Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი ზრდის სამხედრო ხარჯებს: რატომ და ვის წინააღმდეგ?


ბელარუსი სამხედროები რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სტრატეგიული წვრთნების, „დასავლეთი-2021“-ის, გახსნის ცერემონიაზე ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, მულინოს საწვრთნელ პოლიგონზე. რუსეთი, 2021 წლის 9 სექტემბერი
ბელარუსი სამხედროები რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სტრატეგიული წვრთნების, „დასავლეთი-2021“-ის, გახსნის ცერემონიაზე ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, მულინოს საწვრთნელ პოლიგონზე. რუსეთი, 2021 წლის 9 სექტემბერი

2022 წლიდან ბელარუსმა მკვეთრად გაზარდა შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ხარჯები. ამას მოწმობს ბელარუსის სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები. სამხედრო ხარჯების ზრდა, რომელიც დროში ემთხვევა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში, აშფოთებთ ბელარუსის უახლოეს მეზობლებს.

ბელარუსი რუსეთის ფედერაციის მოკავშირეა. 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის დროს, ბელარუსის ხელისუფლებამ რუსეთის არმიის სახმელეთო ნაწილებს თავისი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა. ასევე ბელორუსიიდან განხორციელდა უკრაინაზე საჰაერო იერიშების ნაწილი.

ნატოს წევრმა იმ ქვეყნებმა, რომლებიც ტერიტორიულად ახლოს არიან რუსეთთან და ბელარუსთან, გადაწყვიტეს თავდაცვის ხარჯების უფრო სწრაფი ტემპით გაზრდა, ვიდრე სხვა მოკავშირეებმა. პოლონეთი გეგმავს 2025 წლისთვის სამხედრო ხარჯების გაზრდას 50 მლრდ დოლარამდე ანუ მშპ-ს 4,7%-მდე (ომამდე ეს ხარჯი მშპ-ს 2,39% იყო); ლიეტუვა მშპ-ს 3%-მდე, ანუ 2.9 მილიარდ დოლარამდე. ომამდე ეს ხარჯი მშპ-ს 2,52% იყო.

ბელარუსი ჩინოვნიკები და თავად ქვეყნის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა პერიოდულად აცხადებენ, რომ ბელარუსის არმია „თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და კარგად აღჭურვილია“. 1 ივლისს სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე ლუკაშენკამ ვრცლად ისაუბრა „პერმანენტულ ჰიბრიდულ ომზე“, რომელიც თითქოსდა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს ბელარუსის წინააღმდეგ.

„ჩვენ ყველაფერი გვაქვს საკადრისი პასუხის გასაცემად... ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ აგრესიულ გამოხდომას გავცეთ ყველაზე მკაცრი პასუხი“, - განაცხადა ალაიაქსანდრ ლუკაშენკამ.

რადიო „თავისუფლების“ ბელარუსული სამსახურის მიერ მოპოვებული სახელმწიფო ბიუჯეტისა და შესყიდვების დოკუმენტების თანახმად, სამხედრო საჭიროებებზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები, მათ შორის ისეთი ტიპის შეიარაღებაზე, როგორიცაა თანამედროვე რუსული გამანადგურებლები და საბრძოლო ვერტმფრენები, ბოლო სამი წლის განმავლობაში 2,5-ჯერ გაიზარდა. ზრდის ტემპი ადრე ბევრად დაბალი იყო: 2017 წლიდან 2019 წლამდე - 1,3-ჯერ გაიზარდა, 2019 წლიდან 2022 წლამდე - 1,4-ჯერ.

2025 წლისათვის თავდაცვის ხარჯები (2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში) ამჟამად დაახლოებით 4,7 მლრდ ბელარუსულ რუბლს (1,6 მლრდ აშშ დოლარი) შეადგენს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2%-ია. არადა, 2022 წელს ბელარუსის სამხედრო ბიუჯეტი 1,8 მლრდ რუბლი (694 მლნ აშშ დოლარი) ან მშპ-ს დაახლოებით 0,95% იყო.

ბელარუსის მიერ შეძენილ შეიარაღებას შორისაა თანამედროვე მრავალფუნქციური გამანადგურებლები Су-30СМ2, Ми-35М მოიერიშე ვერტმფრენები, ჯავშანტრანსპორტიორები "Волат" В-2 და ასობით მოიერიშე დრონი.

Су-30SM2 თვითმფრინავი, რომელიც ბელარუსმა 2025 წლის მაისში მიიღო რუსეთიდან
Су-30SM2 თვითმფრინავი, რომელიც ბელარუსმა 2025 წლის მაისში მიიღო რუსეთიდან

მოსკოვთან მჭიდრო კავშირების მიუხედავად, ლუკაშენკა ცდილობდა, მაქსიმალურად დისტანცირებული ყოფილიყო რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს, არ გაეგზავნა თავისი სამხედროები ომში საბრძოლველად. არადა 2022 წლის თებერვალში რუსეთის არმია უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდანაც შეიჭრა. დაჭრილი რუსი ჯარისკაცები და გაცვლილი სამხედრო ტყვეები ასევე მკურნალობდნენ ბელარუსის საავადმყოფოებში.

„ლუკაშენკას სისტემა თავდაცვის საკითხებში მთლიანად ეყრდნობა კრემლს“, - ამბობს ვლადიმირ ჟიხარი, BYPOL-ის, ყოფილი ბელარუსი პოლიციელებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ჯგუფის აქტივისტი.

„პარადოქსულია, მაგრამ ბელარუსის სამხედრო ხარჯების დონე იმაზე მიუთითებს, რომ, პუტინთან ფლირტის მიუხედავად, ლუკაშენკა განსაკუთრებით არ... იმედოვნებს, რომ რუსეთის არმია მივა და დაიცავს მას ნატოს მითური აგრესიის შემთხვევაში, - აღნიშნავს ივან კირიჩევსკი, უკრაინული ონლაინ გამოცემა Defense Express-ის სამხედრო ანალიტიკოსი, - იმის თქმაც კი შეიძლება, რომ ბელარუსის არმიას ახლა მხოლოდ ერთი პოტენციური მტერი ჰყავს - რუსეთის არმია“.

ლუკაშენკა დიდად არ იმედოვნებს, რომ რუსეთის არმია დაიცავს მას ნატოს მითური აგრესიისგან.

იან კირიჩევსკი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ჩინეთს, სავარაუდოდ, შეუძლია დაეხმაროს ბელარუსს ასაწყობი კომპონენტებით. „რა თქმა უნდა, ბელარუსს არ შეუძლია დრონების დამოუკიდებლად წარმოება, ჩინური დოკუმენტაციის გარეშე. თუმცა, მინსკი პეკინის მხრიდან გარკვეული დონის კეთილგანწყობით სარგებლობს. ამიტომ, თეორიულად, თუ ლუკაშენკას სურს ჩინეთისკენ შებრუნება, მაშინ არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ მინსკი შეუკვეთს, მაგალითად, J-10 გამანადგურებლებს (J-10 - ჩინური წარმოების მსუბუქი მრავალფუნქციური გამანადგურებელი)“, - ამბობს ექსპერტი.

რაც შეეხება რუსეთის შეიარაღებულ მხარდაჭერას. ლუკაშენკა, კირიჩევსკის თქმით, ამაზე დიდ იმედებს არ ამყარებს. „რუსეთი ახლა ცდილობს რესურსების მოძიებას ლაოსიდანაც კი. ბელარუსი კი აგრძელებს Volat-ის ჯავშანტექნიკის შექმნის პროგრამას. ლუკაშენკა ხედავს, რომ რუსებს მეტს ვერაფერს გამორჩება. ის დაინტერესებულია იარაღით, რომელიც ზრდის შეტევით შესაძლებლობებს. საუბარია დამატებით სარაკეტო სისტემებზე, თვითმფრინავებზე და ბირთვულ იარაღზეც კი. რამდენიმე ერთეულით მეტი ტანკი, ჯავშანტექნიკა, საზენიტო სარაკეტო სისტემები და ა.შ. ბევრს არაფერს ნიშნავს, ისედაც საკმარისზე მეტი აქვს“.

დასავლელი ანალიტიკოსები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განლაგების შესაძლებლობით. ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსებდა. თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს დაბა ოსიპოვიჩიში სამხედრო ბაზის გაფართოებისა და მოდერნიზაციის იმგვარ ნიშნებს, რომლებიც ბირთვული იარაღის შენახვის შესაძლებლობას იძლევა.

ლუკაშენკამ გამოაცხადა, რომ 2025 წლის ბოლომდე ბელარუსში განლაგდება „ორეშნიკი“ (Орешник) რუსული წარმოების ჰიპერბგერითი რაკეტა ბირთვული მუხტით. 2024 წლის ნოემბერში რუსეთმა ამ რაკეტის ჩვეულებრივი ვერსია უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა. „თქვენ ნახეთ, როგორ მუშაობს „ორეშნიკი“: იგივე რაკეტები, იგივე დარტყმები - ოღონდ ბირთვული ქობინების გარეშე, მიწისა და ჰაერის რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე. ეს იარაღი ბელარუსში წლის ბოლომდე განთავსდება“, - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა 2025 წლის 1 ივლისს.

1 აგვიტოს "ორეშნიკის“ სერიული წარმოების დაწყებაზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმაც. პუტინის თქმითაც, ბელარუსისთვის მისი მიწოდების საკითხი, სავარაუდოდ, წელს დაიხურება.

რუსეთისა და ბელარუსის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთში, კუნძულ ვალაამზე. პუტინი და ლუკაშენკა, წინა წლების მსგავსად, ამჯერადაც ეწვიევნენ სმოლენსკის სავანეში მდებარე ღვთისმშობლის ხატის ეკლესიას, სადაც ბერები სხვადასხვა დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცებისთვის ლოცულობენ. პრეზიდენტების თანდასწრებით ჩატარებული მოკლე ლოცვის შემდეგ, პუტინმა და ლუკაშენკამ არაფორმალური კომუნიკაცია გააგრძელეს.

ვლადიმირ პუტინი და ალიაქსანდრ ლუკაშენკა
ვლადიმირ პუტინი და ალიაქსანდრ ლუკაშენკა

ჟურნალისტებთან საუბრისას ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ „სირბილით“ უნდა სთხოვოს რუსეთის ლიდერს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა.

„დღეს უკრაინამ სირბილით უნდა ითხოვოს: ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, მოდით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ და შევთანხმდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ-ორ თვეში თავდაცვითი ნაგებობებიც კი აღარ დარჩება. რუსები ნელ-ნელა ყველაფერს გადაყლაპავენ, დაიბრუნებენ და წინ წავლენ“, - თქვა ლუკაშენკამ.

პუტინმაც განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის მიერ 2024 წლის ზაფხულში გამოცხადებული პირობები უცვლელი რჩება. „თუ კიევი ჩათვლის, რომ ამ ეტაპზე მოსკოვთან ურთიერთობის საჭიროება არ არსებობს, რუსეთს შეუძლია დაელოდოს“, - განაცხადა პუტინმა, რომელმაც კვლავ ილაპარაკა უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ყოველგვარი ვადების გარეშე.

ბელარუსის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Ми-35М
ბელარუსის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Ми-35М

თუმცა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ბიუჯეტის დოკუმენტებში არ არის გათვალისწინებული. სამხედრო ხარჯების ზრდა ხდება ქვეყნის ეკონომიკაზე მზარდი დატვირთვის ფონზე. მკვეთრად შემცირდა დასავლეთის ბაზრებზე ნავთობის ექსპორტი მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ლუკაშენკა იზოლაციაში მოაქცია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობის გამო.

ბელარუსის ოდესღაც აყვავებული ტექნოლოგიური ინდუსტრია თითქმის აორთქლდა, ბევრი IT სპეციალისტი, დეველოპერი და ტექნოლოგიური კომპანია პოლონეთში ან ბალტიისპირეთში გადავიდა, რათა ბელარუსის მთავრობის რეპრესიული პოლიტიკისგან დაეღწია თავი. ექსპერტები გამოთქვამენ გაფრთხილებას, რომ სამხედრო ხარჯების ზრდა საფრთხეს უქმნის ქვეყნის სოციალური უზრუნველყოფის სისტემას, რომელზეც ბელარუსის დაბერებული მოსახლეობა დიდად არის დამოკიდებული.

ბელარუსი ეკონომისტის, ალისა რიჟიჩენკას თქმით, სოციალურ სფეროზე დანახარჯები ახლა კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე იყო: „თუ ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების პროცენტულ მაჩვენებელს შევხედავთ, დავინახავთ, რომ მისი უმეტესი ნაწილი მიდის სოციალურ პოლიტიკაზე - მედიცინაზე, განათლებაზე. ხარჯების ამ ნაწილს მხოლოდ თავდაცვა თუ შეედრება. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტი დეფიციტით სრულდება, მისი მეტად გაზრდის საშუალება არ არსებობს. აუცილებელია ან სოციალური უზრუნველყოფის შემცირება, ან თავდაცვისთვის სხვა წყაროებიდან თანხების დამატება. თუმცა, ლუკაშენკა არ შეამცირებს ჩინოვნიკების უზრუნველყოფაზე გათვლილ ხარჯებს. ასევე, არ არსებობს სოციალური უზრუნველყოფის შემცირების საშუალებაც, რადგან ბელარუსს ამჟამად ისედაც სუსტი სოციალური პოლიტიკა აქვს“.

რიჟიჩენკა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ თავდაცვის მიმდინარე ხარჯები ომამდელ პერიოდთან შედარებით ბევრად უფრო მაღალია, თუმცა, მისი თქმით, ბელარუსის ბიუჯეტის ხარჯზე ამ ხარჯების კიდევ უფრო გაზრდა შეუძლებელია. „ამისათვის აუცილებელია დამატებითი სუბსიდიების მიღება, მაგალითად, რუსეთიდან“, - ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, ლუკაშენკას იმედი აქვს, რომ კონფლიქტის შემთხვევაში მას „რუსეთი დაეხმარება“, ამიტომ თავდაცვის სფეროსთვის კიდევ უფრო მეტი თანხის მოძიება „საჭირო არ იქნება“. ალისა რიჟიჩენკა ასევე აღნიშნავს, რომ თავდაცვის სახსრები უფრო მეტად იხარჯება წარმოებაზე, რათა რუსეთში პროდუქციის გაყიდვით მეტი ფული გამოიმუშაონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბელარუსის მშპ მნიშვნელოვნად დაბალი იქნებოდა.

სამხედრო ძალების გლობალურ რეიტინგში (Global Firepower 2025), ბელარუსი 145 ქვეყნიდან 70-ე ადგილზეა. მისი მეზობლები არიან შრი-ლანკა (69-ე ადგილი) და სლოვაკეთი (71-ე ადგილი). მეზობელ ქვეყნებს შორის უფრო მაღალ პოზიციებს იკავებენ რუსეთი (მე-2 ადგილი), უკრაინა (მე-20 ადგილი) და პოლონეთი (21-ე ადგილი). შედარებით დაბალ პოზიციებზე არიან ლიეტუვა (88-ე ადგილი) და ლატვია (99-ე ადგილი).

ფორუმი

XS
SM
MD
LG