დასახელებულია გლობალური მოაზროვნეების, მსოფლიოს წამყვანი ინოვატორებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში აშშ-ის წამყვანი გამოცემების და ინსტიტუტების მიერ (Foreign Policy, Defense News, Smithsonian). ვაჟა თავბერიძესთან საუბარში ის განმარტავს, თუ რისი შესწავლაა შესაძლებელი ომის აწმყოსა და მოამავალზე უკრაინის ომის ლაბორატორიაში.
ბევრად უფრო მასშტაბურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ვიდრე თვითმფრინავის ან ტანკის გამოჩენა იყო ბრძოლის ველზე
რადიო თავისუფლება: „ადამიანთაგან არავის გადაუბიჯებია საბრძოლო ხაზზე, და მაინც, მტრის სანგარი აღებულ იქნა.“ – ასე წერთ ლიპცის ბრძოლის შესახებ, რომელიც უკრაინაში გასული წლის მაისში გაიმართა და სადაც უკრაინელებმა პირველად გამოიყენეს სრულიად რობოტული მოიერიშე ძალა. რა ადგილს მიუჩენდით ამ ბრძოლას ომების ისტორიაში, იმ ეპოქალურ ბრძოლებს თუ გადავხედავთ, რომლებმაც ომის ხელოვნება, მისი წესები შეცვალეს და ახლებურად დაგვანახეს?
პიტერ უორენ სინგერი: მთლად ალექსანდრე მაკედონელამდე და გავგამელამდე (გავგამელის იგივე არაბელას ომი ალექსანდრე დიდსა და დარიოს III-ს შორის) არ წავალ, მაგრამ რამდენიმე თაობით უკან გადავიხედოთ: ვფიქრობ, ბევრი პარალელია ესპანეთის სამოქალაქო ომსა და უკრაინის ომს შორის. პირველ რიგში, თვალშისაცემია იდეოლოგიური პარალელი – ესპანეთის სამოქალაქო ომში ცხადად გამოჩნდა, თუ რას ნიშნავს, ავტორიტარულ ძალებს წინ აღუდგე და რა ფასის გადახდა გიწევს, თუკი ეს ვერ შესძელი, რა შედეგი მოჰყვება ამ ბრძოლაში დამარცხებას. მაგრამ თუ სამხედრო დოქტრინებისა და ტექნოლოგიის ჭრილში შევხედავთ ამ ორ ომს, აქაც აღმოვაჩენთ საკვანძო პარალელს: ამ ორივე ომში ადრე არსებული ტექნოლოგიები ერთად შეიკრა ახალ, ძლიერ, მანამდე არნახულ კომბინაციებად.
თუ 1930-იან წლებში დავბრუნდებით, ვნახავთ რომ მაშინდელი „ახალი ტექნოლოგიები“, როგორიცაა ტანკი, ავიაცია, რადიო – ეს ყველაფერი უკვე გამოყენებული იყო პირველ მსოფლიო ომში. მაგრამ 30-იან წლებში ისინი კიდევ უფრო განვითარდნენ. ესპანეთის სამოქალაქო ომში კი ვნახეთ მათი თანხვედრა ბრძოლის ველზე - კლასიკური „ბლიცკრიგი“ – კომბინირებული ძალების მანევრი. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც არათუ ძირეულად შეცვალა ომის წარმოების წესები და ტაქტიკა, არამედ სერიოზული კითხვები გააჩინა სამართალსა და პოლიტიკაში - არა მხოლოდ იმის შესახებ, თუ სად გადის ახალი შესაძლებლობების ზღვარი, არამედ იმაზეც, თუ რა არის სწორი: რამდენად მართებულია მათი გამოყენება, როდის და როგორ. ქალაქ გერნიკას დაბომბვის ისტორია ამის საუკეთესო მაგალითია – ამ ინციდენტმა არა მხოლოდ ომის კანონებზე გააჩაღა დისკუსია, არამედ გასცდა სამხედრო, პოლიტიკურ და სამართლის სივრცეებს და პაბლო პიკასოს წყალობით ხელოვნების სრულიად ახალი ფორმების წარმოშობას შეუწყო ხელი.
იგივე სურათი გვხვდება დღეს უკრაინაში: დრონები, რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი, [ინტერნეტ] ქსელები. ყველაფერი ეს ომებში ადრეც იყო გამოყენებული, მაგრამ დღეს ვხედავთ მათ ახალ კომბინაციებს, გამოყენების ახალ გზებს, რომლებიც სრულიად სხვაგვარ, ბევრად უფრო შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა. არსებული მონაცემებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, უკრაინის ომში სამხედრო მსხვერპლისა და დანაკარგების დაახლოებით 80 პროცენტი – შეიძლება ბოლო ხანებში უფრო მეტიც – სწორედ ამ ახალ ტექნოლოგიებზე მოდის. ამიტომაც მგონია, რომ ყველაზე ახლო პარალელი სწორედ ესპანეთის სამოქალაქო ომია.
კაცობრიობის ისტორიაში პირველად, იარაღი – იქნება ეს ფერმის ტრაქტორი თუ საბრძოლო დრონი – აღარ არის მხოლოდ გაუმჯობესებული ინსტრუმენტი. ის იწყებს სამუშაოს თავად შესრულებას.
რადიო თავისუფლება: რა მასშტაბის სამხედრო პროგრესზე ვსაუბრობთ - ვსაუბრობთ პროგრესზე, რომელიც ტანკებისა და თვითმფრინავების გამოჩენას უტოლდება? თუ ეს კიდევ უფრო მეტია?
პიტერ უორენ სინგერი: ვფიქრობ, ბევრად უფრო მასშტაბურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, არსებობს პარალელები – ტანკის, თვითმფრინავის, რადიოს გამოჩენა, ან კიდევ უფრო ადრე – ტყვიამფრქვევი. მაგრამ ამ ახალ ტალღას რაღაც ფუნდამენტურად სხვა დატვირთვა აქვს. კაცობრიობის ისტორიაში პირველად, იარაღი – იქნება ეს ფერმის ტრაქტორი თუ საბრძოლო დრონი – აღარ არის მხოლოდ გაუმჯობესებული ინსტრუმენტი. ის იწყებს სამუშაოს თავად შესრულებას. ის იწყებს ადამიანის გვერდით ფუნქციონირებას და შესაძლოა, მის ჩანაცვლებასაც.
ეს არის ცვლილების ის დონე, რაზეც ადამიანები უკვე ათასწლეულებია, ფიქრობენ, ოცნებობენ. ძველი ბერძნები, ცხადია, ამას AI-ს არ ეძახდნენ – მათთვის ეს ტალოსი იყო [ბრინჯაოს გიგანტი ავტომატონი, რომელიც მეფე მინოსის სამეფოს, კრეტას იცავდა - რ.თ]. ძველ ებრაულ ტექსტებში ამას გოლემს უწოდებენ. სამეცნიერო ფანტასტიკაში, ასი წლის წინ, ეს იყო „რობოტა“ – სწორედ აქედან მოდის სიტყვა „რობოტიც“. ყველა მაშინდელი „რა იქნება, თუ...“ და „ნუთუ ეს შესაძლებელია?“ დღეს რეალობად იქცა. ინსტრუმენტი, რომელიც შენთვის მუშაობს, შენს გვერდით მუშაობს, ან შესაძლოა შენც ჩაგანაცვლოს – ეს ადრე ფანტაზია იყო. მითი, ახლა კი ამას ლამის ყოველდღე ვხედავთ ჩვენს ინდუსტრიებში და უკვე ვხედავთ ომშიც. ეს ძალიან სერიოზული მოვლენაა – უფრო დიდი რამ, ვიდრე უბრალოდ უკეთესი თოფის გამოჩენა.
სრულიად რობოტული ომი – სადაც ადამიანები საერთოდ არ მონაწილეობენ – ეს სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა. ეს არც ორი წლის შემდეგ მოხდება, და არც 100 წლის შემდეგ.
რადიო თავისუფლება: რამდენად ახლოს ვართ იმ ნახტომთან, რომელსაც თქვენ აღწერთ? Გენერალ ვალერი ზალუჟნის პროგნოზის მიხედვით, ტექნოლოგიური შეჯიბრი – და თანაფარდობა - დრონებში, ინოვაციაში და ასე შემდეგ – რუსეთსა და უკრაინას შორის გაგრძელდება 2027 წლამდე. შემდეგ კი შესაძლოა ვიხილოთ, მისივე ტერმინი რომ ვიხმაროთ, „autonomous swarms“ – სრულად რობოტული შემტევი ერთეულები ორივე მხარეს. მართლა ორი წლით ვართ დაშორებული სრულად რობოტულ ომს?
პიტერ უორენ სინგერი: მე ასე არ ვფიქრობ. პირველ რიგში, სრულიად რობოტული ომი – სადაც ადამიანები საერთოდ არ მონაწილეობენ – ეს სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა. ეს არც ორი წლის შემდეგ მოხდება, და არც 100 წლის შემდეგ. თავისივე განსაზღვრებით, ომი ადამიანებს უნდა მოიცავდეს.
მეორეც, ყველა გამოცდილება – იქნება ეს უკრაინის ბრძოლის ველი, მედიცინა თუ ჭადრაკი – აჩვენებს, რომ საქმე ისე არაა, რომ მანქანა უპირატესია ადამიანზე. ყველაზე ძლიერი სწორედ ადამიანის და მანქანის კომბინაციაა. ასე რომ, ადამიანები არ გაქრებიან. უბრალოდ მათი როლები შეიცვლება.
რადიო თავისუფლება: კიდევ ერთი მიმდინარე დისკუსია – ეს ტექნოლოგია უპირატესობას უფრო თავდამსხმელს აძლევს თუ მას, ვინც თავს იცავს?
პიტერ უორენ სინგერი: აქაც შეგვიძლია პარალელი გავავლოთ: პირველი მსოფლიო ომი, ტყვიამფრქვევი და სანგრები. ახლა ვხედავთ სტატიკურ ფრონტს – ორი ძალა, რომელიც ვერ წინ ვერ მიდის. მაგრამ გახსოვდეთ: ადამიანები გამუდმებით სწავლობენ, არმიებიც სწავლობენ და ახლა კი უკვე AI-საც შეუძლია სწავლა. ის, რასაც 2025 წელს ვხედავთ, აუცილებელი არაა იგივე დარჩეს მომავალ წელს, ან 3-5-10 წლის შემდეგ.
ამ ეტაპზე, დიახ, დრონები უპირატესობას მეტწილად დაცვას აძლევს. მათ შექმნეს ფრონტის ეს სტატიკური ბუნებაც. მაგრამ ეს „გაყინული ფრონტი“ მხოლოდ დრონების “ბრალი” არაა – ეს ასევე მიწოდების ხაზებზე, რესურსებზე, ვაზნებსა და სამხედრო დანაყოფებზეა დამოკიდებული. მაგრამ, როგორც 1918-ში, ეს სტატუს-ქვო შეიძლება ჩამოიშალოს.
ნებისმიერი მომავალი დიდი ბრძოლისას საუბარი არ იქნება მხოლოდ ათეულ, ასეულ ან თუნდაც ათასობით დრონზე. ეს შეიძლება იყოს ათიათასები, შესაძლოა ასიათასები – ჰაერში, ზღვაში, ხმელეთზე.
რადიო თავისუფლება: თქვენ ასევე წერთ „ადამიანისა და მანქანის ტანდემის“ (Human-Machine Teams, HMT) მზარდ როლზე თანამედროვე ომში. სად ვართ ახლა? ვიხილავთ თუ არა სრულმასშტაბიან HMT-ებს ფრონტზე ამ ომის ბოლომდე?
პიტერ უორენ სინგერი: სიმართლე გითხრათ, ჩვენ ჯერ მხოლოდ ზედაპირს თუ ვფხეკთ. ორივე მხარე გამალებით ქმნის საკუთარ სისტემებს, წერს საკუთარ დოქტრინას, ამუშავებს საკუთარ მიდგომებს. ტექნოლოგიის მხრივ, ერთიანი სტანდარტი არ არსებობს – მრავალფეროვანი პროდუქციაა, სხვადასხვა კომპანიებისა და ქვეყნებისგან.
უკრაინის მხარეს თვალშისაცემია ის, რომ მათი სამხედრო სტრუქტურა უფრო დეცენტრალიზებულია, ვიდრე ვთქვათ, ნატოსი. თითოეული ბრიგადა საკუთარ მიდგომებს ცდის, საკუთარ დოქტრინას მისდევს, ხშირად სხვადასხვა ტიპის დრონებით. არსებობს სპეციალური ქულათა სისტემა დრონების ოპერატორებისთვისაც, რომელიც შემდეგ ანალიზდება და გამოცდილებად ინერგება. მოკლედ რომ ვთქვათ: ჯერ არ არსებობს ერთი „ოპტიმალური“ მოდელი. ყველა იმპროვიზაციასა და ადაპტაციაშია, ყველა მუდმივად ცდის ახალს.
და არ დაგვავიწყდეს, ეს ყველაფერი მხოლოდ უკრაინაში არ რჩება. შევხედოთ შესაძლო კონფლიქტს წყნარ ოკეანეში – აშშ-სა და მის მოკავშირეებსა და ჩინეთს შორის. ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა უკრაინას სწორედ ისევე იყენებენ საცდელ პოლიგონად, როგორც სილიკონის ველის კომპანიები. ზოგიერთ გაკვეთილს პირდაპირ გადაიტანენ, მაგრამ ბევრი რამ სრულიად განსხვავებული იქნება – გეოგრაფიის გამო, მასშტაბისა და ძალების ტექნიკური შესაძლებლობების გამო. წყნარ ოკეანეში ომი ბევრად უფრო ძლიერ საჰაერო ძალებს შეაჯახებდა ერთმანეთს, ვიდრე უკრაინას ან რუსეთს აქვს. ასე რომ, დიახ, HMT-ები აუცილებლად მოვლენ, მაგრამ როგორი სახე თუ ფორმა ექნება ამ შემოსვლას, ეს კონკრეტული ომის კონტექსტზეა დამოკიდებული.
და არის კიდევ ერთი, „ჩვეულებრივ მოკვდავთათვის“ უფრო ძნელად აღსაქმელი მომენტი: დღეს ძნელად წარმოგვიდგენია ეს, მაგრამ ნებისმიერი მომავალი დიდი ბრძოლისას საუბარი არ იქნება მხოლოდ ათეულ, ასეულ ან თუნდაც ათასობით დრონზე. ეს შეიძლება იყოს ათიათასები, შესაძლოა ასიათასები – ჰაერში, ზღვაში, ხმელეთზე.
და ამის ნიშნებს უკვე ნათლად ვხედავთ სხვადასხვა არმიის მზადებაში. თუ ავიღებთ, მაგალითად, ტაივანის შესაძლო ოკუპაციის სცენარს, ჩინეთის არმია მასობრივად ყიდულობს და აწარმოებს როგორც სხვადასხვა ტიპის დრონებს, ასევე დრონების საწინააღმდეგო სისტემებს. თავის მხრივ, ტაივანმა ცოტა ხნის წინ დაიწყო საზღვაო დრონების მასობრივი წარმოება და შეძენა – ისინი ფაქტობრივად იმეორებენ უკრაინის გამოცდილებას.
უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ინდუსტრიული რევოლუციის ტოლფასი ეტაპის დასაწყისში ვიმყოფებით
რადიო თავისუფლება: როცა ამბობთ, რომ „ჩვენ მხოლოდ ზედაპირს ვფხეკთ“, რა არის ეს ზედაპირი? რაზე ვსაუბრობთ, რა შესაძლებლობებზე?
პიტერ უორენ სინგერი: აქ მნიშვნელოვანია, მხოლოდ საბრძოლო, ლეტალურ მხარეზე არ გავამახვილოთ ყურადღება, არამედ გავიაზროთ, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ინდუსტრიული რევოლუციის ტოლფასი ეტაპის დასაწყისში ვიმყოფებით. ზუსტად ისე, როგორც წინა ომებში, მექანიზაცია მხოლოდ ტანკებს არ ეხებოდა ბრძოლის ველზე - ის მნიშვნელოვანი იყო ინდუსტრიალიზაციისთვისაც, ფრონტის მიღმა. აქაც იგივე ხდება. როცა მეკითხებით ადამიან–მანქანის თანამშრომლობის შესახებ, საქმე შეიძლება ეხებოდეს ქვეითებსა და დრონებს, რომლებიც ერთად მუშაობენ მტრის სანგრის ასაღებად ან საკუთარის დასაცავად. ან ეს შეიძლება ნიშნავდეს რობოტული სისტემის გამოყენებას დაჭრილი ჯარისკაცის გამოსაყვანად, მის ბაზაზე დასაბრუნებლად და იქვე, დისტანციური ოპერაციის ჩატარებას ექიმის მიერ, რომელიც 200 კილომეტრითაა დაშორებული და პროცესს მართავს. ერთი როლით ან ერთი შესაძლებლობით ეს არ შემოიფარგლება. ამიტომაც ძნელია იმის თქმა, თუ რა კონკრეტულ ეტაპზე ვიმყოფებით.
რადიო თავისუფლება: ზემოთ უკრაინის ომის გაკვეთილები ახსენეთ. „ყველა ომი ერთგვარი კვლევითი ლაბორატორიაა“ - ასე იწყება თანამედროვე ომში მოწინააღმდეგისთვის თვალის ახვევის, გაცურებისა და ცრუ მანევრების მეთოდებზე თქვენი ვრცელი ანგარიშის შესავალი, რომელიც გენერალ მიკ რაიანთან ერთად მოამზადეთ. მოდით, უკრაინის ლაბორატორიაში შევიხედოთ. რა ვისწავლეთ - განსაკუთრებით მოტყუების მიმართულებით?
პიტერ უორენ სინგერი: პირველ რიგში ალბათ ის, რომ სიმართლისგან შორსაა დამკვიდრებული რწმენა-მოსაზრება, თითქოსდა ახალი ტექნოლოგიები - დრონები, თანამგზავრები, ხელოვნური ინტელექტი - ქმნიდა სრულად გამჭვირვალე ბრძოლის ველს, სადაც ყველაფერი ჩანს და მოწინააღმდეგის გამოჭერა და გაოცება შეუძლებელია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, უკრაინელებიც და რუსებიც ისევ და ისევ ახერხებენ მოულოდნელობის ეფექტის მიღწევას და ერთმანეთისთვის სიურპრიზების მოწყობას, გაცურებასა და სხვა ფანდებს. ასე რომ, რასაც ვხედავთ, ისაა, რომ ახალი ტექნოლოგიები ნამდვილად ცვლიან იმ გზებს, რომლითაც არმიები ცდილობენ ერთმანეთის მოტყუებას ან მოტყუებისგან თავდაცვას. მაგრამ გაკვეთილი მოწინააღმდეგის გაცურებისა და ცრუ მანევრის მნიშვნელობის შესახებ ისევ ძალაში რჩება.
„ნუ აჰყვები „ჰაიპს“. ნუ დაიჯერებ, რომ ვერავინ ვერასდროს ვერავის ვერ მოატყუებს.“ და მეორე: „უნდა იყო გაცილებით ფხიზლად ამ ახალი ტიპის ხრიკების მიმართ, ანაც/და თავად უნდა ისწავლო მათი გამოყენება.“
რადიო თავისუფლება: „კოვბოები და ინდიელების“ თამაშის ევოლუცია - მიზანი იგივე რჩება, მაგრამ წესები რთულდება და თამაში უფრო საინტერესო ხდება.
პიტერ უორენ სინგერი: და უფრო რთული ასათვისებელია, დაოსტატება ძნელდება. გაცურების ერთ-ერთი ამოსავალი წესი ისაა, რომ ბევრად უფრო ადვილია ვიღაცის მოტყუება მაშინ, როცა მის უკვე არსებულ რწმენასა და შეხედულებებს იყენებ და მიყვები, ნაცვლად იმისა, რომ ახალი ტყუილი დააჯერო, სხვა რეალობა მიჰყიდო. მაგალითად, ისტორიაში - „D-Day“ ოპერაცია: მოკავშირეებმა იცოდნენ, რომ გერმანელები ვარაუდობდნენ, რომ ისინი კალეს მიმართულებით შეიჭრებოდნენ, ამიტომაც ცდილობდნენ, მტერი ამ ვარაუდის სისწორეში დაერწმუნებინათ - თითქოსდა მართლაც კალეში შესაჭრელად ემზადებოდნენ, ყალბი ჯარიც კი შექმნეს. ბოლოს კი ნორმანდიაში შეიჭრნენ. ზუსტად იგივე ხერხები ვიხილეთ უკრაინაში: უკრაინელები რუსებს არწმუნებდნენ, რომ ერთ წერტილზე აპირებდნენ შეტევას, სინამდვილეში კი სხვაგან გადადიოდნენ. ოღონდ ახლა ეს კეთდება დრონებით, ყალბი მობილური ტელეფონებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ელემენტებით. არის სხვა მაგალითიც - ყალბი აღჭურვილობა. ომის დროს არსებობდა „გასაბერი“ ტანკები, მაკეტები, რომლითაც ნაცისტებს ატყუებდნენ, „D-Day“-ს წინ. დღეს უკრაინის ომშიც არსებობს მათი ანალოგები, მათ შორის ყალბი დრონები, რომელთა მიზანია მოწინააღმდეგის ყურადღება და საჰაერო თავდაცვის სისტემები ერთ მხარეს იყოს მიმართული, სანამ შენ მეორე ობიექტს უტევ.
ჩვენი ანგარიშის ერთ-ერთი დასკვნა იყო: „ნუ აჰყვები „ჰაიპს“. ნუ დაიჯერებ, რომ ვერავინ ვერასდროს ვერავის ვერ მოატყუებს.“ და მეორე: „უნდა იყო გაცილებით ფხიზლად ამ ახალი ტიპის ხრიკების მიმართ, ანაც/და თავად უნდა ისწავლო მათი გამოყენება.“
უკრაინას აქვს ინოვაცია, მაგრამ მას არ აქვს რუსეთის ინდუსტრიული მასშტაბი.
რადიო თავისუფლება: ისევ დრონებს დავუბრუნდეთ. 2024 წელს, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, უკრაინას აშკარა უპირატესობა ჰქონდა - წარმოებაში, ინოვაციაში, მანევრირებასა და მოქნილობაში. რამდენადაა ეს უპირატესობა დღემდე შენარჩუნებული და კიდევ რამდენხანს გასტანს? და რუსებმა რამდენად შეძლეს ადაპტირება?
პიტერ უორენ სინგერი: როგორც მთლიანად ომში, დრონების მხრივაც აქ ორი ბანაკის დაპირისპირებას ვხედავთ: რუსეთი და მისი მოკავშირეები ერთი მხარეს, უკრაინა და მისი მოკავშირეები მეორე მხარეს. უკრაინას ჰქონდა და ინარჩუნებს ინოვაციურ უპირატესობას. დრონების კუთხით, ის უწყვეტად უშვებს ახალ ტიპებს, ტესტავს ახალ შესაძლებლობებს. მუდმივად ექსპერიმენტირებს და სწავლობს, ამით კი რუსეთს ისევ და ისევ აოცებს. ახლანდელი მაგალითებიდან საკმარისია გავიხსენოთ თავდასხმა რუსეთის სტრატეგიულ ბომბდამშენებზე ან რუსული გამანადგურებლების ჩამოგდება საზღვაო დრონებით.
მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთს უფრო დიდი ინდუსტრიული ბაზა აქვს, უფრო დიდი ეკონომიკით - და სულაც არაა ისეთი მოწინააღმდეგე, რომელსაც დასკვნები ვერ გამოაქვს და ვერ სწავლობს. რუსეთმა საკმაოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში გაიარა გზა საწყისი წერტილიდან, სადაც პრაქტიკულად არ გააჩნდა არც კარგი ნოუ-ჰაუ დრონებში და არც მასობრივი წარმოება, და მივიდა იქამდე, რომ უზარმაზარი ენერგია და ფული ჩადო ამ სფეროში და ააგო მსხვილი საწარმოო ობიექტები. ზუსტად ისე, როგორც უკრაინას ეხმარებიან პოლონური თუ ამერიკული კომპანიები - არა მხოლოდ დახმარების, არამედ საცდელი ველის სტატუსითაც იყენებენ - იგივე ხდება რუსეთშიც.
მაგალითად, ახლად აშენებულ საწარმოში, მეტწილად, ირანული დრონების მოდიფიცირებულ ვერსიებს ამზადებენ ჩინური ნაწილების გამოყენებით. ამას ემატება ირანული დრონების პირდაპირი შეძენა და გამოყენება. ასე რომ, რუსეთი, რომელიც ადრე ასეულობით დრონს თუ ამზადებდა, ახლა ათობით ათასს უშვებს თვეში, თანაც თვითონვე სწავლობს ამ პროცესში.
ორივე მხარე განიცდის პროგრესს, სწავლობს და უმჯობესდება - როგორც ელექტრონულ ომში, ისე სპეციალიზებულ დრონების საწინააღმდეგო სისტემებში. ასე რომ, დრონების ომში არსებული მდგომარეობა ფართო ბრძოლის ველის ანარეკლია: უკრაინას აქვს ინოვაცია, მაგრამ მას არ აქვს რუსეთის ინდუსტრიული მასშტაბი.
„თვალის ახვევის უფსკრული" - როცა ერთი მხარე გაცილებით უკეთესია თვალის ახვევაში, გაცურებასა და ცრუ მანევრებში, ვიდრე მეორე. და ნებისმიერ პოტენციურ ომსა თუ დაპირისპირებაში ამ უნარებში ჩამორჩენა დასავლეთს ძვირად დაუჯდება.
რადიო თავისუფლება: თქვენს ანგარიშში ხაზს უსვამთ დასავლეთსა და რუსეთსა და ჩინეთს შორის “თვალის ახვევის ნოუ-ჰაუში მზარდ უფსკრულს“. რამდენად დიდია ეს უფსკრული და რა აკლია დასავლეთს?
პიტერ უორენ სინგერი: პრობლემა სამი ფაქტორის კვეთაში მდგომარეობს. პირველი – დასავლურ არმიებში, სწავლების და განათლების პროცესში, გაცილებით ნაკლები აქცენტია გაკეთებული ცრუ მანევრებისა და გაცურების ოპერაციებზე. მაგალითად, დოქტრინებში თუ საველე სახელმძღვანელოებში გაკვრით თუა ნახსენები - ერთი-ორი წინადადება თუ შეგხვდებათ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ესაა და ეს.
მეორე ფაქტორი – ავტორიტარულ სახელმწიფოებს შორის ჩამოყალიბდა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კომპლექსური რუტინა. რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა, ირანი - ისინი ერთმანეთს მხოლოდ იარაღის ტექნოლოგიებს არ უზიარებენ, ზოგ შემთხვევაში ჯარისკაცებსაც კი გზავნიან საბრძოლო ველზე. და რაც მთავარია, ერთმანეთს გამოცდილებასაც უზიარებენ.
და მესამე – გვაქვს ახალი ტექნოლოგიების სპექტრი, როგორიცაა დრონები და ხელოვნური ინტელექტი, რომლებიც ცვლიან თავად მოტყუების „როგორ“-ს, იმ გზებს და მეთოდებს, რომლითაც სამხედროები და მთავრობები ცდილობენ ერთმანეთი მოატყუონ და გააცურონ.
ამ სამი ფაქტორის თანხვედრა ქმნის იმას, რასაც ჩვენ „თვალის ახვევის უფსკრულს“ ვუწოდებთ - როცა ერთი მხარე გაცილებით უკეთესია თვალის ახვევაში, გაცურებასა და ცრუ მანევრებში, ვიდრე მეორე. და ნებისმიერ პოტენციურ ომსა თუ დაპირისპირებაში ამ უნარებში ჩამორჩენა დასავლეთს ძვირად დაუჯდება.
რადიო თავისუფლება: მაგალითად, ისევ დრონების ომი ავიღოთ, მისი ნოუ-ჰაუ - რამდენად ჩამორჩება დასავლეთი?
პიტერ უორენ სინგერი: მოდით, უფრო ფართო კონტექსტში შევხედოთ საკითხს: ამ ახალი ტექნოლოგიების ფონზე, რომლებიც ახალ იარაღად იქცნენ ომის საწარმოებლად - ვასწრებთ კი მათ წინააღმდეგ თავდაცვითი შესაძლებლობების დროულად გაძლიერებას, ისე, რომ თუ კონფლიქტი მართლაც დაიწყება, მზად ვიყოთ? და ეს მოიცავს ყველაფერს: მაქვს თუ არა სათანადოდ აღჭურვილი თავდაცვის სისტემები არა მხოლოდ მტრის ბომბდამშენების, არამედ დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგაც - თან არა მცირე რაოდენობით, არამედ მასშტაბურად? აქ უკვე რაოდენობის საკითხიც იკვეთება. ერთ-ერთი პრობლემა, რასაც შეერთებული შტატები ამჟამად აწყდება, ის არის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის სისტემები. ზოგი გადავეცით უკრაინას, ზოგი გავყიდეთ, სხვები ახლო აღმოსავლეთშია განლაგებული - ამჟამად ნაწილი ისრაელს იცავს. მაგრამ მთლიანობაში საკმარისი ბატარეები არ გვაქვს, და რაკეტებიც შეზღუდული რაოდენობითაა ჩვენს არსენალში.
ასე რომ, თუ წარმოვიდგენთ სცენარს, მაგალითად, აშშ–ჩინეთის კონფლიქტს, საკითხავია არა მხოლოდ - გვაქვს თუ არა საკმარისი Patriot-ის ბატარეები, არამედ - გვაქვს კი საკმარისი Patriot-ის რაკეტები? და ამ დროს ჩნდება კითხვა: იქნებ გამოსავალი ძველი, ძვირადღირებული სისტემები კი არა, არამედ უფრო იაფი, მაგრამ ისეთივე ეფექტური გზების გამონახვაა მასშტაბურ საფრთხეებთან გასამკლავებლად? ზუსტად ამას ცდილობს დღეს უკრაინაც, და იგივე პრობლემა დგას ყველა ევროპული ქვეყნის არმიის წინაშე.
მაგალითს მოგიყვანთ: გასული წლის ოქტომბერში ირანმა დრონებითა და რაკეტებით მიიტანა იერიში ისრაელზე, რაც არსებითად უკრაინაში რუსეთის მიერ გამოყენებული ტაქტიკის ანარეკლი იყო. ცხადია, რომ მოსკოვის დახმარებისას თეირანიც სწავლობდა ამ პროცესიდან. ისრაელმა, აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარებით, შეძლო ამ მასშტაბური შეტევის მოგერიება - საუბარია 300-ზე მეტ დრონზე და რაკეტაზე. თავდაცვის თვალსაზრისით ეს გამარჯვება იყო. მაგრამ აი რა არის მთავარი: ირანის მიერ ნასროლი დრონებისა და რაკეტების ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ დოლარს შეადგენდა, მაშინ როცა დამცავი გადამჭერების გამოყენების ფასი 1–2 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა. და ესეც გამშვებისა და თავდაცვის სისტემების ღირებულებას თუ არ ჩავთვლით. ანუ კი, გამარჯვებაა, მაგრამ ისეთი გამარჯვება, რომლის განმეორებაც ისრაელს ნამდვილად არ უნდა ეხალისებოდეს.
რადიო თავისუფლება: პიროსის გამარჯვება.
პიტერ უორენ სინგერი: სწორედ ასეა. ამიტომ ნატო იქნება ეს თუ ტაივანი - ყველა უნდა ეძებდეს უკეთეს, უფრო მდგრად თავდაცვის გზებს.
პირველ „ტერმინატორში“ რობოტი ბრუნდება, რომ ადამიანები დახოცოს, მაგრამ ყველა შემდგომ ფილმში უკვე AI ებრძვის AI-ს, რობოტი - რობოტს, ადამიანი კი ამ დაპირისპირების შუაშია გაჭედილი. სწორედ ეს იქნება მომავლის სცენარიც
რადიო თავისუფლება: ბოლოს, კიდევ ერთი კითხვა ხელოვნურ ინტელექტზე: თქვენ წერთ, რომ AI არამხოლოდ აუცილებელი ინსტრუმენტი იქნება მტრის მოსატყუებლად, ან ტყუილის აღმოსაჩენად, არამედ თავადაც გახდება მტრის სამიზნე, რათა თავისი ფუნქცია ჯეროვნად ვერ შეასრულოს. ანუ ვიხილავთ „AI-დუელებს“, ერთგვარ შეჯიბრებებს. ეს „ტერმინატორის“ ფილმის სცენარს ჰგავს.
პიტერ უორენ სინგერი: ეს კარგი ანალოგიაა, მაგრამ მოდით, განვავრცოთ: პირველ „ტერმინატორში“ რობოტი ბრუნდება, რომ ადამიანები დახოცოს, მაგრამ ყველა შემდგომ ფილმში უკვე AI ებრძვის AI-ს, რობოტი - რობოტს, და ადამიანი კი ამ დაპირისპირების ცენტრშია, შუაშია გაჭედილი. სწორედ ეს იქნება მომავლის სცენარიც: მომავლის ოპერაციებში თავდამსხმელი ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს მოტყუების სქემებში. დამცველი კი გამოიყენებს თავდაცვის საუკეთესო გზების საპოვნელად, რათა ტყუილი გამოაშკარაოს, ან აღკვეთოს, ანაც - თავად მოატყუოს მტერი.
მაგრამ უნდა გვახსოვდეს - AI თავადაც გახდება სამიზნე. AI იმ გარკვეული პატერნების მიხედვით მუშაობს, რომლებზეც გაწვრთნილია, და ინდივიდუალურად მოაზროვნე თავდამსხმელს - ადამიანს - შეუძლია ეს სათავისოდ გამოიყენოს.
შეგიძლია მისი სუსტი წერტილები იპოვო და „გამოკვებო“, მიაწოდო ისეთი ინფორმაცია, როგორიც სჭირდება — ზუსტად ისე, როგორც ადამიანს. თუ მიდრეკილია იფიქროს X, შენ აძლევ X-ს, და ამ დროს მიდიხარ და აკეთებ Y-ს. მოტყუების ყველაზე ძლიერი ფორმა თვითმოტყუებაა (self-deception). და რაც ადამიანებში ვნახეთ, უკვე AI-შიც იჩენს თავს. თუ სწორედ ამ გადაჭარბებულ თავდაჯერებას ამოიღებ მიზანში, მის წყურვილს, მართალი იყოს, შეგიძლია როგორც ადამიანი, ისე AI შენს ნებას დაუქვემდებარო.
ფორუმი