"ვლადიმირ პუტინი ფრონტიდან სამხედრო მოსამსახურეების მასობრივ დაბრუნებას უფრთხის, რადგან ეს პროცესი შეიცავს მის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემისა და საზოგადოების დესტაბილიზაციის პოტენციურ რისკს", - ამის შესახებ დაწერა Reuters-მა კრემლთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით.
სააგენტოს ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, რუსეთის ხელისუფლების მიზანია თავიდან აიცილოს 1990-იანი წლების ვითარების განმეორება, როდესაც ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეების დაბრუნებამ ხელი შეუწყო ორგანიზებული დანაშაულის ზრდას.
უკრაინიდან დაბრუნებული რუსი სამხედრო მოსამსახურეების შემოსავალი ახლოსაც კი ვერ მივა იმ თანხებთან, რომლებსაც ისინი ახლა, ფრონტზე ყოფნისას იღებენ. ეს გარემოება მათ მასობრივ უკმაყოფილებას გამოიწვევს, - შენიშნავს Reuters-ი. ამიტომ კრემლი, პუტინის დავალებით, ომის ვეტერანებთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს.
ამ ძალისხმევის ფარგლებში, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარნენ. ექსპერტები მოელიან, რომ რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსია“ ყოფილ სამხედროებს მომავალ წელსაც დაეხმარება სახელმწიფო სათათბიროს (დუმა) არჩევნებში. ამავდროულად, მოსკოვიდან სხვა წინადადებებიც გაისმის. სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განვითარების საპრეზიდენტო საბჭოს წევრი, სერგეი კარაგანოვი გამოვიდა ინიციატივით, გაიგზავნონ ომის ვეტერანები ციმბირის ასათვისებლად.
2025 წლის დასაწყისის მონაცემებით, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, 1,5 მილიონზე მეტმა რუსმა კაცმა და ქალმა მიიღო მონაწილეობა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოცემა „ვიორსტკას“ გამოთვლით, ფრონტიდან დაბრუნებულმა სამხედროებმა 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლეს.
რუსი მწერალი და Z-საზოგადოების მკვლევარი ივან ფილიპოვი დარწმუნებულია, რომ ომის მონაწილეების დაბრუნების შემდეგ რუსეთი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
“რუსეთი აღმოჩნდება ისეთი პრობლემების წინაშე, რომელთა მასშტაბის პროგნოზირება ახლა შეუძლებელია. შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა განსხვავება იქნება ე.წ. „სვო“-ს (СВО - სპეციალური სამხედრო ოპერაცია - ასე უწოდებს რუსეთის ხელისუფლება უკრაინასთან ომს) ვეტერანებსა და წინა ომების ვეტერანებს შორის. პირველ რიგში, ფრონტიდან დაბრუნდებიან “ზეკები” (პატიმრები), მათ შორის მძიმე დანაშაულებისთვის, ძარცვისთვის, გაუპატიურებისთვის, მკვლელობებისთვის გასამართლებული პირები. ეს აქამდე არასდროს მომხდარა. მეორეც, ფრონტიდან დაბრუნდებიან დრონების ოპერატორები. ტრადიციულად, ყველაზე საშიშებად ითვლებოდნენ სნაიპერები, რადგან სნაიპერი თავისი მსხვერპლის სახეს ხედავს. მათგან განსხვავებით ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ომში ყველაზე მეტ სიკვდილზე, იქნებიან ეს პილოტები, რომლებიც ბომბებს ყრიან ან არტილერისტები, რომლებიც შორიდან ისვრიან საშინელ ჭურვებს, ვერ ხედავენ თავიანთი მოქმედების შედეგებს. მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ ამ ფაქტორების კომბინაციას. დრონების ოპერატორი არის მასობრივი მკვლელი, რომელიც ყოველ ჯერზე დეტალურად ხედავს, თუ როგორ კვდება მისი მსხვერპლი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის The Current Time-ის რედაქციას ივან ფილიპოვი.
სამხედრო ექსპერტები გამოყოფენ კიდევ ერთ ფაქტორს, რომელიც ასევე დიდ გავლენას იქონიებს ე.წ. სვო-ს ვეტერანის ქცევაზე.
რუსი სამხედრო ბლოგერებიც კი ვერ მალავენ, რომ ფრონტზე ნარკომანიის ნამდვილი ეპიდემია მძვინვარებს. რუსი სამხედროების ნაწილი (მაგალითად 2022 წლის სექტემბერში მობილიზებულები) სამი წელია ფრონტზე იმყოფება. როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, ადამიანის ორგანიზმი არ არის ადაპტირებული ასეთი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვებისთვის. შესაბამისად დემობილიზაციის შემდეგ ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის მძიმე ფორმით დაავადებული ასობით ათასი ადამიანი დაბრუნდება ფრონტიდან.
გარდა ამისა დაბრუნებულთა შორის იქნებიან კარგად კოორდინირებული კოლექტივები, ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფებები - მკვლელობებისა და ძარცვებისთვის გამზადებულები, დაუსჯელობას მიჩვეულები და, ასე თუ ისე, უკვე ხელისუფლების ვერტიკალში ინტეგრირებულები. „როდესაც ნარკომანიის ეპიდემიაზე ვსაუბრობთ, ნარკოტიკები ჰაერიდან არ ჩნდება. იქ უკვე არიან გამზადებული მაფიოზური დაჯგუფებები, რომლებმაც შესანიშნავად იციან, როგორ ივაჭრონ ნარკოტიკებით და ა.შ.“ - ამბობს ივან ფილიპოვი, რომლის თქმითაც, ომის ყველა მონაწილეს ასევე ექნება უსამართლობის საშინელი განცდა, რაც, როგორც წესი, ყველა ომის ვეტერანებისთვის არის დამახასიათებელი.
„ჩვენ იქ თავს ვწირავდით, თქვენ აქ ერთობოდით“, - ამბობენ ხოლმე ვეტერანები.
„ჩვენ არსად გაგვიგზავნიხართ!“ - უპასუხებენ მათ.
“ასე იყო ყველა ომის შემდეგ. ავღანეთის შემდეგ, ჩეჩნეთის შემდეგ", - ამბობს ივან ფილიპოვი, - "მაგრამ ვშიშობ, რომ ახლა ეს კიდევ უფრო უარესად იქნება, რადგან ომის პირველი დღეებიდან მოყოლებული, უამრავი Z-ტექსტის მთავარი თემაა რუსული საზოგადოების სრული გულგრილობა რუსი ჯარისკაცის ე.წ. თავდადების მიმართ. არადა, თითოეული ეს ტექსტში განმსჭვალულია სულისკვეთებით, „ჩვენ თქვენი გულისთვის ვკვდებით, თქვენს გამო ვმარხავთ მეგობრებს, თქვენ კი ფეხებზე გკიდივართ“. მაგრამ ვიდრე ეს ყველაფერი დისტანციაზე ხდება, რუსულ საზოგადოებას ჯერ კიდევ შეუძლია თავი მოიტყუოს და იფიქროს, რომ ომი არ არსებობს. ცხადია, ყველა ვეტერანი ასე არ იფიქრებს და ყველა არ შემოიხევს ტანსაცმელს, მაგრამ, რაც უნდა ვთქვათ, საუბარია ათასობით ისეთ ამბავზე, რომელიც ნებისმიერი რამით შეიძლება დასრულდეს - დანის დარტყმით, ცეცხლის გახსნით და ა.შ., რადგან ბევრი ჯარისკაცი იარაღით დაბრუნდება ფრონტიდან”.
შეიძლება თუ არა ამან საფრთხე შეუქმნას პუტინის პოლიტიკურ სისტემას?
ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ფრონტზე ჩამოყალიბებული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები სერიოზულ პრობლემებს შექმნიან. “ყველას ახსოვს სოფელი კუშჩევსკაია და ძმებ ცაპოკების ბანდა", - ამბობს ფილიპოვი, - "წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ბანდები მოედება მთელ რუსეთს, რომ ასეთი დაჯგუფებები დაბრუნდებიან არა ერთ სოფელში, არამედ ასოებით სოფელსა და ქალაქში. რა გამოვა აქედან, მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია”.
2010 წლის ნოემბერში ცაპკოების ბანდის წევრებმა, კრასნოდარის მხარის სოფელ კუშჩევსკაიაში „დასაჯეს“ ფერმერი სერვერ ამეტოვი, რომელმაც უარი უთხრა „ცაპკოელებს“ ფულის გადახდაზე. კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა 12 ადამიანი მოკლეს: თავად ფერმერი ამეტოვი, მისი მეუღლე, მათი შვილები, ასევე ამეტოვებთან მისული სტუმრები მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ანდრეი ბიკოვი, „ცაპკოების ბანდის“ ერთ-ერთი მთავარი წევრი (მეტსახელად „ბიკ“) დაიღუპა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ბიკოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი სხვა და სხვ დროს ჩადენილი მკვლელობებისთვის. 2024 წელს მან ფრონტზე წასვლის სურვილი გამოთქვა, რის გამოც შეიწყალეს და ციხიდან გაუშვეს. Telegram არხ Baza-ს მტკიცებით, ბიკოვი 2025 წლის აპრილში დაიღუპა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ივლისში გავრცელდა.
ცხადია, ამ საფრთხეს გრძნობს რუსეთის ხელისუფლებაც და მისი ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები. ფილიპოვი დარწმუნებით ამბობს, რომ ომის დასაწყისში, როგორც კი გაირკვა, რომ ბლიცკრიგზე საუბარი აღარ იყო, „როსგვარდიამ“ და სხვა ე.წ. ძალოვანმა სტრუქტურებმა რაღაც სოციალური კონტრაქტის მსგავსი გააფორმეს ხელისუფლებასთან: “მათ არ გზავნიან ფრონტზე, მაგრამ სამაგიეროდ ისინი შინ ელოდებიან მათ, ვინც ფრონტიდან უნდა დაბრუნდეს. ეს ადამიანები ხვდებიან, რომ ფრონტიდან დაბრუნებულები პირველ რიგში მათ გაუხსნიან ცეცხლს. ამიტომ ისინი ემზადებიან ამისთვის”.
ომის მონაწილეები და არჩევნები
რუსეთში გასულ უქმეებზე რეგიონული პარლამენტების არჩევნები ჩატარდა. როგორც მოსალოდნელი იყო გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ - „ერთიანმა რუსეთმა“. ანალიტიკოსების თქმით, ეს არჩევნები იმითაც იყო გამორჩეული, რომ მასში მონაწილეობა მიიღო (კენჭი იყარა) უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე 1400-მდე პირმა. როგორც ექსპერტებმა დაიანგარიშეს, ეს რაოდენობა დეპუტატობის კანდიდატთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 1,5%-ია. არჩევნების მსვლელობისას, ბევრმა გაიხსენა ვლადიმირ პუტინის ორი წლის წინანდელი დაპირება, რომ ომის ვეტერანებისგან „ახალ ელიტას“ შექმნიდა.
პუტინი და რუსეთის ხელისუფლება მართლაც ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთში ახალი ელიტა იქმნება და, რომ ხელისუფლებაში ნელ-ნელა მიდიან ომის ვეტერანები, რომელთა რაოდენობა მომდევნო არჩევნებში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ზოგიერთი პროკრემლისტური პოლიტოლოგი ამტკიცებს, რომ შემდეგი მოწვევის სახელმწიფო დუმაში, რომელიც 2026 წელს უნდა აირჩიონ, დეპუტატთა 40% სწორედაც რომ ომის მონაწილეები ან თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები იქნებიან.
თუმცა, როგორც გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპის“ რედაქტორის, კირილ მარტინოვი ამბობს, პარადოქსი ის არის, რომ ახლა მსგავსი არაფერი ხდება, რადგან ომის მონაწილეები (და ზოგადად სამხედროები), რაოდენობის მიხედვით, კანდიდატთა პროფესიების ჩამონათვალის ათეულშიც კი არ შედიან.
„ჩვენ ვხედავთ რუსეთის მთავრობის მცდელობებს, გააბუქოს ომის ვეტერანების პოლიტიკაში მონაწილეობის თემა. მაგრამ პრაქტიკულად ომის ვეტერანები კანდიდატების მხოლოდ 1,5%-ს შეადგენენ|", - უთხრა კირილ მარტინოვმა The CurrentTimes-ს.
არჩევნების მკვლევართა დაკვირვებით, რუსული პროსამთავრობო და რეგიონული მედია არჩევნებში (კენჭისყრაში) მონაწილე სამხედრო პერსონალს არაპროპორციულ ყურადღებას უთმობდა. მედიაში გაშუქება მონაწილეობა რაოდენობის პროპორციული რომ ყოფილიყო, ომის მონაწილე კანდიდატების შესახებ პუბლიკაციების წილიც დაახლოებით 1,5%-ის ფარგლებში იქნებოდა, თუმცა, სინამდვილეში გაშუქება ოთხჯერ მეტი იყო: როგორც ირკვევა, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული პოსტების დაახლოებით 7% ე.წ. СВО-ს მონაწილეებს ეხებოდა.
„უნდა დავფიქრდეთ, რატომ არის ასეთი განსხვავება სახელმწიფო პროპაგანდის მიერ დახატულ სურათსა და სინამდვილეს შორის", - ამბობს კირილ მარტინოვი, - "საფიქრებელია, რომ ე.წ. ძველ ელიტას დიდად არ მოსწონს ახლის ხილვა თავის რიგებში. ისინი ამ ვითარებას ისეთად მიიჩნევენ, რომელსაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ. ამჟამინდელი რუსული სახელმწიფოსთვისაც კი საკმაოდ სახიფათო და რთულია ამ ადამიანების პოლიტიკაში შეშვება. ხელისუფლება ხვდება, თუ რა საფრთხეს უქმნის ომის დასრულება მის სტაბილურობას. ხვდება, რომ მილიონამდე ადამიანი, ვინც ომი გამოიარა და ქვეყანაში ბრუნდება, საზოგადოებრივი ცხოვრების ახალი ფაქტორი იქნება, რაც პუტინის სისტემის მდიდარ, ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს არ მოეწონებათ. სხვა საქმეა, რომ ისინი კვლავ ცდილობენ ხალხს უთხრან, რომ ომში წასვლა ღირსეული ადამიანების საქმეა და, რომ ომიდან დაბრუნებულ ადამიანებს ყველანაირად უნდა დაუჭირონ მხარი, მათ შორის პოლიტიკურ საქმიანობაშიც“.
„ნოვაია გაზეტა. ევროპის“ რედაქტორის თქმით, ცალკეული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მხარდაჭერის ყველა პროგრამის მიუხედავად, სამხედროები თითქმის არასდროს იკავებენ მართლა მაღალ თანამდებობებს:
„არავის სჭირდება საბრძოლო მოქმედებების ნამდვილი მონაწილეები. მათ არ ჰყავთ მხარდამჭერები. არ აქვთ არც ფული და არც გამოცდილება“.
რუსეთის მთავრობა იძულებულია „ეფლირტაოს“ სამხედროებს (ომის მონაწილეებს), რადგან ხვდება, რომ მოქალაქეების ამ კატეგორიასთან პრობლემები შეექნება,თუმცა პარალელურად სიგნალს უგზავნის კარიერისტებს, რომ ის ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები, რომლებიც სვო-ში მიიღებენ მონაწილეობას, დაწინაურდებიან.
„გრძელვადიან პერსპექტივაში, ომი მაინც იქონიებს გავლენას პოლიტიკაზე", - ამბობს ალექსეი გილევი, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების შესწავლის ე. გაგარინის ცენტრის თანამშრომელი, - "მაშინაც კი, თუ ზემოდან განსაკუთრებული მხარდაჭერა არ იქნება. უნდა ველოდოთ, რომ საბრძოლო გამოცდილების მქონე ცალკეული ადამიანები ძალაუფლებისთვის ბრძოლას დაიწყებენ. ეს გააძლიერებს პოლიტიკაში კონსერვატიულ გადახრას და პატრიოტიზმის სამხედრო-სახელმწიფოებრივ ხედვას“.
ფორუმი