თუმცა მის ტერიტორიაზე კვლავ იყო საწარმოები, რომლებიც მონაწილეობდნენ საბჭოთა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების შექმნაში და არსებობდნენ ისეთი ძლიერი საკონსტრუქტორო ბიუროები, როგორებიცაა კიევის „ლუჩი“ და დნეპროპეტროვსკის „იუჟნოე“. უკრაინის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1994 წელს დაიწყო საკუთარი სარაკეტო სისტემის შემუშავება, მაგრამ არასაკმარისი დაფინანსების გამო, ყირიმის ანექსიამდე და დონბასში საომარი მოქმედებების დაწყებამდე, მან ტესტირების (გამოცდის) ეტაპამდეც კი ვერ მიაღწია. რუსეთის მხრიდან სერიოზული საფრთხის გაცნობიერებამ სარაკეტო პროექტებზე მუშაობა გააქტიურა ისე, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის მომენტისთვის (2022 წ.) უკრაინას არსენალში უკვე საკუთარი რაკეტები ჰქონდა, თუმცა მოკრძალებული რაოდენობით: ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები „ნეპტუნი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული რაკეტები „ვილხა“ და „საპსანის“ ბალისტიკური სისტემა, რომელიც 80%-ით მზად იყო.
ომი, ერთი მხრივ, მოითხოვდა არსებული იარაღის დაჩქარებულ მოდერნიზაციას და მის სერიულ წარმოებაში დანერგვას, ხოლო, მეორე მხრივ, უკიდურესად ართულებდა რაკეტებზე მუშაობას, სახელდობრ, საწარმოებისა და საკონსტრუქტორო ბიუროების გამუდმებული დაბომბვის გამო. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინამ მხოლოდ 2025 წელს მოახერხა „საპსანისა“ (ბალისტიკური რაკეტა) და „ნეპტუნის“ მოდერნიზებული ვერსიის (გადაკეთებულია სახმელეთო სამიზნეებზე თავდასხმებისთვის და აქვს გაზრდილი დიაპაზონი) პირველად გამოყენება საბრძოლო პირობებში.
ამასობაში, უკრაინულმა კერძო კომპანია Fire Point-მა, რომელმაც სახელი გაითქვა შორ მანძილზე ეფექტურად მოქმედი კამიკაძე-დრონის, FP-1-ის წარმოებით, მოულოდნელად წარმოადგინა საკუთარი ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“, რომელიც, როგორც ამბობენ, ნულიდან შეიქმნა სულ რამდენიმე თვეში და უკვე მზადაა მასობრივი წარმოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შემქმნელების ზოგიერთი განცხადება ექსპერტებში სკეპტიციზმს იწვევს, კერძო ინიციატივამ ეფექტიანობითა და წარმოებით შეიძლება გადაუსწროს მძიმე სახელმწიფო პროექტებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, „ფლამინგოს“ პირველი საბრძოლო გამოყენება 30 აგვისტოს მოხდა ანექსირებულ ყირიმში რუსული სამიზნის წინააღმდეგ.
„ბალისტიკური რაკეტების შექმნა ზოგადად ძალიან რთულია, - განუცხადა რადიო თავისუფლებას სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის რაკეტებისა და უპილოტო შეიარაღების დარგის მკვლევარმა ფაბიან ჰინცმა, - თუ ვსაუბრობთ შედარებით მოკლე რადიუსის რაკეტებზე, და ეს ზუსტად ისაა, რაც უკრაინას სჭირდება, ისინი ჩვეულებრივ იყენებენ მყარ საწვავს, რომლის წარმოება და გამოყენება ძვირი და სახიფათოა. გარდა ამისა, ბალისტიკა მოითხოვს ნავიგაციისა და დამიზნების ძალიან კარგ სისტემას, რადგან ტრაექტორიის ბოლო ეტაპზე მას ძალიან მაღალი სიჩქარე აქვს. ფრთოსანი რაკეტები კი ტექნოლოგიურად შეიძლება შედარებით მარტივი იყოს. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებიდან ვხედავთ, რომ ფრთოსან რაკეტასა და შორ მანძილზე მოქმედ კამიკაძე-დრონს შორის ზღვარი თანდათან იშლება: არსებითად, ორივე პატარა თვითმფრინავია, რომელთა ამოცანაა რამდენიმე ასეული კილომეტრის გადალახვა და მიზანთან შეჯახება. დრონების შემქმნელები იწყებენ რეაქტიული ძრავების დაყენებას თავიანთ მოწყობილობებზე - და არსებითად ფრთოსან რაკეტებს იღებენ“.
რადიო თავისუფლება მოგითხრობთ ცნობილი რაკეტა „ფლამინგოს“ შესახებ და იმაზეც, კიდევ რომელი რაკეტებია ამ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებული ძალების არსენალში.
„ფლამინგო“: ძრავის გარშემო აწყობილი კონსტრუქტორი
2025 წლის აგვისტოში უკრაინულმა და დასავლურმა საინფორმაციო საშუალებებმა პირველად აჩვენეს კომპანია Fire Point-ის ახალი უკრაინული ფრთოსანი რაკეტის, „ფლამინგოს“ გამოცდის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები.
ექსპერტებს ამ რაკეტის პროტოტიპის (ან მისი ძალიან მსგავსის) ნახვა შეეძლოთ თებერვალში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, IDEX-ის გამოფენაზე. რაკეტა სახელით Milanion FP-5, როგორც საკუთარი პროდუქტი, წარადგინა კომპანია Milanion Group-მა (UK-UAE), რომელიც აქტიურად თანამშრომლობს უკრაინის თავდაცვის სექტორთან.
Melanion FP-5 არა უბრალოდ ჰგავს უკრაინულ „ფლამინგოს“, არამედ აქვს იგივე ინდექსი სახელწოდებაში - FP-5 („ფლამინგოში“ ეს მწარმოებლის სახელწოდებას, Fire Point-ს აღნიშნავს), მსგავსი ზომა და ტექნიკური მახასიათებლები. Fire Point-ის წარმომადგენლებმა The Economist-თან საუბარში ამ დამთხვევაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს უსაფრთხოების მოტივით და მხოლოდ ის აღნიშნეს, „თებერვალში ჩვენი იდეა წარმატებული აღმოჩნდაო“.
რაკეტის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ „ფლამინგოს“ იდეა 2024 წლის ბოლოს გაჩნდა, ხელსახოცზე გაკეთებული ესკიზიდან, ხოლო ახალი რაკეტის შთაგონების წყარო იყო V-1 (პირველი ფრთოსანი რაკეტა, ანუ მფრინავი ჭურვი, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში შეიქმნა 1940-იან წლებში) და საბჭოთა „სტრიჟი“ (პირველი საბჭოთა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც 1970-იან წლებში შეიქმნა). ორივე ეს პროტოტიპი გამოირჩევა ძრავის უჩვეულო მდებარეობით - ფიუზელაჟის ზემოთ, ისევე როგორც „ფლამინგოშია“. როგორც The Economist-ს განუცხადეს Fire Point-ში, რაკეტის სახელი ერთგვარი რევერანსია სამხედრო ინდუსტრიაში მაღალ თანამდებობებზე მომუშავე ქალებისადმი (კომპანიის ტექნიკური დირექტორია ირინა ტერეხი, ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციების ყოფილი არქიტექტორი და მწარმოებელი), რაკეტის ერთ-ერთი პროტოტიპის ცხვირი ვარდისფრად იყო შეღებილი.
„ფლამინგოს“ პარამეტრების შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ფოტოებისა და გამოსახულებების საფუძველზე, სხვადასხვა ექსპერტი ვარაუდობს, რომ რაკეტის სიგრძე 6-7 მეტრიდან 12-14 მეტრამდეა, ხოლო ფრთების უკიდურეს წერტილებს შორის მანძილი - დაახლოებით 6 მეტრი. Conflict Intelligence Team-ის (CIT) ანალიტიკოსები, რომლებთანაც რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა ისაუბრეს, საკუთარი ანალიზის საფუძველზე ფიქრობენ, რომ რაკეტის რეალური სიგრძე დაახლოებით 9-11 მეტრის დიაპაზონშია. ამრიგად, „ფლამინგო“ თანამედროვე ფრთოსან რაკეტებთან შედარებით ძალიან დიდია: ის ორჯერ გრძელია, ვიდრე Storm Shadow/Scalp-ი და ერთნახევარჯერ გრძელია, ვიდრე X-101. რუსეთის მიერ გამოყენებული ფრთოსანი რაკეტებიდან მსგავსი ზომა აქვს მხოლოდ X-22-ს, რომელიც თავდაპირველად იქმნებოდა, როგორც ბირთვული მუხტის მატარებელი გემსაწინააღმდეგო იარაღი და რომელსაც გაცილებით მაღალი სიჩქარე - 4 ათასი კმ/სთ აქვს.
ირინა ტერეხმა სააგენტო AP-თან ინტერვიუში დაასახელა რაკეტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: „ფლამინგოს“ ფრენის დიაპაზონი შეიძლება იყოს 3 ათასი კმ, სამიზნიდან 14 მეტრამდე წრიული გადახრის ალბათობით, ქობინის წონა 1150 კგ-ია. სავარაუდოდ, ნავიგაციის სისტემად გამოიყენება სტანდარტული კომპლექტი, რომელიც შედგება GPS ნავიგატორისა და ინერციული სისტემისგან. „ფლამინგოს“ სიჩქარე ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ შესაძლოა, ის Milanion Group-ის კონცეპტის ანალოგიური იყოს: საკრუიზო სიჩქარე 850-900 კმ/სთ, მაქსიმალური - 950 კმ/სთ.
„ეს მახასიათებლები ჯერ არ არის დადასტურებული, მაგრამ ჩემთვის ისინი გიჟურად არ გამოიყურებიან“, - განუცხადა ფაბიან ჰინცმა რადიო თავისუფლებას.
ირინა ტერეხმა AP-ს განუცხადა, რომ Fire Point-ი ამჟამად დღეში ერთ რაკეტას აწარმოებს და რომ ოქტომბრისთვის წარმოების ტემპის დღეში შვიდამდე გაზრდას ელის. ამ შემთხვევაში, უკრაინაში შორი დისტანციის რაკეტების წარმოების მასშტაბი შედარებადი იქნება რუსულ წარმოებასთან, რომელიც, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ყოველწლიურად 2400-3000 სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტას უშვებს.
ერთ საწარმოში რაკეტების ინდუსტრიისთვის უჩვეულოდ მაღალი წარმოების ტემპი, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ „ფლამინგოს“ მთავარი და ყველაზე რთული ელემენტი კი არ იწარმოება, არამედ მზა სახით გამოიყენება. ფაბიან ჰინცი იყო ერთ-ერთი პირველი ანალიტიკოსი, რომელმაც შენიშნა, რომ ფოტოებსა და ვიდეოებში ნაჩვენები „ფლამინგოს“ ძრავა ძალიან ჰგავდა უკრაინულ (თავდაპირველად საბჭოთა) თვითმფრინავის, АИ-25-ის ძრავას ან მის ერთ-ერთ მოდიფიკაციას, რომლებიც იწარმოებოდა „ზაპოროჟიეს მოტორების ქარხანასა“ (ახლანდელი „მოტორ სიჩი“) და ჩეხოსლოვაკიაში (ლიცენზიით). „ეჭვი არ მეპარება, რომ ეს სწორედ ის ძრავაა. და რაკეტაც ძირითადად დამზადებულია მზა ნაწილებისგან. მისი ქობინი, სავარაუდოდ, სტანდარტული საჰაერო ბომბისგან არის დამზადებული“, - მიაჩნია ჰინცს. ერთ-ერთი ვერსიით, ეს შეიძლება იყოს ამერიკული Mk 84 ან Blu-109/B ავიაბომბი; CIT-ის ექსპერტები ასევე არ გამორიცხავენ, რომ ქობინი სპეციალურად „ფლამინგოსთვის“ შეიქმნა.
„ფლამინგოს“ სავარაუდო ტექნიკური მახასიათებლებისა და АИ-25 ტიპის ძრავის პარამეტრების შედარების საფუძველზე CIT-ის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი საკმაოდ ზუსტად შეესაბამებიან ერთმანეთს: АИ-25-ის ასაფრენი წევა და ხარჯი „ფლამინგოს“ დაახლოებით 3,5-საათიან ფრენას უზრუნველყოფს, რაც საკმარისია დაახლოებით 3000 კილომეტრის დასაფარად. ამისათვის საჭირო საწვავის მოცულობა ასევე შეესაბამება „ფლამინგოს“ ზომასა და წონას.
АИ-25 ძრავების ოჯახის წარმოება დაიწყო 1967 წელს და შესაძლოა, დღემდე გრძელდება. 2018 წლის მონაცემებით, წარმოების დაწყებიდან სულ დაახლოებით 6,5 ათასი სხვადასხვა მოდიფიკაციის АИ-25 ძრავა იქნა წარმოებული, მათ შორის მოდერნიზებული АИ-25 ТЛШ-ის 2650 ერთეული. CIT-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ АИ-25 ძრავები იწარმოებოდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის და მათი დიდი უმრავლესობა, სავარაუდოდ, უკვე გაცვეთილი და ჩამოწერილია, ხოლო უკრაინაში არსებული ძრავების რაოდენობა, სავარაუდოდ, არც ისე დიდია.
„მე არ მაქვს მონაცემები იმის შესახებ, თუ ამ მოდელის რამდენი ძრავაა ამჟამად ხელმისაწვდომი უკრაინისთვის, მაგრამ L-39 სასწავლო თვითმფრინავი ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა, ექსპორტირებული იყო მრავალ ქვეყანაში, რომლებიც ახლა სიამოვნებით ჩაანაცვლებდნენ მას უფრო თანამედროვე ეგზემპლარით, - ამბობს ფაბიან ჰინცი, - ამ ტიპის მზა ძრავის გამოყენება რაკეტისთვის უპირატესობაცაა და ნაკლიც. ერთი მხრივ, მისი შეძენა შედარებით მარტივად და იაფად შეიძლება. მეორეს მხრივ, როდესაც ყველა მზა ძრავა ამოიწურება, დღის წესრიგში დადგება წარმოების საკითხი და ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, შეუძლია თუ არა „მოტორ სიჩს“ ამ ძრავის წარმოება მოცემულ ეტაპზე“. ჰინცი აღნიშნავს, რომ „ფლამინგოზე“ წავა ისეთი ძრავებიც, რომლებიც არ არიან იდეალურ ტექნიკურ მდგომარეობაში. „ესაა რაკეტა და არა თვითმფრინავი, ძრავამ ძირითადად მხოლოდ ერთი სამსაათიანი ფრენა უნდა შეძლოს“, - ამბობს ფაბიან ჰინცი.
მისი თქმით, რაკეტის ფრენის შორი მანძილი არა მხოლოდ უზრუნველყოფს რაკეტის შესაძლებლობას, იერიში მიიტანოს რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე, არამედ ზრდის მის შესაძლებლობას, გვერდი აუაროს საჰაერო თავდაცვის სისტემებს. „ფლამინგოს“ დიდი ზომა და ფრენის ტრაექტორიის თავისებურება Fire Point-ის კონსტრუქტორების სუსტი წერტილებია და, ბევრი ექსპერტის აზრით, რაკეტა კარგად გამოჩნდება რუსულ რადარებზე.
„ასეთ რაკეტას აქვს გაფანტვის (დისპერსიის) ძალიან დიდი ზედაპირი, შესაბამისად, ის მკაფიოდ ჩანს რადარზე, ანათებს, როგორც ნაძვის ხე. გარდა ამისა, გამოსცემს ძლიერ ხმას რეაქტიული ძრავის გამო და არ აქვს ძალიან მაღალი სიჩქარე“, - აცხადებენ CIT-ის ექსპერტები.
მსოფლიოში დღეს მეტ-ნაკლებად მასობრივად წარმოებულ დიდ ფრთოსან რაკეტებს შორის არის რუსული „ონიქსები“ (დიამეტრით 700 მმ, "ფლამინგოს" 800–1000 მმ-ის წინააღმდეგ), მაგრამ „ონიქსი“ ზებგერითია (2400–3100 კმ/სთ - ფრენის სიმაღლის მიხედვით, "ფლამინგოს" 800–950 კმ-ის წინააღმდეგ) და ასევე - თითქმის ორჯერ მოკლე, ამიტომ მისი აღმოჩენა/ჩამოგდება გაცილებით რთულია. დიახ, რუსეთსაც აქვს X-22, რომელიც სიგრძით და ქობინის ზომით „ფლამინგოს“ მსგავსია, მაგრამ მას გაცილებით მაღალი სიჩქარე აქვს (4000 კმ/სთ) და გაცილებით მოკლე მანძილზე (600 კმ) დაფრინავს.
„დიახ, „ფლამინგო“ დიდია და არა ზებგერითი, ამიტომ მისი „დაჭერა“ შედარებით ადვილია - თუ იცით, სად იმყოფება და თუ ამ ადგილას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა გაქვთ. მაგრამ, თუ გადავხედავთ უკრაინის მიერ შორ მანძილზე განხორციელებულ დრონების თავდასხმებს - ისინი საკმაოდ ეფექტიანია, არადა ასეთი დრონები გაცილებით ნელია, ვიდრე „ფლამინგო“. ბევრი რამ მისიის დაგეგმვაზეა დამოკიდებული. როგორც ჩანს, უკრაინამ კარგად იცის, სად არის ამჟამად განლაგებული რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები/რადარები და იერიშებს ისე გეგმავს, რომ უკრაინულმა დრონებმა მათი გვერდის ავლით იფრინონ. ეს გამოცდილება „ფლამინგოსაც“ გამოადგება, მას შეუძლია, უხეშად რომ ვთქვათ, ზიგზაგებით ფრენა, მოწინააღმდეგის თავდაცვაში ხარვეზების ძიება - ეს არის ფრთოსანი რაკეტების ერთ-ერთი უპირატესობა ბალისტიკურ რაკეტებთან შედარებით“, - ამბობს ფაბიან ჰინცი.
CIT-ში ვარაუდობენ, რომ „ფლამინგოს“ შეკავების მთავარი საშუალება იქნება არა ხმელეთზე განლაგებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, არამედ ავიაცია. რუსეთს ჯერ ისევ ჰყავს შეიარაღებაში A-50 ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ ტერიტორიის პატრულირება იმ ზონებიდან, რომლებშიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები ვერ სწვდებიან. გარდა ამისა, რუსეთის შეიარაღებაშია საკმაო რაოდენობის მეოთხე თაობის გამანადგურებლები: Су-30СМ, Су-35С და МиГ-31.
მეორეს მხრივ, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არაერთხელ დაფიქსირდა პრობლემები მსგავსი პროცესების ორგანიზებასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს რეაგირებისთვის დიდი დრო არ ექნება: 1000 კილომეტრის მანძილს რაკეტა 1,5 სთ-ზე ნაკლებ დროში დაფარავს. ამასთან, ის დაუყოვნებლივ არ იქნება აღმოჩენილი, შესაბამისად სამიზნიდან ასეთ მანძილზე მისი ჩამოგდების რეალური დრო ერთ საათზე ნაკლები იქნება.
„თუ რაკეტები საკმარისად დიდი რაოდენობით და ერთდროულად იფრენენ, მაშინ საჭირო იქნება „ჰაერი-ჰაერი“ რაკეტების საკმაო რაოდენობით აღჭურვილი ბევრი ავიაგამანადგურებელი, თუმცა ისინი უკრაინულ რაკეტებამდე მყისიერად ვერ მიფრინდებიან, ამიტომ თუ თავიდან ისე აღმოჩნდება, რომ რუსეთი ვერ მოახერხებს სათანადოდ ორგანიზებას, მაშინ პირველი დარტყმები, თუ ისინი მეტ-ნაკლებად მასობრივი იქნება, შეიძლება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდეს და განეიტრალებული რაკეტების წილი შეიძლება დაბალი იყოს. თუმცა დროთა განმავლობაში, „დაჭერილი“ რაკეტების წილი განუხრელად გაიზრდება და რამდენიმე თვეში შეიძლება 99%-საც მიაღწიოს“, - აცხადებენ CIT-ში.
რაკეტა „ფლამინგო“, რომელსაც პოტენციურად შეუძლია ძალთა ბალანსის შეცვლა და უკრაინის შანსების მნიშვნელოვნად გაზრდა რუსული აგრესიის მოგერიებაში, მედიასივრცეში მოულოდნელად გამოჩნდა - და ამაზე ისაუბრეს არა უკრაინის ხელისუფლების, არამედ კერძო მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებმა. „ფლამინგოს“ პირველი ფოტოს გამოქვეყნებიდან სამი დღის შემდეგ (ფოტო „ასოშიეიტედ პრესში“ მომუშავე ფოტოჟურნალისტმა ეფრემ ლუკაცკიმ გამოაქვეყნა), უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფლამინგოს“ დღემდე შექმნილი ყველა უკრაინული იარაღიდან „ყველაზე წარმატებული“ უწოდა და ამ რაკეტების მასობრივი წარმოების პირობა დადო.
„ახალი ფრთოსანი რაკეტის შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე ბალისტიკურისა, მაგრამ ეს არ არის ელემენტარული ამოცანა, - ამბობს ფაბიან ჰინცი, - დიახ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვხედავთ მაგალითებს, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებლები საკუთარი ფრთოსანი რაკეტების პროექტებზე იწყებენ მუშაობას, მაგრამ ვერავინ შეძლო ისეთი ძლიერი ტექნოლოგიური ნახტომის გაკეთება, როგორზეც Fire Point-ი საუბრობს. როგორც წესი, საუბარია ხოლმე არსებული დრონების მახასიათებლების თანდათანობით გაუმჯობესებაზე. ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად მუშაობს „ფლამინგო“. ჩვენ არაფერი ვიცით მისი ტესტირების (გამოცდის) შედეგების შესახებ. ეს ყველაფერი ღია საკითხად რჩება“.
31 აგვისტოს უკრაინულმა მედიამ აჩვენა სამი რაკეტის - სავარაუდოდ, „ფლამინგოს“ გაშვების კადრები.
უკრაინულმა ვებსაიტმა „მილიტარნიმ“, წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გაშვება საბრძოლო გამოცდა იყო და რომ 30 აგვისტოს დილით მიტანილი იერიშის შედეგად, ანექსირებულ ყირიმში, არმიანსკის მახლობლად, განადგურდა ეფესბეს სასაზღვრო სამსახურის ობიექტი.
„გრძელი ნეპტუნი“: მოდერნიზაცია რაკეტისა, რომელმაც „მოსკოვი“ ჩაძირა
24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა დაგრძელებული ფრთოსანი რაკეტა - Р-360 „ნეპტუნი“, რომელზეც დიდი ხანია საუბრობენ სპეციალისტები.
„ნეპტუნი“ - ეს არის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა, რომელიც საბჭოთა X-35 რაკეტის ბაზაზეა შექმნილი. კიევში დაფუძნებულმა საკონსტრუქტორო ბიურო „ლუჩმა“ მისი შექმნა დაიწყო 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან მალევე. 2016 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსტრუქტორები რაკეტას სამი - საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო - ბაზირების მიმართულებით ავითარებდნენ, თუმცა შემდგომში რაკეტის გამოცდებისა და მოდიფიკაციების შესახებ ინფორმაცია თითქმის არ გამოქვეყნებულა. სარაკეტო კომპლექსი ექსპლუატაციაში 2020 წლის აგვისტოში მიიღეს, ერთი წლის შემდეგ კი საჯაროდ გამოაჩინეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე.
„ნეპტუნმა“ უკრაინას მოუტანა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სამხედრო წარმატება: 2022 წლის 14 აპრილს ამ ტიპის ორმა რაკეტამ იერიში მიიტანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანზე, სარაკეტო კრეისერ „მოსკვაზე“, რომელიც მალევე ჩაიძირა.
2023 წლის აპრილში, წყარომ უკრაინის მთავრობიდან გამოცემა The War Zone-ს განუცხადა, რომ უკრაინა მუშაობს „ნეპტუნების“ მოდიფიცირებაზე, რათა რაკეტებმა შეძლონ მიწისზედა სამიზნეების განადგურებაც.
ექვსი თვის შემდეგ, 2023 წლის ბოლოს, პირველად გაისმა სიტყვები „გრძელი ნეპტუნი“, რაც იქცა კიდეც მიწისზედა სამიზნეებზე იერიშის მისატანად შექმნილი ამ რაკეტის (გაზრდილი მოქმედების მანძილით) არაოფიციალურ სახელწოდებად. „ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. გრძელი „ნეპტუნის“ შესაქმნელად. საუბარია რაკეტის ახალ მოდიფიკაციაზე „ნეპტუნის“ კომპლექსისთვის“, - განუცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ივან გავრილუკმა უკრაინულ გამოცემა „არმია ინფორმს“.
2025 წლის მარტში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ გამოცადეს „გრძელი ნეპტუნი“. „დღეს გავრცელდა ინფორმაცია ჩვენი სარაკეტო პროგრამის შესახებ. არის მნიშვნელოვანი შედეგები. „გრძელი ნეპტუნი“ გამოცადეს და წარმატებით გამოიყენეს საბრძოლო მოქმედებებში. ეს არის ახალი უკრაინული რაკეტა, ზუსტი დარტყმის უნარით, რომლის დიაპაზონი ათასი კილომეტრია. მადლობა ჩვენს უკრაინელ კონსტრუქტორებს, მწარმოებლებს და სამხედროებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „გრძელი ნეპტუნით“ პირველი იერიში ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს.
ფრენის გაზრდილი მანძილის მქონე „ნეპტუნის“ ვერსიის შემუშავებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ხელი არ შეუშლია ჩვეულებრივი „ნეპტუნის“ გამოყენებაში სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად - უკრაინული გამოცემის, Defence Express-ის გამოთვლებით, 2024 წელს ხუთი ასეთი დარტყმა განხორციელდა.
24 აგვისტოს უკრაინის სახელმწიფო პორტალ „ზბროიას“ ინსტაგრამ-გვერდზე გამოქვეყნდა „გრძელი ნეპტუნის“ სურათი. თუმცა რაკეტის მახასიათებლების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ატვირთულა, გარდა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებისა, რომ რაკეტამ გაანადგურა 1000 კილომეტრის მანძილზე მდებარე სამიზნე. გამოქვეყნებული სურათის მიხედვით, ახალი „ნეპტუნი“ 1,5 მეტრით გრძელია (დაახლოებით 6 მეტრი 4,5-ის წინააღმდეგ) და 12 სმ-ით მსხვილი (ცენტრალური ნაწილის დიამეტრი 38-დან 50-სმ-მდე გაიზარდა). უცნობია, გაიზარდა თუ არა ქობინი: კლასიკურ „ნეპტუნს“ 150 კგ-იანი ქობინი აქვს. სავარაუდოდ, ახალმა რაკეტამ მიიღო გაუმჯობესებული სატელიტური ნავიგაციის სისტემა და ინფრაწითელი სისტემა ტრაექტორიის ბოლო ეტაპზე დამიზნებისთვის.
„სურათიდან გამომდინარე, უკრაინამ არსებითად გაზარდა „ნეპტუნის“ შუა ნაწილი და დააგრძელა ფრთები, რათა რაკეტას მეტი საწვავის გადატანა და მეტი ამწევი ძალა ჰქონდეს. შესაძლოა, „გრძელი ნეპტუნი“ კლასიკურზე რამდენადმე ნელია, მაგრამ მას უფრო გრძელი დიაპაზონი (ფრენის სიშორე) აქვს“, - მიიჩნევს ფაბიან ჰინცი.
„გრძელი ნეპტუნი“ თითქმის ერთდროულად იქნა ნაჩვენები „ფლამინგოსთან“ ერთად. რამდენად მიზანშეწონილია უკრაინისთვის რესურსების ერთდროულად ორ ფრთოსან რაკეტაში ინვესტირება? „თუ მწარმოებელს [Fire Point] შეუძლია „ფლამინგოს“ მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოება და თუ მთელი ეს ამბავი საერთოდ არ არის მარკეტინგული სვლა... გულწრფელად რომ ვთქვათ, მოდერნიზებული ფრთოსანი „ნეპტუნი“ დიდწილად კარგავს თავის მნიშვნელობას“, - განუცხადა ფაბიან ჰოფმანმა გამოცემა Kyiv Independent-ს.
ფაბიან ჰინცი მიიჩნევს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორივე რაკეტა გამოადგება, რადგან ისინი წარმატებით შეავსებენ ერთმანეთს. „ნეპტუნი“ ტრადიციული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაა, „ფლამინგო“ კი უჩვეულო კონცეფციაა, ტექნოლოგიურად გაცილებით მარტივი, მაგრამ უფრო მძიმე და უფრო გრძელი დიაპაზონის მქონე. მათ საერთო მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ეს ორი ძალიან განსხვავებული რაკეტაა. საკითხავი ისაა, თუ როგორ შეიძლება მათი ეფექტიანად გამოყენება. აშშ-ს აქვს ძალიან რთული ფრთოსანი რაკეტები, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მას, ინვესტიციები ჩადოს იაფი რაკეტებისა და რეაქტიული მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატების შექმნაში, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემის პარალიზებისთვის“, - ამბობს ჰინცი.
„ნეპტუნების“ რაოდენობისა და მათი წარმოების ტემპის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. თუმცა „ნეპტუნი“ - თავისი კლასიკური ან „გრძელი“ ვერსიით - ფრონტზე წარმატებით გამოიყენება. 28 აგვისტოს გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც უკრაინული „ნეპტუნის“ გამშვები სისტემა ზიანდება რუსული „ისკანდერის“ რაკეტის მოხვედრის შედეგად.
ზაპოროჟიეს ოლქში მომხდარი ეს ინციდენტი, შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ რაკეტები მართლაც ადაპტირებულია და გამოიყენება სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად: ადრე „ნეპტუნები“ ძირითადად ოდესის რეგიონში, შავი ზღვის მახლობლად იყო განლაგებული, აღნიშნავს CIT. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა უკვე იყენებს რაკეტის „დაგრძელებულ“ ვერსიას. უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა, რომ 1000 კილომეტრის რადიუსის მქონე რაკეტა გასაშვებად შეიყვანეს რუსული სადაზვერვო დრონების მოქმედების ზონაში.
„საპსანი/გრომი“: რთული ბედის მქონე ბალისტიკური პროექტი
უკრაინა ავითარებს არა მხოლოდ ფრთოსან, არამედ ბალისტიკურ რაკეტებსაც: ამ მიმართულებით მთავარი პროექტია რაკეტა „საპსანი“ და მისი საექსპორტო ვერსია „გრომი“.
1990-იან წლებში უკრაინა საკუთარი სარაკეტო წარმოების გარეშე დარჩა - მის არსენალში მხოლოდ მოძველებული საბჭოთა „სკადი“ და „ტოჩკა-უ“ რაკეტები შედიოდა. ალტერნატიული სისტემის შექმნის მცდელობები 1994 წლიდან მიმდინარეობს, უკვე 2010-იანი წლების დასაწყისისთვის დნეპროპეტროვსკის „იუჟნოეს“ საკონსტრუქტორო ბიურო აქტიურად მუშაობდა „საპსანის“ ბალისტიკური რაკეტების კომპლექსზე. სამუშაოების დასრულების ვადები რამდენჯერმე გადაიდო, 2013 წელს კი, საბიუჯეტო პრობლემების გამო, პროგრამის დაფინანსება მთლიანად შეჩერდა. პროექტი გადარჩა უცხოური დაფინანსების დახმარებით: 2013 წელს საუდის არაბეთმა უკრაინასთან გააფორმა ხელშეკრულება „გრომის“ ერთ-ერთი ვარიანტის, „საპსანის“ (მოქმედების რადიუსი - 280 კმ, ქობინის წინა - 480 კგ ) შექმნაზე. ერთი წლის შემდეგ, ყირიმის ანექსიისა და დონბასში რუსეთის შეჭრის ფონზე, საკონსტრუქტორო ბიურო „იუჟნოემ“ განაცხადა, რომ უბრუნდებოდა 500 კმ მოქმედების დიაპაზონის მქონე „საპსანის“ შემუშავებას.
2019 წელს საკონსტრუქტორო ბიურო „იუჟნოეს“აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრ დეგტიარიოვმა განაცხადა, რომ „გრომის“ პროტოტიპი მზად იყო გამოცდისთვის, რომელიც „უახლოეს მომავალში“ დაიწყებოდა. იმავე წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთს გამოცდის (ტესტირების) პროგრამის პირველი ფაზისთვის მიაწოდეს ძრავების, სათადარიგო ნაწილების და ქობინების პირველი პარტია.
2020 წელს ვითარება მკვეთრად შეიცვალა: გაირკვა, რომ კომპლექსის შემუშავებისა და ტესტირების დასასრულებლად დამატებით 300 მილიონი დოლარი იყო საჭირო. 2021 წელს შეწყდა პროექტის დაფინანსება უცხოელი დამკვეთის მხრიდან. 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, უკრაინამ რამდენიმე ასეული მილიონი გრივნა გამოყო სარაკეტო ინდუსტრიისთვის, კერძოდ, ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის შესაქმნელად. იგულისხმებოდა 280 კმ-ზე მოქმედი „გრომი“ და 500 კმ-ზე მოქმედი „საპსანი“.
მწარმოებლის თქმით, პროექტი იმ დროისთვის 80%-ით იყო დასრულებული. თუმცა არც რაკეტა და არც გამშვები მოწყობილობა სრულად მზად არ იყო.
უკრაინაში საკუთარ ბალისტიკაზე მუშაობა ომის დაწყების შემდეგ დაჩქარდა. 2024 წლის ივლისში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ახლოს იყო საკუთარი ბალისტიკური რაკეტების გამოყენებასთან, ხოლო აგვისტოში მან პირველი წარმატებული გამოცდების შესახებ განაცხადა. 2025 წლის მაისში, „საპსანმა“, სავარაუდოდ, 300 კილომეტრის მანძილზე მდებარე რუსული სამეთაურო პუნქტის განადგურება შეძლო. მაშინ ითქვა, რომ რაკეტა მზად იყო სერიული წარმოებისათვის.
აგვისტოში რუსეთის ეფესბემ გამოაქვეყნა ფილმი, რომელიც დეტალურად აღწერდა „საპსანის“ წარმოების ჩაშლის ოპერაციას. ფილმის თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურმა გამოავლინა „საპსანის“ მშენებლობაში ჩართული ოთხი საწარმო - ორი დნეპროპეტროვსკის ოლქში და ორი სუმის ოლქში. ეფესბემ განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემების საფუძველზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საწარმოებზე არაერთი დარტყმა განახორციელა. თავისი სიტყვების დასადასტურებლად უწყებამ, მისივე სიტყვებით, წარმოადგინა თანამგზავრული ფოტოები, რომლებზეც დანგრეული ქარხნის შენობები იყო ნაჩვენები. ვიდეოში ნახსენებ საწარმოებზე მართლაც არაერთხელ მიიტანეს იერიში რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა. უცნობია, რამდენად ეფექტური იყო ეს დარტყმები და შეძლეს თუ არა მათ, როგორც ეფესბე აცხადებს, „საპსანის“ წარმოების პროგრამის შეჩერება.
„უკრაინამ განაცხადა, რომ აგრძელებს საკუთარ ბალისტიკურ რაკეტებზე მუშაობას და, როგორც ჩანს, გარკვეულ წარმატებასაც აღწევს. რუსეთი ამტკიცებდა, რომ პროგრამა გერმანიამ დააფინანსა, გერმანია კი საუბრობდა საკუთარი ბალისტიკური სისტემების შემუშავებაზე, თუმცა უცნობია, ერთი და იგივე პროექტი იგულისხმება თუ არა. მყარი საწვავის რაკეტების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მათი წარმოება მოითხოვს სპეციალურ ინფრასტრუქტურას, ხოლო თუ ცნობილია, სად მდებარეობს ამგვარი ინფრასტრუქტურა, შედარებით იოლია მასზე იერიშის მიტანაც. წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი აღმოჩენა თანამგზავრული სურათებიდანაც შესაძლებელია, რადგან ეს არ არის ისეთი ტიპის ინდუსტრია, რომელიც შეიძლება მიმოფანტული იყოს პატარა შენიღბულ ანგარებში. უკრაინასაც მიაქვს იერიში მყარი სარაკეტო საწვავის რუსულ წარმოებაზე, ისრაელმაც დაარტყა მსგავს ირანულ ინფრასტრუქტურას", - განუცხადა ფაბიან ჰინცმა რადიო თავისუფლებას.
Ві́льха ("ვილხა"): ზედმეტად რთული ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა
კიდევ ერთი უკრაინული სარაკეტო სისტემაა „ვილხა“ - რუსული „ტორნადოს“ სისტემის ანალოგი; ორივე ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა წარმოადგენს საბჭოთა „სმერჩის“ მოდერნიზებულ ვარიანტს, ფრენისას ტრაექტორიის კორექტირების უნარით.
ამ სისტემის შექმნაზე მუშაობის შესახებ პირველად ცნობილი გახდა 2016 წელს, ორი წლის შემდეგ კი სისტემა თავის ბალანსზე მიიღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. მალევე დაიწყო ამ სისტემის რაკეტების მასობრივი წარმოება. 2019 წლის ნოემბერში უკრაინის არმიამ მიიღო „ვილხასთვის“ განკუთვნილი პირველი ასი რაკეტა, ხოლო 2020 წლის მარტში - კიდევ 28 ერთეული.
ფინანსური პრობლემების გამო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისისთვის უკრაინას თანამედროვე რაკეტების შედარებით მცირე მარაგი ჰქონდა - ღია მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ას ერთეულ „ვილხაზე“. სავარაუდოდ, უკრაინამ ომის დაწყების პირველივე თვეებში ამოწურა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების რაკეტების მარაგი და მათი წარმოება 2023 წლის იანვრიდან განაახლა.
დღესდღეობით უკრაინა საერთოდ არაფერს ამბობს „ვილხას“ გამოყენების შესახებ, ხოლო რუსი „ვოენკორები“ იშვიათად იუწყებიან ხოლმე ამ მანქანების ფრონტზე გამოყენებაზე ან განადგურებაზე.
ფაბიან ჰოფმანმა 2024 წლის დასაწყისში რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ „ვილხას“ წარმოების დაბალი ტემპი, პირველ რიგში, განპირობებულია მისი სირთულით. რაკეტას აქვს 90 გაზოიმპულსური ძრავისგან შემდგარი ქამარი, რომელიც გამოიყენება რაკეტების ფრენის ადრეულ ეტაპზე მართვისა და აჩქარებისთვის (უკრაინული Forbes-ის შეფასებით, ერთი „ვილხა-მ-ის" ღირებულება 300-500 ათასი აშშ დოლარის ფარგლებშია, რაც 2-3-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე, მაგალითად, რეაქტიული ჭურვი GMLRS).
ფაბიან ჰინცმა აღნიშნა, რომ „ვილხას“ წარმოებას ასევე შეუძლია რუსული თავდასხმების შეკავება - ეს პროექტი, რომელიც 2010-იანი წლების შუა პერიოდში „საპსანების“ პროექტს გამოეყო და კიევის საკონსტრუქტორო ბიურო „ლუჩს“ გადაეცა, იყენებს იმავე საწარმოებში წარმოებულ მყარ საწვავს, რომლებიც ამარაგებენ „საპსანებს“.
„პალიანიცა“ და „პეკლო“: რეაქტიული დრონები, რომლებიც ფრონტზე ჯერ კიდევ ნაკლებად შესამჩნევია
უკრაინული სამხედრო კომპლექსის კიდევ ერთ ქმნილებას, რომელიც მახასიათებლებით ფრთოსანი რაკეტების მსგავსია, შეიძლება ეწოდოს „დრონი-რაკეტები“: ფაქტობრივად საუბარია რეაქტიულ ძრავებიან კამიკაძე-დრონებზე. 2024 წელს უკრაინამ წარმოადგინა ასეთი შეიარაღების ერთდროულად ორი მოდელი: „პალიანიცა“ და „პეკლო“.
პირველ მათგანზე ინფორმაცია უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, გავრცელდა - მაშინ „პალიანიცა“, სავარაუდოდ, პირველად გამოიყენეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დრონ-რაკეტის მოქმედების რადიუსი 700 კილომეტრს აღწევს, დანარჩენი მახასიათებლები კი უცნობია. ავიაციის ექსპერტის, ვალერი რომანენკოს ვარაუდით, „პალიანიცის“ მინიმალური ფრენის სიჩქარე 400-450 კმ/სთ-ია, ხოლო ქობინის წონა 100 კგ, ზომებით ის რუსეთის მიერ გამოყენებული „შაჰედის“/„გერანის“ დრონების მსგავსია. 2024 წლის 4 დეკემბერს, უკრაინის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ „პალიანიცა“ სერიულ წარმოებაში შევიდა.
„პეკლოს“ ტიპის დრონ-რაკეტების პირველი პარტია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადასცა საზეიმოდ 2024 წლის 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, „პეკლოს“ შეუძლია 700 კილომეტრის მანძილზე ფრენა და 700 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. 16 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „პეკლოც“ სერიული წარმოების ეტაპზე იყო.
„პალიანიცა“ მიფრინავს, „პეკლო“ მიფრინავს, „რუტა“ მიფრინავს (შვეიცარიული კომპანია Destinus-ის მიერ შემუშავებული დრონ-რაკეტა) - ყველა მათგანს აქვს წარმატებები, სამხედრო მიზნები და მიზანში მოხვედრები. მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიას, ჩვენს წარმოებას - ეს სამი რამ დაფრინავს“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფორუმზე „უკრაინა. წელი 2025“, რომელიც 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართა.
ამ რაკეტების რეალური გამოყენების შესახებ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ინფორმაცია არსებობს. 2025 წლის ივნისის ბოლოს, უცნობმა დრონმა იერიში მიიტანა ლუჰანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სატუმბ სადგურსა და გადასასვლელზე. დრონის ნამსხვრევების ფოტოების საფუძველზე, უკრაინულმა მედიამ დაასკვნა, რომ დარტყმა განახორციელა „პეკლომ“.
დღემდე უცნობია, გამოიყენეს თუ არა უკრაინელმა სამხედროებმა „პალიანიცა“ საბრძოლო მოქმედებებში. მსჯელობა იმაზე, რომ ეს დრონი-რაკეტა საერთოდ იმყოფება ფრონტზე, მხოლოდ ირიბი ნიშნებითაა შესაძლებელი. 20 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა უკრაინული დრონების გამშვები მოედნის „ისკანდერის“ რაკეტით განადგურების შესახებ და გამოაქვეყნა იერიშის ვიდეო. უწყებამ თქვა, რომ თავდასხმის შედეგად განადგურდა ასი ერთეული თვითმფრინავის ტიპის UJ-22 და „პალიანიცა“. ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად დადასტურება არ მომხდარა. უკრაინამ ამ განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა.
Rocket Science: რატომ არ არის იოლი საკუთარი სარაკეტო ინდუსტრიის მხარდაჭერა
CIT-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში ფრთოსანი („ფლამინგო“, „ნეპტუნი“) და ბალისტიკური („გრომი“, „საპსანი“, „ვილხა“) რაკეტების წარმოების სირთულეები, პირველ რიგში, ძრავებს უკავშირდება.
ფრთოსანი რაკეტების წარმოებას სჭირდება ჰაერრეაქტიული ძრავები, რომელთა წარმოება შრომატევადი პროცესია და მოითხოვს წარმოების სპეციალურ პირობებსა და კადრებს. АИ-25-ის წარმოებისთვის (რომელიც, სავარაუდოდ, „ფლამინგოს“ რაკეტებზეა დამონტაჟებული) ტიტანის რთული ნაწილები (დეტალები) გამოიყენება. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში რეაქტიული ძრავების წარმოების მასშტაბების გაზრდა შესაძლებელია, მაგრამ არა მუდმივი დაბომბვის პირობებში: ყველა მსხვილი ქარხანა, რომლებსაც ასეთი ძრავების წარმოება შეუძლიათ, არაერთხელ მოხვედრილა რუსეთის საჰაერო დარტყმების ქვეშ. ამგვარი რისკების თავიდან აცილება შესაძლებელია წარმოების გადატანით უკრაინის რომელიმე მეგობარ ქვეყანაში - პოტენციურად არ არის რთული იმ კომპანიების პოვნა, რომლებიც მზად იქნებიან ამისთვის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ძრავების წარმოება გაცილებით ძვირი დაჯდება.
ბალისტიკურ რაკეტებში იყენებენ მყარი საწვავის ძრავებს, რომლებიც წარმოების სხვა სიმძლავრეებს საჭიროებენ. განსაკუთრებით რთულია „საპსანისთვის“ საჭირო დიდი დიამეტრის სარაკეტო ძრავების წარმოება, - აღნიშნავენ CIT-ის ანალიტიკოსები. ამ შემთხვევაში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძრავაში საწვავის ხარისხის მუდმივი კონტროლი. ამასთან, წარმოება და ხარისხის შემდგომი კონტროლი, ფრთოსანი რაკეტების შემთხვევის მსგავსად, აშკარად რთულდება მუდმივი დაბომბვების გამო.
„ასევე გასათვალისწინებელია როგორც კორუფციის რისკები, ასევე იმის შესაძლებლობა, რომ რაკეტების მზადყოფნის შესახებ გაკეთებული გარკვეული განცხადებები შეიძლება ატარებდნენ პოლიტიკურ ხასიათს. ომის პირობებში, საკმაოდ სწრაფად შეიძლება რამდენიმე სადემონსტრაციო ნიმუშის დამზადება, მაგრამ სტაბილური სერიული წარმოების აწყობა მთავარ სირთულედ რჩება“, - აჯამებენ CIT-ის ექსპერტები.
ფორუმი