4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ 2 ოპოზიციური პარტია აპირებს - ყველა დანარჩენი მას ბოიკოტს უცხადებს.
თბილისის მოქმედი მერის 25 კანდიდატიდან ყველა კაცია, მათი უმეტესობას აქვს "ოცნების" ხელისუფლებაში, მათ შორის, ნაწილს თბილისის საკრებულოში მუშაობის გამოცდილება. დეპუტატობის მსურველებიდან ორი მომღერალია, ერთი პოეტი, ორი აფხაზეთის ომის ვეტერანი.
მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველა ხელისუფლების დროს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა. საკრებულოს წევრობის მსურველთა შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში იმის შესაბამისადაა, თუ რამდენად მრავალფეროვანი იყო მათი პოლიტიკური და საჯარო ცხოვრება.
ამ სტატიაში გიყვებით, რა ვიცით მათზე.
ზურაბ აბაშიძე
კენჭს იყრის მთაწმინდაზე
არის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე.
რა თქვა კახა კალაძემ მისი წარდგენისას:
"აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, არის პრინციპული, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანი, ასევე, ზურა არის მრავალშვილიანი მამა, 5 შვილს უზრდის ჩვენს სამშობლოს."
ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით:
52 წლის აბაშიძის კარიერა საჯარო სამსახურით 1996 წელს იწყება.
- 1996 – 1998 წლებში ის საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული განყოფილების უფროსი სპეციალისტი იყო. ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეა.
- 1998 - 2000 წლებში ის უშიშროების საბჭოში მუშაობს სამართალდამცავ ორგანოებთან მრჩევლის პოზიციაზე.
- 2000 - 2004 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.
- ვარდების რევოლუციის შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ხდება - 2004-2005 წლებში, როცა ის იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აპარატს ხელმძღვანელობს, სამინისტრომ სამი ხელმძღვანელი შეიცვალა, ზურაბ ადეიშვილი, გიორგი პაპუაშვილი და კოტე კემულარია.
- 2005 - 2007 წლებში ფინანსთა მინისტრის მოადგილეა. ამ პერიოდში ფინანსთა სამინისტრომაც სამი ხელმძღვანელი გამოიცვალა: ზურაბ ნოღაიდელი, ვალერი ჩეჩელაშვილი და ალექსი ალექსიშვილი
- 2007-2008 წლებში აბაშიძე კონტროლის პალატის გენერალური ინსპექციის უფროსია, 2010 წელს კი პირველად ხდება თბილისის საკრებულოს წევრი.
- 2012 წელს ის პარლამენტის წევრი ხდება, როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი სამგორის რაიონში. ამ დროს ის "თავისუფალი დემოკრატების" გუნდის წევრი იყო.
- 2017 წელს ინიშნება საქართველოს ელჩად ყაზახეთში, 2021 წელს კი კვლავ საკრებულოს წევრი ხდება "ქართული ოცნების" სახელით.
- თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ის 2024 წლის მაისში გახდა, როცა მანამდე მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე თბილისის ვიცე-მერად დაინიშნა.
ბოლოს, 2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით:
- აბაშიძე თბილისში ორ სახლს ფლობს - მათგან ერთი 2010 წელს აჩუქეს. 138 მ²-ის ფართის ბინა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზეა.
- 2024 წელს მან 62 400 ლარი გადაიხადა ავტომობილში TOYOTA RAV4
- აქვს დანაზოგი 10 000$-ის ოდენობით
- მისი ცოლიც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს - თეონა ბენაშვილი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელია და წელიწადში ბიუჯეტიდან 21 ათას ლარზე მეტს იღებს.
ალექსანდრე ასათიანი
კენჭს იყრის “ცენტრალურ” ვაკეში. ის "ოცნების" ერთ-ერთი “ახალი სახეა”.
რა თქვა კალაძემ მისი წარდგენისას:
“ალექსანდრე გახლავთ საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, არის საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი და მისი გამოცდილება წაადგება თბილისს."
ბექა გელენავა
კენჭს იყრის “ზედა” ვაკეში. პოლიტიკაში მოსვლამდე ის ფინტექ კომპანია Keepz-ის კომერციული დირექტორი იყო. ესაა პირველი არასაბანკო ორგანიზაცია, რომელზეც ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგის ლიცენზია გასცა.
ინტერნეტში იძებნება სიმღერები მისი შესრულებით - საბანკო სფეროსა და პოლიტიკამდე გელენავა მუსიკოსი იყო.
რა თქვა კალაძემ მისი წარდგენისას:
“ბექა გახლავთ ფინანსისტი, მარკეტოლოგი, აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. არის წარმატებული პროფესიონალი კადრი, რომელიც მზად არის ჩაერთოს თბილისის განვითარებაში.”
ბექა მიქაუტაძე
კენჭს იყრის საბურთალო 1-ში (ვეძისი, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგი, გოთუა); არის კრწანისის მოქმედი გამგებელი.
რა თქვა კალაძემ მისი წარდგენისას:
“ბექა თავად ძირძველი საბურთალოელია, ამჟამად არის კრწანისის გამგებელი. ბექა ყოველთვის იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა ქვეყანას, იგი არის აფხაზეთის ომის ვეტერანი, ამჟამად იბრძვის მშვიდობისთვის და მეტი სიკეთისთვის”
ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით:
- მიქაუტაძის კარიერა 1997 წელს იწყება მსოფლიო ბანკის ადგილობრივი ექსპერტის სტატუსით.
- 1997 - 2000 წლებში ის პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტია. ამ დროს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიაა.
- 2001 - 2004 წლებში მუშაობს ურბანულ ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში თვითმმართველობის რეფორმას ატარებს. ამ ინსტიტუტში ის 2006 წელს კვლავ დაბრუნდება და 2009 წლამდე იმუშავებს ქონების გადაცემის პროექტის მენეჯერად.
- 2004 - 2006 წლებში გაეროს განვითარების პროგრამაში ქალთა რეგიონული ცენტრის პროექტის კოორდინატორია.
- 2008 წლის ომის შემდეგ მიქაუტაძე ომით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროექტში შიდა ქართლის პროექტის მენეჯერია საერთაშორისო დახმარებისა და განვითარების სააგენტოში.
- 2011-2012 წლებში კი რეგიონული განვითარების ინსტიტუტს აფუძნებს და საზღვრის პირას მცხოვრები ადამიანების მხარდამჭერ პროექტებზე მუშაობს.
- 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ის პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ხდება - პარლამენტის თავმჯდომარე ამ დროს დავით უსუფაშვილია.
- 2014-2017 წლებში ის საბურთალოს რაიონის გამგებელია - ამ დროს თბილისის მერი დავით ნარმანიაა.
მიქაუტაძე წერს ლექსებს. არის ავტორი პოეტური კრებულებისა “ფერისცვალება” და “ჟუჟას აღსარება”. დაწერილი აქვს კვლევა - “კონდომინიუმების ორგანიზება და განახლება ქალაქ ზესტაფონში”. არის ასევე ავტორი სახელმძღვანელოებისა:
- “ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბებისა და მოქმედების სახელმძღვანელო” (2003 წ.)
- ”სახელმწიფო ქონების გადაცემა თვითმმართველ ერთეულებს”( 2006 წ.)
- ”საინფორმაციო ცენტრების სამოქმედო სახელმძღვანელო” (2009 წ.)
ბოლოს შევსებული დეკლარაციის მიხედვით:
- მიქაუტაძე ორ ბინას ფლობს თბილისში და ერთ მიწის ნაკვეთს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში.
- 2023 წელს მან 15 600 ლარი აჩუქა მამამ. ფული კანდიდატს ძმის ანგარიშიდან ჩაერიცხა.
არჩილ ნიჟარაძე
არჩილ ნიჟარაძე მომღერალია, რამდენიმე სატელევიზიო მუსიკალური პროექტისა და კონკურსის მონაწილე. 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას ნიჟარაძემ "ოცნების" მხარდასაჭერი კონცერტებით იმოგზაურა რეგიონებში. მისი ბოლო სოლო კონცერტი, რომელიც ფილარმონიაში გაიმართა, პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა იმედის მაყურებლისთვის.
ნიჟარაძე განათლებით ეკონომისტ-პროგრამისტია. ის კენჭს იყრის საბურთალო 2-ის საარჩევნო უბანზე (კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანი).
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
“კიდევ ერთი ახალი სახე იქნება საკრებულოში. მას აქვს საბანკო და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. არჩილის სახით საქმიანი, მოტივირებული, მოქალაქეების ინტერესების გამტარებელი ადამიანი ეყოლება საკრებულოში დოლიძე-ხილიანის მოსახლეობას.”
შალვა პერანიძე
კენჭს იყრის საბურთალო 3-ში (დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღომი)
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
“საბურთალოელები მას კარგად იცნობენ, რადგან წლებია ხელმძღვანელობს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობას და უშუალო კავშირი აქვს მოსახლეობასთან, იცნობს მათ საჭიროებებს. შალვას აქვს სურვილი, დიდი დიღმის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები შემოიტანოს საკრებულოში.”
ლევან ჯაფარიძე
პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე ჯაფარიძე კენჭს იყრის კრწანისში, არის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი;
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
“კრწანისზე და კრწანისელებზე უზომოდ შეყვარებული კაცი, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რას ნიშნავს იყო მაჟორიტარი. ლევანი ყოველთვის მზად არის მოუსმინოს მოსახლეობას, გაატაროს მათი ინტერესები საკრებულოსა და მერიაში. ლევან ჯაფარიძემ კრწანისელებს ასევე კარგად დაამახსოვრა თავი, როგორც რაიონის გამგებელმა”.
ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით:
- საქმიანი კარიერა 1993 წელს საქართველოს ტელერადიომაუწყებლობაში დაიწყო, სადაც 1999 წლამდე ოპერატორად მუშაობდა.
- 2000-2001 წლებში ის პარლამენტში უმრავლესობის ლიდერის თანაშემწეა. ამ დროს პარლამენტში უმრავლესობა მოქალაქეთა კავშირს აქვს.
- 2001-2002 წლებში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთა საკოორდინაციო საბჭოს აპარატის უფროსი ხდება; ამავე დროს არის საქართველოს მსხვილ გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარის თანაშემწე;
- 2002 წელს მუშაობას იწყებს ანტიმონოპოლიურ სამსახურში.
- 2008 - 2010 წლებში მუშაობს ნავთობკომპანია "იორი ველში" ლოჯისტიკის მენეჯერად, 2013 წელს კი გადადის ნავთობკომპანია “ჯინდალ პეტროლიუმში".
- 2013 - 2017 წლებში არის შპს “ალდას” დირექტორი.
- 2017 წლიდან კვლავ ბრუნდება საჯარო სამსახურში და ხდება კრწანისის გამგებლის მოადგილე.
- 2020 წლიდან ჯაფარიძე უკვე საკრებულოს წევრია.
კახაბერ ლაბუჩიძე
საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი კენჭს ამჯერად ავლაბარში იყრის.
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
"მას ისანში წარდგენა არ სჭირდება, ყველა კარგად იცნობს, როგორც ყოფილ გამგებელს და მოქმედ მაჟორიტარს. კახას აქვს მუნიციპალიტეტში მუშაობის დიდი გამოცდილება, იცის ისნის რაიონის ყველა კორპუსის საჭიროება. ამჟამად არის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, სადაც მისი ინიციატივით თბილისელებისთვის არაერთი საჭიროება გადაიჭრა."
ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით:
- ლაბუჩიძის კარიერა 1997 წელს იწყება - ამ დროს ის თბილისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურში უფროსის მოადგილეა.
- 2003 წელს ხდება საკრებულოს დეპუტატი. 2002 წლიდან ის ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა და ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრი.
- 2004 წელს გლდანი-ნაძალადევის გამგებელი ხდება
- 2005 წელს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში იწყებს მუშაობას რეგიონულ საკითხთა დეპარტამენტში.
- 2007-2008 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელია, 2008 წელს გურჯაანის გამგებლად ინიშნება.
- 2009 წელს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მრჩეველი ხდება.
- 2012-2013 წლებში "თავისუფალი დემოკრატების" პარტიის ცენტრალურ ოფისს ხელმძღვანელობს.
- 2013 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილედ ინიშნება, 2017 წელს კი ისნის რაიონის გამგებლად.
- 2021 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრია.
ბექა მენთეშაშვილი
კენჭს იყრის ვაზისუბანში. არის ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომელი. სხვადასხვა მედიამ რამდენჯერმე ის ამოიცნო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების შეკრებებზე თავდამსხმელებს შორის.
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
“ჩვენი პოლიტიკური გუნდის ახალგაზრდა წევრი, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ბექა ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომელია და სრულად არის ჩართული ყველა პროცესში, რომელიც ამ რაიონის განვითარებას უკავშირდება.”
დავით ხაბეიშვილი
ის კენჭს ნავთლუღში იყრის.
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
“ისნელების დიდი გულშემატკივარი და დიდი მეგობარი. დავითი არის პროფესიონალი კადრი, მას გააჩნია ამბიცია, ჩაერთოს საკრებულოს საქმიანობაში და ბევრი სასიკეთო ცვლილება მოუტანოს თბილისს”.
ბოლოს შევსებული დეკლარაციის მიხედვით:
- დავით ხაბეიშვილი თბილისში ერთ ბინას ფლობს, სოფელ დიღომში 2019 წელს 124 500 ლარად შეძენილ 75 მ²-ის ფართს.
- საჯარო სამსახურშია დასაქმებული მისი ცოლიც, ანა მესხი - ის სოციალური მზრუნველობის სააგენტოში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია და ბიუჯეტიდან წელიწადში ხელფასის სახით 42 216 ლარს იღებს.
გიორგი დოხტურიშვილი
პროფესიით აგრონომი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი კენჭს ამჯერად სამგორი 1-ში იყრის.
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
“სამგორელებისთვის კარგად ნაცნობი ყოფილი მაჟორიტარი, ადამიანი, რომელიც მუდამ ხაზზე იყო მოსახლეობასთან და არაერთი საკითხის გადაჭრაში მიუძღვის წვლილი".
ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით:
- "ქართული ოცნების" დეპუტატის კარიერა 2010 წელს თბილისის საკრებულოში იწყება. ამ დროს ის ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის წამყვანი სპეციალისტია.
- 2013 წელს საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო პოლიტიკის კომისიაში გადადის, კვლავ წამყვანი სპეციალისტის სტატუსით.
- 2014 - 2017 წლებში სამგორის გამგეობაში გამგებლის წარმომადგენლად მუშაობს.
- 2017 წელს კი "ქართული ოცნების" სახელით ხდება საკრებულოს დეპუტატი.
- 2021 წლის დეკემბერში ის ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ინიშნება - ამ თანამდებობას ის 2025 წლის მაისამდე იკავებს.
მისი ბოლო შევსებული დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ:
- თბილისში მას ერთი ბინა აქვს - 2019 წელს 110 000 ლარად შეძენილი, 117 მ² ფართი.
- 2023 წელს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად მუშაობის პერიოდში ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში 942 320 მ² ნაკვეთით დაასაჩუქრეს.
ზაქარია წიკლაური
კენჭს იყრის ქვედა სამგორში.
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
“სამგორელებისთვის ასევე კარგად ნაცნობი ადამიანი, რომელიც დაიბადა და ცხოვრობს სამგორში. ზაქრო კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად. აქვს სამუშაო გამოცდილება თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტში”
ვაჟა კოკაია
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი კენჭს იყრის ვარკეთილში. საკრებულოს დეპუტატად წარდგენამდე ის ქართველ ახალგაზრდებს “მოტყუებულად” თვლიდა და მათ "ოცნების" დროს მიღებული კანონების არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებდა. ის თვლის, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდი ქალაქის განვითარების ისტორიაში “ოქროს ასოებით არის ჩასაწერი.”
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
“ ახალგაზრდა, ენერგიული კაცი, “ქართული ოცნების” სამგორის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ადგილობრივი ახალგაზრდების მხარდამჭერი და გულშემატკივარი. ვაჟა საზოგადოებრივად აქტიური ადამიანია, არაერთ ახალგაზრდულ ფორუმსა და ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული”
მამუკა ხაბარელი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი კენჭს ლილო-ორხევში იყრის.
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
“მამუკა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური დელეგაციის მისიის ხელმძღვანელი იყო არაერთ ოლიმპიურ თამაშებზე. საქართველოს სახელი და ღირსება მისთვის უპირველესია და ქვეყნის ინტერესებს დაიცავს ის საკრებულოშიც”
ზურაბ ჩიკვილაძე
საკრებულოს მოქმედი წევრი კენჭს ამჯერად ჩუღურეთში იყრის. ამ უბანში ის 2014 - 2021 წლებში გამგებლად მუშაობდა.
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
"აფხაზეთის ომის ვეტერანი, დიპლომატი, ადამიანი, რომელიც წლებია თავდაუზოგავად ემსახურება ქვეყანას და თბილისს. მას კარგად იცნობს ყველა ჩუღურეთელი, 7 წლის მანძილზე იყო ჩუღურეთის რაიონის გამგებელი".
ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით:
- მისი კარიერა 1991 წელს იწყება, ამ დროს ის საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის ინსტიტუტში პოლიტოლოგიის კურსს კითხულობს მოწვეული ლექტორის სტატუსით.
- 1992-1993 წლებში ის პარლამენტში მუშაობს წამყვან სპეციალისტად, 1994 წელს პარლამენტის სპიკერის თანაშემწე ხდება.
- 1994 - 1996 წლებში დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელია, გენერალური მდივნის მოადგილე.
- 1996 - 1998 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველია.
- 1998 წელს ინიშნება საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად სომხეთში.
- 2001 წლიდან კერძო სექტორში გადადის, ჯერ არის შპს პროფკურორტის მმართველი დირექტორი, შემდეგ შპს ფერრუმის გენერალური დირექტორი, 2009 წელს კი სამშენებლო კომპანია აქსისის ბიზნეს_ და შოპინგ-ცენტრის დირექტორი ხდება.
გივი ჩხარტიშვილი
საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორანტი ამჯერად კენჭს დიდუბე 1-ში იყრის.
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
“არაერთი წელია ამ რაიონის პრობლემებით, სიახლეებით და სამომავლო გეგმებით ცხოვრობს.”
ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით:
- გივი ჩხარტიშვილის კარიერა 2014 წელს იწყება. ამ დროს ის დიდუბის გამგეობაში იწყებს მუშაობას.
- 2019 წელს გლდანი-ნაძალადევის სპორტული ცენტრის დირექტორი ხდება.
- 2021 წელს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად ირჩევენ, როგორც "ქართული ოცნების" კანდიდატს.
მისი ბოლო შევსებული დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ:
- ჩხარტიშვილს თბილისში უძრავ ქონება არ აქვს, ის მხოლოდ დუშეთის რაიონის სოფელ მლაშეში 2016 წელს ნაჩუქარ ნაკვეთს ფლობს.
შოთა ქევხიშვილი
კენჭს იყრის დიღომში.
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
“ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი. იგი წლებია ჩართულია მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული და სპორტული ცენტრების განვითარების პროცესში, ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში”
ირაკლი ბენდელიანი
კენჭს იყრის ნაძალადევი 1-ში, (ზღვის უბანი, „თემქა“)
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
“კვალიფიციური ფინანსისტი, ეკონომისტი. მას აქვს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში მუშაობის ფართო გამოცდილება. არის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში.”
შალვა მაისურაძე
პარალიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი კენჭს იყრის ნაძალადევი 2-ში.
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
“აქვს თბილისის მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში მუშაობის კარგი გამოცდილება. ის არის თბილისის მერიის “მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორი. შალვა არის ოთხი შვილის მამა და კარგი ქართველი. წარმატებებს ვუსურვებ მას!“
დავით ჭელიძე
საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, კენჭს ამჯერად ნაძალადევი 3-ში („ძველი ნაძალადევი“-„ლოტკინი“) იყრის.
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
"ნაძალადევის მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი, ყოფილი მაჟორიტარი საკრებულოში. მას აქვს ასევე მუნიციპალიტეტსა და სახელმწიფო უწყებებში მუშაობის კარგი გამოცდილება. დავითის სახით, ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებლებს ეყოლებათ გულითადი მხარდამჭერი საკრებულოში."
ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით:
- 1984 წელს ის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ასეულის ზემდეგად მუშაობს.
- 1988 - 1990 წლებში არის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის წევრი, 1987 - 1991 წლებში თამაშობს ტექნიკური უნივერსიტეტის სარაგბო გუნდში.
- 1988 წლიდან 1995 წლამდე ედპ-ს წევრია, 1993 წელს ხდება პარლამენტის დეპუტატი.
- 1992-1993 წლებში არის სახელმწიფო საბჭოს მრჩეველი.
- 2012 წლიდან არის "ქართული ოცნების" წევრი.
- 2014 წელს გახდა საკრებულოს დეპუტატი.
- 2017 წელს ის კიდევ ერთხელ აირჩიეს ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს წევრად.
ვალერიან პაპუაშვილი
ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომელი კენჭს დეპუტატობისთვის სანზონაში იყრის.
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
"წლებია მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტში, ამჟამად არის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სანზონის საუბნო განყოფილების უფროსი."
შალვა ოგბაიძე
საკრებულოს ოთხგზის დეპუტატი კენჭს ამჯერად ავჭალაში იყრის;
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
“ჩემთან ყოველი მისი შეხვედრა იწყება და მთავრდება სწორედ ამ დასახლების პრობლემების განხილვით და გადაჭრის გზების ძიებით. შალვა თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა."
ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით:
- ოგბაიძე ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის სპეციალისტი და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორია.
- 2015 წლიდან ამ დრომდე ის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელია.
- მისი კარიერა 1985 წელს იწყება, ამ დროს ის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საინჟინრო გრაფიკის კათედრის პედაგოგია.
- 1992 წელს მწვანეთა პარტიის აღმასრულებელი მდივანი ხდება.
- 1993 - 1995 წლებში თბილისის მერიის ვიცეპრემიერია და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
- 1995-1997 წლებში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულია მცხეთა-მთიანეთის მხარეში.
- 2012 წელს პირველად ხდება თბილისის საკრებულოს წევრი. მას საკრებულოს დეპუტატად კიდევ სამჯერ აირჩევენ 2014, 2017 და 2021 წლებში.
მისი ბოლო შევსებული დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ:
- 2023 წელს $8 100-ად იყიდა ჩინური პიკაპი TERRALORD ZXAUTO;
- მისი ოჯახის დანაზოგი 41 000 ლარს შეადგენს.
- სახელმწიფო სამსახურში, სპორტის მუზეუმში მუშაობს მისი მეუღლე ქეთევან შარაბიძეც. ის ამ მუზეუმში, რომელიც ფიზიკურ სივრცეში არ არსებობს, წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას იკავებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის სახით წელიწადში 10 808 ლარს იღებს.
- შალვა ოგბაიძე საკრებულოს გარდა ხელფასს იღებს საპენსიო სააგენტოდანაც - 2024 წელს მან ამ უწყებიდან 28 282 ლარი მიიღო.
- 2024 წელსვე ოგბაიძეს მეუღლემ რუსთაველის სამეცნიერო ფონდიდან, რომელიც ერთადერთი სახელმწიფო ფონდია სამეცნიერო პროექტების დაფინანსებისთვის, გრანტის სახით 9 000 ლარი მიიღო. ის ქართული სპორტის სათავეებს იკვლევს და საზოგადოების "შევარდენი" მოღვაწეობა უნდა შეისწავლოს 1918-1921 წლებში.
ცოტნე ჩიქვინიძე
ეს "ქართული ოცნების" კიდევ ერთი “ახალი სახეა”, რომელიც კენჭს მუხიანში იყრის.
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
“იურისტი, იურიდიული მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, მას ასევე აქვს საგადასახადო საქმის წარმოების დიდი გამოცდილება. არის საქმის ერთგული, პრინციპული ადამიანი. “
მიხეილ რეხვიაშვილი
საკრებულოში "ქართული ოცნების" აპარატის თანამშრომელი კენჭს გლდანი 3-ში (ლუწი მიკრორაიონები) იყრის.
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
“მიხეილი პროფესიით იურისტია, ამჟამად ხელმძღვანელობს საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აპარატს. მიხეილი გამოცდილი, კვალიფიციური კადრია”.
ჯაბა კოღუა
საქართველოს პარლამენტის აპარატისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი კენჭს საკრებულოს დეპუტატობისთვის გლდანი 4-ში (კენტი მიკრორაიონები) იყრის.
რა თქვა მისი წარდგენისას კალაძემ:
“შეხება ჰქონდა მოქალაქეებთან, გლდანის მოსახლეობასთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც გლდანისთვის მნიშვნელოვანია.”
„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დეკემბერში, როცა ქუჩებში დემონსტრაციები იმართებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომლითაც საკრებულოებში პროპორციულად არჩეული დეპუტატების რაოდენობა შეამცირა, მაჟორიტარების კი გაზარდა.
ამ საკანონმდებლო ცვლილებებით პარლამენტი დაუბრუნდა 2017 წლის მდგომარეობას, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ გაფორმების შემდეგ შეიცვალა.
საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ:
- თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატიდან 25 მაჟორიტარი იქნება (ახლა ათია);
- თვითმმართველ ქალაქებში 35 დეპუტატიდან 15 მაჟორიტარი იქნება (ახლა შვიდია);
- თვითმმართველ თემებში განსხვავებულია დეპუტატებისა და მაჟორიტარების რაოდენობა. მოქმედი კანონით, მაჟორიტარების რაოდენობა 6-დან 15-მდე მერყეობს, პროპორციულად არჩეული დეპუტატების რაოდენობა კი ორჯერ აღემატება მაჟორიტარების რაოდენობას.
საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები იმართება. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მის კანდიდატებს მერად აირჩევენ 64-ვე მუნიციპალიტეტში. ოპოზიციის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენში "ქართული ოცნების" გარდა, დახვდება სულ მცირე ორი სხვა პარტია, "ლელო - ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“.
ფორუმი