Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეციალური პრიზი პატიმრობაში მყოფ ზვიად რატიანს გადაეცა - გამოავლინეს „ლიტერას“ გამარჯვებულები


პატიმრობაში მყოფ პოეტ ზვიად რატიანს „ლიტერას“ სპეციალური პრიზი გადაეცა - ცნობილია სხვა გამარჯვებულების ვინაობაც.
პატიმრობაში მყოფ პოეტ ზვიად რატიანს „ლიტერას“ სპეციალური პრიზი გადაეცა - ცნობილია სხვა გამარჯვებულების ვინაობაც.

„პენ საქართველოსა“ და „ლიტერას“ სპეციალური პრიზი გადაეცა პატიმრობაში მყოფ პოეტსა და მთარგმნელს, ზვიად რატიანს; ასევე გამოავლინეს გამარჯვებულები ხუთ კატეგორიაში.

„პენ საქართველოსა“ და "ლიტერას" კონკურსის ჟიურის წევრების გადაწყვეტილება დღეს საღამოს, 31 ოქტომბერს, გააცნო საზოგადოებას „პენ საქართველოს“ პრეზიდენტმა ხათუნა ცხადაძემ.

მისი სიტყვებით, ზვიად რატიანს ჯილდო გადაეცა „უბრალოებასა და სიმართლეში ადამიანური ღირსების პოეტურ სიტყვად ქცევისათვის, ჩაგვრასა და უკანონობასთან მებრძოლი წინააღმდეგობის კოლექტიური სულისკვეთების გამოხატვისთვის, შეუპოვარი პოეტური და სამოქალაქო პოზიციისთვის, რომელიც მუდმივად შეგვახსენებს, რომ შეუძლებელია სინდისის, იმედის, გამბედაობის, თავისუფლებისა და სიმართლის წყურვილის დატყვევება“.

ზვიად რატიანს 9 ოქტომბერს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რატიანმა განაცხადა, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა - რის გამოც 23 ივნისს პარლამენტთან დააპატიმრეს - იყო სიმბოლური აქტი, რომლის შთაგონებადაც იქცნენ პედაგოგი ნინო დათაშვილი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ამაღლობელი დაპატიმრებულია, დათაშვილი კი ორიოდე დღის წინ, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი დამძიმების შემდეგ, გირაოთი გამოუშვეს.

გარდა ამისა, პრემია ხუთ ნომინაციაში გაიცა. გამარჯვებულები არიან თინათინ ნოღაიდელი და ნიქო გორგილაძე, თამთა დოლიძე, ანა მარგველაშვილი, არმაზ ბეკარი (რეზო ჯორბენაძე) და ნოდარ ლადარია.

დაჯილდოების ცერემონია საპროტესტო სულისკვეთების ფონზე ჩატარდა.

წლის საუკეთესო დებიუტი

ამ ნომინაციას ორი გამარჯვებული ჰყავს:

  • თინათინ ნოღაიდელი - „ულვაშები“ (სულაკაურის გამომცემლობა);
  • ნიქო გორგილაძე - „აქ მიპოვი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“).

ორივე ავტორი ქვიარია.

„თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს, მზია ამაღლობელს“, - თქვა თინათინ ნოღაიდელმა ჯილდოს მიღებისას.

„როგორც ყველამ კარგად იცის, ხელოვანის უკან ყოველთვის დგას არა ქმარი, არამედ ცოლი. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ცოლს, რომელმაც ბოლო ოთხი თვე დამითმო და მითხრა, დაჯექი, დაარედაქტირე ეს წიგნიო. აქ არ არის, მაგრამ მიხარია, რომ ამის თქმის საშუალება მომეცა“, - თქვა მან.

თინათინ ნოღაიდელი
თინათინ ნოღაიდელი

ემიგრაციაში მცხოვრები ნიქო გორგილაძის ნაცვლად ჯილდო მიიღო მისმა გამომცემელმა, ზვიად კვარაცხელიამ, რომელმაც განაცხადა:

„ნიქო გორგილაძეს - კარგ პოეტს და მებრძოლს უკეთესი საქართველოსთვის, ჩვენი უკეთესი საზოგადოებისთვის და ამ ბრძოლის გამო დევნილს საქართველოდან. სიმბოლურია, რომ მის წიგნს გზა დაულოცა ზვიად რატიანმა, კიდევ ერთმა დევნილმა სისტემისგან, ამიტომ ჩვენი სოლიდარობა ყველა დევნილს სიმართლისთვის“.

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

„გამორჩეული ხმისთვის, რეალობაზე ბრწყინვალე რეფლექსიისთვის, ემოციური კომპოზიციებისთვის, რომლებიც მკითხველში ემპათიის დაუოკებელ სურვილს აღვიძებს, ჩუმი და ხმამაღალი პოეზიისთვის“ "ლიტერა" გადაეცა თამთა დოლიძეს.

​თამთა დოლიძე, „მხოლობითი რიცხვი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

„ამ ურთულეს დროში, რომელსაც გავდივართ, თითქოს აღარ დარჩა პოეზიის დრო, სიხარულის დრო, თითქოს გვერცხვინება ეს სიხარულიც, ამიტომ ორმაგად მადლიერი ვარ თითოეული თვალის, რომელმაც წაიკითხა ჩემი წიგნი, გულთან მიიტანა ჩემი სათქმელი და გაიგონა ჩემი ხმა“, - თქვა თამთა დოლიძემ.

თამთა დოლიძე
თამთა დოლიძე

მისი კონკურენტები იყვნენ:

  • რეზო გეთიაშვილი, „მეოთხე პირის ნიშანი“ (გამომცემლობა „კალმოსანი“);
  • ბელა ჩეკურიშვილი, „მარწყვის მდელოები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“);
  • გაგა ნახუცრიშვილი, „ოთხი თავი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“).

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა

ნომინაციის გამარჯვებულია ​ანა მარგველაშვილი, „წერილები მეფეს“ (გამომცემლობა „ალონი“).

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, პატარა ქალაქების ხმაც მიმეტანა ფართო საზოგადოებამდე. მგონია, რომ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს ჩვენც არ ვიცნობთ კარგად. უღრმესი მადლობა.

სამწუხაროდ, საქართველოში არ ვცხოვრობ, შემთხვევით ვარ და მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა პატიმარს, მადლობა ვუთხრა ჩემს მეგობრებს, რომლებიც ყოველდღე რუსთაველზე დგანან. მინდა მჯეროდეს, მომავალ წელს მაინც განწყობა იქნება უკეთესი და ქვეყანას დავიბრუნებთ“, - თქვა მან.

ანა მარგველაშვილი
ანა მარგველაშვილი

მისი კონკურენტები იყვნენ:

  • ლანა ღოღობერიძე, „როცა აყვავდა ნუში“ (სულაკაურის გამომცემლობა);
  • გოგი ჩაგელიშვილი, „კედელს მიღმა“ (გამომცემლობა “ინტელექტი”).

​წლის საუკეთესო პროზაული კრებული

გამარჯვებული კრებული ჟიურის წევრის, მწერლის, თინათინ რუხაძის თქმით, არის „ბოლო ათწლეულების ერთგვარი მატიანე“. გამარჯვებულია:

არმაზ ბეკარი (რეზო ჯორბენაძე) „მშვიდობით სომერსეტ!“ (სულაკაურის გამომცემლობა).

„ეს არის წიგნი ამაოებაზე, დილემებსა და რთულ გადაწყვეტილებებზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ავტორი არ კარგავს მხატვრულობის მძაფრ შეგრძნებას, იმ მიმზიდველ ენასა და თხრობის მანერას კი კიდევ უფრო საინტერესოს ქმნის ქვეტექსტები, ალუზიები, ფარული ციტატები რელიგიური თუ ფილოსოფიური თხზულებებიდან“.

ეს ავტორიც ემიგრაციაშია და ჯილდო გამომცემელმა აიღო.

მისი კონკურენტები იყვნენ:

  • იუნონა გურული, „ჭიამაიას სისხლი“ (გამომცემლობა „პალიტრა L");
  • ნანა აკობიძე, „სამი ომი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“).

​წლის საუკეთესო რომანი

გამარჯვებულია ნოდარ ლადარია, „ელი! ელი!“ (გამომცემლობა „ინტელექტი“).

მის ნაცვლად ჯილდო გადასცეს მის გამომცემელს.

ამ წიგნის კონკურენტები იყვნენ:

  • ლადო კილასონია, „მანდარინის კასტეტი“ (გამომცემლობა “ინტელექტი”);
  • ირაკლი მეტრეველი, „ნებადართული ჯადოქრობა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
  • მიხეილ ციხელაშვილი, „ტანჟერული სიზმარი“ (სულაკაურის გამომცემლობა);
  • აკა მორჩილაძე, “როძინა, ანუ ჯაშუშობა ბოლო ჟამისა” (სულაკაურის გამომცემლობა);
  • თეონა დოლენჯაშვილი, “მეამბოხე” (გამომცემლობა “პალიტრა L ").

„ლიტერა“

ყოველწლიურ კონკურსს, რომელიც „მწერალთა სახლის“ ორგანიზებით ტარდებოდა, 2021 წელს მწერლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ექსმინისტრ თეა წულუკიანის „ხისტი პოლიტიკის“ გამო.

ავტორების ნაწილმა კონკურსში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი მას შემდეგ თქვა, რაც ცნობილი გახდა, რომ კონკურსის 5-კაციან ჟიურიში ერთი წევრი, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამინისტრომ ჩასვა.

მას შემდეგ, 2022 წლიდან, „ლიტერას“ საქართველოს პენცენტრი გასცემს.

წელს ჟიურის წევრები იყვნენ:

  • ინა არჩუაშვილი, მწერალი და რედაქტორი;
  • რუსუდან რუხაძე, მწერალი და ჟურნალისტი;
  • ალექს ჩიღვინაძე, მწერალი და დრამატურგი;
  • ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მწერალი;
  • ნანა აბულაძე, მწერალი (ჟიურის თავმჯდომარე).

ფორუმი

XS
SM
MD
LG