშირში თავშესაფრის საძიებლად გამოიყენებენ. ჯერჯერობით ბლოკმა ეს მექანიზმი მხოლოდ ერთხელ გამოიყენა: ჯერ დროებით, შემდეგ კი სამუდამოდ შეუწყვიტა სავიზო ლიბერალიზაცია წყნარი ოკეანის სამხრეთში მდებარე ქვეყანა ვანუატუს.

მაშ, რა ცვლილებებია მოსალოდნელი? ზოგადად რომ ვთქვათ, განიხილავენ ცვლილებების ოთხ ძირითად სფეროს, რადგან ბრიუსელი მიზნად ისახავს, ვიზების შეჩერების მექანიზმი უფრო სანდო შემაკავებელ ფაქტორად აქციოს. უპირველეს ყოვლისა, სავიზო ლიბერალიზაცია შეიძლება შეჩერდეს, თუ ევროკავშირი მიიჩნევს, რომ მესამე ქვეყანასა და ევროკავშირის ზოგად სავიზო პოლიტიკას შორის აშკარა შეუსაბამობა არსებობს.

ასე იყო 2022 წელს, მაგალითად, როდესაც სერბეთმა დაუშვა უვიზო მიმოსვლა ისეთი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, როგორებიცაა ბურუნდი, ინდოეთი და კუბა. ბრიუსელი ვარაუდობდა, რომ ამ მოქალაქეებიდან ბევრი იყენებდა სერბეთს ევროკავშირში გადასასვლელად. ევროკომისიის ზეწოლის შემდეგ ბელგრადმა პოლიტიკა შეცვალა. ახლა, შემოთავაზებული კანონმდებლობის მიხედვით, ამგვარი ქცევა უფრო ადვილად დასჯადი გახდება.

ლიბერალიზაციის შეჩერების კიდევ ერთი მიზეზი არის ე.წ. ჰიბრიდული საფრთხეები, რომლებიც ჯერ თეორიულ მოცემულობად მიიჩნევა. ეს დებულება შთაგონებულია ისეთი შემთხვევებით, როდესაც რუსეთს და ბელარუსს აფრიკელი და აზიელი მიგრანტები პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვრებთან გადაჰყავდათ.

მოსკოვთან და მინსკთან სავიზო რეჟიმის გამარტივება უკვე კარგა ხანია შეჩერებულია, თუმცა, თუ სხვა ქვეყანა შეეცდება მსგავს ტაქტიკას მიმართოს, ბრიუსელს მზად ექნება ახალი საპასუხო მექანიზმი.

მესამე მიზეზი შეიძლება გახდეს მესამე ქვეყნის მიერ ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მასობრივი მინიჭება ანუ სქემა, რომელიც ინდივიდებს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინონ მოქალაქეობა ისე, რომ ამ ქვეყანასთან კავშირი არ ჰქონდეთ.

შეჩერების მეოთხე, ახალი საფუძველი, ალბათ ყველაზე საინტერესოა, რადგან ის შეეხება ევროკავშირის პოლიტიკურ ურთიერთობებს მესამე ქვეყნებთან.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების“ ან „საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში“.

ევროკავშირის ოფიციალურ პირები ამბობენ, რომ მათი აზრით, ვიზალიბერალიზაციას ყოველთვის ახლდა თან „დემოკრატიის კრიტერიუმი", თუმცა მისი მნიშვნელობა აქამდე მკაფიოდ არსად ყოფილა გაწერილი.

კიდევ ერთი საინტერესო და ახალი ასპექტია ის, რომ მექანიზმის ამოქმედება ამ შემთხვევაში ევროკომისიის ექსკლუზიური პრეროგატივა იქნება - ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციების შემდეგ - რადგან ეს ბლოკის საგარეო ურთიერთობებს ეხება.

საბოლოო ჯამში, მესამე ქვეყანასთან სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება მაინც წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი იქნება - კვალიფიციური უმრავლესობით. ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს კვლავაც უკიდურეს ზომად განიხილება, ვინაიდან ბლოკს, როგორც წესი, არ სურს მთავრობის გამო დასაჯოს ქვეყნის მთელი მოსახლეობა.

სწორედ ამიტომ იყო, რომ წლის დასაწყისში ევროკავშირმა არჩია, შეეჩერებინა სავიზო ლიბერალიზაცია მხოლოდ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის, ამ ქვეყანაში დემოკრატიული უკან დახევის ფონზე. თუმცა მთელი მოსახლეობის სამიზნეში ამოღების ვარიანტი კვლავაც არსებობს და შეჩერების მექანიზმის მომავალი გაფართოების შემდეგ ბრიუსელს შეეძლება უფრო მოქნილად იმოქმედოს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG