Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის 9 მაისი, აშშ-ის მოთხოვნა ზავზე და ევროსაბჭოს ტრიბუნალი კრემლისა და მისი მოკავშირეებისთვის


ჩინეთის ლიდერი 9 მაისის "გამარჯვების აღლუმზე" რუსეთის პრეზიდენტის გვერდით იჯდა.
ჩინეთის ლიდერი 9 მაისის "გამარჯვების აღლუმზე" რუსეთის პრეზიდენტის გვერდით იჯდა.

9 მაისს, როდესაც ვლადიმირ პუტინი მოსკოვში „დიდი სამამულო ომის“ მე-80 წლისთავს ზეიმობდა და დღევანდელი რუსეთის ურყევ წინააღმდეგობასა და სამართლიანობაზე ლაპარაკობდა, დასავლეთის ქვეყნები კრემლის აგრესიის წინააღმდეგ გეგმებს ათანხმებდნენ.

ევროკავშირი კრემლის ლიდერების წინააღმდეგ ევროპული საბჭოს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უჭერს მხარს; ხოლო აშშ-ის მუქარას, 30-დღიანი ზავის აუცილებლობასთან დაკავშირებით, საფრანგეთი ევროპელების სახელით ეთანხმება.

დასავლელ ლიდერებს ცეცხლის შეწყვეტა სწრაფად სურთ, ვინც არ დაემორჩილება, ახალი სანქციები დაუწესდება. პარალელურად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი იმეორებს - სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს რუსეთი ზედმეტად ბევრსა და შეუძლებელს მოითხოვს.

პუტინის აღლუმზე

„რუსეთი იყო და იქნება ურყევი წინაღობა ნაციზმისთვის, რუსოფობიისა და ანტისემიტიზმისთვის", "სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარეს არის“ - თქვა რუსეთი პრეზიდენტმა 9 მაისს, წითელ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 1170-ე დღეს.

პუტინს უკრაინა არ უხსენებია. 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ფართომასშტაბიანი ომი კი მხოლოდ ერთხელ - „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ სახელით მოიხსენია, და თქვა, მთელი რუსეთი გულმხურვალედ უჭერს მხარსო.

„ჩვენ გვახსოვს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები და არასოდეს დავეთანხმებით მათ დამახინჯებას, ჯალათების გამართლებისა და ნამდვილი გამარჯვებულების მიმართ ცილისწამებას“, - ესეც პუტინის სიტყვებია.

  • პუტინის ”გამარჯვების სიტყვა” (10 წუთი) ერთ-ერთი ყველაზე მოკლე იყო 9 მაისის აღსანიშნავად მის ტრადიციულ გამოსვლებს შორის - 26-წლიანი მმართველობის მანძილზე.
  • წინა წლებისგან განსხვავებით, პუტინმა თავი შეიკავა დასავლეთზე თავდასხმებისგან. მაგალითად, 2007 წელს მან აშშ-ს "მესამე რაიხიც" კი უწოდა. 2022 წელს კი თქვა, რომ უკრაინაში "დასავლეთის მხარდაჭერილი ნეონაცისტები" არიან.


აღლუმში, ოფიციალური ცნობებით, 11 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა, აქედან 1.5 ათასი - ომის მონაწილე.

წითელ მოედანზე მხოლოდ რუს ჯარისკაცებს არ ჩაუვლიათ. კრემლმა სიამაყით გამოაცხადა, რომ აღლუმის მონაწილეებს შორის იყვნენ აზერბაიჯანელი, ბელარუსი, ყაზახი, ყირგიზი, ტაჯიკი, თურქმენი, უზბეკი, ჩინელი, ეგვიპტელი, ვიეტნამელი, მონღოლი, ლაოსელი და მიანმარელი [ბირმა] ჯარისკაცები.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, მარშში მონაწილეთა შორის არ იყვნენ სამხედროები ჩრდილოეთ კორეიდან, რომლებიც იბრძვიან რუსეთის მხარეს უკრაინასთან ომში.

აღლუმი მოსკოვში - რუსი სამხედროები 80 წლის წინანდელ ფორმებში
აღლუმი მოსკოვში - რუსი სამხედროები 80 წლის წინანდელ ფორმებში

წითელ მოედანზე ჩამოატარეს 200 ერთეული მძიმე ტექნიკა, მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი. აღლუმზე პირველად გამოიყვანეს „უპილოტო არმიის“ კოლონა - სამხედრო სატვირთოებზე გამოფენილი უპილოტო საფრენი აპარატები - ["Орлан", Zala , "Ланцет", "Гарпия" და "Герань"].

ბოლოს წითელ მოედანს თავზე თვითმფრინავებმაც [Су-30, МиГ-29, Су-25] გადაუფრინეს - ტრადიციული საჰაერო ილეთებით.

აღლუმზე პუტინის გვერდით ადგილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი იკავებდა, რომელსაც მოსკოვთან “ფოლადის მეგობრობა” სურს.

ბოლომდე გამოცანად დარჩა, რამდენი ქვეყნის ლიდერი ეწვია პუტინს 9 მაისისთვის. თავიდან 29 სახელდებოდა, ბოლოს კი მხოლოდ ის ითქვა, რომ მათი რიცხვი „20-ზე მეტი“ იყო.

მოსკოვში ნამდვილად ჩავიდნენ: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე - სი ძინპინი, ვენესუელის პრეზიდენტი - ნიკოლას მადურო, კონგოს პრეზიდენტი - დენი სასუნ-ნგესო, მონღოლეთის პრეზიდენტი - უხნააგიინ ხურელსუხი, კუბის პრეზიდენტი - მიგელ დიას-კანელი, ყაზახეთის პრეზიდენტი - ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, სერბეთის პრეზიდენტი - ალექსანდარ ვუჩიჩი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.

პუტინთან ახლოს, ტრიბუნაზე ასევე ისხდნენ ადამიანები, რომლებმაც უკრაინასთან ომში სისასტიკით გამოიჩინეს თავი. მათ შორის „აფხაზური ბატალიონად“ ცნობილი სამხედრო შენაერთის - Пятнашка-ს მეთაური, ახრა ავიძბა. მის მებრძოლებს ხშირად ადანაშაულებენ სამხედრო დანაშაულებში - უკრაინის დონეცკის ოლქში.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პუტინთან რობერტ ფიცო ჩავიდა - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი. კანდიდატი ქვეყნებიდან კი ალექსანდარ ვუჩიჩი - სერბეთის პრეზიდენტი. მგზავრობა მათთვის არცთუ იოლი აღმოჩნდა, რადგან ბალტიის ქვეყნებმა ორივე მათგანს, ცალ-ცალკე, საჰაერო დერეფანი გადაუკეტეს, რის გამოც თვითმფრინავებისთვის ალტერნატიული მარშრუტების გამონახვა გახდა საჭირო.

„მადლობა მას [ფიცოს], რომ ასეთი ძლიერი და მტკიცეა. ჩვენ გავუძლებთ! სლოვაკები და სერბები გაიმარჯვებენ“, - ამბობს ვუჩიჩი ფიცოზე, 8 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც ორი ქვეყნის ლიდერები კრემლის ფონზე ჩანან. ვუჩიჩი ფიცოს „მეგობარსა და ძმას“ უწოდებს და საპასუხო ქათინაურებსაც იღებს.

პოლიტოლოგმა ივან პრეობრაჟენსკიმ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ უთხრა, რომ წითელ მოედანზე ჩატარებული აღლუმით პუტინო ეცადა დაემტკიცებინა - რუსეთმა - „მნიშვნელოვანწილად, მაგრამ არა სრულად“ დააღწია თავი საერთაშორისო იზოლაციას.

„პუტინმა მადლობა უნდა გადაუხადოს დონალდ ტრამპს იმისთვის, რომ ამდენი ლიდერი ჩავიდა მასთან, რადგან აშშ-ს რომ არ დაეწყო მოლაპარაკებები მასთან [პუტინთან] იმ სახითა და იმ ფორმით, როგორც მათ ეს გააკეთეს, უცხოელი ლიდერების მნიშვნელოვანი ნაწილი თავს შეიკავებდა მოსკოვში ჩასვლისგან... სი ძინპინის გარდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა სხვა მოსკოვისგან რაღაცის მისაღებად ჩავიდა“, - ამბობს პრეობრაჟენსკი.

ევროკავშირის ლიდერებთან მუდმივად დაპირისპირებული რობერტ ფიცოს შემთხვევაში პოლიტოლოგი ხედავს მიზანს - დაანახოს ბრიუსელს, რომ „ალტერნატიული ვარიანტი“ აქვს და „ყოველთვის შეუძლია შებრუნდეს რუსეთისკენ“ და ამიტომ „მას უნდა მოუსმინონ“.

ექსპერტებში ამბობენ იმისაც, რომ მოსკოვს სტუმრების "შეგროვებაში" ჩინეთის ლიდერი დაეხმარა - სი ძინპინი რომ არ ჩასულიყო მოსკოვში, ბევრი მათგანი იტყოდა უარს.

ამ დროს უკრაინაში

9 მაისს უკრაინაში ევროპის დღეს აღნიშნავდნენ და ქალაქი ლვოვი 35 ქვეყნის დელეგაციებს მასპინძლობდა - ევროპელ მინისტრებს, დიპლომატებს, მათ შორის, ბრიუსელიდან. სტუმრებს შორის იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს შეთანხმებას სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ - უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაში დამნაშავეთა წინააღმდეგ.

  • ტრიბუნალი ლუქსემბურგში დაფუძნდება - მომავალ კვირაში, სადაც ევროსაბჭოს მინისტრები შეიკრიბებიან;
  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ტრიბუნალი გააჩენს შესაძლებლობას, გაასამართლონ „სამეული“ - პრეზიდენტი პუტინი, პრემიერი მიშუსტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი.

ექსპერტების შეფასებით, ტრიბუნალი შეძლებს გამოიძიოს კონკრეტული საქმეები და გამოსცეს საბრალდებო აქტი კონკრეტული დამნაშავის წინააღმდეგ; შემდეგ კი პროცესი სამიზნე თანამდებობის პირების პოსტებიდან გადადგომას დაელოდება. წინასწარი გეგმით, ევროსაბჭოს ტრიბუნალი სისხლის სამართლის საერთაშორისო [ჰააგის] ტრიბუნალის ანალოგია.

“დღეს ჩვენ ვდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს სამართლისკენ სპეციალური ტრიბუნალის შექმნით - რათა პასუხი აგონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დამნაშავეებმა“, - დაწერა კაია კალასმა სოციალურ პლატფორმა X-ზე 9 მაისს, უკრაინაში ყოფნის დროს.

მისი განცხადების ტექსტში მითითებულია, რომ რუსეთის ომი სრულად არის დოკუმენტირებული და „არ ტოვებს ადგილს ეჭვებისთვის“.

9 მაისს, ლვოვში გამოცხადდა, რომ ევროკავშირი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას - 1,9 მლრდ ევროს - რუსეთის “გაყინული აქტივებიდან” გამოუყოფს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა და ამ მოვლენას “ისტორიული” უწოდა.

ის განსაკუთრებულ მადლობას უხდის - დანიას, საფრანგეთს, ნიდერლანდსა და იტალიას, “რომლებიც 1 მლრდ ევროს ღირებულების უკრაინულ იარაღს შეისყიდიან“.

მეორე მსოფლიო ომში ნაციზმთან გამარჯვების დღე უკრაინაში 8 მაისს აღნიშნეს, ისევე როგორც ამას დასავლური სამყარო აღიარებს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარალელები დღევანდელ რუსეთთან და მის მიერ დაწყებულ ბრუტალურ ომთან გაავლო; 9 მაისის პუტინის აღლუმს კი უწოდა „სექტა“ სახელწოდებით „ისევ გავიმეორებთ“.

აშშ და ევროპა ზავზე და ახალ სანქციებზე - რუსეთის წინააღმდეგ

8 მაისს, გვიან ღამით, დონალდ ტრამპმა ისევ მოუწოდა მხარეებს 30-დღიანი ზავისკენ და ურჩებს დამატებითი სანქციებით დაემუქრა. მან ასევე დასძინა, რომ „მტკიცე მშვიდობის“ დამყარება ევროპელებთან თანამშრომლობით წარმოუდგენია.

ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან, იმ საღამოს ტრადიციულ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა გამოხატა მტკიცე თანხმობა 30-დღიან ზავზე, რის აუცილებელ პირობადაც მიიჩნევს კრემლის რეალურ ნებას იგივე ქნას.

8 მაისს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, Fox News-თან ინტერვიუში, კვლავ გაიმეორა, რომ - სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს რუსეთი ძალიან ბევრს მოითხოვდა და “რუსეთი არ უნდა მოელოდეს, რომ მას იმ ტერიტორიებს მისცემენ, რომლებიც ჯერ არც კი დაუპყრია”, რაც კრემლმა სამშვიდობო გეგმით მოითხოვა.

დონალდ ტრამპის ახალ, კატეგორიულ მოწოდებას 30-დღიანი ზავის შესახებ, მიესალმება საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონი X-ზე წერს, რომ - რამდენჯერმე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და რომ აუცილებელია აშშ-ისა და ევროპის ერთობლივი მუშაობა „დაგვიანების, ყალბი პრეტენზიებისა და გაჭიანურების ტაქტიკების გარეშე”.

„უკრაინამ უკვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა ცეცხლის შეწყვეტის ამგვარი შეთანხმების მიმართ თითქმის ორი თვის წინ. ახლა მე მოველი, რომ რუსეთი იმავეს გააკეთებს. თუკი ეს არ მოხდება, მზად ვართ მკაცრი რეაგირებისთვის ყველა ევროპელთან ერთად და მჭიდრო კოორდინაციით შეერთებულ შტატებთან“, - დაწერა მაკრონმა.

პოლიტოლოგი ოლეგ სააკიანი „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეუბნება, რომ დონალდ ტრამპის პოზიციებში ცვლილებები შეინიშნება, რაც განპირობებულია ამერიკელების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერით.

„ვხედავთ, როგორ გამოდიან დემოკრატები ლეთარგიული ძილიდან ტრამპის გამანადგურებელი გამარჯვების შემდეგ. ტრამპის რეიტინგები მცირდება. იზრდება ამერიკელების რიცხვი, რომლებიც უკრაინის მიმართ არასაკმარის დახმარებაზე ლაპარაკობენ და თვლიან, რომ ტრამპი მეტად რბილია რუსეთის მიმართ“, - პოლიტოლოგი არ თვლის, რომ სახეზეა სტრატეგიული გარდატეხა, მაგრამ მისთვის ფაქტია, რომ ტრამპი „კონტექსტის გავლენის“ ქვეშ ექცევა, ხოლო კონტექსტი - „უკრაინისთვის უფრო კეთილსაიმედოდ შეიცვლება, ვიდრე რუსეთისთვის“.

„რუსეთის შესაძლებლობის ფანჯარა - "გამოივაჭროს" რაიმე სერიოზული [სარგებელი] უკვე დაიხურა“, - ამბობს სააკიანი.

  • “გამარჯვების დღესთან” დაკავშირებით მოსკოვმა 3-დღიანი ზავი [8-10 მაისი] გამოაცხადა, მაგრამ როგორც უკრაინული მხარე იტყობინება - ჯერ მარტო 8 მაისს რუსეთის მიერ გამოცხადებული ზავი რუსეთის მიერვე 734-ჯერ დაირღვა - ამის შესახებ, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიხა მიუთითებს.
  • 8 მაისს კიევი იტყობინებოდა, სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად. საპირისპირო ბრალდებები ჰქონდა რუსეთის მხარესაც - უკრაინა ზავის პირობებს არღვევსო.

მხარეები ასევე ადანაშაულებდნენ ერთმანეთს - მოსკოვის მიერ გამოცხადებული ერთდღიანი “სააღდგომო ზავის” დროსაც. არსებობს ვიდეო და ფოტომასალები - თუ როგორ იბომბებოდა ამ დღეს უკრაინის ტერიტორია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG