Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნების“ განცხადებების შემდეგ ცხინვალში იმედოვნებენ, რომ ჩორჩანის საგუშაგო გაუქმდება


ფოტო არქივიდან: ქართული საგუშაგო პოსტის აღმართვის პროცესი. 2019 წელი
ფოტო არქივიდან: ქართული საგუშაგო პოსტის აღმართვის პროცესი. 2019 წელი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოელიან, რომ სოფელ ჩორჩანასა და სოფელ წნელისთან განლაგებულ ქართულ საპოლიციო საგუშაგოს მალე აიღებენ.

"არის სერიოზული იმედი, რომ ამ ქართულ საგუშაგოს მალე აიღებენ და გაიტანენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან", - ამის შესახებ განაცხადა ოსური მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) 29 სექტემბერს გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მან ეს მოლოდინი დაუკავშირა თბილისიდან მომდინარე გზავნილებს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, რომ საგუშაგოს გახსნა "სერიოზული შეცდომა" იყო, იტყობინება სააგენტო "Рес-ი".

"შესაძლოა, ეს საქართველოს შიდაპოლიტიკური ბრძოლაა, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ამ საკითხს საქართველოს ხელმძღვანელობა წამოწევს და აღიარებს, რომ საგუშაგოს დადგმა შეცდომა იყო, გარკვეულ იმედს სახავს", - თქვა 29 სექტემბერს კოჩიევმა.

IPRM-ის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მოითხოვა მანამდე დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ამჟამად ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 10 მოქალაქე იმყოფება. ამასთან განიხილეს საქართველოს მოქალაქე მოზარდების ხანმოკლე დაკავების საკითხი - შემთხვევა 27 სექტემბერს მოხდა.

  • „ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ საკონტროლო პუნქტის აღმართვა 2019 წელს სამთავრობო უწყებებთან (კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან) შეუთანხმებლად გადაწყვიტა, რამაც სოფლების, ჩორჩანისა და წნელისის მახლობლად არსებული ტერიტორიის ნაწილზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვია და შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხეც შექმნა. ეს საკითხი, კერძოდ, თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით სადავო პარლამენტის კომისიის სხდომებზე განიხილეს.
  • ამჟამად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა, გერმანიაში იმყოფება. ის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საგუშაგოს განთავსებამ მნიშვნელოვანი ტერიტორიის ოკუპაციას შეუშალა ხელი.
  • ივნისში საქართველოს პროკურატურამ საქმე აღძრა „საბოტაჟის“, „დამამძიმებელ გარემოებებში საბოტაჟის მცდელობის“, „უცხო სახელმწიფოსთვის, უცხოური ორგანიზაციისთვის ან უცხო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ და „თანხის მობილიზების ბრალდებებით, რომლებიც მიმართულია კონსტიტუციური წესრიგისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის". „გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, იკვლევს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებებს სოფელ ჩორჩანასთან სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზზე, 2019 წლის 24 აგვისტოს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
  • 6 წლის წინ აღმართული საპოლიციო საგუშაგოს შესაძლო აღების თაობაზე "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ასევე ნახეთ:


ფორუმი

XS
SM
MD
LG