Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქონების გადასახადი - ვის უწევს დეკლარაციის შევსება?


დეკლარაციის შევსების ვადა 3 ნოემბრამდეა - წესით, ვადა 1 ნოემბერს იწურებოდა, თუმცა რადგან შაბათია, ვადა გახანგრძლივდა მომდევნო სამუშაო დღემდე.
დეკლარაციის შევსების ვადა 3 ნოემბრამდეა - წესით, ვადა 1 ნოემბერს იწურებოდა, თუმცა რადგან შაბათია, ვადა გახანგრძლივდა მომდევნო სამუშაო დღემდე.

ორი დღე დარჩა საქართველოში ქონებრივი დეკლარაციის შევსებისთვის. ყველა, ვისმა შემოსავალმაც გასულ წელს 40 000 ლარს გადააჭარბა და ქონებასაც ფლობს, ვალდებულია ჯერ დეკლარაცია შეავსოს, შემდეგ კი გადასახადი გადაიხადოს - ამისთვის მას რამდენიმე დღე აქვს.

ვის ეკუთვნის დეკლარაციის შევსება?

თუკი 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენი ანაზღაურება 40 000 ლარზე მეტი იყო, ვალდებული ხართ შეავსოთ დეკლარაცია. აუცილებელია, ქონებრივი დეკლარაცია შეივსოს მაშინაც, თუკი ოჯახის შემოსავალი აჭარბებს ამ თანხას.

იგივე წესი ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ პირებზე.

როგორ უნდა მიხვდე, გეკუთვნის თუ არა ქონების გადასახადის გადახდა?

თუ თქვენ „ხელზე“ 40 000 ლარზე ნაკლები აიღეთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ ხართ ვალდებული დეკლარაცია შეავსოთ. წლიურ შემოსავალში იგულისხმება არა მხოლოდ ის თანხა, რომელიც თქვენს საბანკო ანგარიშზე დაირიცხა, არამედ ბიუჯეტში გადახდილი თანხაც - თქვენი ხელფასის 20% და საპენსიო გადასახადი, 2%.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თუ გასულ წელს, 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით თქვენს ანგარიშზე დაირიცხა დაახლოებით 31 200 ლარი მაინც - თვეში 2600 ლარი.

თქვენი ხელფასი ყველა გადასახადის ჩათვლით ჩანს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (rs.ge): მენიუდან უნდა გადახვიდეთ „ზოგად ინფორმაციაში“, შემდეგ კი ნახოთ „პირადი შემოსავალი“.

სისტემა საშუალებას გაძლევთ, მონაცემები სხვადასხვა პერიოდის მიხედვით მოიძიოთ.

სად უნდა შევავსო დეკლარაცია?

დეკლარაცია ივსება მხოლოდ ელექტრონულად - უნდა დარეგისტრირდეთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. რეგისტრაციის შემდეგ პირველივე გვერდზე გამოჩნდება ველი, რომელსაც აწერია „ფიზიკური პირის ქონება“. არჩევის შემდეგ უნდა მოიცადოთ რამდენიმე წამს - მხოლოდ ამის შემდეგ შეგეძლებათ „ახალი დეკლარაციის“ შევსება.

დეკლარაციაში ასახეთ, რამდენი იყო თქვენი შემოსავალი, 40-დან 100 ათასამდე თუ უფრო მეტი. ამ ინფორმაციის სწორად შევსება აუცილებელია, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული, რა თანხის გადახდა მოგიწევთ.

შემოსავლის შემდეგ ირჩევთ დეკლარაციის ფორმას, „ინდივიდუალურს“ ან „საოჯახოს“, უთითებთ ქონებას.

სისტემა ავტომატურად დაგითვლით გადასახდელი თანხის ოდენობას.

როგორ უნდა მიხვდეთ, „საოჯახო“ დეკლარაცია უნდა შეავსოთ თუ „ინდივიდუალური“?

„საოჯახო“ დეკლარაციის შევსების შემთხვევაში იზოგება დრო, თუმცა „ინდივიდუალური“ დეკლარაციის შევსება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს, რომლის ხელფასიც (გადასახადების ჩათვლით) აღემატება 40 000 ლარს.

ვინ ითვლება ოჯახის წევრად?

ნებისმიერ ადამიანი, რომელთან ერთადაც ცხოვრობთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს შეიძლება სულაც არ იყოს დედა, მამა, და ან ძმა. შესაძლოა იყოს დეიდაშვილი, სიძე ან მეგობარი.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი ქონება თანასაკუთრებაა?

უნდა მიუთითოთ მხოლოდ ის წილი, რომელიც საჯარო რეესტრის მიხედვით თქვენ გეკუთვნით.

თუ დეკლარაციის შევსებაზე სხვა კითხვაც გაქვთ, მოგვწერეთ და გიპასუხებთ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG