Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები აღლუმამდე წუთებით ადრე სიცოცხლის გახანგრძლივებაზე საუბრობდნენ


რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები პეკინში, აღლუმზე. 2025 წლის 3 სექტემბერი
რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები პეკინში, აღლუმზე. 2025 წლის 3 სექტემბერი

ჩინეთის სამხედრო აღლუმის პირდაპირ ეთერში გაშუქებისას, უნებლიედ ჩაიწერა სი ძინპინს, ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის ექსპრომტად საუბარი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებას ეხებოდა.

"ბლუმბერგი" აქვეყნებს ამ ჩანაწერის შინაარსის დეტალებს. სააგენტოს თანახმად, ჩინეთის ლიდერმა რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებთან სიცოცხლის 150 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობაზე ილაპარაკა. საუბარი ჩაიწერა იმ დროს, როცა ისინი პეკინში, ტიანანმენის ჭიშკარზე ადიოდნენ, რათა იქიდან ედევნებინათ თვალი მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიისთვის.

ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები მსჯელობდნენ სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, რა დროსაც სი ძინპინმა აღნიშნა, რომ “დღესდღეობით” 70 წლის ასაკში ადამიანები “ჯერ კიდევ ბავშვები არიან” და პუტინის თარჯიმანმა ახსენა უკვდავების შესაძლებლობა ბიოტექნოლოგიისა და ორგანოების გადანერგვის გზით.

სიცოცხლის გახანგრძლივებაზე საუბრის ხმა წუთზე ნაკლებ ხანს ისმოდა, წყდებოდა და მხოლოდ ნაწყვეტები გაირჩეოდა. კერძოდ, ისმოდა სი ძინპინის მიერ ჩინურად ნათქვამი “დღესდღეობით” და “70 წლის ასაკში”.

თარჯიმანი, სავარაუდოდ, სი ძინპინის ნათქვამზე დაყრდნობით, რუსულად ამბობს: “ადრე ადამიანები იშვიათად აღწევდნენ 70 წლამდე, ახლა კი 70 წლისაც ჯერ კიდევ ბავშვი ხარ”.

შემდეგ პუტინმა უპასუხა, თითების მოძრაობის თანხლებით, ოღონდ მისი ხმა გარკვევთ არ ისმის.

შემდეგ თარჯიმანი რუსეთის ლიდერის სიტყვებს თარგმნის ჩინურად და ამბობს: “ბიოტექნოლოგიის განვითარებით, შესაძლებელია ადამიანის ორგანოების მუდმივად გადანერგვა და ადამიანები შეიძლება გაახალგაზრდავდნენ და გაახალგაზრდავდნენ, უკვდავებასაც კი მიაღწიონ”.

კიდევ ერთი თარჯიმნის ხმაც ისმის, რომელიც კორეულად იმეორებს ორგანოების ტრანსპლანტაციის ნაწილს.

შემდეგ სი ძინპინი ისევ ჩინურად ამბობს: “არის პროგნოზები, ამ საუკუნეში, არის სიცოცხლის 150 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობა”.

ეს საუბარი შედგა რამდენიმე წუთით ადრე, სანამ სი ძინპინი ჩინეთის მიერ იაპონიის დამარცხებაზე სიტყვას წარმოთქვამდა. კადრში ჩანან სამივე ქვეყნის ლიდერები და მათ უკან მდგომი თარჯიმნები.

ასაკი და ჯანმრთელობა ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებისთვის მნიშვნელოვანი თემაა. არცერთი მათგანის პოლიტიკური მემკვიდრეების ვინაობა ცნობილი არ არის. სი ძინპინი 72 წლისაა. მან ამოწურა საპრეზიდენტო ვადის ლიმიტები და ემზადება, რომ მეოთხე ვადით დარჩეს ჩინეთის სათავეში. 72 წლისაა ვლადიმირ პუტინიც. რუსეთის სათავეში ხანგრძლივად დასარჩენად მან შეცვალა კანონმდებლობა. 41 წლის კიმ ჩენ ინმა პეკინში იახლა საკუთარი ქალიშვილი და ამით მეტი საბაბი შემატა თავის შვილზე სპეკულაციებს.

2024 წლის ივნისის დასაწყისში, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს მოსთხოვა, სასწრაფოდ შეემუშავებინათ ტექნოლოგიები, რომლებსაც დაბერების შენელება შეუძლია. ამას თვეებით ადრე წინ უძღოდა პუტინის მიერ კრემლის ახალი ინიციატივის წარდგენა სახელწოდებით - “ახალი ტექნოლოგიები ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის”.


ფორუმი

XS
SM
MD
LG