Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არავის არანაირი შეთქმულებები არ მოუწყვია“ - ტრამპს კრემლიდან უპასუხეს


ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური სი ძინპინი(ცენტრში) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ერთად მიუძღვის პეკინში, სამხედრო აღლუმზე მიწვეულ სხვადასხვა ქვეყნის მეთაურებს. 2025 წლის 3 სექტემბერი
ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური სი ძინპინი(ცენტრში) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ერთად მიუძღვის პეკინში, სამხედრო აღლუმზე მიწვეულ სხვადასხვა ქვეყნის მეთაურებს. 2025 წლის 3 სექტემბერი

მოკლედ

  • რუსეთის, ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულება არ განუხილავთ, აცხადებს პუტინის თანაშემწე.
  • პეკინში სამხედრო აღლუმზე სი ძინპინმა უმასპინძლა ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, სადაც პუტინისა და კიმის შეხვედრაც გაიმართა.
  • ტრამპმა Truth Social-ის პოსტში ჩინეთისთვის დაღუპული ამერიკელების პატივისცემასა და ლიდერებს შორის შეთქმულების შესაძლო მზადებაზე დაწერა.

რუსეთის, ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს „აზრადაც არ ჰქონიათ“ შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულება. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განუცხადა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას.

უშაკოვი პუტინს თან ახლავს პეკინში, სადაც 3 სექტემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ გამართა „იაპონელ დამპყრობლებთან ჩინელი ხალხის ომსა და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების“ მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი.

ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლების ლიდერის, სი ძინპინის მთავარი სტუმრები იყვნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის მეთაური კიმ ჩენ ინი. დღეს პეკინში გაიმართა პუტინის და კიმის შეხვედრაც.

პეკინში სამხედრო აღლუმის დაწყებიდან მალევე პრეზიდენტმა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში პოსტი გამოაქვეყნა, იმედი გამოთქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინეთისთვის დაღუპული ამერიკელები ახსოვთ და პატივს მიაგებენ, ჩინეთის ლიდერს და ჩინელ ხალხს შესანიშნავი დღესასწაული უსურვა და სი ძინპინს მიმართა, გულთბილი სურვილები გადასცეს ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებენ.

„არავის არანაირი შეთქმულებები არ მოუწყვია, არავის არაფერი დაუხლართავს, არანაირი შეთქმულება. უფრო მეტიც, არავის აზრადაც არ მოსვლია. სამი ლიდერიდან არცერთს“, - განუცხადა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას პუტინის თანაშემწე უშაკოვმა.

მისივე თქმით, ყველას ესმის, რა როლს ასრულებენ აშშ, მისი დღევანდელი ადმინისტრაცია და პირადად პრეზიდენტი ტრამპი დღევანდელ საერთაშორისო ვითარებაში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა აღადგინა უკრაინაში ომის გამო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეწყვეტილი ურთიერთობა და 2025 წლის აგვისტოში პუტინს ალასკის შტატშიც უმასპინძლა. ეს მოლაპარაკება უკრაინაში ომის შესაწყვეტად კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

2 სექტემბერს ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია.





ფორუმი

XS
SM
MD
LG