Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიების პროცესში მისი ქმედებებიც შეფასდება - პროკურორი თავდაცვის ექსმინისტრ ბურჭულაძეზე


პროკურორი ირაკლი მარშანია (მარცხნივ) და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. მარცხენა ფოტო: IPN
პროკურორი ირაკლი მარშანია (მარცხნივ) და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. მარცხენა ფოტო: IPN

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში „შეფასდება“ ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც.

29 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი ჟურნალისტების კითხვაზე, გამოიკითხა თუ არა ბურჭულაძე, საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ თქვა, რომ ამ შეკითხვას ვერ უპასუხებს „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“, თუმცა აღნიშნა:

„ყველა საგამოძიებო ვერსია შემოწმდება, მათ შორის, მისი [ჯუანშერ ბურჭულაძის] ქმედებებიც იქნება შეფასებული გამოძიების პროცესში“.

მან თქვა, რომ სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს.

ბურჭულაძის ცოლისძმას, ყოფილ მოადგილესა და თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს დღეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. კერძოდ, პატიმრობა შეუფარდეს

  • თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავას;
  • თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ვლადიმერ ღუდუშაურს;
  • თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს.


ვლადიმერ ღუდუშაურისა და გიორგი ხაინდრავასთვის წარდგენილი ბრალდებაა „განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვა“, ხოლო ვასილ მხეიძის ბრალდება არის „გაფლანგვაში დახმარება“.

ბრალდება ეხება „დიდი რაოდენობით თანხის“ - 1 333 728 ლარის - გაფლანგვას. საუბარია თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის, კერძოდ კი სამხედრო ჰოსპიტლისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შესყიდვაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG