„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო, ასევე ის, რომ გზის გაყვანის საჭიროება იყო, რადგან არსებობდა როგორც ტერიტორიების მიტაცების რისკი, ასევე ბორდერიზაციის აქტიური პროცესები“, - განუცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს.
დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად განაცხადა: „მე ვერ გეტყვით, იყო თუ არა შეთანხმებული, ვისთან, რა ფორმით და როგორ, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ცნობილი, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის ... ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გზის გაყვანის სამუშაოების საჭიროება იყო“.
ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შედგა უწყებებს შორის თანამშრომლობა, - იყო თუ არა ოფიციალური მიმართვა, დაიწერა თუ არა პროექტი გზის გაყვანასთან დაკავშირებით, - ცქიტიშვილმა უპასუხა:
„თქვენ, ალბათ, კარგი იქნება, პროკურატურაში შეიძლება დაგასაქმონ იმიტომ, რომ უფრო დეტალურ კითხვებს სვამთ, ვიდრე გამომძიებელი... სამინისტროებს შორის, ბუნებრივია, მთავრობის წევრები ვიყავით“...
მისი თქმით, ვარაუდობს, რომ „სწორედ საფრთხეებიდან და მათი გაანალიზებიდან გამომდინარე ... იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება“, - უთხრა ჟურნალისტებს დაახლოებით 4-წუთიანი საუბრის შემდეგ და დაემშვიდობა.
მაია ცქიტიშვილი 2021 წელს გადადგა ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ.
„ქართული ოცნების“ ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერის, გიორგი გახარიას ყოფილი თანაგუნდელები - „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი ლიდერები და წევრები ამბობენ, რომ გახარიამ, 6 წლის წინ, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგო „ერთპიროვნული გადაწყვეტილებით“ აღმართა.
პარტიის თანახმად, შედეგად დაიკარგა დამატებითი ტერიტორიები და ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე დადგა. პარტია გახარიას ომის მიზანმიმართულ გამოწვევაშიც სდებს ბრალს.
პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ხვალ, 18 ივნისს გამოკითხვაზე დაბარებულია შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი. მან გახარიასთან ერთად დატოვა „ქართული ოცნება“, 2023 წელს კი გახარიას გუნდიც დატოვა, პარლამენტის მანდატი დათმო და განაცხადა, რომ კერძო სექტორი აგრძელებს საქმიანობას.
ჩორჩანის საგუშაგოს საკითხის განხილვა სადავო პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ [„წულუკიანის კომისია“] 14 აპრილს დაიწყო და თავად გიორგი გახარიაც გამოჰკითხა - ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელსაც პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ივანიშვილის პარტიის წევრები მოღალატეს ეძახიან და ამბობენ, რომ ზურგს „დიპ სტეიტი“ უმაგრებს.
გიორგი გახარია ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე მეორედ დაიბარეს. ის კომისიაზე 14 აპრილს გამოცხადდა, რის გამოც ოპოზიციური პარტიების კრიტიკა დაიმსახურა.
ფორუმი