Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეკომენდაციაა მოსახლეობის დაუყოვნებლივ გაყვანა - ხარაგაულის მერია ორ სოფელში მეწყრულ პროცესებზე


მეწყერი ხარაგაულში
მეწყერი ხარაგაულში

ხარაგაულის მერია აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, - ხემაღალსა და ღვერკში, - მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რის გამოც „გეოლოგების ცალსახა რეკომენდაციაა მოსახლეობის დაუყოვნებლივ გაყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე“.

ხარაგაულში, სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში მეწყრული პროცესები წელს პირველად 1 ივნისს შეამჩნიეს. ივლისში ამ სოფლებში ვითარება კიდევ უფრო გართულდა.

დღეს, 6 აგვისტოს, ხარაგაულის მერია წერს: „ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. გეოლოგების ცნობით, მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის“.

მერია ამტკიცებს, რომ მათ მიიღეს შესაბამისი ზომები და სოფლების მოსახლეობა „უსაფრთხო ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართებით“ უზრუნველყვეს, თუმცა ასევე აცხადებს:

„მოსალოდნელი საფრთხის შესახებ როგორც ზეპირი, ისე წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, ადგილობრივების ნაწილი საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე კვლავ უარს აცხადებს“.

მერია აცხადებს, რომ ამჟამად „მკაცრად შეზღუდულია“ ამ ორ სოფელში შესვლა - „მეწყრული პროცესების გააქტიურების მომატებული საფრთხის გათვალისწინებით“.

„სოფლებში მიმდინარე კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის გათვალისწინებით, გეოლოგების ცალსახა რეკომენდაციაა მოსახლეობის დაუყოვნებლივ გაყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, დაემორჩილონ შესაბამისი უწყებებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებს, არ დააყენონ რისკის ქვეშ საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება“, - აცხადებს მერია.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ივლისში გამოაქვეყნა გეოლოგიური დეპარტამენტის მომზადებული ყოველწლიური დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოში 2024 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებსა და 2025 წლის პროგნოზს.

გეოლოგები წერენ, რომ იმერეთი საშიში სტიქიური მოვლენების გააქტიურების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე ურთულესია საქართველოს ტერიტორიაზე და 2025 წელს გამორჩეულად საყურადღებოა ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის და ვანის მუნიციპალიტეტებში მოქცეული სოფლები.


ფორუმი

XS
SM
MD
LG