Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხმძიმე მოსწავლეები, სტუდენტები, მათი დედები... - გამრავლება ყველაფრის ფასად


„შეიზღუდოს ერთოთახიანი ბინების წილი ბაზარზე“, - ამბობს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ანატოლი შიროკოვი და მიიჩნევს, რომ მისი ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ოჯახების შექმნას და რუსეთში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებას. საილუსტრაციო ფოტო.
„შეიზღუდოს ერთოთახიანი ბინების წილი ბაზარზე“, - ამბობს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ანატოლი შიროკოვი და მიიჩნევს, რომ მისი ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ოჯახების შექმნას და რუსეთში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებას. საილუსტრაციო ფოტო.

რუსეთის ფედერაციაში შობადობის მაჩვენებლები ისეთი დაბალი, როგორც ახლაა, არასოდეს ყოფილა. ვითარებას ამძიმებს მაღალი სიკვდილიანობა. მოსკოვი ცდილობს, გამოასწოროს ომის შედეგად უკიდურესად გაუარესებული დემოგრაფიული ვითარება, რისთვისაც იღებს უცნაურ, ხშირ შემთხვევაში, ეთიკისგან დაცლილ გადაწყვეტილებებს.

რუსეთის მთავრობას სკოლაში შეაქვს ახალი საგანი „ოჯახისცოდნეობის“ სახით, ახალისებს ადრეულ ასაკში ბავშვის გაჩენას, ზღუდავს ორსულობის შეწყვეტის შესაძლებლობას, კრძალავს ე.წ. ჩაილდფრის პროპაგანდას და არარსებულ „ლგბტ მოძრაობას". თუმცა რუსეთის ცენტრალური თუ რეგიონული დონის ჩინოვნიკები ამასაც არ სჯერდებიან. მათ სულ ახალ-ახალი ინიციატივები აქვთ, რომლებითაც, მათი აზრით, შესაძლებელია შობადობის მაჩვენებლის გაზრდა და დემოგრაფიული ორმოდან ამოსვლა. მაგალითად, 2025 წლის 14 აპრილს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში (დუმა) გაიჟღერა ქალებისთვის სამუშაო საათების შემცირების ინიციატივამ.

"დღის წესრიგში დგას დემოგრაფიის (შობადობის) გაზრდის საკითხი, ახალგაზრდა ქალებს როდის ექნებათ დრო პირადი ცხოვრების მოსაწყობად, თუ ისინი მთელ დღეს სამსახურში გაატარებენ, შემდეგ კი დაღლილები დაბრუნდებიან შინ?" - იკითხა ინიციატივის ავტორმა დეპუტატმა იგორ ანტროპენკომ.

დემოგრაფიული კატასტროფა

რუსეთს სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები აქვს, რომლებიც წლების განმავლობაში ძლიერდებოდა და დღეს კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ძირითადი პრობლემებია:

  • დაბალი შობადობა – რუსეთში შობადობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. თითო ქალზე საშუალოდ მოდის დაახლოებით 1,4 შვილი, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია მოსახლეობის სტაბილური რაოდენობის შესანარჩუნებლად საჭირო მინიმუმზე (დაახლოებით 2,1).
  • მაღალი სიკვდილიანობა – სიკვდილიანობის მაჩვენებლები (განსაკუთრებით მამაკაცებში) კვლავ მაღალია. ამას განაპირობებს ომი, ალკოჰოლიზმი, ცუდი ცხოვრების წესი, სიღარიბე, ჯანდაცვის პრობლემები.
  • მოსახლეობის დაბერება – მოსახლეობის საშუალო ასაკი იზრდება. შობადობის შემცირებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის (განსაკუთრებით ქალებში) ზრდის გამო, რუსეთში ბევრად მეტი ხანდაზმული ადამიანია, ვიდრე ახალგაზრდა.
  • უკრაინასთან ომი - რუსეთმა უკრაინასთან ომში განიცადა მძიმე დანაკარგები, თუმცა ამასთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემები არ არსებობს. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 2025 წლის 1 თებერვლისთვის, რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 839 040 ჯარისკაცი. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის მარტამდე რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 900 000 სამხედრო, მათ შორის 200 000–250 000 დაიღუპა. BBC-ის რუსული სამსახურისა და Mediazona-ს მიერ დადასტურებული მონაცემებით, 2025 წლის იანვრის ბოლოსთვის დაღუპული იყო 90 019 რუსი ჯარისკაცი.
  • ემიგრაციის ტალღა - 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ემიგრაციის დიდი ტალღა წარმოშვა. მთლიანობაში, რუსეთი დაახლოებით 800 000-900 000-მა ადამიანმა დატოვა. თუმცა ამ ემიგრანტების ნაწილი მოგვიანებით დაბრუნდა. შესაბამისად, არაოფიციალური მონაცემებით, 2024 წლისთვის უცხოეთში დარჩენილი რუსების რაოდენობა დაახლოებით 650 000-მდეა. ემიგრაციაში ძირითადად წავიდნენ ახალგაზრდა, განათლებული და პროფესიონალი მოქალაქეები.

ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის ხელისუფლებას მოსახლეობის ზრდა სჭირდება სამხედრო მიზნების გადაჭრისთვისაც. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის აქტიური სამხედრო პერსონალი 1,32 მლნ სამხედროს შეადგენს. The Guardian-ის ინფორმაციით, რუსეთს დაახლოებით 580 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული უკრაინაში. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის 67 000-ზე მეტი ჯარისკაცი სუმის ოლქის საზღვართან დგას, რაც მიუთითებს ფართომასშტაბიანი შეტევის მზადებაზე. ISW-ის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოსთვის რუსეთის ჩრდილოეთის ძალების საერთო რაოდენობა 72 000–75 000 ჯარისკაცს შეადგენდა.

არც შვილები უნდა მოცდნენ და არც - მშობლები

ინტერნეტგამოცემა "მედუზამ" შეაგროვა რუსი ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების უცნაური ინიციატივები, რომლებიც, ავტორთა თქმით, მიზნად ისახავს რუსეთში შობადობის მაჩვენებლების გაზრდას.

„აიკრძალოს ალკოჰოლის გაყიდვა კვირაობით“, - სახელმწიფო დუმის დეპუტატი ანდრეი სვინცოვი.

„დაევალოთ არქიეპისკოპოსებს, მონათლონ ერთ ოჯახში დაბადებული ყველა მეოთხე ბავშვი“, - რუსეთის შორეული აღმოსავლეთისა და არქტიკის განვითარების მინისტრმა ალექსეი ჩეკუნოვმა ამ ინიციატივით მიმართა ვლადიმირ პუტინს აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე 2024 წლის სექტემბერში. პუტინმა მოიწონა იდეა, რომელიც რუსეთის პატრიარქმაც აიტაცა. კირილემ განაცხადა, რომ ამგვარი წესით მოსანათლია ოჯახებში გაჩენილი არა მეოთხე, არამედ მესამე და ყოველი მომდევნო ბავშვი.

"მჯერა, რომ მორწმუნე ოჯახებისთვის ეს იქნება კარგი სტიმული მრავალშვილიანობისთვის", - განაცხადა მინისტრმა ჩეკუნოვმა.

„შეიზღუდოს ერთოთახიანი ბინების წილი ბაზარზე“, - რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ანატოლი შიროკოვი. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ოჯახების შექმნას და რუსეთში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებას.

"საოჯახო პროდუქტებისა და სერვისების რეკლამებში აჩვენონ მრავალშვილიანი ოჯახები", - რუსეთის დუმის ფრაქციის, "სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის", თავმჯდომარის პირველი მოადგილე დუმაში დიმიტრი გუსევი გამოვიდა ინიციატივით, საოჯახო პროდუქტებისა და სერვისების რეკლამებში აჩვენონ მხოლოდ მრავალშვილიანი მშობლები (სამი ან ოთხი შვილით). როგორც საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი იუწყება, რუსმა დეპუტატებმა უკვე მოამზადეს შესაბამისი კანონპროექტი. გუსევის აზრით, რუსულ რეკლამებსა და კინოში უფრო ხშირია სიუჟეტები, რომლებიც აგებულია ერთ ან ორშვილიან ოჯახებზე.

„გთავაზობთ ასეთ ინიციატივას: თუ რეკლამაში ჩნდება ოჯახი, კანონმდებლობით სავალდებულო გავხადოთ, რომ ეს ოჯახი იყოს სამი და ოთხი ბავშვით. თუ გვინდა, რომ გვყავდეს მრავალშვილიანი ოჯახები, მაშინ ისინი უნდა ჩანდნენ ყველგან - ტელევიზიაში, რეკლამაში, კინოში და ა.შ.", - განაცხადა დეპუტატმა გუსევმა.

„გაიგზავნონ სკოლის მოსწავლეები ექსკურსიებსა და სალაშქრო ტურებში, მათ მშობლებს კი ამ დროს სახელმწიფომ გადასცეს კაფეებსა და თეატრებში შესასვლელი სერტიფიკატები“, - მოსკოვის დუმის დეპუტატმა ვალერი გოლოვჩენკომ ეს ინიციატივა გაახმოვანა ფრაქცია "ერთიანი რუსეთისა" და დეპუტატთა გაერთიანება "ჩემი მოსკოვის" მიერ მოწყობილი კონფერენციის ("მომავლის მართვა: მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, როგორც დემოგრაფიული გამოწვევების დაძლევის ფაქტორი") დროს.

"მე ვამბობ: მოდით, დავტოვოთ მშობლები ერთმანეთთან მარტო. სამი ნაბიჯი, როგორ გავაკეთოთ ეს: ჩვენ უნდა განვავითაროთ სასკოლო ტურიზმი, ექსკურსიები. ბავშვები სამი-ოთხი დღით უნდა წავიდნენ სახლებიდან და მშობლები დატოვონ მარტო. ამიტომ, პირველ რიგში უნდა გავზარდოთ დაფინანსება ამ მიმართულებით", - თქვა ვალერი გოლოვჩენკომ, რომლის თანახმად, ასევე საჭიროა ფიქრი იმ მასწავლებელთა დაფინანსებისა და ანაზღაურების გაზრდაზე, რომლებიც ბავშვებთან ერთად ივლიან ექსკურსიებზე და, შესაბამისად, აიღებენ პასუხისმგებლობას მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, ვალერი გოლოვჩენკოს აზრით, მშობლებს, რომელთა შვილები ექსკურსიებზე წავლენ, უნდა გადაეცეთ სერტიფიკატები თეატრებსა თუ კაფეებში წასასვლელად.

„ამ გზით შევქმნით აურას, შევქმნით ატმოსფეროს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამი მარტივი ნაბიჯი, სულ მცირე, დაგვაყენებს შობადობის გაზრდის გზაზე", - დარწმუნებულია რუსი დეპუტატი.

"გარკვეული თანხის გადახდა აბორტის გაკეთებაზე უარის სანაცვლოდ, რათა ქალმა გააჩინოს ბავშვი და გადასცეს სახელმწიფოს", - სახელმწიფო დუმის დეპუტატი სულთან ხამზაევი.

"ორსულად მყოფ მოსწავლეებსა და სტუდენტებს სახელმწიფომ გადაუხადოს 100 000 რუბლი - ორიოლის ოლქში ორსულ მოსწავლეებს 100 000 რუბლის ოდენობის ანაზღაურებას გადაუხდიან", - ამის შესახებ ნათქვამია რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის მიერ 2025 წლის მარტში გამოცემულ ბრძანებაში.

2024 წლის დეკემბერში რეგიონის ხელმძღვანელმა შემოიღო 100 000 რუბლის (1200$) ოდენობის შემწეობა ორსულ სტუდენტებზე. ახლა, განკარგულების თანახმად, თანხა ასევე გადაეცემათ გოგონებს, რომლებიც სწავლობენ არა მხოლოდ ტექნიკუმებსა და უნივერსიტეტებში, არამედ რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

გამოცემა "7×7-ის" თანახმად, ორსულობის ფულადი წახალისება, მათ შორის სტუდენტებში, რუსეთის ფედერაციის 40-ზე მეტმა რეგიონმა შემოიღო.

2025 წლის იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაავალა მთავრობას, შეიტანოს კანონმდებლობაში ცვლილება, რომელიც საარსებო მინიმუმამდე გაზრდის ორსულობისა და მშობიარობის ანაზღაურებას იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დასწრებულად სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში. ამჟამად დახმარება იანგარიშება სტიპენდიის ოდენობის მიხედვით და შეადგენს 10-დან 23 ათას რუბლამდე (120-278$) სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში. რუსეთის შრომის სამინისტროს განმარტებით, რეგიონები ფეხმძიმე სტუდენტებისთვის გადასახდელ თანხებს დაიანგარიშებენ ადგილობრივი საარსებო მინიმუმებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ლიპეცკისა და ტამბოვის ოლქებში ეს თანხა იქნება 74 ათასი რუბლი (895$), ხოლო ჩუკოტკის ავტონომიურ ოლქში - 235 ათასი რუბლი (2840$).

"სკოლებში დისკოთეკების მოწყობა", - რუსეთის განათლების სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი ნატალია აგრე გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას სკოლის მოსწავლეებისთვის "რომანტიკული ურთიერთობების პირობები", რათა გაიზარდოს შობადობა. ინიციატივა გამოითქვა სახელმწიფო დუმაში გამართულ მრგვალ მაგიდაზე.

"სად არის რომანტიკა? <...> სად არის ჩვენი სასკოლო დისკოთეკები? ასაკი, რომელშიც მოზარდებს სურვილი აქვთ, თავიანი თავი დაინახონ ოჯახურ ურთიერთობაში, 18-დან 21 წლამდეა, და ასეთი სულ 8%-ია. ეს ძალიან ცოტაა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ შევუქმენით მათ რომანტიკული ურთიერთობების პირობები <...> ჩვენ გვჭირდება ადგილები, სადაც ყმაწვილები შეძლებენ გოგონების დაპატიჟებას პაემნებზე", - განაცხადა ნატალია აგრემ.

რუსეთის დუმაში გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე იმაზე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა გაიზარდოს შობადობის კოეფიციენტი ჯერ 1,6-მდე (2030 წლისთვის), შემდეგ კი 1,8-მდე (2036 წლისთვის). სწორედ ასეთი მიზნების მიღწევას ითვალისწინებს 2024 წლის მაისში პუტინის მიერ გამოცემული განკარგულება. 2025 წლისათვის რუსეთში შობადობის კოეფიციენტი 1,4-ია.

"რუსეთის მასშტაბით ლოტოს გათამაშების მოწყობა ახალშობილებისთვის: გათამაშდება ბინები, მანქანები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა", - სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი ბორის ჩერნიშოვი.

"უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას იმ სტუდენტებს, რომლებსაც ბავშვი შეეძინათ საბუთების შეტანამდე ერთი წლის განმავლობაში, დაემატებათ ჩარიცხვისთვის საჭირო ქულები", - რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ანდრეი კუტეპოვი.

„არ არის საჭირო გოგონების ორიენტირება უმაღლესი განათლების მიღებისკენ და შესაბამისი მოტივაციის გაღვივება", - რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი მარგარიტა პავლოვა.

„შევწყვიტოთ გოგონების ორიენტირება უმაღლესი განათლების მიღებაზე“, - ეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორმა ჩელიაბინსკის ოლქიდან, მარგარიტა პავლოვამ ტელეკომპანია „ცარიგრადისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა:

„საჭიროა შევწყვიტოთ გოგონების ორიენტირება უმაღლესი განათლების მიღებაზე. საჭიროა შევამციროთ იმ ახალგაზრდა ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებენ უმაღლეს განათლებას, რაც, საბოლოო ჯამში, ფაქტობრივად, არაფერს აძლევს მათ - როგორც წესი, ისინი ან იწყებენ სამსახურს სრულიად სხვა სპეციალობებით, ან უწევთ კიდევ დამატებით სხვა რამის გაკეთება... და ეს საკუთარი თავის ძიება გრძელდება წლების განმავლობაში და შედეგად იკარგება შობადობის დედობრივი ფუნქცია".

მარგარიტა პავლოვა იმასაც ჩივის, რომ მშობლები ქალიშვილებს ურჩევენ, ჯერ განათლება მიიღონ და კარიერა გაიკეთონ და მხოლოდ შემდეგ გააჩინონ შვილები.

„შედეგად ჩვენ გვყავს თაობა 40 წლის უბედური ქალებისა, რომლებიც ვერ რეალიზდნენ ვერც დედებად და ვერც ქალებად, მათ არ იციან, რა არის ოჯახური კერა. რაც უფრო ძლიერი ხდება ქალი, მით უფრო სუსტდებიან მის გვერდით მყოფი მამაკაცები. შესაბამისად, ეს პარადოქსი, რომელიც ჩვენ თვითონ შევქმენით ფემინიზმითა და "აბორტული აზროვნებით", ჩვენ თვითონ უნდა დავძლიოთ", - აღნიშნა რუსმა სენატორმა ქალმა, რომლის თქმითაც, „ქალებმა დაივიწყეს თავიანთი ქალური დანიშნულება: შვილების გაჩენა, ოჯახური კერის შენარჩუნება".

თავად პავლოვამ, როგორც რუსული მედია წერს, სკოლის დასრულების შემდეგ ჩააბარა უნივერსიტეტში, რომელიც დაასრულა 21 წლის ასაკში. შემდეგ რამდენიმე წელი მუშაობდა ტელეწამყვანად. 2010 წელს გახდა ბავშვთა უფლებების დამცველი ჩელიაბინსკის ოლქში, მოგვიანებით კი - ადამიანის უფლებათა რეგიონული რწმუნებული. 2019 წლიდან სენატორია. გაზეთი "კომსომოლსკაია პრავდა" წერდა, რომ პავლოვას ჰყავს სამი შვილი, რომლებიც მან უნივერსიტეტის დამთავრებისა და კარიერის დაწყების შემდეგ გააჩინა.

გამრავლებაზე ზრუნვა სკოლის ასაკიდან

რუსეთის საშუალო სკოლებში ინერგება ახალი საგანი, „ოჯახისმცოდნეობა", რომელიც განკუთვნილია V-IX კლასებისთვის. ავტორების ჩანაფიქრით, ამ კურსმა უნდა ასწავლოს ბავშვებს მტკიცე ოჯახების შექმნა, რომელმაც, თავის მხრივ, უნდა გადაჭრას რუსეთის მწვავე დემოგრაფიული პრობლემები.


2022 წლის შემდეგ რუსეთის სკოლებში არაერთი ახალი საგანი დაინერგა.
2022 წლის შემდეგ რუსეთის სკოლებში არაერთი ახალი საგანი დაინერგა.

სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორისა და სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ნინა ოსტინინას თქმით, ეს კურსი "სავალდებულო უნდა გახდეს ყველა სკოლის მოსწავლეებისთვის“.

წიგნი შედგება ხუთი ნაწილისგან:

  • „ადამიანი, ოჯახი, საზოგადოება“;
  • „ჩემი ნათესავები - მსგავსები და განსხვავებულები“;
  • „ოჯახური მყუდროებისა და არა მხოლოდ მის შესახებ“;
  • „ყველაზე მნიშვნელოვანი - კლიმატი სახლში“;
  • „თანამედროვე ოჯახი და კანონი“.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ქვეთავებში ახსნილია თითოეული ადამიანისთვის მართლაც მნიშვნელოვანი თემები: ოჯახის ისტორია, ურთიერთობა შვილიშვილებსა და ბებია-ბაბუებს შორის, საოჯახო მეურნეობის გაძღოლა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბავშვებიანი ოჯახების მხარდაჭერა სახელმწიფოს მიერ, მშობლებისა და ბავშვების უფლებები და მოვალეობები.

"ოჯახისმცოდნეობა" ასევე ასწავლის მოსწავლეებს, რომ "თითოეული ადამიანი უნდა მიუდგეს პარტნიორის არჩევას გააზრებულად", ხოლო დედასა და მამას აქვთ "უნიკალური როლები, რომელთა შეცვლა შეუძლებელია". სახელმძღვანელო განმარტავს, თუ რატომ ითვლება ტრადიციული ოჯახი "ერთადერთ მდგრად საზოგადოებად". ერთ-ერთ თავში ნათქვამია, რომ "სიყვარული გრძნობა კი არა, პასუხისმგებლობაა".

სპეციალისტების თქმით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სახელმძღვანელოში აღწერილმა ამ იდეალურმა რუსმა მშობლებმა "განაყოფიერება და გამრავლება" დაიწყეს სკოლაში ან სკოლის დამთავრებისთანავე, რაც, ფაქტობრივად, შეესაბამება კიდეც რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას არა მხოლოდ "მრავალშვილიანობაზე", არამედ "ერის გაახალგაზრდავებაზეც".

დემოგრაფების შეფასებით, რუსეთში პერმანენტული დემოგრაფიული კრიზისია: 10 ქორწინებაზე მოდის 8 განქორწინება, ხოლო შობადობა 25 წლის განმავლობაში მინიმუმამდეა დაცემული, რუსეთის ხელისუფლება კი ამ გამოწვევას უკიდურესად სწორხაზოვნად უპასუხებს - ართულებს განქორწინების პროცედურას, ცდილობს აკრძალოს აბორტები და მოუწოდებს ბავშვების გაჩენისკენ ყველას, ვისაც შეუძლია, მათ შორის სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებსაც კი.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შობადობის ასეთი დაბალეთიკური სტიმულირება სინამდვილეში ვერ გააუმჯობესებს ქვეყნის დემოგრაფიას. ფსიქოლოგი ლუდმილა პეტრანოვსკაია ამბობს, რომ ასეთ პროპაგანდას შობადობის ზრდა შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების მხოლოდ იმ სეგმენტში, რომელსაც ყველაზე მეტი რისკი აქვს, ვერ გაუმკლავდეს ბავშვის აღზრდას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG