„თუ არიან პარლამენტის წევრები, ე.ი. პარლამენტი ლეგიტიმურია. აბა რისი წევრები გახდნენ?!“ – „ოცნება“ მათ ცინიკური რეპლიკებით ხვდება.
„ქართული ოცნების“ ექსპრემიერის ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებმა, რომლებიც სადეპუტატო მანდატების გამოყენებას გეგმავენ, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პარლამენტის „ლეგიტიმურობაზე ლაპარაკი აღარავის აინტერესებს“ და პოლიტიკური რეალობა ახლა „გაბედულ ბრძოლას“ ითხოვს.
პარტიის ეს გადაწყვეტილება ზოგმა პირდაპირ „ღალატად“ და „ქართულ ოცნებასთან" გარიგებად ჩათვალა. ბოლო თვეებში, გახარიას პარტიამ თანაგუნდელებიც დაკარგა - „არალეგიტიმურ პარლამენტში“ შესვლის გადაწყვეტილების გამო.
უკვე თვეებია, ქვეყნიდან იძულებით არის წასული თავად გიორგი გახარია - მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის - „ჩორჩანის საგუშაგოს“ ეპიზოდთან დაკავშირებით.
სადავო პარლამენტის ლეგიტიმაცია?
„მათ [„ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას] ვუწოდებთ რეჟიმს და რეალობაა ის, რომ ეს რეჟიმი მართავს ახლა ქვეყანას. ის იღებს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელ კანონებს - ანტიდემოკრატიულ, ადამიანის უფლებების შემზღუდავ, ანტიკონსტიტუციურ კანონებს და ამ კანონებს აღასრულებს კიდეც, იმ თავისი მიტაცებული ხელისუფლებით...
თუკი ამ რეალობას თვალს არ გავუსწორებთ, ცვლილებისთვის კიდევ უფრო ნაკლები ბერკეტი დაგვრჩება... „ოცნებას“ არაფერში სჭირდება ლეგიტიმურობის ან არალეგიტიმურობის ამბავი. ის ისედაც ყველაფერს აკეთებს სათავისოდ“, - ასე პასუხობს ლეგიტიმაციის აღიარებასთან დაკავშირებულ ჩვენს შეკითხვებს გიორგი შარაშიძე, გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, პარტიული სიის 23-ე ნომერი, რომელიც მალე სადავო პარლამენტში შევა.
მისი მოკლე პასუხია - „ჩვენ ვაღიარებთ რეალობას“.
შარაშიძის ლოგიკით: ქუჩამ, როგორც პროტესტის „ექსკლუზიურმა“ ინსტრუმენტმა "მოლოდინები არ გაამართლა", თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების" შეცდომა იყო და პროცესი "ბუნებრივად მივიდა" 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის ოქსიმორონამდე"; ამიტომ ახლა, სადავო პარლამენტში შესვლა, პარტიის პოზიციით - ერთადერთი გონივრული ნაბიჯია, მათ შორის - "პოლიტიკის გადასარჩენად".
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გიორგი გახარიას პარტია, სხვა ოპოზიციური ჯგუფების მსგავსად, მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად თვლიდა, არ შედიოდა და ამ პროცესს სიის პირველი 12 წევრის სადეპუტატო მანდატების გაუქმებაც მოჰყვა. თუმცა რადგან მათი პარტიული სია „ჩახსნილი“ არ იყო, ადგილი შემდეგმა 12-მა დაიკავა. მათი უფლებამოსილება პარლამენტმა სექტემბრის დასაწყისში აღიარა. ახლა კი ისინი პარლამენტში შედიან.
"ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა... ის შედეგები, რაც გამოქვეყნდა არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას", - აცხადებდა გიორგი გახარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
„ქართული ოცნება“ პროცესს სხვანაირად ხედავს.
„ერთი წელი იწვალეს [გახარიას პარტიის წევრებმა] და საბოლოოდ აღიარეს - არჩევნების და პარლამენტის ლეგიტიმაცია. ესეც მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში და ზოგადად - „დიპ სტეიტში“ არსებულ რთულ მდგომარეობაზე - ხან ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ხან ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ“, - უთხრა 21 ოქტომბერს ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ „გარე პატრონების“ მართული გახარია და მისი პარტია პარლამენტს „ვერც ვერაფერს დააკლებს, ვერც ვერაფერს შემატებს“ და ეს ნაბიჯი მომგებიანი ვერც თავად ამ პარტიისთვის იქნება.
გახარიას პარტიის კიდევ ერთ წარმომადგენელს, პარტიული სიის მე-16 ნომერს, თამარ [ტატა] ხვედელიანს, რომელიც ასევე მალე შევა პარლამენტში, ვკითხეთ - ხომ არ შეუწყობს ხელს ეს ნაბიჯი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას დასავლელი პარტნიორების თვალში, რომელთა უმრავლესობამაც „ოცნებას“ ბოლო ორ არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა.
ხვედელიანის შეფასებით, ეს პროცესი შეუქცევადია.
„ოცნებამ ლეგიტიმაცია დაკარგა, როდესაც 28 ნოემბერს [2024 წლის] გამოაცხადა, რომ უარს ამბობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე [გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი გადადო 2028 წლის ბოლომდე - რ.თ.]; „ოცნებამ“ ლეგიტიმაცია დაკარგა როდესაც იძალადა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე; როდესაც მიიღო რეპრესიული, ანტიკონსტიტუციური კანონები და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებზე აგრესიული რიტორიკით საუბრობს... ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ადეკვატურად აფასებენ ყველაფერს და ეს [პარლამენტში შესვლა] არაფერს შეცვლის" - ხვედელიანი ასევე გვეუბნება, რომ მისი პარტია პარლამენტიდან გააგრძელებს დასავლელი პარტნიორების ობიექტურ ინფორმირებას.
თუკი აქამდე, გიორგი გახარიას მოღალატეს ძირითადად „ქართული ოცნება“ უწოდებდა, პრემიერის პოსტიდან მოულოდნელი გადადგომის შემდეგ, ახლა ასეთი სიტყვები ოპოზიციის რიგებიდან და პროტესტში მონაწილე საზოგადოებრივი ჯგუფებიდანაც ისმის.
გახარიას “ქრონიკულ მოღალატეს” უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი. ამბობს, რომ გახარიამ „უღალატა ჯერ ივანიშვილს, მერე საპროტესტო ელექტორატს, მერე ოპოზიციურ შეთანხმებას“ და „ეს კაცი თავის ე.წ. გუნდთან ერთად ცდილობს, რომ დაბრუნდეს „ქოცურ“ წიაღში“. ანა წითლიძე კი, მათ „ტემუდან გამოწერილ ჩინურ ქოცებს“ უწოდებს, „ჩასარეცხებს“ და ზუსტად „ქოცებად“ აღსაქმელებს.
„ჩვენ ამ ნაბიჯს ვდგამთ [პარლამენტში] არა „ქართული ოცნებისთვის“ ან საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნისთვის“; – პასუხობს კობახიძეს გიორგი შარაშიძე. ხოლო ოპონენტ ოპოზიციონერებს მიმართავს, რომ - „ოპოზიციონერობის კრიტერიუმების დაწესებაზე ექსკლუზივი ამ ქვეყანაში არავის აქვს“.„ჩვენ ვერც წითლიძის და ვერც სხვების მითითებით ვერ გადავწყვეტთ, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ოპოზიციონერი. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს“ - ამბობს შარაშიძე რადიო თავისუფლებასთან.
- 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველ ეტაპზე, გახარიას პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები ქუჩის პროტესტს ჩვეულებრივად უერთდებოდნენ და აქციებზე იდგნენ; თუმცა იმ დროსაც ხაზგასმით ემიჯნებოდნენ - „ნაციონალურ მოძრაობას“.
- „ქოცებო, თქვე ნაცებო“ - გახარიას მხარდამჭერების მთავარი სლოგანი ბევრს აღიზიანებდა.
- პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო - ძლიერ საქართველოსთან“ კოორდინაციით, მონაწილეობა მიიღო 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში, რისთვისაც ასევე გამოიწვია პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილისა და პროევროპული პროტესტის მონაწილეთა გულის წყრომა.
- თვითმმართველობის არჩევნებში ამ ორი პარტიის მაჩვენებლები, ცესკოს მონაცემებით, გაცილებით დაბალი იყო, საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე.
- ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების დიდი ნაწილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე არ მივიდა. მათ ამისკენ სხვა ოპოზიციური პარტიები მოუწოდებდნენ.
და რისი გაკეთება შეუძლია გახარიას პარტიის 12 წარმომადგენელს პარლამენტში?
„მოუწევთ სიმართლის მოსმენა. მესმის, ჩვენ სულ 12 ვიქნებით, შეიძლება კანონები მაინც თავის ჭკუაზე მიიღონ, მაგრამ ვაიძულებთ მათ, რომ სიმართლე მოისმინონ, თანაც ისე, როცა - ამას ხალხიც უყურებს “, - გიორგი შარაშიძე „გაბედული ბრძოლის“ პირობას დებს და იხსენებს სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის [„წულუკიანის კომისიის“] სხდომაზე გიორგი გახარიას ორჯერ გამოკითხვას.
„ყველა დროის რეკორდი მოხსნა ამ ვიდეოებმა“ - შარაშიძის თქმით, ამანაც გამოაჩინა, თუ როგორ „სწყურია ხალხს“ „პოლიტიკის დაბრუნება პოლიტიკურ პროცესში“.
„ქართული ოცნების“ ოპონირებას გეგმავს თამარ ხვედელიანიც.
„ჩვენს რიგებში არიან ყოფილი საჯარო მოხელეები... ჩვენ ადეკვატურად ვაფასებთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს... საქმით, მუშაობით დავამტკიცებთ ყველაფერს“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
ყოფილი თანაგუნდელის თვალით
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, უპარტიო - თეონა აქუბარდია, გიორგი გახარიას პარტიულ სიაში მე-11 ნომერი იყო, ანუ პირველ 12-ეულში, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ცესკოს შედეგებით, დეპუტატად გამოცხადდა. თუმცა, გაცდენების გამო, ამ ჯგუფს სადავო პარლამენტმა მანდატები 2025 წლის ივლისში გაუუქმა.
გახარიას პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ, თუმცა უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად განცხადებები არ დაუწერიათ.
თეონა აქუბარდია პარტიას სექტემბრის დასაწყისში გაემიჯნა - როდესაც გიორგი გახარიას საჯარო განცხადებით ცნობილი გახდა, რომ „განიხილავდნენ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ“. ის არც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის იდეას იზიარებდა.
„როდესაც ერთი წლის თავზე შედიხარ პარლამენტში, როდესაც რეჟიმი უკვე ავტორიტარულია, დასავლეთთან იზოლაციას კიდევ უფრო აძლიერებს, რეპრესიებს აწყობს და საკუთარი ხალხით ციხეებს ავსებს, ამ პარლამენტში შესვლა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. იქ ხალხის საქმე არ კეთდება“, - თეონა აქუბარდია გვეუბნება, რომ ამ ვითარებაში სრულიად წარმოუდგენლად მიაჩნია პარტიის დაპირების შესრულება - „ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების“ შესახებ.
ასევე აქუბარდია არ გამორიცხავს, რომ სადავო პარლამენტის რიგების შევსებამ „გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინოს“ „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებში და გზა გახსნას, მაგალითად - ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის მიმართულებით, რადგან ასამბლეა, მისი თქმით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის ფაქტორს.
თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ „ეს გადაწყვეტილება დამარცხებულის პოზიციიდან არის მიღებული“ და თუ მიზანი პარტიის გადარჩენაზე ზრუნვაა - "რომ არ აკრძალონ ახალი წესებით" - „ეს მიზანიც ვერ იქნება მიღწეული“.
„ნაკლებად ველოდები, რომ რაიმე დანდობა ექნება გიორგი გახარიას პარტიას ივანიშვილისგან, რაც არ უნდა დათმობებზე წავიდეს ის რეჟიმთან... მეორეა, გახარიას ფიზიკური უსაფრთხოების საკითხი - ის ევროპაშია და ვერ ჩამოდის, რადგან, როცა დასჭირდება ივანიშვილს, მაშინ გამოუტანს განაჩენს, სამშობლოს ღალატის მუხლით. გამოძიება კი არის უკვე დაწყებული“, - გვეუბნება თეონა აქუბარდია.
ირაკლი კობახიძემ 21 აგვისტოს ისევ არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას - იქნება თუ არა, საკონსტიტუციო სასამართლოს გავლით ასაკრძალ პარტიებს შორის "გახარია საქართველოსთვის" და შესაძლოა თუ არა, რომ აკრძალვისგან ის სწორედ პარლამენტში შესვლამ იხსნას?
კობახიძემ ზოგადად განმარტა, რომ პარტიებისა და მასთან დაკავშირებული ადამიანების სია საკონსტიტუციო სარჩელთან ერთად იქნება წარდგენილი, სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში და ყველაფერი მაშინ გახდება ცნობილი.
- გახარიას პარტიას "ქართული ოცნება" მოიაზრებდა „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში“, რომლის აკრძალვაც წინასაარჩევნო დაპირება იყო, ჯერ კიდევ 2024 წელს.
- 2025 წლის 17 ივლისს, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ - „არაფერს ცვლის“ ის ფაქტი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს პარტიებმა - „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ და რომ საკონსტიტუციო სასამართლოს „კოლექტიურ ნაციონალური მოძრაობაში“ ნაგულისხმევი ოთხივე პარტიის წინააღმდეგ შეიტანდნენ;
- ექსპრემიერ გახარიასა და მის თანაგუნდელებს გასამართლებით პირადად ბიძინა ივანიშვილიც ემუქრებოდა.
ქართული ოცნება” აპირებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის, ხოლო - მასთან დაკავშირებული ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობის სამუდამოდ აკრძალვის მოთხოვნით - რის გამოც ახლახან ახალი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა.
აკრძალული პარტიის სახელით ვერავინ ისარგებლებს წარმომადგენლობით ორგანოში.
გიორგი გახარიას პარტიაში გვეუბნებიან, რომ, მათ შორის - არც პარტიის აკრძალვას გამორიცხავენ და არაფერი გაუკვირდებათ, თუმცა - ამ ეტაპზე მხოლოდ პარლამენტში შესვლაზე არიან ორიენტირებული.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გახარიას პარტიის 12 წარმომადგენელი სადავო პარლამენტში მომავალი სასესიო კვირის პირველსავე სხდომაზე შევა.
ფორუმი