სამხედრო მარშით
სისთან ერთად აღლუმზე იმყოფებოდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და ჩინეთისადმი მეგობრულად განწყობილი 20-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ბელარუსიდან ირანამდე. აღლუმი პეკინის სამხედრო და დიპლომატიური ძალის დემონსტრირებად იქნა მიჩნეული, რომელიც მიზნად ისახავდა მისი არმიის განკარგულებაში არსებული მოწინავე შეიარაღების დემონსტრირებასა და ხაზგასმას სახალხო რესპუბლიკის გლობალური ძალის სტატუსა, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებს.
აღლუმში მონაწილე 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი ასრულებდა რთულ ქორეოგრაფიულ ილეთებს, სამხედრო ტექნიკის ასობით ერთეული კი აჩვენებდა სამხედრო ინდუსტრიის უახლეს მიღწევებს. სი ძინპინმა ხელი ჩამოართვა პუტინს და კიმ ჩენ ინს და მათთან ერთად გაუძღვა წითელ ხალიჩაზე 20-ზე მეტ სხვა უცხოელ მაღალი თანამდებობის პირს სცენისაკენ, საიდანაც აღლუმისთვის უნდა ეცქირათ.
სამხედრო აღლუმის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთი „შეუჩერებელია“ და ხაზი გაუსვა „ეროვნული მსხვერპლის - არა როგორც [უძლური] მსხვერპლის, არამედ ხალხის ნებისა და მონდომების გამოხატულების“ იდეას. „დღეს კაცობრიობა არჩევანის წინაშე დგას: მშვიდობა თუ ომი, დიალოგი თუ დაპირისპირება, ორმხრივი მოგება თუ ნულოვანი ჯამი“, - თქვა სი ძინპინმა. „ჩინელი ხალხი მტკიცედ დგას ისტორიის სწორ მხარეს“.
ჩინეთის ლიდერმა უფრო აგრესიული ტონიც გამოიყენა, როდესაც თქვა, რომ „ჩინელი ერის დიდი გაახალგაზრდავება შეუჩერებელია“ და რომ ჩინეთი „არასდროს იქნება დაჩაგრული მოძალადეების მიერ“. ჩინეთის ოფიციალურ განცხადებებში ასე მიანიშნებენ ხოლმე ირიბად ამერიკის შეერთებულ შტატებზე.
„ჩვენი ბაბუები იბრძოდნენ“ და „ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ისევ“ ჩინურად
„ჩინეთი ცდილობს გამოიყენოს აღლუმი ისტორიის საკუთარი ვერსიის წინ წამოსაწევად და იმის საჩვენებლად, თუ რა მიმართებაშია ის იმ სამყაროსთან, რომლის შექმნაც დღეს სურს, ისეთში, სადაც ის წამყვანი ძალაა“, - ამბობს სკოტ კენედი, ჩინეთის ექსპერტი და უფროსი მრჩეველი და ვაშინგტონში მოქმედი სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
ჩინეთი ცდილობს გამოიყენოს აღლუმი ისტორიის საკუთარი ვერსიის წინ წამოსაწევად
მეორე მსოფლიო ომის ისტორიის ჩინეთისეული ვერსიის - რომელიც მათთვის 1945 წელს იმპერიული იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა - ცენტრალური ელემენტია ტაივანზე პრეტენზიის განმტკიცება. თვითმმართველი კუნძულის რთული საერთაშორისო სტატუსი ომისშემდგომი ხელშეკრულებებისა და დამქანცველი სამოქალაქო ომის შედეგია. ომში ჩინელმა კომუნისტებმა დაამარცხეს ნაციონალისტური ძალები, რომლებიც 1949 წელს ტაივანში გაიქცნენ. პეკინი ათწლეულების განმავლობაში აცხადებდა, რომ კუნძულზე კონტროლის დამყარება სურდა და არ გამორიცხავდა ძალის გამოყენებას ამ მიზნის მისაღწევად.
„ჩინეთის სამხედრო მიზნები, პირველ რიგში, რეგიონალურია. წინა პლანზეა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დომინირება და ტაივანის ხელში ჩაგდება“, - ამბობს სკოტ კენედი. „ჩინეთს სურდა, რომ აღლუმს მსოფლიო ლიდერებიც დასწრებოდნენ, რათა ერთხელ დაედასტურებინა საგარეო პოლიტიკის მიზნები“.
„იმისთვის, რომ მომავალი იქონიონ, რუსეთსა და ჩინეთს წარსული უნდა ჰქონდეთ“
ამ მხრივ პეკინის მთავარი პარტნიორია კრემლი, რომელმაც საერთაშორისო სისტემა უკვე რამდენჯერმე დააყენა გამოწვევის წინაშე 2008 წელს საქართველოში შეჭრით, 2014 წელს ყირიმის ანექსიით და 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით.
ვლადიმირ პუტინი ჩინეთში 31 აგვისტოდან იმყოფება, როდესაც ის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ორდღიან სამიტზე ჩავიდა. ეს ფორუმი იქცა იმ პოლიტიკოსების შეკრებად აქცია, რომლებიც, სხვადასხვა ხარისხით, დასავლეთის, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატების წინააღმდეგ არიან განწყობილნი. ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტიანძინში ჩატარებულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას სი ძინპინმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ მეორე მსოფლიო ომის შესახებ მისი აზრით „სწორი“ შეხედულების გავრცელებას და მხარი დაუჭირონ გლობალური პოლიტიკისადმი „მრავალმხრივ მიდგომას“.
„ჩინეთი და საბჭოთა კავშირი ამ ომის მთავარი თეატრები იყვნენ აზიასა და ევროპაში“, - დაწერა სიმ მაისში, ვიდრე მოსკოვში რუსეთის გამარჯვების დღის აღლუმზე დასასწრებად ჩავიდოდა. „ეს ორი ქვეყანა იაპონური მილიტარიზმისა და გერმანული ნაციზმის წინააღმდეგ წინააღმდეგობის საყრდენებად იქცა და გადამწყვეტი წვლილი შეიტანა მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვებაში“.
ჩინეთი, რუსეთთან ერთად, ცდილობს დააკნინოს აშშ-ის წვლილი გამარჯვებაში და წარმოაჩინოს თავი, როგორც იაპონიასთან დაპირისპირების მთავარი ძალა. ჩინეთი თავისი „იაპონური აგრესიის წინააღმდეგობის ომის“ დაწყებას 1931 წლით ათარიღებს, აშშ-ის ომში ჩართვამდე ათი წლით ადრე.
„ეს მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვანი გადახედვაა: რუსეთისა და ჩინეთის პოზიციონირება, როგორც ფაშიზმის მოწინააღმდეგე ორი ძალისა“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ბერლინში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, MERICS-ის ანალიტიკოსმა კლაუს სანმა. „მაგრამ იმისთვის, რომ მომავალი იქონიონ, რუსეთსა და ჩინეთს წარსული უნდა ჰქონდეთ“.
ტრამპის სარკაზმი
სანამ სი ძინპინი აღლუმს უყურებდა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ჩინეთის ლიდერს მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავი მიულოცა. „მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, ახსენებს თუ არა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი იმ უზარმაზარ მხარდაჭერას, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუწია ჩინეთს უცხოელი დამპყრობლებისგან თავისუფლების უზრუნველსაყოფად“, - წერს ის, გულისხმობს რა იაპონიის შეჭრას ჩინეთში 1930-იან და 40-იან წლებში და აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს ტოკიოს წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა პუტინი და კიმი აშშ-ს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის. „გთხოვთ, გადასცეთ ჩემი თბილი მოკითხვა ვლადიმირ პუტინს და კიმ ჩენ ინს, ვიდრე თქვენ შეთქმულებას აწყობთ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ“, - დასძინა ტრამპმა, დაუფარავი სარკაზმით.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ტრამპის კომენტარებს უპასუხა იმით, რომ „არ არსებობს შეთქმულებები“ და რომ „ამ სამი ლიდერიდან არცერთს არც კი უფიქრია ასეთ რამეზე“. „გარდა ამისა, შემიძლია ვთქვა, რომ ყველას ესმის ის როლი, რომელსაც შეერთებული შტატები, ამჟამინდელი ტრამპის ადმინისტრაცია და პირადად პრეზიდენტი ტრამპი თამაშობენ მიმდინარე საერთაშორისო დინამიკაში“, - თქვა უშაკოვმა.
ევროკავშირი დისტანციას ინარჩუნებს
პუტინის აღლუმზე ყოფნამ, ასევე ღონისძიების ფარგლებში იაპონიის, დასავლეთის შორეულ აღმოსავლეთში მთავარი მოკავშირის, სამიზნეში ამოღებამ, პეკინში მყოფი ევროპელი დიპლომატები აიძულა, უარი ეთქვათ ღონისძიებაზე დასწრებაზე. „ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ აღლუმს რუსეთის მონაწილეობის გამო, მაგრამ არა მასთან დაკავშირებული მოვლენების გამო“, - განმარტა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ევროპელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია.
„ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ აღლუმს რუსეთის მონაწილეობის გამო
გარდა ამისა, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ჩინეთი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის მხარდაჭერისთვისაც გააკრიტიკეს. პეკინი მოსკოვს სამხედრო მოქმედებების წარმოებაში ეხმარება, მათ შორის, ორმაგი დანიშნულების სამრეწველო საქონლის მიწოდებითაც.
აღლუმში მონაწილე უცხო ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს შორის არც ერთი დასავლელი ლიდერი არ ყოფილა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს გარდა. (აღლუმზე დასწრების გარდა, მან საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები გამართა ვლადიმერ პუტინთან.) ევროპას ასევე წარმოადგენდა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, რომლის ქვეყანამაც განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. „სამწუხაროა, რომ სერბეთი, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, იქ იმყოფებოდა, მაგრამ ისევ და ისევ, ეს გასაკვირი არ არის. ისინი ერთ რამეს ამბობენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაგრამ მეორეს აკეთებენ“, - თქვა ევროპელმა დიპლომატმა.
ტაივანი და მეორე მსოფლიო ომი
2015 წელს მეორე მსოფლიო ომის წლისთავთან დაკავშირებით აღლუმზე წარმოთქმულ გამოსვლაში სი ძინპინს ტაივანი არ უხსენებია. მაშინ პეკინსა და ტაიპეის შორის ურთიერთობები უმჯობესდებოდა. ამჯერად საქმე სხვაგვარადაა. პეკინი უფრო აგრესიული გახდა ტაივანის მიმართ, მისი პროპაგანდა რეგულარულად ცდილობს ტაივანის პრეზიდენტის ლაი ჩინ-ტის საშიშ სეპარატისტად წარმოჩენას.
ტაივანის სტატუსი ართულებს მეორე მსოფლიო ომის ირგვლივ არსებულ ისტორიულ ნარატივს, რომლის გადახედვასაც ცდილობს სი ძინპინი. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური ძალები იბრძოდნენ იაპონიის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ ჩინეთში, ბრძოლის დიდი ნაწილი მიმდინარეობდა ჩინეთის რესპუბლიკის ნაციონალისტური მთავრობის ჯარების მიერ, ჩან კაიშის ხელმძღვანელობით. 1940-იანი წლების ბოლოს, სამოქალაქო ომში წაგების შემდეგ, ის ტაივანში გაიქცა. ოფიციალური სახელი, რომელსაც ტაივანი დღემდე იყენებს, ჩინეთის რესპუბლიკაა.
სწორედ ჩინეთის რესპუბლიკამ მოაწერა ხელი სამშვიდობო შეთანხმებას, როგორც მოკავშირეთა ერთ-ერთმა ძალამ და ხელისუფლებაში დარჩა 1945 წელს, როდესაც ტაივანი ათწლეულების განმავლობაში იაპონიის მმართველობის შემდეგ ჩინეთს გადაეცა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელსაც კომუნისტური პარტია მართავდა, მხოლოდ 1949 წელს დაარსდა და არასდროს აკონტროლებდა ტაივანის კუნძულს.
ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს ჩინეთი ისტორიის ფორმირებას
მიუხედავად ამისა, პეკინი აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება ყველა ჩინელს ეკუთვნის, მათ შორის ტაივანში მცხოვრებლებს, და სამშვიდობო შეთანხმებებს განმარტავს, როგორც ტაივანის ჩინეთის მმართველობაში „დაბრუნებას“.
მაგრამ, როგორც კლაუს სანი ამბობს, აღლუმი და სი ძინპინის მცდელობა, შეცვალოს ომის ნარატივი, ძირითადად მიმართულია შიდა აუდიტორიისა და „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებისკენ. „ჩინეთის კომუნისტური პარტია ცდილობს შექმნას საერთო ისტორიული კავშირი [ამ ქვეყნებს შორის]. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს ჩინეთი ისტორიის ფორმირებას“.
ჩინეთი და ომი: „მოსახერხებელი“ და „უხერხული“ ფაქტები
თუ ჩინეთ-იაპონიის მეორე ომთან დაკავშირებით საყოველთაოდ ცნობილ ისტორიულ ფაქტებს განვიხილავთ, შესაძლებელია მათი დაყოფა „მოსახერხებელ“ და „უხერხულ“ ფაქტებად ისტორიის იმგვარი ინტერპრეტაციისთვის, რომელსაც ჩინეთის ამჟამინდელი ხელისუფლება უჭერდა მხარს.
“მოსახერხებელი”
- ჩინეთი სხვა ქვეყნებზე ადრე დაუპირისპირდა იაპონიას, რომელიც მოგვიანებით ნაცისტური გერმანიის უახლოესი მოკავშირე გახდა „ბერლინი-რომი-ტოკიოს ღერძის“ ფარგლებში.
- ჩინეთსა და იაპონიას შორის ომი, რომელიც 1941 წლის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის ნაწილი გახდა, მინიმუმ 8 წელი გრძელდებოდა, 1937 წლის ივლისში მარკო პოლოს ხიდთან მომხდარი ინციდენტიდან. ოფიციალური პეკინი უპირატესობას ანიჭებს „14 წლიან ბრძოლაზე“ საუბარს, რომელიც 1931 წლის სექტემბრიდან - მანჩურიაში იაპონიის ინტერვენციის დასაწყისიდან ითვლება.
- იაპონიასთან ომის დროს ჩინეთის დანაკარგები, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის, 15-20 მილიონ ადამიანს შეადგენს. ისინი შედარებადია სსრკ-ს დანაკარგებთან და გაცილებით აღემატება სხვა ქვეყნებში დაღუპულთა რაოდენობას.
- ჩინეთი ოფიციალურად აღიარეს მოკავშირეთა ძალად. 1943 წლის კაიროს კონფერენციაზე დასავლელი მოკავშირეების ლიდერები მას ომის შემდეგ ყველა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას დაჰპირდნენ.
- 1945 წელს, როგორც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ჩინეთი გაეროს ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა და უშიშროების საბჭოში მუდმივი ადგილი მიიღო.
„უხერხული“
- ჩინეთ-იაპონიის ომისა და მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინეთის ოფიციალური ცენტრალური მთავრობა გომინდანის მთავრობა იყო, რომელიც კომუნისტურ პარტიას უპირისპირდებოდა.
- გომინდანის ლიდერი, ჩან კაიში, იაპონელების წინააღმდეგ კომუნისტებთან ალიანსში შევიდა მხოლოდ სიანის ინციდენტის (1936) შემდეგ, შეთქმულების შედეგად, რომელიც მისთვის კინაღამ კატასტროფულად დასრულდა. თუმცა, ტაქტიკურ მოკავშირეებს შორის ურთიერთობები მაინც დაძაბული დარჩა და 1945 წლის შემდეგ სამოქალაქო ომში გადაიზარდა.
- იაპონიასთან ომის დროს ჩინეთის სამხედრო ძალისხმევის ძირითადი ნაწილი გომინდანის ჯარებს დაეკისრათ. კომუნისტები აკონტროლებდნენ „განთავისუფლებულ ტერიტორიებს“ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და ძირითადად იყენებდნენ პარტიზანულ ტაქტიკას.
- მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინეთისთვის სამხედრო და მატერიალური დახმარების მთავარი წყარო აშშ იყო, რომელმაც მას იარაღი, საბრძოლო მასალა, სამხედრო აღჭურვილობა და ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა, რომლის საერთო ღირებულება იმ დროს 1,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
- სამხედრო თვალსაზრისით, ძნელია ჩინეთის იაპონიაზე გამარჯვებაზე საუბარი, თუმცა ჩინეთის არმია და ხალხი იაპონიის აგრესიას მედგარ წინააღმდეგობას უწევდა. მიუხედავად ამისა, 1944 წელს იაპონურმა ჯარებმა გააფართოვეს საოკუპაციო ზონა აღმოსავლეთ ჩინეთში. ჩინეთის არმიებმა 1945 წელს არაერთ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ იაპონიის კაპიტულაციის დროისათვის ჩინეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილს კვლავაც იაპონია აკონტროლებდა.
- იაპონიაზე გამარჯვების გადამწყვეტი ფაქტორები იყო შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წარმატებები წყნარი ოკეანის სამხედრო ოპერაციების თეატრში და სსრკ-ის ომში ჩართვა 1945 წლის ზაფხულში.
ძნელი სათქმელია, განიხილეს თუ არა პუტინმა და სი ძინპინმა ეს ისტორიული საკითხები მიმდინარე მოლაპარაკებების დროს. თუმცა, ჩინეთის ლიდერის ბოლო განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, პეკინმა მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული ისტორიული ნარატივის აგება დაიწყო, მოსკოვის მსგავსი ნიმუშების გამოყენებით. ისტორიისადმი ამ მიდგომის არსი შერჩევითობაა: წარსულში მხოლოდ იმას უნდა დავეყრდნოთ, რაც ამჟამინდელ პოლიტიკურ მიზნებს შეესაბამება.