„ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-8 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ჭიღვარიას და ყველა დეპუტატს ვულოცავ ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დაწყებას“, - დაწერა მერმა დავით ერემაიშვილმა დღეს საღამოს, 30 ოქტომბერს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
„წარმატებული, ეფექტური და ნაყოფიერი იყოს თქვენი საქმიანობა, ქუთაისის და ქუთაისელების სამსახურში. ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი თანაქალაქელების ნდობის გამართლებას“, - დაწერა მან.
მოგვიანებით, - ამ საკითხზე მოქალაქის შენიშვნის შემდეგ, - პოსტი ჩასწორდა. ახლა წერია:
„ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-8 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ჭიღვარიას და ყველა დეპუტატს ვულოცავ ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის დაწყებას“.
მოქალაქის კომენტარი წაშლილია.
ერემაიშვილი, - რომელიც ქუთაისის მერის მოვალეობას 2024 წლის 15 ივლისიდან ასრულებდა, - მერად 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს.
საკანონმდებლო ხელისუფლებას საქართველოში ახორციელებს პარლამენტი - უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.
კონსტიტუციის 36-ე მუხლის თანახმად: „საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“.
საკრებულო კი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელსაც, მართალია, შეუძლია ნორმატიული აქტების გამოცემა, თუმცა არა კანონებისა.
- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად: „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო“;
- კონსტიტუციის 74-ე მუხლის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით.
 
 
 
 
 
ფორუმი